კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუფუჭდება თუ არა საქართველოს ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სანაცვლოდ

მართალია, ჩვენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ვართ კონცენტრირებული და ჩვენი პოლიტიკური ძალებიც ლამის ისევ წინასაარჩევნო რეჟიმში მოქმედებენ, თუმცა სამყარო თავისი პრობლემების მორევშია, რომლებიც, გვინდა თუ არა, გვითრევს და გვეხება. ვიდრე შიდა საქმეებს ვარჩევთ, ძალას იკრებს მოსაზრება, რომ საქართველოს მცდელობამ, ცივილიზებული ურთიერთობისმაგვარი დაამყაროს რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც, იმას გარდა, რომ უზარმაზარი ჩრდილოელი მეზობელია, მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული, შესაძლოა, აზერბაიჯან-თურქეთთან ურთიერთობა დაგვიძაბოს. მართლაც ცვლის თუ არა სააკაშვილის ივანიშვილით ჩანაცვლება ინტერესთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში?  – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ხათუნა ლაგაზიძის დახმარებით შევეცდებით.

– ჩანს თუ არა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭების საფრთხე იმ მოცემულობაში, რაც გვაქვს?

–  პირველი ოქტომბრის შემდეგ მოგვეცა საშუალება, მოგვეხდინა საგარეო პოლიტიკური აქტივობების დივერსიფიკაცია. აქ საუბარია იმაზე, რომ ვინარჩუნებთ კურსს და ახალი ხელისუფლება მზადაცაა, რომ კონსტიტუციით გაამყაროს საქართველოს ევროპული ორიენტაცია. ამას, თავისთავად, არაფერი ემუქრება, საუბარია მიდგომებზე. ასე დავსვათ საკითხი: ჰქონდა თუ არა საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური დამოუკიდებლობა? როგორი იყო საქართველოს ინტერესების წილი იმ საგარეო პოლიტიკურ თამაშებში, რასაც წინა ხელისუფლება ეწეოდა? გასაგებია, რომ არათუ ჩვენი ტიპის, უმსხვილესი ქვეყნებიც კი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინების გარეშე საკუთარ პოლიტიკას ვერ წარმართავენ.

– ლაპარაკია, რა დოზითაა საქართველოში სახელდობრ ქართული ინტერესი და რა დოზით ჩვენი პარტნიორების?

– წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ეფუძნებოდა ორ რამეს: უპირატესად პარტნიორების ინტერესების უპირობო გათვალისწინებას და, თუ რამე პირობა იდებოდა, ის იყო ერთადერთი: წინა ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება. აშკარად რომ დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი: არსებობდა უტყვი, იქნებ სიტყვიერი შეთანხმებაც წინა ხელისუფლებასა და ჩვენი პარტნიორების ნაწილს შორის, თქვენ ყველაფერზე თვალი დახუჭეთ და ამის სანაცვლოდ საქართველო იქნება უტყვი პარტნიორი, რომელიც პროტესტის გარეშე შეასრულებს თქვენს ყველა სურვილს. რასაც მე ვამბობ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკა ჩვენი პარტნიორებისადმი პრეტენზიებს უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ აქამდე არ ყოფილა იმის მცდელობა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ უფრო მეტად დაგვეცვა ჩვენი ინტერესები იმავე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ისინი გაცილებით ბევრ ბენეფიტს მისცემდნენ საქართველოს. რადგან საქართველოს ხელისუფლება ამას არ ითხოვდა, ისინი აძლევდნენ ამ ბენეფიტებს იმ დოზით, რაც საქართველოში „ნაციონალური“ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იყო საჭირო. დახმარებები მოდიოდა, როგორც პროექტ საქართველოში და არა პარტნიორ ქვეყანა საქართველოში.

პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ტენდენციების გამოჩენამ, მოგვცა იმის საშუალება, რომ ცოტა უფრო მომთხოვნები ვიყოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ჩვენს პარტნიორებთან თუ მეზობლებთან ურთიერთობაში. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული შფოთი შეიტანა ჩვენი პარტნიორების ბანაკში, ოღონდ ეს შფოთი არ ეფუძნება კურსის ცვლილებას. ბიძინა ივანიშვილის ტიპის მაქსიმალურად პრაგმატული ადამიანისთვის, წაგებაზე აგებული ურთიერთობები მიუღებელია. საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია ევროპული მიმართულებით სვლა, ამიტომ ეს ეჭვქვეშ არ დგება.

– თავად ევროპისთვის არის მომგებიანი საქართველოს ახალი ამპლუა?

– ამ ტიპის საგარეო-პოლიტიკურ ტენდენციებს ვამჩნევ და არა მხოლოდ ევროპის მიმართულებით. იგივე ხდება ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაში: ისინი მიჩვეულები იყვნენ, ამჯერად კერძო სტრუქტურებზე მაქვს საუბარი, რომ ინვესტიციების განხორციელებისას საქართველოს მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები პრიორიტეტს ანიჭებდნენ მათ კერძო ინტერესს, ვიდრე სახელმწიფო ინტერესს. ამიტომაც არის, რომ ბევრი პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად, სულ მცირე, კითხვებს აჩენს. იგივე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა.

– დიახ, ის ეკონომიკურად წამგებიანია ჩვენთვის, თუმცა პოლიტიკურად უალტერნატივოდ მომგებიანია.

– არადა, შეიძლებოდა, ეკონომიკურადაც არ ყოფილიყო წამგებიანი. ხომ შეიძლებოდა, როდესაც ეს ხელშეკრულება განიხილებოდა, დასმულიყო ეს საკითხი?! აქ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის პროექტები დგება ეჭვქვეშ. თუ მსგავსი გლობალური პროექტები დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, აქ ზოგადად შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თავად ახალი ხელისუფლების არსებობა. ამდენად, თავად ხელისუფლებისთვის იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები საფრთხის შემცველი. ამიტომ სისულელეა იმის თქმა, რომ ახალი ხელისუფლება იბრძვის ყარსი-ახალქალაქის და მსგავსი ტიპის პროექტების წინააღმდეგ. გამორიცხულია, ივანიშვილის მსგავსი პრაგმატული ადამიანი მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდეს.

– აქვს მას თავისუფლად მოქმედების საშუალება?

– ძალიან საინტერესოა ის კონფიგურაციები, რაც გარშემო ხდება და რაც აძლევს მას საშუალებას, რომ შედარებით თავისუფლად იმოქმედოს. ახალი ხელისუფლების სტრატეგია საშუალებას აძლევს მას, უფრო მომთხოვნი იყოს თავის პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ სურვილი, არამედ ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკულ პოლიტიკური ელიტაში იკიდებს ფეხს მიდგომა, რომ ამერიკა პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს მსოფლიოს მწვავე წერტილებში. ხელი უნდა შეუწყონ რეგიონული ლიდერი ქვეყნების აღმოცენებას და გაძლიერებას, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ გაატარებენ საკუთარ ინტერესებს რეგიონში. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, პარტნიორებთან ურთიერთობაში ცოტა უფრო თამამები ვიყოთ. ძალიან საინტერესოა, რომ თურქეთის უმაღლესი სახელისუფლო ელიტა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის პირით აცხადებს, რომ თურქეთისთვის ევროკავშირი არ არის პანაცეა.

– სხვა გზაც არ აქვს თურქეთს, არ უშვებენ ამ ევროკავშირში და, აბა, რა ქნას?

– ეს გასაგებია, მაგრამ, როდესაც თურქეთი ამბობს, რომ ჩემი ორიენტირი არ არის ევროკავშირი და ორიენტაციის აღებას აპირებს შანხაის თუ სხვა მსხვილი ორგანიზაციისკენ, რომლებიც ეკონომიკურად სულ უფრო და უფრო მეტ ეკონომიკურ პოტენციალს ამჟღავნებენ კრიზისში ჩაფლულ ევროპასთან შედარებით, ეს ევროპელებში მნიშვნელოვან შფოთს იწვევს. მაგრამ, თავისთავად, ამ ტიპის თურქეთი დროის რაღაც მომენტში შეიძლება, უხერხული პარტნიორი გახდეს ევროპისა და, თუნდაც, „ნატოსთვის“. 

– მაგრამ ეს ხომ გვმატებს ჩვენ წონას იმავე ევროპისა თუ „ნატოსთვის“?

– რა თქმა უნდა, ეს ჩვენს წონას ერთიორად ზრდის. სულ ახლახან მითხრეს, რომ ობამამ გააკეთა განცხადება, რუსეთი ჩვენი პარტნიორიაო. ამაში გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, რომ ავღანეთში რუსეთისა და ამერიკის ინტერესები თანხვდება. არ ვიცი, რამდენად შეიძენს საბოლოო კონტურებს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი, როგორც სამშვიდობო ძალა, შევიდეს სირიაში გაეროს ეგიდით. ეს რეგიონში ძალთა ბალანსის ძალიან საინტერესო ნიმუში იქნება და გარკვეულწილად ამით იმ კითხვასაც გაეცემა პასუხი, როგორ ჩავიარეთ ასე უმტკივნეულოდ პირველი ოქტომბერი.

– თუ სირიაში მოახერხა რუსეთმა სამშვიდობო ძალის სახით შესვლა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოყვარე აშშ-სა და ჩვენს მტერ რუსეთს არ ვჭირდებით, როგორც დაპირისპირების პოლიგონი?

– დიახ და ისიც ძალიან საინტერესოა, რომ უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის შეთავაზებულ 14-პუნქტიან გეგმაში „ნაციონალები“ უარს ამბობენ პუნქტზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იქცეს უცხო ქვეყნების დაპირისპირების პოლიგონად. ამითაც ჩანს, რომ „ნაციონალები“ არად აგდებენ შიდა ამომრჩეველს და გამოდის, რომ ისინი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ან თუ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის მზად არიან, ქვეყანა აქციონ საჯიჯგნ პოლიგონად.

– თუმცა ისიც აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დაიკავოს მკვეთრად პროდასავლური ძალის ნიშა. ერთგვარად დასავლური იდეალებისთვის წამებულის ნიშა.

– თუ ამოვალთ იქიდან, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სრულიად სხვა რაკურსში გადადის, ახლომხედველური პოლიტიკაა საუბარი იმაზე, რომ დღეს საქართველო, მაინცდამაინც, დაპირისპირების პოლიგონად სჭირდებათ რუსეთსა და ამერიკას. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ იმავე ამერიკასა თუ ევროპაში არ არის ისეთი ძალები, რომლებიც საქართველოს აქტიურად განიხილავენ რუსეთისკენ მიმართული იარაღის როლში, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს არჩევნის საშუალება?! ხომ შეგვიძლია, უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვქონდეს იმ ძალებთან, რომლებიც საქართველოს პოლიგონად არ განიხილავენ და პარტნიორობისკენ ისწრაფვიან?!

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითდამშვიდების საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ის საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებსაც ზედმიწევნით ფლობენ „ნაციონალები“ ძალიან უარყოფით ფონს ქმნიან. „რუსთავი-2-ის“ რამდენიმე საინფორმაციო გადაცემას ვუყურე: ეს უკვე აღარ არის შავი ფიარი, ეს არის აპოკალიფსური ფიარი. ამას რომ უცხო დამკვირვებელმა უყუროს, რომელმაც არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყნის შიგნით, იფიქრებს, რომ ეს ქვეყანა გამალებული სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მიექანება.

– ამიტომაც ნაცვლად იმისა, რომ კანცელარიის თანამშრომლებმა 10 000-იანი პრემიები გამოიწერონ და მოგვამადლონ, შაბათ-კვირას ვმუშაობდი და მეკუთვნისო, დასახონ სტრატეგია, ამას მოახმარონ ფული, დაიქირაონ ლობისტები და შეუკვეთონ სტატიები წამყვან დასავლურ გამოცემებში?

– ალბათ, ახალი ხელისუფლება ამ მუშაობას დაწყებს და ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელშიც დასავლეთი იყო ხელისუფლების მხრიდან მოქცეული, გაირღვევა. რაც შეეხება ფიარს: სახელისუფლო ფიარი, თუ არ გაქვს ღია პროპაგანდის საშუალებები, როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რთული საკეთებელია.

– ინფორმაციის გავრცელებას არ სჭირდება პროპაგანდის საშუალებების ფლობა, ამას სჭირდება ის, რომ სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელებმა შეუფერხებლად შეახვედრონ მაღალი რანგის ჩინოვნიკები ჟურნალისტებს, მათ შორის, პირად თემებზე სასაუბროდაც.

– ამ საქმის კურსში მე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ინფორმაციის სიმწირე რომ არის, ფაქტია. როდესაც ასეთი გაცხარებული საინფორმაციო შტურმია, მე ვერ გეტყვით, რატომ ამბობენ უარს შეხვედრაზე. მით უმეტეს, ისედაც ძნელია პოზიტივით სკანდალის გადაფარვა. ისიც თემაა, რომ სააკაშვილს არ აქვს სიტუაციის აჭრის რესურსი. მან 8 თებერვალს პირველად აღიარა, რომ ის უკვე ზოგადად პრობლემაა ქვეყნისთვის.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც მან თქვა, იმდენი კი ვიცი პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომ არ დავშალო პარლამენტი და არ გავუშვა მთავრობაო. მაგრამ ამით გულდამშვიდებაც არ შეიძლება. ვნახოთ, როგორც ააწყვეს სქემა: სააკაშვილმა გადაწყვიტა, იაროს ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ. ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ მას ოდესმე რეიტინგი მოემატება და ეს არც კეთდება მისი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის. ეს კეთდება იმისთვის, რომ როგორმე დაანგრიოს დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი. მეორე მხრივ, გავიხსენოთ, ცესკოს ინიციატივა, 1-პროცენტიანი ბარიერის შემოღების შესახებ. სხვა საქმეა, რომ ხელისუფლება ამას არ დასთანხმდება, მაგრამ მათი ტაქტიკა ასეთია: თვითონ შევიდნენ რამდენიმე ჯგუფად პარლამენტში და, გარდა ამისა, ეს არის კოალიციის გახლეჩვისკენ მიმართული მცდელობა. თუ ბარიერი ერთი პროცენტია, ყველას გაუჩნდება ამბიცია, ამას ჩვენითაც გადავლახავთო. პარალელურად წამოსწია უპერსპექტივო პარტიები და ის რეიტინგი, რომელსაც ის წაართმევს ხელისუფლებას, ჰაერში გამოეკიდება და „ნაციონალური მოძრაობაც“ მონახავს თავის მიმართულებას. საკმაოდ რთული პროცესები მიდის და ამის იგნორირება ხელისუფლებას უბრალოდ არ ეპატიება.

– აპრილამდეა მოსალოდნელი შიდა ტემპერატურის ზრდა, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის და მთავრობის გადაყენების თეორიული შესაძლებლობაც არ ექნება, შემდეგ კი სურათი დაიწმინდება?

– აპრილამდე ტემპერატურის აწევას შეეცდებიან, მაგრამ თავად ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე წაუგებელ თამაშს თამაშობს. მან შეიცვალა სტილი და, თუ არჩევნები მოიგო იმით, რომ „ნაციონალებს“ აცალა აგრესიის გადმოფრქვევა, არჩევნების შემდეგ თვითონ გადავიდა შეტევაზე. ამდენად, ძალიან კარგად იცის მოწინააღმდეგის ფასი და ისიც, რომ მასთან ჭიდილი იოლი არ არის. ვიმეორებ, „ნაციონალებმა“ კარგად იციან დასავლეთთან საკომუნიკაციო ენა და ლამის ყოველდღე ახალი არასამთავრობო იხსნება, სადაც არიან ყოფილი მაღალჩინოსანი „ნაციონალები“. რადგან თეორიულად კონსტიტუციაში ჩადებულია კონსტიტუციური დიქტატურის რისკი, სანამ ეს ალბათობა არ გადაივლის, ტემპერატურა იქნება მაღალი, თუმცა აპრილის შემდეგ „ნაციონალების“ საცეცები არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, საკუთარი ქვეყნის ძალიან ცუდი პრეზენტატორები იქნებიან. მაგრამ, ერთი მხრივ, ეს კარგია. რადგანაც იმედია, ხელისუფლება მიხვდება, რა რეჟიმში უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მათთანაც და დასავლეთთანაც, მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლში იქნებიან და მოდუნების საშუალება არ ექნებათ. ქვეყნის მომავალი სტაბილურობა გადის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებაზე, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

скачать dle 11.3