კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დიდთავა“ ტარიელ საყვარელიძე და ქეიფის მოყვარული ვირტუოზები

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები არა მხოლოდ სცენის, ქეიფის მოყვარულები და ვირტუოზები იყვნენ. ქეიფს კი ყოველთვის ახლდა ერთმანეთთან ანგლობა და ალალი მხიარულება.

და აი, ერთ დღესაც, რესტორან „არაგვში“ გრიალებენ ცნობილი მსახიობები: კოტე მახარაძე, გივი ბერიკაშვილი, თავადი გელოვანი, ტარიელ საყვარელიძე, ამირან ბუაძე, ჯემალ მონიავა და სხვები.

სუფრას განუმეორებელი დოდო აბაშიძე თამადობს. რატომღაც, იმ საღამოს  ტარიელ საყვარელიძე ამოიჩემა:

– რამხელა თავი გაქვს, ტარიელ, კაცო, შენ?! რამხელა, ა?!

– დიდ თავში დიდი ტვინია, – „მოიგერია“ ტარიელმა პირველი შეტევა, მაგრამ, დოდო იმ საღამოს, რატომღაც, ტარიელის თავით იყო „დაპროგრამებული“.

ორი სადღეგრძელოს შემდეგ ომახიანი ხმით წამოიწყო:

– „ჟუჟუნა წვიმა მოვიდააა, დიდი თავები დანამააა“... – და გადახედა ტარიელს „თავსზემოდან“.

საყვარელიძემ „გაატარა“.

თავშეკავებულ-თავშეუკავებელი სიცილის ტალღამ გადაიარა სუფრაზე. აბაშიძემ მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო და გრძელი მონოლოგის შემდეგ ისევ სიმღერა დასჭექა:

„თავოოო ჩემო, ბედიიი არ გიწერიააა!“ – და ისევ მიაშტერა ტარიელის თავს თვალი.

– რა ვქნა, – „შეწუხდა“ საყვარელიძე, – ასეთი ვარ და თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, შეკაცო...

დოდოს „რაზგონი“ ჰქონდა აღებული. ასეთ დროს კი მისი გაჩერება, როგორც იტყვიან, მამაზეციერსაც არ შეეძლო და თავისებური, მოგონილი არტისტიზმით ახლა ლექსი დააქუხა:

– „თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის, შეიძლება, ქეიფში მოკვდეს!!!“

– ამას ჰგონია, ჩემზე პატარა თავი აქვს, ამ საწყალს... – გადაულაპარაკა ტარიელმა გვერდით მჯდომ მსახიობს ვითომ საიდუმლოდ, მაგრამ ისე, რომ დოდოს გაეგონა.

დოდომაც „მოწვა“.

– ლას ამბობს ეს კაცი... ბიწო, მე ლო შენხელა თავი მქონდეს, თავს მოვიკლავდი... – აროხროხდა და აიყოლია სუფრაც.

ტარიელმა ვეღარ მოითმინა. დემონსტრაციულად წამოხტა, მტკიცე ნაბიჯით გადაკვეთა რესტორანი, გარდერობში მივიდა და ორ წუთში თავისი ქუდით დაბრუნდა უკან.

უჩვეულოს მოლოდინში სუფრის წევრები კინაღამ გამოფხიზლდნენ. საყვარელიძე დოდოს ჯიქურ მიეჭრა.

– ა... ეს ჩემი ქუდია!

– მელე ლა? – დაიბნა დოდო.

– დაიხურე ახლავე! ახლავე დაიხურე თავზე! ახლავე, რომ გეუბნები!

– მივდივალთ თუ?.. – გაუკვირდა დოდოს.

– დაიხურე, მე შენ გეუბნები!

შემოტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დოდომ ქუდი გამოართვა და დაიხურა.

დაიხურა, მაგრამ, ერთი პრეზიდენტის არ იყოს, – „ნურას უკაცრავად!“ – ქუდი ნახევარ თავზეც „არ ეყო“.

ატყდა სიცილი და რა სიცილი... ორი მსახიობი კინაღამ სკამიდან გადავარდა.

ფაქტი სახეზე იყო.

– ვის უფრო დიდი თავი აქვს, მე თუ შენ?! – ახლა ტარიელმა იქუხა და მიაყოლა: შენი თავი, ჩემი თავი, ორივეა ტოლი თავიიი!!! მეიკალი ახლა თავი, თუ ბიჭი ხარ, მეიკალი!

დოდომ მაინც მონახა გამოსავალი:

– შენ ეს ქუდი, ალბათ, აქ წამოსვლამდე გარეცხე და შედგა, დაპატარავდა, ჩემო ძამია... გადაეხვია და გადაკოცნა „თანამოთავე“.

ასეთი ისტორიები მარჯანიშვილის თეატრში იმდენი იყო, ორი სიცოცხლეც არ ეყოფა მოსაყოლად, თუმცა, ეს ერთი იყოს და სხვა – მომავალში...

скачать dle 11.3