ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რადიოში მოვისმინე, რომ არსებობს ძაღლის ჯიში – ჰერკულესი, რომელიც ძალიან დიდი იზრდება, თითქმის ცხენის სიმაღლე. მაინტერესებს, საქართველოში თუ არის ასეთი ძაღლი?
პასუხი: არა, საქართველოში ასეთი ჯიშის ძაღლი ნამდვილად არ არსებობს.
კითხვა: ჩემი ძაღლი პერიოდულად ფეხს ითრევს და კოჭლობს. ბოლო პერიოდში ორ თვეში ერთხელ მაინც ხდება ასე. სახსრების ბრალი შეიძლება იყოს ეს თუ სხვა რამის ბრალია?
პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს, წინა ფეხზეა საუბარი თუ უკანაზე. თუ უკანა ფეხია, შეიძლება, მენჯ-ბარძაყის სახსარში აქვს რამე პრობლემა, რაც შესაძლოა, ქრონიკული ანთებით გამოიხატოს. არ არის გამორიცხული, ტკივილმა პერიოდულად გაუაროს, მაგრამ სიცივეზე და დატვირთვაზე განუახლდეს. თუ წინა ფეხია, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ტრავმული იყოს – ან მყესი იყოს დაზიანებული, ან ძვლოვანი სტრუქტურა იყოს შეცვლილი. ამ ყველაფერს გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზის მიხედვით მკურნალობა სჭირდება.
კითხვა: ჩემს ძაღლს სამი კვირის ლეკვები ჰყავს. მაინტერესებს, რა ასაკიდან შეგვიძლია მათი გაჩუქება და როგორ გადავიყვანოთ ხელოვნურ კვებაზე, როცა დედას მოვაშორებთ?
პასუხი: ლეკვების გაჩუქება ერთი თვიდან შეგიძლიათ. რაც შეეხება მათ კვებას, ვეტერინარულ აფთიაქებში იყიდება საკვები ძაღლის ჯიშების მიხედვით: დიდი ჯიშის ძაღლებისთვის სხვა საკვები უნდა შეიძინოთ, პატარა ჯიშებისთვის კი – სხვა. განსხვავებაა, ასევე, საკვების ხარისხსა და ფასებშიც. კონსულტაციას გაივლით ვეტერინართან, რომელიც შეგირჩევთ თქვენი ძაღლის შესაფერის საკვებს; ასევე, დაუნიშნავს რწყილებზე დამუშავებას, დეჰელმინთიზაციას და ასე მოამზადებთ ლეკვებს მომავალი აცრებისთვის.
კითხვა: მყავს პუდელი. როგორც ვიცი, ამ ჯიშის ძაღლისთვის არ არის დამახასიათებელი ხვრინვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ჩემი პუდელი მთელი ღამე ხვრინავს. შეიძლება, რომ მას რამე პრობლემა ჰქონდეს ჯანმრთელობის მხრივ?
პასუხი: ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება თქვენი ძაღლი უკვე ასაკშია. ზოგადად, ამის ბევრი მიზეზი არსებობს. თუ ნერვიულობთ თქვენი ძაღლის ხვრინვის გამო, მაშინ, აუცილებლად მიუყვანეთ ის ვეტერინარს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ძაღლს ბრჭყალები სახლის პირობებში დავუქლიბოთ?
პასუხი: თუ არაპროფესიონალი ხართ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგან იქ არის საზღვრები, რომელიც თქვენთვის უცნობია. ძაღლს ბრჭყალები აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დააჭრას. მიიყვანეთ ვეტერინართან და მას მიანდეთ ეს საქმე.