მე – დაქირავებული მკვლელი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-6(632)
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში ვიყავი ერთ საქმეზე და, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას, სადაც არაქართველის სტატუსით ვიმყოფებოდი, ერთმა ცნობილმა რუსმა თქვა:
– მე მგონი, ქართველები გაგიჟდნენ. ვუყურებ მათ და ჩემს საყვარელ, ღრმად პატივსაცემ ერს ვეღარ ვცნობ. ნუთუ შეიძლება, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის განმავლობაში ასეთი მეტამორფოზა განიცადოს ამ უძველესმა და ცივილიზაციისთვის უძვირფასესმა ერმა?
– რა მეტამორფოზაზე ლაპარაკობთ, პროფესორო? – ვკითხე რუსს, რომელიც ისტორიულ მეცნიერებათა დიქტორი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსი ნაციონალისტების კოჰორტაშია, ქართველები და საქართველო მისი სისუსტეა.
– იმაზე, ჩემო კარგო, რომ ქართველი ერი, ეს უჭკვიანესი და ბრძენი ხალხი, თავის უდიადეს ადამიანს, სტალინს უარყოფს და მის სახელს, მის საქმეებსა და ღვაწლს წყალში ყრის.
– ეს სადავო საკითხია. თქვენ, ალბათ, სტალინის ძეგლის დამხობას გულისხმობთ.
– ძეგლის დამხობა ყველაზე მსუბუქი დანაშაულია, რასაც სტალინის წინააღმდეგ სჩადიან. მთავარი ის არის, რომ სტალინის სახელის მოსპობით ჩვენს ისტორიას სპობენ და, როგორც კი ამას მიაღწევენ, ახალგაზრდებს ტვინს აურევენ და არატრადიციულ ღირებულებებს დაამკვიდრებენ, თავად ქვეყანას კი მიწასთან გაასწორებენ და ერს გადააჯიშებენ.
– ხომ არ აზვიადებთ, პროფესორო? – ვუთხარი ქართველების ფან რუსს, – რა თქმა უნდა, ბოდიშს გიხდით ასეთი კადნიერებისთვის და არ გეწყინოთ, მაგრამ, თქვენ ხომ ისტორიკოსი ბრძანდებით და იცით, რომ ასე იოლად არ ხდება ერისა და ქვეყნის განადგურება. მით უმეტეს, ჩვენი – რუსებისა და რუსეთის.
– საწყენი ნამდვილად არაფერი გითქვამთ, ჩემო მეგობარო, – მომიგო პროფესორმა, – მაგრამ, გარწმუნებთ, რომ არაფერს ვაზვიადებ. ჩვენ ახლა სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და ასეთი სახიფათო პერიოდი, კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი ყველა ძლიერ, ამბიციურ სახელმწიფოს ყოველთვის ყელში ეჩხირებოდა, მაგრამ, ჩვენი განადგურება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილმა რეჟიმებმაც კი ვერ შეძლეს. პირიქით, ყოველი ასეთი მცდელობის შემდეგ რუსეთი უფრო მეტად ფართოვდებოდა გეოგრაფიულად და ძლიერდებოდა მისი სამხედრო პოტენციალი. ამიტომ, ჩვენმა ავისმოსურნეებმა ტაქტიკა შეცვალეს: ჩვენთან ომს თავი დაანებეს და ჩვენი მოსპობა ეკონომიკურ-იდეოლოგიურად სცადეს. ეს ყველაზე წარმატებული ტაქტიკაა, რაც ოდესმე ჩვენ წინააღმდეგ გამოუყენებია ვინმეს და, აი, შედეგიც – საბჭოეთი დაიშალა. ახლა ჯერი რუსეთზეა და, თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს პროცესი, მართლა გავნადგურდებით. ყველაზე კარგად ეს სტალინს ესმოდა და ამერიკელებს ყოველმხრივ უშლიდა ხელს ამ საშინელი ბოროტების ჩადენაში. სწორედ ამიტომაა, რომ სტალინის სახელის მოსპობით, რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა გეოპოლიტიკურ სივრცეს ძლიერ ჯავშანს მოხსნიან, რის შემდეგაც ჩვენი დამარცხება არც ისე ძნელი იქნება.
– ჯავშნის მოხსნაში, თქვენ, ალბათ, დეიდეოლოგიზაციას გულისხმობთ, ხომ, პროფესორო?
– დიახ, ეგრეთ წოდებულ დესტალინიზაციას, რომელიც დასავლური იდეოლოგიის მამებმა შემოგვიგდეს, სინამდვილეში კი ჩვენი ერის გახრწნა-განადგურების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ქართველებმა, სამწუხაროდ, ეს დაუშვეს და უარყოფით შედეგებს უკვე იმკიან: მათ გაუმწვავდათ ჩვენთან ურთიერთობა, თავი წამოყვეს ყოვლად უზნეო, ამორალურმა არსებებმა; რაც მთავარია, ქართველ ახალგაზრდებს უმალავენ თავიანთ ისტორიას და არასწორ ზნეობრივ და პოლიტიკურ ორიენტირებს უსახავენ მათ. აი, რატომ მაღელვებს დღევანდელი ქართული სინამდვილე. გამორიცხული არ არის, რომ სულ რაღაც ოციოდე წელიწადში ამერიკულ, ანტირუსულ და, პირველ ყოვლისა, ანტიქართულ იდეოლოგიაზე გაზრდილმა გენეტიკურმა ქართველებმა რუსეთზე გალაშქრება მოინდომონ დემოკრატიის დროშის ქვეშ, რითაც თავსაც დაიღუპავენ და არც ჩვენ დაგვადგება კარგი დღე. განა იმიტომ, რომ ისინი ჩვენ სამხედრო გზით რამეს დაგვაკლებენ – არა, უბრალოდ, ღმერთი არ გვაპატიებს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ძმების განადგურებას. ღმერთი კი არსებობს და ზემოდან გვიყურებს. ის ელოდება, როდის მოვალთ გონს როგორც ჩვენ, ასევე ქართველები.
– ჩვენ რა შუაში ვართ, პროფესორო. გონს ქართველები უნდა მოვიდნენ. რა, ჩვენ ვუბიძგეთ მათ ამერიკის მოკავშირეობისკენ?
– სწორედაც რომ ჩვენ ვუბიძგეთ. საჭირო არ იყო სეპარატიზმის გაღვივება და ზემოდან ყურება. საქართველოში ჩვენს ჯარს, მართლაც უნდა დაეცვა სტაბილურობა და წესრიგი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დახმარებოდა სეპარატისტებს. ასეთ შემთხვევაში საქართველოც ერთიანი და განუყოფელი იქნებოდა და იქ დღემდე იდგებოდა ჩვენი ჯარი.
– ჩვენები იქ ისედაც დგანან.
– კი, დგანან, მაგრამ, როგორც ოკუპანტები. ოკუპანტები კი, ადრე თუ გვიან, მაინც ტოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და გამოდიან იქიდან – ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით.
– გასაგებია. რას გვთავაზობთ?
– რას და, ახალ ქართულ მთავრობასთან კავშირების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აღდგენას. ქართველებს საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა შევაცვლევინოთ. ამისთვის კი მათ მყარი გეოპოლიტიკური გარანტიები უნდა მივცეთ.
– უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავუბრუნოთ?
– აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ.
– მერედა, რას ვეუბნებით აფხაზებსა და ოსებს?
– ამის წინააღმდეგნი არც ისინი იქნებიან. კარგი ცხოვრება მათაც უნდათ და მათაც მობეზრდათ არეულობა, კრიმინალი და მათხოვრული ყოფა. მთავარია, სწორი დიპლომატიური სვლა გაკეთდეს და ყველაფერი მალევე მოგვარდება. ჩვენ, რუსებს, ისევე, როგორც ქართველებს, ბევრი ავტორიტეტული პიროვნება გვყავს, ვისაც მოუსმენენ და დაუჯერებენ.
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, პროფესორო, ამ კადნიერებისთვის, მაგრამ, რომ არ გითხრათ, არ შემიძლია, – ვუთხარი პროფესორს.
– ბრძანეთ, ჩემო მეგობარო. ნამდვილად არ მეწყინება.
– ძვირფასო პროფესორო, თქვენი სიტყვები პოლიტიკური მიამიტობა მგონია.
– უფრო პოლიტიკური რომანტიზმი, – მითხრა პროფესორმა, – მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემო კარგო, რომ ეს პოლიტიკური რომანტიზმი სავსებით რეალურად განსახორციელებელია და, უპირველესად, ამას ჩვენი მთავრობის ნება სჭირდება, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა კი ამაზე უარს არ იტყვის.
ქართველების ფან რუს პროფესორთან ჩემი დიალოგი ასე დასრულდა და ამ საკითხს აღარ შევხებივართ, რადგან, იმ ბინაში შეკრებილი საზოგადოება პოლიტიკიდან კულტურაზე, უფრო სწორად კი – კლასიკურ მუსიკაზე გადაერთო და ერთმა ძალიან ცნობილმა თანამედროვე რუსმა მუსიკოსმა ბეთჰოვენის ძალიან ცნობილი ნაწარმოები შეასრულა...
– ბრავო, მაესტრო, ბრავო! – გაისმა უზარმაზარ სასტუმრო ოთახში, როდესაც ბოლო აკორდები მიილია და იქაურობა წამით სიჩუმემ მოიცვა.
ზემოხსენებული შეკრება საქველმოქმედო იყო და მის მიზანს წარმოადგენდა ერთი ძალიან ცნობილი ისტორიული ძეგლის რესტავრაციისთვის ფულის შეგროვება. მე იმ შეკრებაზე ბიზნესმენის სტატუსით ვიმყოფებოდი. ჩემ გარდა იქ ერთი ცნობილი კრიმინალიც იმყოფებოდა და სწორედ ამ კაცის ლიკვიდაციის შეკვეთა მქონდა მიღებული – მე ის იმ ბინაში უნდა მომეკლა, რადგან, სხვაგან ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო – ობიექტი კარგად იყო დაცული და თავის ციხესიმაგრესავით სახლს თითქმის არასოდეს ტოვებდა.
შეკვეთა, ტრადიციულად, ეფექტურად შევასრულე: სპეცკალმისტრიდან გასროლილი ტყვია მას მარცხენა თვალში მოხვდა და ტვინი გაასხმევინა. მე კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, დავტოვე რუსული ბომონდის „ტუსოვკა“ და ჯერ სხვენში ავედი, იქიდან სხვა სადარბაზოში გადავედი და, სპორტულ სამოსში გამოწყობილმა, ველოსიპედით ჩავუარე უკვე მოკლული კრიმინალის დაცვის „ჯიპებს“, რომლებიც ეზოში იდგნენ და მას ელოდნენ.
კრიმინალური ავტორიტეტის, განსაკუთრებით კი – კანონიერი ქურდის ლიკვიდაცია, ყოველთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული და ასეთ ქმედებას ყოველთვის საპასუხო ქმედება ან ასეთი ქმედების მცდელობა მოჰყვება ხოლმე. მოკლულის ახლობლები ყოველთვის ეძებენ როგორც მკვლელობის შემკვეთებს, ასევე შემსრულებლებს და, ცდილობენ, სამაგიერო გადაუხადონ მათ. კანონიერ ქურდებს დიდი ფინანსები და ფართო კავშირები აქვთ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ისინი იგებენ მკვლელების ვინაობას და უსასტიკესად უსწორდებიან. თუმცა, ჩემ მიერ მოთხრობილ ამბავს ჩემთვის ზიანის მოტანა თითქმის არ შეუძლია, რადგან მე არანაირი კვალი არ დამიტოვებია და, შემკვეთზეც რომ გავიდნენ, ჩემს ვინაობას მაინც ვერ დაადგენენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შემკვეთი მე არ მიცნობს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და მავანს, შეიძლება, ჩემი სიტყვები ტრაბახადაც კი მოეჩვენოს. მაგრამ, ეს ტრაბახი კი არა, ჩემი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების შედეგია.
მე, როგორც მარტოხელა შემსრულებელი, არავის ვუმხელ ჩემს საქმეებს და ჩემი მოხელთება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ერთ-ერთი მსგავსი ლიკვიდაციის შემდეგ, რომელიც „კაგებეს“ დავალებით განვახორციელე, მოკლულის კოლეგებმა ჩემი პიროვნება დაადგინეს და „აბაროტის აღება“ სცადეს.
ობიექტი მე ტაშკენტში მოვკალი სნაიპერული შაშხანიდან და, შჩუკინის თხოვნით ჯერ მოსკოვში ჩავედი და ანგარიში ჩავაბარე, შემდეგ კი ჩემს მოსკოვურ ბინაში წავედი დასასვენებლად. ღამე იქ გავათიე, დილით კი ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტში გავემართე, რომ თბილისში დავბრუნებულიყავი. ერთი კვარტალიც არ მქონდა გავლილი, რომ კალინინის გამზირზე „კუდი“ შევნიშნე. თეთრი ფერის „ჟიგული“ ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით, ფრთხილად მოგვყვებოდა. მძღოლს მანევრები გავაკეთებინე და რომ დავრწმუნდი, არ ვცდებოდი, მარშრუტი შევცვალე. მერე ტაქსი ერთ მიყრუებულ ქუჩაზე გავაჩერებინე, ფული გადავუხადე და „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში შევედი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თავის შესაფარებლად მქონდა გამოყოფილი და მის შესახებ მხოლოდ შჩუკინმა და მუხინმა იცოდნენ.
„კუდი“ სულ სამი იყო: ორი ჩემს მოსაძებნად გადმოვიდა, მესამე კი „06-ის” საჭესთან დარჩა. თავდაპირველად ვერ მივხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მოთვალთვალეები. აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ სულ რაღაც 48 საათის წინ მოკლული კრიმინალის ახლობლები სამაგიეროს გადასახდელად მომაკითხავდნენ, მით უფრო, რომ ჩემი დავალების შესახებ მხოლოდ „კაგებეში“ იცოდნენ, თანაც, ძალიან ცოტა და სანდო ადამიანებმა.
მოთვალთვალეებმა, კონსპირაციული ბინის კარი ქურდული პროფესიონალიზმით, უხმაუროდ გააღეს და მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებულები, ფეხაკრეფით შემოვიდნენ. ორივე თვალის დახამხამებაში განვაიარაღე, ერთ-ერთი მათგანი რადიატორზე მივაბი, მეორეს კი წიხლი ყელზე დავაჭირე, იარაღი მივუშვირე და ვკითხე:
– ვინ ხართ და ვინ გამოგგზავნათ?
– წადი, შენი დედაც! – მომაგინა რადიატორზე მიბმულმა. მე კი მას მშვიდად ვუთხარი:
– ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო, თორემ სამუდამოდ დაგადუმებ.
– წადი, შენი დედაც! – გაიმეორა მიბმულმა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან ტვინი გავასხმევინე, პირველს მივუბრუნდი, რომელსაც სახეზე ცარცისფერი ედო და ვუთხარი:
– თუ გაჯიუტდები, შენც უკან მიგაყოლებ...
მოთვალთვალემ კითხვა აღარ დამასრულებინა და სხაპასხუპით მითხრა:
– თქვენს მოსაკლავად გამოგვგზავნეს. ჩვენ ქურდული მასტები ვართ, თქვენზე კი ვიღაც პოლკოვნიკმა სომოვმა გაგვიყვანა.
ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი, რადგან პოლკოვნიკი სომოვი „კაგებეს“ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მუშაობდა და საიმედო თანამშრომლად ითვლებოდა. ჩემი დავალების შესახებ კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იცოდა, რომ ტაშკენტში „კაგებეს“ ვერტმფრენით გადავფრინდი და მან პირადად უზრუნველყო ეს.
გვარი რომ გავიგე, მეორე მოთვალთვალეც პირველთან „გავგზავნე“. შემდეგ მესამეც მივაყოლე, რომელიც „ჟიგულიში“ იჯდა და მაშინვე სომოვისკენ გავემართე ქალაქგარეთ, „კაგებეს“ ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაზე. სომოვის კაბინეტში რომ შევედი, პოლკოვნიკს სახე დაეჯღანა, რადგან იმ მომენტისთვის უკვე მკვდარი უნდა ვყოფილიყავი და მან ეს იცოდა. თუმცა, სომოვმა თავს ძალა დაატანა, გამიღიმა და მკითხა:
– კოკი, ხომ მშვიდობაა?
– ამხანაგო პოლკოვნიკო, პირადად შჩუკინმა მთხოვა თქვენი ლუბიანკაზე მიყვანა და სასწრაფოდ უნდა გავემგზავროთ მოსკოვში.
– ხომ არ მაპატიმრებენ? – შიშნარევად გამეხუმრა პოლკოვნიკი, მე კი მივუგე:
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, რაღაც საიდუმლო მისიისთვის ტექნიკური უზრუნველყოფაა საჭირო.
სომოვმა „ჭამა“. მეტი არაფერში დაეჭვებულა და სამსახურებრივი „ვოლგის“ საჭეს მიუჯდა. მე გვერდით დავუჯექი და მოსკოვისკენ ავიღეთ გეზი. ორიოდე კილომეტრი რომ გავიარეთ და ხშირი ტყის მასივის ზონაში შევედით, სომოვი გავთიშე და მანქანა ტყეში შევიყვანე. პოლკოვნიკი აზრზე რომ მოვიდა, ვუთხარი:
– კიდევ ვინ იცის ჩემ შესახებ?
პოლკოვნიკი კარგად მიცნობდა, მიხვდა, რომ ჩემთან თამაში მას მხოლოდ ტანჯვა-წამებას მოუტანდა და მითხრა:
– მეტი არავინ.
– რატომ გამყიდე?
– ორი რამის გამო: პირველი – ობიექტი ჩემი ცოლის ნათესავი იყო; მეორე – დიდი ფული გადამიხადეს.
– რამდენი მოგცეს?
– ხუთი ათასი მანეთი.
– მშვიდობით, იუდა, – ვუთხარი პოლკოვნიკს, შემდეგ შუბლი გავუხვრიტე, მანქანიდან გადმოვედი და მოსკოვში გავემგზავრე.
ლუბიანკაზე მას მერე მივედი, რაც შჩუკინს კონსპირაციული ტელეფონიდან დავურეკე. მის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მკითხა:
– რა მოხდა?
მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– ახლა კი შეგიძლიათ, დამაპატიმროთ.
– დაგაპატიმრო? კი მაგრამ, რისთვის? შენ სწორად მოიქეცი, მე ბოლომდე გენდობი, სომოვი კი ჯანდაბას წაუღია, კრიმინალები – მით უმეტეს. იუდები და ბოროტმოქმედები რაც უფრო შორს იქნებიან ჩვენგან, მით უკეთესი. ამიტომ, წადი და დაისვენე, ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის.
– ნახვამდის, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გმადლობთ, – ვუთხარი შჩუკინს. ლუბიანკიდან წამოვედი და რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვიყავი.
– დაიღალე, ძვირფასო? – მკითხა ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ, რომელსაც ეგონა, რომ ხუთი დღით უკრაინაში მყავდა წაყვანილი ფრანგი ტურისტები, რომლებსაც იმ რესპუბლიკას ვაცნობდი.
– ისე რა, – მივუგე მერიკოს და ვკითხე, – როგორ ხართ, ბავშვები სად არიან?
– გელოდნენ და ჩაეძინათ.
– აი, ეს თქვენ, – მერიკოს მოსკოვიდან ჩამოტანილი სუვენირები მივეცი, რომლებიც სავალუტო მაღაზია „ბერიოზკაში“ მქონდა ნაყიდი. ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ ყოველი მივლინების შემდეგ მე მათთვის იმპორტული საჩუქრები ჩამომქონდა.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ოჯახი ჩემი პრიორიტეტი იყო ყოველთვის და, მზად ვიყავი, თავი გამეწირა მათთვის. მართალია, „კაგებეში“ ვმუშაობდი და უაღრესად იდეოლოგიზებული ვიყავი, მაგრამ ზომბირებული არასდროს ვყოფილვარ და ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო ჯერ ოჯახი, შემდეგ – სამსახური, რომელიც სამშობლოსთან იყო გაიგივებული და ბოლოს – ყველაფერი დანარჩენი. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი ოჯახისა და სამსახურის ინტერესები არასდროს გადაკვეთილა და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ მხრივ აშკარად გამიმართლა. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება თითქმის ყოველდღე სიკვდილის ზღვარზე დავდივარ, ბედნიერი და რეალიზებული ადამიანი ვარ, თუმცა, არავის ვურჩევ ჩემს ბედს და, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემი პროფესიის ყველა ადამიანი ჩემსავით წარმატებულია.
კოჯრის სპეცსკოლას რომ ვამთავრებდი, ერთ-ერთმა უხუცესმა ინსტრუქტორმა მირჩია:
– იცოდე, რომ შენ „კაგებეს“ ლიკვიდატორი ხარ, ასე ვთქვათ, მოსიარულე გვამი, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი ჰყავს ჩასაფრებული და ამ ფილოსოფიით უნდა იცხოვრო, თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე. ასე კი ბედნიერი ვერ იქნები და არც უნდა ესწრაფოდე ბედნიერებას. როგორც კი ბედნიერებისკენ სწრაფვას დაიწყებ, მაშინვე თავს წააგებ და სიკვდილი გაჯობებს, – ინსტრუქტორმა პაუზა გააკეთა, მოჭუტული თვალებით შემათვალიერა, ჩაეცინა და დაამატა – არა, სიკვდილს მაინც ვერსად გაექცევი, ის ბოლოს მაინც მოვა და თავისას იზამს. მაგრამ, რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით უკეთესი შენთვის. აი, მე თითქმის ოთხმოც წელს მივაღწიე და ჯერაც ცოცხალი ვარ. არადა, თითქმის სამოცი წელიწადი უფსკრულის პირას გავდიოდი, მაგრამ, გადავრჩი. იცი, რატომ?
– რატომ? – ვკითხე ინსტრუქტორს.
– იმიტომ, კოკი, რომ ბედნიერებისკენ არასოდეს ვისწრაფოდი – ცოლ-შვილი არასდროს მყოლია და საქმის გარდა არაფერი მაღელვებდა.
– თქვენი აზრით, ბედნიერება მხოლოდ ცოლ-შვილის ყოლაა?
– ცოლ-შვილი და კარგი ოჯახი თავისთავადაა ბედნიერება. ადამიანის დანიშნულება, მისი არსი, რისთვისაც ის ღმერთმა შექმნა, სწორედ ესაა, – მითხრა ინსტრუქტორმა, რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა ცხოვრებაში გამოცდილი და ნანახი საკუთარი ოჯახის გარდა და, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა ადამიანის დანიშნულება.
– განა ბედნიერება არაა ის, რომ ამდენი ხიფათის შემდეგ კვლავ ცოცხალი ხართ? განა სიცოცხლე ბედნიერება არ არის? – ვკითხე მას.
– მარტო სიცოცხლე არა, ცოლ-შვილთან ერთად სიცოცხლე და გახარება – აი, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ამიტომ, ჩემო კარგო, მყარი არჩევანი უნდა გააკეთო ბედნიერებასა და პროფესიას შორის. მერწმუნე, შენი პროფესია ნამდვილად ვერ მოგიტანს ბედნიერებას, მაგრამ, კარგი მეოჯახე და კარგი პროფესიონალი ერთდროულად ვერ იქნები და ორივეს რომ წაეპოტინო, ორივეში ხელი მოგეცარება.
ინსტრუქტორთან ლაპარაკი იმით დასრულდა და, მისადმი პატივისცემის გამო, აღარ შევკამათებივარ. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც ავაწყობდი, სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმატებით გავუძღვებოდი და ბედნიერიც ვიქნებოდი. ისე აგიხდათ ყველა სიკეთე, როგორც მე ეს ამიხდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. თუმცა, აქვე დავამატებ: იმ მოხუც ინსტრუქტორს აბსოლუტურად ვეთანხმები და მე მაგალითად ვერ გამოვდგები – მე უფრო გამონაკლისი ვარ, ვიდრე წესი. ხოლო ჩვენი წესებისამებრ კი, ან პროფესია უნდა აირჩიო, ან – ოჯახი. სამწუხაროდ, მე თავისუფალი არჩევნის საშუალება არ მქონია და, ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს და არჩევნის საშუალება მომეცეს, ჩემს ახლანდელ პროფესიას ახლოსაც არ გავეკარებოდი. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რა გზას დავადგებოდი იმ შემთხვევაში, თუკი „კაგებეში“ არ ვიმუშავებდი. რა გზას და, შექსპიროლოგიას გავყვებოდი და შევეცდებოდი, მწვერვალისთვის მიმეღწია ამ საქმეში. ერთხელ ეს ჩემი სურვილი შჩუკინს გავუზიარე. მას კი გაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:
– არავითარი შექსპიროლოგია, ჩემო კარგო, თუმცა, არც ამ საქმეში ხარ უკანასკნელი. შენი ნამდვილი მოწოდება სამშობლოს სამსახურია, რაშიც დიდი ხანია, ოლიმპოს მწვერვალზე ხარ და, სანამ ცოცხალი იქნები, არა მგონია, რომ ვინმეს დაუთმო პირველობა.
შჩუკინის სიტყვებზე ჩამეცინა და მივუგე:
– საქმე ისაა, რამდენ ხანს ვიცოცხლებ. ჩემი პროფესიის ადამიანები, როგორც ვიცი, დიდხანს არ დადიან ამქვეყნად.
ეს საუბარი რომ შედგა, „კაგებეში“ მუშაობის ათწლიანი სტაჟი მქონდა. შჩუკინთან ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ჩვენი ურთიერთობები იმაზე მეტი იყო, ვიდრე „კაგებეს“ გენერლისა და კაპიტნის. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– სტალინის დრო რომ იყოს, გაციმბირება არ აგცდებოდა, – შემდეგ გაეცინა და დაამატა – აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები, ყოველგვარი ირონიის გარეშე. ახლავე ვწერ ბრძანებას და სპეცოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსად გნიშნავ, თანაც, მაიორის ჩინზე წარგადგენ და, საერთოდ, მგონი, დროა, მშვიდ ცხოვრებას შეუდგე.
შჩუკინს გავუღიმე, თავი გავაქნიე და ვუთხარი:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხომ იცით, რომ კაბინეტური მუშაობა საჩემო საქმე არ არის! თუ ამას მიპირებთ, მაშინ, ტაბელური იარაღი ამოიღეთ და შუბლში მესროლეთ!
– ეგ კარგს არაფერს მოგვიტანს, – მომიგო შჩუკინმა, – მე შენი უფროსი ვარ და სრული უფლება მაქვს, გაგამწესო იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლი. ამჟამად კი მიმაჩნია, რომ კაბინეტური მუშაობა უფრო შეგეფერება. ამიტომ, ახლავე ვწერ ბრძანებას და გაწინაურებ.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი „კაგებეშნიკურ“ ტრიუკს მიმართავდა და ასე იმიტომ იქცეოდა. თუმცა, მე რომ წინააღმდეგობა არ გამეწია, „კაგებეს“ აპარატში დაწინაურება მართლაც არ ამცდებოდა. ამიტომ, პაუზა გავაკეთე და შჩუკინს მტკიცედ ვუთხარი:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ან იმავე სტატუსით მტოვებთ, ან „კაგებედან“ მივდივარ!
– „კაგებედან“ წასვლა ასე მარტივად არ ხდება, მით უმეტეს, შენი სტატუსის თანამშრომლისთვის. ამიტომ, ჯერ კარგად გააანალიზე ყველაფერი და პასუხი შემდეგ გამეცი.
– ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა, ამხანაგო გენერალო: ან ძველი სტატუსით ვიმუშავებ, ან სამსახურიდან წავალ, ან დამაპატიმრეთ და დამხვრიტეთ...
– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ, – გაეცინა შჩუკინს, – შენი სიტყვების მერე ვიფიქრე, რომ ძველი სამუშაო არ მოგწონდა და კაბინეტი ამიტომ შემოგთავაზე, თორემ, შენზე უკეთესს ამ საქმეში სად ვიპოვით?
მართალია, შჩუკინთან ახლობლური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ, „კაგებე“ მაინც „კაგებეა“ და ასეთი თავისუფალი ლაპარაკი, მით უმეტეს – ლუბიანკის კედლებში, დაუშვებელი იყო. ამიტომ, შჩუკინს გამოვეჯგიმე და მოვახსენე:
– ზედმეტი მომივიდა, ამხანაგო გენერალო... ბოდიშს გიხდით! მზად ვარ ნებისმიერი რთული დავალების შესასრულებლად!
– კარგი, კარგი, ოფიციალურობა არაა საჭირო. ჩვენ კვლავ ძველი ურთიერთობა გვაქვს, – გამიღიმა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – რადგან კაბინეტზე უარს ამბობ, დარჩი სუპერმენად, მაგრამ, დღეიდან მაიორი სუპერმენი იქნები.
შჩუკინს კვლავ გამოვეჯგიმე:
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!
გაგრძელება შემდეგ ნომერში