უნიკალური სამხედრო თვითმფრინავ-დირიჟაბლი
ამერიკულმა კომპანია Aeros-მა განაცხადა, რომ უნიკალური ჰიბრიდული თვითმფრინავ-დირიჟაბლ Aeroscraft-ის გამოცდა წარმატებით დამთავრდა. სამხედრო დანიშნულების მაღალტექნოლოგიურ აპარატზე, რომლის დამზადებასაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო და „ნასა“ აფინანსებს, დიდ იმედებს ამყარებენ – როგორც ამბობენ, მან რევოლუცია უნდა მოახდინოს შორეული ფრენის სფეროში.
ექსპერიმენტი ჩატარდა კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის მახლობლად, ტასტინში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ანგარებია განლაგებული. 70 მეტრის სიგრძის დირიჟაბლი დამზადებულია ზემსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინისგან. გარსის შიგნით კი ჰელიუმია.
ასეთი ტიპის დირიჟაბლს შეუძლია, ათასობით კილომეტრზე სამჯერ მეტი ტვირთი გადაიტანოს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავთან შედარებით. ასევე, მას არ სჭირდება ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი, რადგან ვერტიკალური სტარტისა და დაშვების სისტემითაა აღჭურვილი. ამასთანავე, თვითმფრინავთან შედარებით, მას სამჯერ ნაკლები საწვავი სჭირდება.
სავარაუდოდ, ჰიბრიდული დირიჟაბლი გადაზიდვების ლოჯისტიკაში კოლოსალურ ცვლილებებს გამოიწვევს. დღეს ხომ დიდგაბარიტიანი და ზემძიმე ტვირთები დანიშნულების ადგილამდე თბომავლებით, მატარებლებით, ტრაილერებით გადააქვთ და ამით დიდ დროს კარგავენ. ახალი ტრანსპორტი კი ამერიკელებს უპირატესობას მიანიჭებს. მას დიდი მომავალი აქვს, ასევე, აეროკოსმოსურ დარგში, ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში, გზების მშენებლობასა და ასე შემდეგ.
ექსპლუატაციისთვის Aeroscraft-ს 3 წელიწადში დაამზადებენ. აპარატი 137 მეტრის სიგრძის იქნება და 66 ტონა ტვირთს გადაიტანს.
ირანი კოსმოსს ითვისებს
ირანმა, ეგრეთ წოდებული, „სიცოცხლის კაფსულის“ კოსმოსურ ორბიტაზე გასაყვანად რაკეტამატარებელი გაუშვა. აპარატის ბორტზე იყო მაიმუნი, რომელიც მშვიდობით დაბრუნდა დედამიწაზე. პრიმატი კოსმოსში – ესაა მოსამზადებელი ნაბიჯი ადამიანის მიერ პილოტირებული კოსმოსური აპარატის გასაშვებად, რაც ირანის კოსმოსური უწყების ხელმძღვანელის, ჰამიდ ფიზელის თქმით, აუცილებლად განხორციელდება 2020 წლამდე.
2010 წლის თებერვლის დასაწყისში თეირანმა თავისივე წარმოებული რაკეტამატარებელი „კავოშგარ 3-ით“ სამეცნიერო გამოცდებისთვის კოსმოსში გაუშვა თაგვი, კუ და ჭიები.
ირანის კოსმოსური პროგრამა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს – შიშობენ, რომ ირანელები ამ ტექნოლოგიებს ბირთვული მუხტით აღჭურვილი, საიდუმლო ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებენ.
სამი წლის გენიოსი
ბრიტანელი შერვინ შარაბი საერთაშორისო „გენიოსების საზოგადოება“ Mensa-ს სიაში შეიყვანეს. სამხრეთ იორკშირის საგრაფოს, ქალაქ ბარნსლის მცხოვრები ბიჭუნა მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარაა.
ინტელექტის დონის (IQ) ტესტის ჩაბარების დროს, მისი შედეგი 136 ქულა იყო. ეს იმ დროს, როცა მოზრდილი ადამიანის საშუალო მაჩვენებელი 100-ია, განსაკუთრებით ნიჭიერთა კი – 130.
შერვინმა ლაპარაკი 10 თვისამ დაიწყო. წლისა და 8 თვისა უკვე რთული წინადადებებით საუბრობდა. ახლა კი შეუძლია 200-მდე დათვლა, რუკაზე ნებისმიერი სახელმწიფოს მონახვა და მისი დროშის ჩვენება. ამ ასაკში ინტელექტის ასეთი მაღალი დონე იშვიათია. თუმცა, შარაბი რეკორდსმენი ვუნდერკინდი არ არის. 2011 წელს სამი წლის საფრონ პლეჯერმა ბრიტანული ტელევიქტორინის რვაგზის გამარჯვებულის ქალიშვილმა, IQ ტესტში 140 ქულა დააგროვა, 2009 წელს კი 2 წლისა და 4 თვის ელიზ ტან რობერტსმა – 156.
Mensa სულ 110 ათას ადამიანს აერთიანებს 100 ქვეყნიდან. მათ შორის ყველაზე მეტი ამერიკელია – 56 ათასი, დიდი ბრიტანეთი, 22 ათასი წევრით, მეორე ადგილზეა. მათგან მხოლოდ 100-ია 10 წლამდე ასაკის.