მკვდარი ვერსია
გარდაცვლილი ახალგაზრდა 30-32 წლის მამაკაცი იყო. ის დივანზე მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენილიყო. თავი გვერდზე გადაეხარა. სახე კი მშვიდი ჰქონდა. ღიად დარჩენილი თვალები რომ არა, მნახველს ჩაძინებული ეგონებოდა. მარჯვენა ხელი მუხლზე ედო. მარცხენა კი გვერდზე გადავარდნოდა. გარდაცვლილს მკერდზე, გულის მიდამოებში, ნატყვიარი ემჩნეოდა. ნატყვიარიდან გადმონადენ სისხლს უხვად გაეჟღინთა ტანსაცმელი, დივანი და დიდ გუბედ დამდგარიყო იატაკზე. გვამის წინ ჟურნალის მაგიდა იდგა. მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი, სანთებელა, საფერფლე და მობილური ტელეფონი ეწყო.
კრიმინალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა აუჩქარებლად მოავლო მზერა ოთახს და შემდეგ თანამშრომლებს გადაულაპარაკა – საქმეს შეუდექითო. ისინი ოთახში შევიდნენ, ჩანთებიდან დათვალიერებისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოალაგეს და მუშაობას შეუდგნენ.
კრიმინალისტებს მუშაობა არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც შემთხვევის ადგილზე პროკურატურის გამომძიებელი რეზო ფიფია მივიდა. მას ბინის შესასვლელში საბურთალოს რაიონის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ზურაბ კვაჭაძე შეეგება.
ზურაბი გაოცებული დარჩა დანაშაულის ადგილზე რეზო ფიფიას გამოჩენით. მას შორიდან იცნობდა, მაგრამ, იცოდა, რომ ახალი გადასული იყო პროკურატურაში და თითქმის არ ჰქონდა მკვლელობების გამოძიების გამოცდილება.
– გამარჯობა, – ფიფია ხელის ჩამორთმევით მიესალმა ზურაბს, – რა ხდება აქ?
– შენ დაგნიშნეს ამ საქმეზე? – ზურაბმა შეფარვით მიანიშნა მის გამოუცდელობაზე.
– რა გეჩვენება ამაში უცნაური? – ფიფიამ უმალ გამოავლინა თავისი სიფიცხე და ქედმაღლობა.
– არაფერი. რიგითი მოკვდავი როგორ ჩავერევი პროკურატურის საქმეებში, საქმე შენ უნდა გამოიძიო. ასე რომ... – აღარ დაასრულა ზურაბმა.
– საქმეზე გადავიდეთ... – მბრძანებლურად წამოისროლა რეზომ, – რა ხდება აქ?!
– კრიმინალისტებს ჯერ არ დაუმთავრებიათ მუშაობა, თავიანთ მოსაზრებებს ისინი მოგვიანებით გაგაცნობენ. თუმცა, გარკვეული დეტალები უკვე სრულიად ნათელია. შეტყობინება მკვლელობის შესახებ დღის 3 საათზე შემოვიდა. გარდაცვლილი ამავე სადარბაზოში მცხოვრებმა ქალმა – ვერა ბურდულმა აღმოაჩინა. ის ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს. სადარბაზოში ამოსვლისას მან შენიშნა, რომ მეზობლის ბინის კარი ღია იყო. ქალმა იცოდა, რომ ამ დროისთვის მეზობლები შინ არ უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ, რამდენჯერმე დარეკა ზარი. როდესაც ზარს არავინ გამოეხმაურა, ბინაში შევიდა და გარდაცვლილი მეზობელი აღმოაჩინა. შეშინებული ქალი მაშინვე სადარბაზოში გავარდა და ყვირილით მოიხმო მეზობლები, მათ კი ჩვენ გვაცნობეს მომხდარის შესახებ.
– სად არის ახლა ბურდული? – ჰკითხა ფიფიამ.
– თავის ბინაში ჩემი თანამშრომლები ჰკითხავენ. ისე, გირჩევ, დროს ნუ დაკარგავ მასთან საუბრით, ამაზე მეტს მაინც ვერაფერს გეტყვის, – უპასუხა ზურაბმა.
– ვინაა მოკლული? – განაგრძო რეზომ.
– ბინის პატრონი 30 წლის ანდრო სირაძე... დაკავებული იყო ბიზნესით, ძირითადად – კვების ობიექტებით... ნასამართლევი არ არის, კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობაში შემჩნეული არ არის... ამ ბინაში მეუღლესთან – ნანა სირაძესთან ერთად ცხოვრობდა. შვილები არ ჰყავთ. გარდაცვლილის დედ-მამა ვაჟაზე ცხოვრობს. მამა – კოტე სირაძე – ბიზნესმენია, დაკავებულია ბინათმშენებლობით, დედა...
– როდის მოასწარი ყოველივე ამის დაზუსტება? – შეაწყვეტინა ფიფიამ.
– მე ამ რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვარ და ასეთი დეტალების დასაზუსტებლად ბევრი დრო არ მჭირდება, – უკმაყოფილო სახით უპასუხა ზურაბმა.
– მოგვიანებით გავაგრძელოთ! – პასუხით გაღიზიანებულმა ფიფიამ ზურგი შეაქცია თანამოსაუბრეს და ბინაში მომუშავე კრიმინალისტების ხელმძღვანელთან, გურამ ბრეგვაძესთან განაგრძო საუბარი, რომელიც სწორედ ამ დროს მიუახლოვდა.
– როგორია პირველადი მონაცემები?
– ამას კრიმინალისტის დასკვნაც კი არ სჭირდება, – უპასუხა გურამმა, – განზრახ მკვლელობაა დამამძიმებელ გარემოებებში. სავარაუდოდ, გარდაცვლილი კარგად იცნობდა მკვლელს – მან ის წინააღმდეგობის გარეშე შეუშვა ბინაში. ჩემი აზრით, ისინი საუბრობდნენ. გარდაცვლილი დივანზე იჯდა, მკვლელი – სავარძელზე ჟურნალების მაგიდის საპირისპირო მხარეს. საუბარი მშვიდი უნდა ყოფილიყო – ამაზე მიანიშნებს გარდაცვლილის სახის გამომეტყველება. თავდასხმა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მან შეშინებაც კი ვერ მოასწრო. მკვლელმა ერთი და ზუსტი გასროლით მოუღო მას ბოლო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თავის დასკვნას გადმოგცემთ, მაგრამ, ახლავე შემიძლია, გითხრათ, რომ მკვლელობა პროფესიონალმა ჩაიდინა. ტყვიამ პირდაპირ გულში გაუარა გარდაცვლილს. ესაა ჭრილობა, რომელიც მსხვერპლს წინააღმდეგობის უნარსაც დააკარგვინებდა და უეჭველად მაშინვე მოუღებდა ბოლოს...
კრიმინალისტს ლაპარაკი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ზურაბს სადარბაზოდან ხმაური ჩაესმა. მან სასწრაფოდ დატოვა ბინა და კიბის უჯრედზე გავიდა. ხმაურის მიზეზი ახალგაზრდა შეშფოთებული ქალი აღმოჩნდა, რომელიც ბინისკენ მოიწევდა, პოლიციის თანამშრომლები კი მის შეჩერებას ცდილობდნენ.
– გამიშვით... გამატარეთ... რა ხდება აქ?! – განუწყვეტლივ იმეორებდა ქალი, – სად არის ანდრო?!
ზურაბმა ორიოდ ნაბიჯი გადადგა და ქალს მიმართა:
– ნანა, შეგიძლიათ, მომისმინოთ?
– ვინ ხართ?.. – დაბნეული სახით შეხედა ქალმა.
– ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ, მე ვიცი, ვინც ხართ. გამომყევით... – ზურაბი მის პასუხს არ დალოდებია, მკლავში გამოსდო ხელი და საპირისპირო ბინისკენ წაიყვანა, რომლის სანახევროდ ღია კარიდან ხანში შესული ქალი იცქირებოდა.
მეზობელი ქალის დანახვისას ნანა ისევ ალაპარაკდა.
– ქალბატონო ლალი, გთხოვთ, მითხარით რა მოხდა:
ხანში შესულმა სახეზე აიფარა ხელები და უკან დაიხია. ამის დანახვისას ნანა უღონოდ შებარბაცდა და კედელს მიეყრდნო.
– წყალი მოიტანეთ, – დიასახლისს მიმართა ზურაბმა, თავად კი ნანას წელზე მოხვია ხელი, სასტუმრო ოთახში შეიყვანა და დივანზე დასვა.
რამდენიმე წამში ოთახში დიასახლისიც შემოვიდა და ნანას წყლიანი ჭიქა აკანკალებულ ხელში ჩაუდო. მან გაჭირვებით მოსვა ერთი ყლუპი და ზურაბს მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– მე რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვარ, – წამოიწყო ზურაბმა, – ჯობია, ჩემგან მოისმინოთ რაც მოხდა: გამაგრდით, ნანა, თქვენი მეუღლე გარდაიცვალა...
ნანას მზერა გაუშეშდა. მერე თვალებიდან მძიმედ ჩამოუგორდა ცრემლის წვეთები. მან მძიმედ დაუშვა ჭიქა მაგიდაზე და ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა:
– როგორ?..
– ის მოკლულია... ვიცი, თქვენთვის ძალიან ძნელია ამის მოსმენა, მაგრამ, ვიდრე ჩვენ შემთხვევის ადგილს არ შევისწავლით, ბინაში შესვლის საშუალებას ვერ მოგცემთ... მანამდე აქ მოგიწევთ დარჩენა. შეძლებთ ამას?
ნანამ უხმოდ დაუქნია თავი.
– მოგვიანებით გამომძიებელი შეგხვდებათ და რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – თქვა ზურაბმა და კარისკენ წავიდა.
* * *
კრიმინალისტებს უკვე დაემთავრებინათ მუშაობა. რჩებოდა ბოლო და ყველაზე მძიმე პროცედურის ჩატარება – გარდაცვლილის პროზუქტურაში გადასვენება. ზურაბს ყოველთვის უჭირდა ასეთ დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნა. როგორც წესი, სადარბაზოს სიახლოვეს თავს იყრიდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნაცნობ-მეგობრები, მეზობლები, შემთხვევითი გამვლელები. ყოველი მათგანი თავისებურად გამოხატავდა ემოციას: ტირილით, მოთქმით, აღშფოთებით. მრავალი საკუთარ ვერსიას გამოთქვამდა მომხდარის შესახებ. ყოველივე ეს კი აუტანელ, მძიმე ატმოსფეროს ქმნიდა. საბედნიეროდ, ცხედრის გამოსვენებამდე ზურაბს გურამმა გამოსდო მკლავი და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიკროავტობუსისკენ წაიყვანა: საინტერესო რამ უნდა გიჩვენოო.
– იცი ჩემი ხასიათი და ამიტომ გამომარიდე იქაურობას? – ჰკითხა ზურაბმა, როგორც კი გურამმა მიკროავტობუსის კარი დახურა.
– ვიცი... მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ეს ნახე... – ამ სიტყვებთან ერთად გურამმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი უჩვენა, – სირაძის კავშირებს მოგვიანებით შენც შეისწავლიდი, მაგრამ, ჩემი ყურადღება მისმა უკანასკნელმა მესიჯმა მიიპყრო. ტექსტი ასეთია: „ორ საათზე ჩემთან ამოდი. მარტო ვიქნები. იმ საქმეზე მინდა გებაზრო”. ორი საათი მკვლელობის სავარაუდო დროა. როგორ გგონია, ეს შემთხვევითობაა?
– არაფერია გამორიცხული, – უპასუხა ზურაბმა.
– მართალი ხარ, არაფერია გამორიცხული. შეიძლება, ის სრულიად სხვა პიროვნებას უკავშირდებოდა, რომელმაც არად ჩააგდო მიწვევა. შესაძლოა, უბრალოდ დააგვიანდა და ახლა ჭირისუფალთა და ცნობისმოყვარეთა შორის დგას. მაგრამ, ვინ იცის. იქნებ, სწორედ ეს პიროვნება იყო, ვინც დათქმულ დროს მივიდა სირაძესთან და მან მშვიდად შეუშვა სახლში, – შემპარავი ხმით თქვა გურამმა და ხელში მცირე ზომის ფურცელი ჩაუდო.
ზურაბმა სწრაფად დახედა ფურცელს. მასზე სახელი გვარი და მისამართი ეწერა.
„გენო ბარათაშვილი. ყიფშიძის 5, ბინა 16”.
ზურაბი მიხვდა, რომ ეს იმ პიროვნების ვინაობა და მისამართი იყო, ვისაც სირაძემ თავის სიცოცხლეში ბოლო მესიჯი გაუგზავნა.
– ოქრო ხარ! – ასეთი საქმისთვის მაღარიჩზე ნაღდად არ დავიხევ უკან. კმაყოფილი სახით გახედა გურამს და მიკროავტობუსის კარის სახელურს წაეტანა.
კრიმინალური პოლიციის ოპერატიული ჯგუფი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მივიდა ყიფშიძის ქუჩაზე. მგზავრობისას ზურაბი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ბარათაშვილის შესახებ მონაცემების გადამოწმება სთხოვა. პასუხი მალე მიიღო. სამინისტროს მონაცემებით, ის აღნიშნულ მისამართზე დედასთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ოპერატიული ჯუფის თანამშრომლებმა სწრაფად გადაკეტეს ზედა და ქვედა სართულები. ზურაბი კი ერთ თანამშრომელთან ერთად ბარათაშვილის ბინის კარს მიუახლოვდა.
თეორიულად, სამართალდამცველებს ბარათაშვილის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ. შესაძლოა, გზავნილში მითითებული საათი და მკვლელობის დრო მართლაც შემთხვევით ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგრამ არსებობდა სხვა შესაძლებლობაც და, არ იყო გამორიცხული, ამ წუთებში კარსმიღმა თავზეხელაღებული მკვლელი იმალებოდა.
ზურაბმა ერთადერთი გაფრთხილება მისცა თავის თანამშრომლებს: რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ, დიდი ალბათობით, ბინაში ქალები და ბავშვებიც იმყოფებიანო და ზარის ღილაკს დააწვა.
კარი სანდომიანი გარეგნობის, 50 წელს გადაცილებულმა ქალმა გააღო.
– ვინ ბრძანდებით? – ქალმა გაოცებით შეათვალიერა უცნობი მამაკაცი.
ზურაბი სწრაფად სწვდა მაჯაში, სადარბაზოში გამოიყვანა, იქვე მყოფ თანამშრომელს გადასცა და ხმადაბლა უთხრა:
– ჩუმად, ქალბატონო... პოლიციიდან ვართ... სად არის გენო?
ქალმა დაბნეული მზერა შეავლო პოლიციელისფორმიან მამაკაცებს, რომლებიც სწრაფად დაეშვნენ ზედა სართულიდან და შემდეგ უპასუხა:
– უცხოეთში.
ეს აშკარა ტყუილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, ბარათაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფებოდა. ზურაბმა პისტოლეტი შემართა, თანამშრომლებს ანიშნა, მომყევითო და ფრთხილად დაიძრა ბინისკენ. პირველი, ვინც შემოხვდა სამიოდე წლის გოგონა იყო. მას საერთოდ არ გამოუხატავს შიში იარაღმომარჯვებული უცნობების მიმართ. პირიქით, ფართო, ბავშვურად ცნობისმოყვარე თვალებით შემოსცქეროდა. ზურაბის ნიშანზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონა ხელში აიყვანა და სადარბაზოში მყოფ ბებიას მიუყვანა.
სასტუმრო ოთახში ოჯახის კიდევ ორი წევრი აღმოჩნდა – ახალგაზრდა ქალი და ერთი წლის ბიჭუნა. ქალი დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, ბიჭუნა კი იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე თამაშობდა. პოლიციელების შემჩნევისას ქალმა ბიჭუნა აიტაცა, მკერდში ჩაიკრა და დივანზე მოიკუნტა. პოლიციელები აღარ დალოდებიან ზურაბის განკარგულებას. სამზარეულო და სასტუმრო ოთახი მათი თვალთახედვის არეში იყო. რჩებოდა ორი საძინებლის შემოწმება და ისინიც უმალ განაწილდნენ ბინაში.
ჩხრეკას რამდენიმე წუთი დასჭირდა. ბარათაშვილი ბინაში არ აღმოჩნდა. ზურაბის განკარგულებით, პოლიციელებმა ქალი და გოგონა ბინაში შემოიყვანეს, შემდეგ მათი უმეტესობა კვლავ სადარბაზოს დაუბრუნდა. ზურაბმა კი სადარბაზოში დაწყებული საუბარი განაახლა:
– გენო თქვენი ვაჟია?
– დიახ, – დაუდასტურა ქალმა.
– ისევ გკითხავთ, ქალბატონო: სად არის თქვენი ვაჟი? – თქვა ზურაბმა.
– ხომ გითხარით, უცხოეთშია, – აუღელვებლად უპასუხა ქალმა.
– ჩვენი მონაცემებით, ის საქართველოშია!
– ახლა გასაგებია, რატომაც არ უნდოდა საქართველოში დარჩენა. რა საქმეზე ეძებთ?! – უკმაყოფილოდ ჩაურთო ახალგაზრდა ქალმა.
– მამა ციხეში ზის.. – დაამატა გოგონამ.
პოლიციელებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს.
– რომელ ციხეში? – ახალგაზრდა ქალს გახედა ზურაბმა.
– ჩვეულებრივში... რომელსაც გისოსები და რკინის კარი აქვს. მგონი, ციხე ყველა ქვეყანაში ერთნაირია – საქართველოშიც და ავსტრიაშიც.
– თქვენი ნებართვით... – ქალებს მიმართა ზურაბმა, შემდეგ კი კარადას მიუახლოვდა, რომელიც ერთ-ერთ საძინებელ ოთახში იდგა, გამოაღო და ყურადღებით დაათვალიერა. მაშინვე მიხვდა, რომ ბინაში მამაკაცი არ ცხოვრობდა – კარადაში არც ერთი პერანგი და შარვალი არ აღმოჩნდა.
– ესე იგი, ავსტრიაში? – ქალებს მიუბრუნდა ზურაბი.
– ავსტრიაში, – დაუდასტურა ახალგაზრდა ქალმა, – ერთი წლის წინ გერმანიიდან ექსტრადაციით დააბრუნეს საქართველოში. არ მოისვენა: აქ არაფერი მესაქმებაო, მაგრამ, ლეგალურად წასვლას ვერ ახერხებდა და არალეგალურად, უკრაინის გავლით შეაღწია ევროკავშირში. შემდეგ რა მოხდა, ზუსტად ჩვენც არ ვიცით. გარკვეული პერიოდი სკაიპით გვეხმიანებოდა და ფულსაც გვიგზავნიდა, შემდეგ კი გაქრა. ახლახან შევიტყვეთ, რომ უკვე სამი თვეა, რაც ავსტრიაში ციხეში ზის.
– ეს ნომერი თუ გეცნობათ? – ზურაბმა ტელეფონის ნომერი დაუსახელა, რომელზეც სირაძემ შეტყობინება გაგზავნა.
– დიახ, – თავი დაუქნია ქალმა, – ეს გენოს ნომერია. ევროპაში წასვლამდე ამით სარგებლობდა.
– ახლა ვინ სარგებლობს ამ ნომრით? – ჰკითხა ზურაბმა.
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – ალბათ, რომელიმე ნაცნობს მისცა.
– რა ურთიერთობა ჰქონდა გენოს ანდრო სირაძესთან?
– ვისთან?! – ჩაეძია ქალი.
– ანდრო სირაძესთან, – გაიმეორა ზურაბმა.
– პირველად მესმის. შეიძლება, გენოს რომელიმე ნაცნობია. ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, – უპასუხეს ქალებმა.
საუბარი ამით დასრულდა. ზურაბმა ბინაში ორი თანამშრომელი დატოვა დაწვრილებითი ჩვენებების ჩამოსართმევად, თავად კი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად სამმართველოს მიაშურა.
* * *
ანდრო სირაძის ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების დაკითხვა იმავე დღეს დაიწყო. თავდაპირველად, პოლიციის სამმართველოში ნანა მიიყვანეს – გარდაცვლილის მეუღლე.
დაკითხვის დაწყებამდე ფიფიამ მასა და ზურაბს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვა სცადა.
– ჩვენი ურთიერთობა მაინცადამაინც კოლეგიალურად არ დაიწყო, – საქმიანი იერით მიმართა ზურაბს, – რატომ არ მაცნობეთ, რომ ოპერაციის ჩატარებას აპირებდით?
– რატომ?! – გაიკვირვა მან, – არ მიყვარს სუბორდინაციის დარღვევა და კარგად მახსოვს, რომ მე პოლიციელი ვარ და ვმოქმედებ, როგორც პოლიციელი, შენ კი პროკურატურას წარმოადგენ. ასე რომ, ნუ მოგერიდება, მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედე.
– ესე იგი, არ მოგწონს ამ საქმეში ჩემი ჩართვა! – შენიშნა ფიფიამ.
– არ მომწონს, – დაუდასტურა ზურაბმა.
– რატომ?.. გგონია, რომ შავ სამუშაოს შენ შეასრულებ, ქულებს კი მე დავიწერ?
– არა... შურიანი კაცი არ ვარ. პირიქით, მომწონს დამწყებ გამომძიებლებთან მუშაობა, მაგრამ, ისეთ გამომძიებლებთან, რომლებიც ითვალისწინებენ ჩემს გამოცდილებას და ჩემგან რაღაცის სწავლას ცდილობენ. შენში რაიმე ამდაგვარი ვერ შევნიშნე. შენ პროკურატურაში გატარებული სამწლიანი სტაჟის იმედით, ამ საქმის მთლიანად ხელში აღებას ცდილობ. იცი, რას ნიშნავს ეს?
– რას? – მოსწავლესავით ჰკითხა, ფიფიამ.
– იმას, რომ, საქმეზე მუშაობის ნაცვლად, უკან უნდა გდიო, რომ რამე შეცდომა არ დაუშვა. ახლა შენ თვითონ მიპასუხე, მაქვს თუ არა სიხარულის მიზეზი?! – ჰკითხა ზურაბმა.
ფიფიამ დუმილით უპასუხა.
– ვიცი, რისი თქმაც გინდა: ჩემი ამ საქმეზე დანიშვნა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და მე მხოლოდ განკარგულებას ვასრულებო... – თქვა ზურაბმა.
– მართალია... ეს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, – უპასუხა ფიფიამ.
– იცი, რატომ?
– რატომ?
– შენმა ხელმძღვანელობამ იცის, რომ საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში გავხსნი, ქულებს კი შენ დაიწერ! – ზურაბმა მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე და მერე დაამატა, – კარგი... დავზავდეთ... ახლა ყველაზე მეტად ერთმანეთის კბენა შეგვიშლის ხელს. ასე თუ გავაგრძელეთ, მე საქმეს ვერ გავხსნი, შენ კი ქულებს ვერ დაიწერ...
– შენ გგონია, რომ მხოლოდ ქულების დაწერაზე ვფიქრობ? – ჰკითხა ფიფიამ, – და, საერთოდ არ მაინტერესებს საქმის გახსნა?!
– ახლა შენ ორივე გჭირდება. გამომძიებლის პროფესიას შემთხვევით არ ირჩევენ, ამას გარკვეული ხასიათი და ჩვევები სჭირდება. იმაში, რომ, როგორც გამომძიებელს, საქმის გახსნა და მკვლელის აყვანა გაინტერესებს, ეჭვი არ მეპარება. მაგრამ, გულის სიღრმეში იმ ქულებზეც ფიქრობ, რომელთა დაგროვებასაც საქმის გახსნით აპირებ. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომელს აყენებ წინ.
– რა თქმა უნდა, საქმის გახსნას! – სწრაფად უპასუხა ფიფიამ.
– მაგრამ, იმ ქულებზეც ფიქრობ!
ფიფია წამით შეყოყმანდა და შემდეგ უპასუხა:
– რატომ არ უნდა ვფიქრობდე? ახალგაზრდა გამომძიებელი ვარ. ეს ჩემთვის პირველი მკვლელობაა, აქამდე უბნის შპანას, ბიჭბუჭებს დავდევდი. სხვათა შორის, ყველა საქმე გავხსენი. სწორედ ამისთვის გადამიყვანეს პროკურატურაში. რატომ უნდა დავამახსოვრებინო ხელმძღვანელობას ჩემი თავი პირველივე ჩაფლავებული საქმით?!
– სწორედ ამის მოსმენას ვცდილობდი შენგან. დასაწყისისთვის ორ რჩევას მოგცემ: პირველი უშუალოდ მე მეხება – თანამშრომელში უპირველეს ყოვლისა, გულწრფელობას ვაფასებ, შემდეგ – პროფესიონალიზმს. შენს პროფესიონალიზმზე ნუ დამიწყებ დავას. თავად რომ არ გეთქვა, ისედაც ვიცი, რომ ეს შენი პირველი მკვლელობაა. ასე რომ, რჩება მხოლოდ გულწრფელობა. იყავი ჩემთან გულწრფელი, ნუ მოგერიდება იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი, რაღაცაში ვერ ერკვევი და ყველაფერი კარგად იქნება... შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – უყოყმანოდ უპასუხა ფიფიამ.
– და, მეორე: გამოდი პროკურატურის კომფორტული კაბინეტის ხიბლიდან. ზემოდან ნუ დახედავ პოლიციის თანამშრომლებს. ის „ოპერები,” – ძველი ტერმინი მოიშველია ზურაბმა, – ქუჩაში, დაძაბული მუშაობით აგროვებენ მონაცემებს, რომლებსაც შენ შემდგომ ოფიციალურად გააფორმებ სისხლის სამართლის საქმის სახით, ისევ იმ ბიჭების მიერ აყვანილ მკვლელთან ერთად გადასცემ სასამართლოს და კმაყოფილი იერით მოირგებ დაფნის გვირგვინს. შენს თანამშრომლებად, მეგობრებად ჩათვალე ისინი და ამ შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნება...
– გასაგებია... აუცილებლად გავითვალისწინებ, – თავი დაუქნია ფიფიამ.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა ზურაბს, – მაშინ შეგვიძლია, პროკურატურის მიერ „არასანქცირებული” ოპერაციის განხილვაზე გადავიდეთ.
– ჰო... რა ოპერაციაზე გახვედით? – სწრაფად ჰკითხა ფიფიამ.
– კრიმინალისტებმა ოპერატიული ინფორმაცია მომაწოდეს იმ მობილურის მფლობელზე, რომელსაც ბოლოს დაუკავშირდა სირაძე. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. სტატისტიკურად, ყველაზე იოლად დანაშაული ცხელ კვალზე იხსნება. შენ გარდაცვლილის მეზობლების დაკითხვით იყავი დაკავებული. რისთვის უნდა მომეცდინე? რასაც იმ წუთებში აკეთებდი, ძალიან საჭირო საქმედ მიმაჩნია. შემოვიკრიბე ჩემი ხალხი და ინფორმაციის გადასამოწმებლად გავედი.
– და, რა ინფორმაცია მოიპოვეთ?
– კრიმინალისტების მონაცემებით, ნომერი, რომელსაც დაუკავშირდა სირაძე, ვაკეში მცხოვრებ ვინმე ბარათაშვილზე იყო გაფორმებული. ალბათობით შესაძლოა, ის ყოფილიყო მკვლელი, მაგრამ, ვერსია მცდარი აღმოჩნდა: გაირკვა, რომ ის არალეგალურად გავიდა საქართველოდან და ამჟამად ავსტრიაში, ციხეში იმყოფება, – უპასუხა ზურაბმა.
– ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა?
– მისი ოჯახის წევრებმა.
– მაგრამ, ხომ არსებობს ალბათობა, რომ ისინი ტყუიან? ბარათაშვილი ოფიციალურად საქართველოშია. ვინ იცის, იქნებ, მართლაც აქ არის და მისი ოჯახის წევრებს მისი მითითებით შევყავართ შეცდომაში? – თქვა ფიფიამ.
– გამორიცხული არაფერია. როგორც გამომძიებელმა, ყველა შესაძლო ვერსია უნდა განიხილო. მაგრამ, გარწმუნებ, რომ ეს სიმართლეა... ერთი რამ გაითვალისწინე სამომავლოდ: ყველაზე ადვილი ამოსაცნობი ჯგუფური ტყუილია. ბარათაშვილის ოჯახში მისი დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დამხვდნენ. შეიძლება, დედამ დაფაროს შვილის ადგილსამყოფელი. მეუღლემ – ზრდასული ადამიანი უფრო ადვილად აკონტროლებს ემოციებს, მაგრამ, მცირეწლოვანი ბავშვის ნათქვამში პირდაპირ ყვირის ტყუილი. თუმცა, ასეთ მოსაზრებებს სისხლის სამართლის საქმეს ვერ დავურთავთ. ამ მონაცემების გადასამოწმებლად ჩემი ბიჭები დავტოვე ვაკეში. მათ ბარათაშვილის მეზობლები დაკითხეს, მოინახულეს რამდენიმე ჩვენი ინფორმატორიც: ამასთან ერთად, ამოვწიეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც. საერთო სურათი ასეთია: ჩვენი მონაცემებით, ბარათაშვილი არასდროს ყოფილა შემჩნეული კანონდარღვევაში. ნასამართლევი არაა და კრიმინალურ სამყაროსთანაც არ აქვს კავშირი. მეზობლები ადასტურებენ, რომ ის ნამდვილად ავსტრიაში გაემგზავრა. ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ ბარათაშვილმა მისგან ისესხა გასამგზავრებლად საჭირო ფული. შემდეგ კი ეს თანხა ავსტრიიდან გამოუგზავნა.... ამ ისტორიისთვის წერტილის დასასმელად ხვალ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართავთ და ვთხოვთ, დაადასტურონ, იმყოფება თუ არა მათ ციხეში ბარათაშვილი.
– როდის მოასწარით ეს ყველაფერი? – დაუფარავი გაოცებით ჰკითხა ფიფიამ.
– ვმუშაობთ... – ჩაიცინა ზურაბმა, – მაგრამ მხოლოდ ესეც არაა საქმე. მეზობლების ჩვენებებსა და ოფიციალურ დადასტურებებზე უფრო მეტად საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ვენდობი. ბარათაშვილი თბილისშიც რომ ყოფილიყო, მის დამუშავებაზე დროს არ დავკარგავდი. ის არის 35 წლის კაცი. გატაცებულია ქუჩის ავტორბოლებით. დღედაღამ თავის მანქანას დასტრიალებდა და, მეზობლების ჩვენებებით, მანქანას უფრო მეტ ფულს ახარჯავდა, ვიდრე ცოლ-შვილს. ისაა ბავშვობაში ჩარჩენილი კაცი, რომელსაც უკანალი მეზობლებისა და უბნის მაღაზიის ვალებით აქვს გამოტენილი. სწორედ ამ ვალების გასასტუმრებლად და ოჯახის საქმეების გამოსასწორებლად გაეგზავრა ავსტრიაში, მაგრამ, ორი თვის შემდეგ ციხეში მოხვდა. ის მკვლელი არ არის. ჩვენ სრულიად სხვა პიროვნებასთან გვაქვს საქმე – ცივსისხლთან პროფესიონალთან, რომელიც ავსტრიაში ბევრად მეტხანს გაქაჩავდა!..
* * *
განვლილ რამდენიმე საათს საგრძნობლად შეეცვალა ახალგაზრდა ქალი. ზურაბს მისი ცნობაც კი გაუჭირდა. ნანას სახე გაცრეცილი ჰქონდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა. ხელები გამუდმებით უკანკალებდა, თითქოს თბილ ოთახში კი არა, გაყინულ ტუნდრაში იმყოფებოდა.
რეზო ფიფიამ დაჯდომა შესთავაზა ნანას, თავად მის პირისპირ მოეწყო და მაშინვე საქმეზე გადავიდა:
– თქვენ იკითხებით როგორც დაზარალებული. პროცესუალურად ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ, თუ თქვენ საჭიროდ მიგაჩნიათ, შეგვიძლია, დაკითხვას ადვოკატიც დავასწროთ.
– არა... საჭირო არ არის, – თავი გაიქნია ნანამ, – მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, – უპასუხა ფიფიამ.
– თუ შეიძლება, მალე გამიშვით აქედან, – თქვა ნანამ.
– რა თქმა უნდა. ჩვენ გვესმის, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, – ფიფიამ საქაღალდე გახსნა, კალამი მოიმარჯვა და ლაპარაკი განაგრძო – შეგიძლიათ, გვითხრათ რას საქმიანობდა თქვენი მეუღლე?
– ჩვენ რამდენიმე კვების ობიექტი გვქონდა.
– დააზუსტეთ, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ – „ჩვენ“ – ოჯახის საკუთრებას თუ საერთო ბიზნესს? – ჰკითხა ფიფიამ.
– ანდროს მამა ბიზნესმენია. მას და მის მეგობრებს სამშენებლო კომპანია აქვთ დაფუძნებული, მაგრამ, ანდროს ეს სფერო არ იზიდავდა. ჩვენი ქორწინების შემდეგ მან საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. საქმეში ჩასადები ფულის ნაწილი მამამისმა მისცა, ნაწილი – მამაჩემმა. მაგრამ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ოჯახი ვიყავით და, რაც გაგვაჩნდა, ოჯახური საკუთრება იყო. თავად ბიზნესთან მე არაფერი მაკავშირებდა. დოკუმენტაცია ანდროს სახელზე იყო შედგენილი და ყველა საქმეს ის ჩემი მონაწილეობის გარეშე განაგებდა, – უპასუხა ნანამ.
– შეგიძლიათ, კონკრეტულად აგვიხსნათ, რა სახის ობიექტები ჰქონდა თქვენს მეუღლეს? – ჰკითხა ფიფიამ.
– თავიდან ანდრომ ვერაზე შენობა იქირავა და თავად მოაწყო ბარი. საქმე კარგად აეწყო. მას შემდეგ მან კიდევ რამდენიმე ობიექტი გახსნა, მაგრამ, ბევრად მცირე ზომისა. ჰქონდა ორი კაფე, სადაც ძირითადად ნამცხვრებს, ტკბილეულსა და უალკოჰოლო სასმელებს სთავაზობდნენ კლიენტებს. ჰქონდა ერთი საკონდიტრო საცხობიც. ყველა ეს ობიექტი ნაქირავები იყო.
– თქვენს მეუღლეს ბიზნესში მოწილეები თუ ჰყავდა? – დაკითხვაში ზურაბი ჩაერთო.
– პერიოდულად, მაგრამ, ისინი არ უკავშირდებოდნენ მის ძირითად ბიზნესს, – გახედა ნანამ, – რამდენჯერმე ანდრომ თავის ნაცნობებთან ერთად გახსნა ახალი ობიექტი, მაგრამ, ასეთ საქმეებში მხოლოდ თავისი წილი თანხით ერთვებოდა. ზოგმა წამოწყებამ გაამართლა. ზოგმა – არა. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა, რომ საქმეების დამოუკიდებლად წარმოება ჯობდა და ყველასთან შეწყვიტა ურთიერთობა.
– მათთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონია? – ჰკითხა ზურაბმა.
– არა... ისინი, ძირითადად, მისი ძველი ნაცნობები იყვნენ.
– თქვენ თქვით – „ძირითადად“. ესე იგი, იყვნენ ისეთებიც, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა არ აკავშირებდა? – ჩაურთო ფიფიამ.
– არ ვიცი... შეიძლება.
– ბინაში გქონდათ რაიმე ისეთი ნივთი, რომელსაც, შესაძლოა, ვინმეს ინტერესი გამოეწვია? – განაგრძო ზურაბმა.
– არა... არაფერი ისეთი არ გვქონია... ვცხოვრობდით ისე, როგორც მრავალი თბილისური ოჯახი.
– სად ინახავდა ანდრო ბიზნესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას?
– ბინაში მხოლოდ ძირითად ხელშეკრულებებს ინახავდა, დანარჩენი საბუთები ერთ-ერთ ობიექტზე, სეიფში ჰქონდა შენახული. არ უყვარდა სახლში მუშაობა, – უპასუხა ნანამ, – ასე ამბობდა, სამუშაო იქაც მყოფნის. შინ დასასვენებლად მოვდივარო.
– ახლა კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, – თქვა ზურაბმა, – თქვენ თვითონ როგორ გგონიათ. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული ანდროს მკვლელობით?.. იქნებ, ვინმე მტრობდა, ან, შესაძლოა ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა? აუცილებელი არაა, რომ ის მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილიყო.
– არ ვიცი, – ყოყმანით თქვა ნანამ, – ანდრო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო... მაგრამ, ბოლო დროს...
– რა შეიცვალა ბოლო დროს? – ჰკითხა ზურაბმა.
– ანდრო შეიცვალა. დროდადრო გვიან ბრუნდებოდა შინ, ჩაფიქრებული იყო. მობილურით სასაუბროდ აივანზე ან მეზობელ ოთახში გადიოდა.
– ანუ, მას არ სურდა, რომ თქვენ საუბარი მოგესმინათ? – თქვა ფიფიამ.
– შეიძლება, ასეც იყო, – ყოყმანით თქვა ნანამ.
– საწყენად ნუ მიიღებთ. რა თქმა უნდა, ეს თქვენი ოჯახური საქმეა, მაგრამ, სხვა ქალისთვის ხომ არ დაგიკავშირებიათ ანდროს უცნაური საქციელი?
– არ ვიცი... არ მიფიქრია ამაზე, – პასუხს გაერიდა ნანა.
– კარგი... ახლა კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ და ამით დავამთავროთ, – თქვა გამომძიებელმა, – უფრო სწორად, ეს კითხვაც არ არის: ჩვენ გვჭირდება ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანდროს – ნებისმიერი პიროვნების, რომელსაც რაიმე ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მეგობრების, ბიზნესპარტნიორების, მეზობლების... – მოკლედ, მიმიხვდით...
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ნანამ, შემდეგ მცირე ხნით ჩაფიქრდა და სახელებისა და გვარების ჩამოთვლას შეუდგა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში