ფარული მეტრფე
„ლაივის“ მოყვარულები
ჯერჯერობით საქართველოს მთავარი პროკურატურის საქმიანობა იმით ამოიწურება, რომ ყოფილ და მოქმედ ბობოლ-ბოლოლა ჩინოვნიკებს დასაკითხად იბარებენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედები (ბ-ნები უგულავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი) მიპატიჟებაზე წიხლს უკრავენ, აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილ-მსხვილი წარმომადგენლები პროკურატურას „სოვსემ ნე უვაჟაიუტ“. რასაც ვერ დავწამებთ, მაგალითად, ბ-ნ მერაბიშვილს.
ეს უკანასკნელი დაკითხვაზე მესამედაც გამოცხადდა და არც მხარდამჭერების მობილიზაცია გასჭირვებია (ან კი რა გაუჭირვებდა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ-კოორდინატორებით ყოფილა სავსე დასუფთავების სამსახური რაა, ისიც კი) და დაკითხვაზე შესვლამდე არც პოლიტიკური განცხადებები დაუმადლებია (თუ როგორ დარჩნენ პირველ ოქტომბრამდე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები დაუსაქმებლად, და მერე რა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში, სტატისტიკური მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებული სტაბილურად 600 000-ადამიანია).
მეტიც, საკუთარი განცდებიც გაგვიზიარა (მოვიხმობ ციტატას მეტი ხატოვნებისთვის): „არ დამეზარება, შევალ და დავათვალიერებ ჩვენ მიერ აშენებულ ამ მშვენიერ შენობებს, სადაც ახალი ხელისუფლების ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი (თუმცა არა მხოლოდ პროკურატურის, ციხეებიც მათ მიერაა აშენებული).“
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უწყებებში, ძირითადად, აქამომდეც (და არც ახლაა უამისობა) ხელისუფლების ნათესავები და ოჯახის წევრები საქმიანობდნენ (კონკურსები გულუბრყვილო საზოგადოების არანაკლებ გულუბრყვილო თვალისთვის წყლის დასალევინებლად იყო გამიზნული), წესით, არც უნდა გაჰკვირვებოდა.
ბუნებრივია, არაფერი ვუწყი პროკურატურის ტაქტიკის შესახებ (დაკითხვებზე უთავბოლოდ დაბარება-გამოშვებებს ვგულისხმობ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ბ-ნი მერაბიშვილი აგერ უკვე მესამედ დაიბარეს, არც ის არის გამორიცხული, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავის დროზე შეუცვლელ შს მინისტრს პროკურატურაში ფარული მეტრფეც ჰყავდეს და მისი „ლაივში“ ნახვა უხაროდეს.