კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სეზონური ხილი აძლიერებს ზამთრის პერიოდში დათრგუნულ იმუნიტეტს და რა უნდა გაითვალისწინოთ ცივ სეზონზე კვების მხრივ

სწორი კვება აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. არასწორად შერჩეული კვების რაციონი პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა დაავადებასთან.  ადამიანმა წლის ნებისმიერ დროს ისე უნდა შეარჩიოს საკვები, რომ ის ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს. თუ რომელ საკვებს მივაქციოთ ყურადღება ზამთრის პერიოდში, ამაზე ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი გვესაუბრება.

 

ასმათ კევლიშვილი: დღეს საიდუმლო არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მოხმარებულ საკვებს შორის მუდმივი ურთიერთკავშირია. დაავადებებს გარკვეული გენეტიკური განწყობა აქვს, მაგრამ, მერწმუნეთ, არის დაავადებები, რომელთა უმრავლესობა არასწორი ცხოვრების წესით ჩნდება.  ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რაციონსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. კერძოდ, იმას, რაც მისი სწორი და ჯანმრთელი განვითარებისთვის არის საჭირო და აუცილებელი.

– რას გვირჩევთ და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ზამთრის პერიოდში?

– ზოგი ფიქრობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში უნდა მიიღოს ბევრი ცილა, სახამებელი და სხვა, ერთი სიტყვით, დატვირთული კვება უნდა ჰქონდეს; ზოგი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ წლის ნებისმიერ დროს ფორმაში უნდა იყოს და ნაკლებ საკვებს იღებს, რათა წონა დაარეგულიროს. როცა კვების რაციონს ჩვენი შეხედულებისამებრ ვცვლით, ანუ, ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს, ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. დამიჯერეთ, იმიტომ არ უნდა იკვებო ნაკლები რაოდენობის საკვებით, რომ მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდე კარგად. ამას ჯობია, მეტი ყურადღება დაუთმო სრულფასოვან, ჯანსაღ საკვებს და ჯანმრთელობაც ღრმა სიბერემდე შეინარჩუნო. ზამთარში ადამიანის ორგანიზმი ითრგუნება, დეპრესიულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი და, ამიტომ, სასიცოცხლო ძალებიც დაქვეითებული აქვს. სწორედ ახლაა ის პერიოდი, როცა ჩვენს ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ ყველა ის ბუნებრივი ვიტამინი და მინერალი, რაც ცივ სეზონზე აუცილებლად წაადგება. იმისთვის, რომ ორგანიზმი მოვამარაგოთ სასიცოცხლო ძალებით, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება, კი არ უნდა ვიშიმშილოთ ან ძალიან დავნაყრდეთ, არამედ, სწორად უნდა ვიკვებოთ, მსუბუქად. კერძოდ, უნდა გამოვრიცხოთ ის ცილოვანი საკვები, რაც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან ტოქსიკურ მჟავებს. არსებობს ორგანული და არაორგანული ცხიმები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხიმები, ცილები და სახამებლები საერთოდ გამოვრიცხოთ კვების რაციონიდან და მოვაკლოთ ისინი ორგანიზმს. წელიწადის ყველა დროს არის ის სეზონური ხილ-ბოსტნეული, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. აქვე გეტყვით, რომ, ერთია სამკურნალო კვება, მეორე კი – სწორი კვება, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წლის ნებისმიერ პერიოდში. ზამთარში  ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, იმატებს გაციების, ვირუსების ალბათობა და,  ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე – მივირთვათ ციტრუსები, რადგან მათში შემავალი C ვიტამინი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი პროდუქტია. უნდა მიირთვათ მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გოგრა – ეს პროდუქტები არაჩვეულებრივად არეგულირებს და აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

– ეს ხილი დაკონსერვებული რომ მივიღოთ, მაგალითად, მურაბის, ჯემის ან კომპოტის სახით?

– ეს დიდი შეცდომაა, რადგან, არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს ზამთრის პერიოდში ამგვარად შენახულ ხილს. ორგანიზმს ასეთი პროდუქტებით ვერ მოატყუებთ. ჯობია, სეზონურად მიიღოთ შესაბამისი ხილ-ბოსტნეული და არა დაკონსერვებული. ამ პერიოდში, ასევე, აუცილებელია,  ხორბლის ფაფის ჭამა; კარგია ნატურალური, ახალგამოწურული წვენების დალევა. მერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველა დაავადება, არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, გენეტიკურ პათოლოგიას, სათავეს იღებს არასწორი კვებიდან, ძირითადად კი, დაავადების საწყისი ბავშვობიდან მოდის. ამიტომ, ადრეული ასაკიდანაა საჭირო ჯანსაღი, სწორი კვების რაციონის შემუშავება. აუცილებელია ნატურალური და არა გენმოდიფიცირებული საკვების შერჩევა, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების ჭამა. საჭმელი მხოლოდ კუჭის გასაძღომი საშუალება არ არის – ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ზამთრისთვის დამახასიათებელ, ეგრეთ წოდებულ მომატებულ დეპრესიულ სინდრომსაც რომ ადვილად დააღწიოთ თავი, მოამარაგეთ ორგანიზმი საჭირო მინერალებით, ფერმენტებით, მინერალური მარილებით, ვიტამინებით და, მერწმუნეთ, ზამთარში ვერანაირი ვირუსი ვერ მოგერევათ. ისწავლეთ სწორი სეზონური კვება და ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

– რომელი საკვებით შეგვიძლია, გავიძლიეროთ დაქვეითებული იმუნიტეტი ცივ სეზონზე?

– ბევრი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ამას ზოგი ზამთრის სიცივეს აბრალებს, ზოგი – არასწორ კვებას, ზოგი რას და ზოგი – რას. რეალურად კი ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფოდ საჭიროებს აღდგენას. იმუნიტეტის დონე კი იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ამინომჟავებს ყოველდღიური საკვებიდან. თავი მხნედ, ჯანმრთელად და ძლიერად რომ ვიგრძნოთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორ და სრულფასოვან კვებას. როგორც ზემოთ გითხარით, არასწორად შერჩეული კვების რაციონი ათასგვარი დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება.  მოკლედ, ახლა სწორედ ის დროა, როცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რათა ასე გახშირებულ გაციებებს, ვირუსებსა და ათასგვარ ინფექციურ დაავადებას ავარიდოთ თავი. ამისთვის კი უნდა მივირთვათ სხვადასხვა ბოსტნეული და სეზონური ხილი. შეგიძლიათ, მიირთვათ ბოსტნეული როგორც მოხარშული, ასევე ცოცხალი სახით. ასევე, აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება C ვიტამინით, მას კი დიდი რაოდენობით შეიცავს: კივი, ვაშლი, ციტრუსები და გოგრა. ეს პროდუქტები საგრძნობლად აძლიერებს და ამყარებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ეს არის ამ სეზონის სწორი კვება და, როგორც გითხარით, ის ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან, ტოქსიკურ მჟავებსა და სახამებელს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ამოვიღოთ კვებიდან ცხიმები, ცილები და სახამებელი. უბრალოდ, უპირატესობა იმ პროდუქტს უნდა მივანიჭოთ, რომელიც შეიცავს ბუნებრივ, ნატურალურ ორგანულ ცილებს, ცხიმებსა და სახამებელს. არც პური ამოიღოთ რაციონიდან, რადგან ხორბალი შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, ანუ, მასში თავმოყრილია ყველა ის ორგანული სახამებელი, რომელიც  აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და, გარდა ამისა, ის ენერგიით გვავსებს. მიირთვით არარაფინირებული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური – ის ძალიან სასარგებლოა ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. 

 

скачать dle 11.3