რატომ გაშორდა ცოლი თემურ თათარაშვილს და როგორ გაიცნო მისი მეორე ცოლი ყოფილმა ცოლმა
თემურ თათარაშვილის ნამღერი, განსაკუთრებით რუსული რომანსები, მალამოდ ედება მსმენელის გულს და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. მის ხმის ტემბრს მართლაც რომ უხდება ეს ჟანრი, მაგრამ, ალბათ, ყველამ არ იცის, რომ ანატოლი დნეპროვის სიმღერა „რადოვაც” მან პირველად მეუღლეს – ნინო ადამაშვილს მიუძღვნა, როცა იგი ფეხმძიმედ იყო.
– ნინო, არ გიჭირს ქმრისგან განცალკევებულად ცხოვრება – შენ აქ ხარ, ის – მოსკოვში?
– მე ამას ქორწილის დღიდან ვარ მიჩვეული – თვეში ორჯერ სადღაც მიდიოდა და მეც და მარიც შევეჩვიეთ უმისობას, თუმცა, ძნელი იყო ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ შვილისთვის დედაც მე ვიყავი და მამაც. მატერიალური დახმარება სხვა მომენტია, მაგრამ, მამის გვერდში დგომა კიდევ სხვაა და ამ სიტუაციაში ორივეს როლს მე ვასრულებდი. ჩვენი ურთიერთობის ფორმა ახლა არის სკაიპი – თითქმის ყოველდღე ველაპარაკებით ერთმანეთს.
– ახლა კატო დაგემატათ, ისიც ხომ ელაპარაკება ბაბუას სკაიპში?
– კატოსთვის სკაიპით გაცნობილი ბაბუა სხვაა. თემურს სკაიპით უფრო კარგად აღიქვამს, ვიდრე ცხოვრებაში რომ ნახა. კი, რომ ჩამოვიდა ჩაეხუტა, მოეფერა ბაბუს, მაგრამ, სკაიპით უფრო მიეჩვია მასთან ურთიერთობას. სულ იმას ვამბობდი, რომ მე ჩემს შვილიშვილს მარტო მოვეფერები, სად შემიძლია მოვლა და გაზრდა-მეთქი, მაგრამ, ახლა ერთი წუთითაც არ შემიძლია კატოს გარეშე. რამდენიმე თვეა არ ვმუშაობ და, რაც სახლში დავჯექი უფრო მომეწება. როცა ვმუშაობდი, ერთი სული მქონდა კატოსთან გამოვქცეულიყავი, ყველანაირი დაღლილობა სიამოვნებაში გადამდიოდა კატოსთან ურთიერთობაში. თვითონ არის ასეთი ბავშვი, რომელიც სიცილით იძინებს, სიცილით იღვიძებს, ყველას ღიმილით ხვდება...
– ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდები. არც არასდროს გამოგითქვამს ქმართან პრეტენზია – რაღაც პერიოდი მაინც იყავი სახლში, ჩემ გვერდითო?
– პრეტენზია არ მქონდა, იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. საერთოდ, როგორი ადამიანი ვარ, იცი? რეალობას ვუყურებ და არასდროს დავფრინავ; როგორც საჭიროება მოითხოვს, ყველაფერს ისე ვიღებ.
– ეს, ალბათ, ძირითადად ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა.
– კი, განაპირობა ფინანსურმა მდგომარეობამ, მაგრამ, საქართველოში შოუ-ბიზნესი დღესდღეობით არ არსებობს. იყვნენ მომღერლები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ და იყვნენ მომღერლები, რომლებსაც ეძინათ; არა, კი არ ეძინათ, დააძინეს, მივიწყებულები იყვნენ. არ ვიცი, საშუალება არ ჰქონდათ თუ უფლება არ ჰქონდათ, რომ ემღერათ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თემური აქ ვერასდროს იმუშავებდა ისე, როგორც მოსკოვში მუშაობს. როდესაც ციხიდან გამოვიდა, მაშინვე მოსკოვში წავიდა. მაინც შიში ჰქონდა თავის მსმენელთან შეხვედრის – იმ პრობლემის შემდეგ კომპლექსი გაუჩნდა. ეცადა ამ კომპლექსის მოხსნას, მაგრამ, მთლიანად მაინც ვერ მოეხსნა. დრო ყველაფრის მკურნალია. წავიდა იქ, იმუშავა, ფეხზე დადგა და ყველაფერი დალაგდა. და, კიდევ, არ მიყვარს ცოლების ისეთი კატეგორია, რომლებიც კუდში დასდევენ ქმრებს – ეს არის უნდობლობა და მეტი არაფერი. მაგას სჯობია, დაშორდეს.
– სულ ახლახან სოლო კონცერტი ჰქონდა. სცენაზე გამოჩენისთანავე ძალიან დაძაბული მომეჩვენა. თითქოს ვერც იმღერა ისე, როგორც ადრე მღეროდა. რატომ?
– იმდენი ინერვიულა, ლაპარაკიც უჭირდა, ნერვიულობამ მერე ხმაზეც იმოქმედა. ხალხს რომ უნდა მისალმებოდა, ვერ მიესალმა, ყბა აუკანკალდა და ცრემლები წამოუვიდა, სიტყვებს ვერ ამბობდა. წინა რიგში ვიჯექი და ეს კარგად დავინახე. როგორც მსმენელი, მივხვდი, რომ თემურის ხმა ყურს ძალიან მონატრებია; თვალსაც მოენატრა, გულსაც, მაგრამ, ყურს ყველაზე მეტად მონატრებია.
– როგორ ცხოვრობს თემურ თათარაშვილი მოსკოვში და რა გეგმები აქვს, იქ დარჩენას აპირებს?
– თემური იქ სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს – წამოვა, როდესაც, ელემენტარულად, შოუ-ბიზნესი ამოქმედდება. როცა გარკვეული წლები იქ ცხოვრობ და იმ რიტმში ჯდები, ძნელია ადგილის შეცვლა. იქ აქვს სამსახური, ახლა ბინაც იყიდა და კარგად არის. სულ რამდენიმე დღეა, რაც ბინა შეიძინა. რა თქმა უნდა, კრედიტით. იქით დედამისი, აქეთ ჩვენ – ასე რომ, ორ ოჯახს ინახავს. თან, მე რომ არ ვმუშაობ, ძნელია. გეგმაში გვაქვს, რომ მარი გავუშვა იქ სასწავლებლად. თემურს, გარდა იმისა, რომ კონცერტები აქვს, იქ სტაბილური სამსახურიც აქვს – ერთ-ერთი სოლიდური რესტორნის გენერალური დირექტორია.
– როგორია თემური სახლში, არის თუ არა ოჯახის მოყვარული კაცი?
– ამ სახლში ახლა ვცხოვრობთ მე, მარი და კატო. მარი ქმარს გაშორდა. იცი, თემური როგორი ადამიანია? რომ შემოვა სახლში და დაინახავს, რაღაც არ არის, რაღაც აკლია ოჯახში, მაშინვე წავა და მოიტანს, თქმა არ სჭირდება, ყველაფერს თავისით აკეთებს. მაღაზიებში თემური უნდა გაუშვა, იმიტომ რომ, ყველაფერს საუკეთესოს იყიდის.
– ალბათ, თემურთან ურთიერთობა ადვილი არ არის. ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ, როგორც ვიცი, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს. კარგი მეოჯახე რომ არის, ესეც ვიცით, მაგრამ, როგორია ის ცოლის თვალით დანახული?
– თემური ფეთქებადი ხასიათის ადამიანია – უცბად აფეთქდება, იყვირებს, იჩხუბებს და ზუსტად ორ წუთში აღარაფერი ახსოვს, გულში ჩადებაც არ იცის.
– ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, ჭკვიანი... დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლები გეყოლება.
– იმდენი საქმე მაქვს კატოს სახით, რომ მაგისთვის არ მცალია. ისე, ხომ იცი, ქალი ბერდება მაშინ, როცა თაყვანისმცემელი აღარ ჰყავს. რას ლაპარაკობ, ერთი დღე ნუ მაცოცხლა, რომ თაყვანისმცემელი არ მყავდეს. ეს ყოველთვის იყო და იქნება.
– თემური თუ ეჭვიანობს? როცა სკაიპში ელაპარაკები, კითხვებს არ გისვამს, არ მიგანიშნებს რამეზე?
– არა, ეჭვიანი არ არის. იცი, ეჭვიანობა საიდან მოდის? როცა ბევრს ფიქრობ ამაზე. არ უნდა იფიქრო მაგ საკითხზე. საერთოდ, თემური სხვა კატეგორიაა, მიყვარხარო – ამასაც არ გეტყვის. მახსოვს, ერთადერთხელ, ძალიან მთვრალი იყო და მაშინ მითხრა – შენ არ იცი, როგორ მიყვარხარო. დანარჩენი... ცოლად ისე გავყევი, რომ „მიყვარხარ“ არ უთქვამს.
– მახსოვს, რაღაც პერიოდი გაშორებულები იყავით, მერე შერიგდით, ისევ დაშორდით. მახსოვს, ერთხელ ინტერვიუში მითხარი, მე და თემურს ავი ენები გვაშორებენო. იმ დროს თბილისში მართლაც ბევრს ჭორაობდნენ თემურზე; ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორ იღებდა ამ ჭორებს თემურის ცოლი?
– ბევრია ისეთი, ვინც სხვისი ცხოვრებით ერთობა. დადიოდნენ მაგათ ოჯახში ვითომ კეთილისმსურველნი, რომლებიც ერთობოდნენ ლაი-ლაით; წავიდოდნენ იმასთან – რაღაცას იტყოდნენ, მოვიდოდნენ ჩემთან – სხვას ამბობდნენ... გაფუჭებული ტელეფონივით „ჩორტაობდენ” და მერე ერთობოდნენ. შეიძლება, ბოლომდე ვერც აცნობიერებდნენ რა უნდოდათ, ანუ, უნდოდათ თუ არა ჩვენი განქორწინება, მაგრამ, ისინი ამით ერთობოდნენ და დროს ატარებდნენ. რაც შეეხება ჩვენს დაშორებას, კი ბატონო, ოფიციალურად განქორწინებულები ვართ უკვე რამდენი წელია. ძალიან ადრე გავშორდით, მარი რომ ხუთი თვის იყო, მერე შევრიგდით, მერე ისევ გავშორდით ერთმანეთს.
– არ გაინტერესებს, იქ როგორ ცხოვრობს თემური, ვისთან ერთად ცხოვრობს?
– თემურმა იქ ცოლი მოიყვანა, რადგან, სხვანაირად რუსეთის მოქალაქეობას ვერ მიიღებდა. სხვათა შორის ვიცნობ კიდეც იმ გოგოს, აქაც ჩამოდის ხანდახან.
– რომელზე უფრო მოქმედებს ჭორები?
– თემური არის ენის ამყოლი, მე კი, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები და რაღაცას არ დავინახავ, მანამდე არ ვიჯერებ; თან, ასაკსაც ხომ გააჩნია.
– მახსოვს, სკოლაში (თემური და ნინო მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ) შენ და შენი და საკმაოდ კარგად მღეროდით და აქტიურად იღებდით მონაწილეობას ღონისძიებებში, სკოლის სცენაზე თუ სკოლის გარეთ. არ გქონია სურვილი, ქმართან ერთად დუეტი ჩაგეწერა, მასთან ერთად გემღერა თუნდაც ერთი-ორი სიმღერა?
– მთელი ბავშვობა ვმღეროდი, მამაჩემი ხომ კომპოზიტორია (ჯემალ ადამაშვილი – ავტორი) და სულ ვმღეროდი, მაგრამ, რაც თემურის ცოლი გავხდი, თემურმა გამაჩუმა – აღარასდროს იმღეროო. თემურს ისეთი ხმა აქვს, თავისნაირ მომღერლებზე აქვს პრეტენზია. მე კი მისნაირი მომღერალი ვერასოდეს გავხდები, არც მიფიქრია ამაზე, ერთი მომღერალიც გვეყოფა ოჯახში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, კატომ მაინც იმღეროს.
– ერთი შვილი რომ გყავთ, ხომ არ ნანობთ შენ და თემური?
– მე მართლა ძალიან ვნანობ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ, ქალისთვის, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, უნდა არსებობდეს დასჯის რაღაც კანონი. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, თუმცა, მე მყავდა ტყუპები, მაგრამ, ბოლომდე ვერ მივედი და სულ ვამბობ – ღმერთმა დამსაჯა-მეთქი. რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, თემურს ვუთხარი: რად გვინდა კიდევ ერთი ბავშვი, მარი ხომ გვყავს, რა საჭიროა-მეთქი, მაგრამ, მერე, როდესაც გადავწყვიტე – კარგი, გავაჩენ-მეთქი, მომეშალა – მესამე თვეში ვიყავი. აი, კატო, მიმაჩნია, რომ ჩემი მეორე შვილია.