ვინ და როგორ შეკრიბა თბილისელი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მეტრო უნდა აეფეთქებინათ
პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
„ცანგალა“
1968 წლის 12 მარტს საქართველოს უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომელს, აკაკი თევზაძეს ტელეფონზე დაურეკეს. მან ყურმილი აიღო და უპასუხა:
– კაპიტანი თევზაძე გისმენთ.
– გამარჯობა, აკაკი, – მოესმა თევზაძეს მამაკაცის ხმა, – ხომ არ მოგაცდინე?
– გაგიმარჯოს. ვის ველაპარაკები?
– ალბათ, არ გემახსოვრები. მე ნოდარ ლომიძე – „ცანგალა“ ვარ.
– როგორ არ მახსოვხარ. ორი წლის წინ ხომ მე თვითონ მოგეცი ჩემი ტელეფონი და გითხარი, გაჭირვების შემთხვევაში დაგერეკა. გისმენ, მითხარი რა გიჭირს?
– მე – არაფერი. მოკლედ, სადმე, მყუდრო ადგილზე უნდა შევხვდეთ.
– კი, ბატონო. მითხარი, სად და როდის მოვიდე?
– რესტორან „დარიალში“ შევხვდეთ. კუპეს შევუკვეთავ, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს.
1968 წლის 12 მარტს, დღის 2 საათზე, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „დარიალში“ ერთმანეთს შეხვდნენ „სუკის“ კაპიტანი – აკაკი თევზაძე და კანონიერი ქურდი – ნოდარ ლომიძე, მეტსახელად „ცანგალა“. მათი ნაცნობობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შედგა. მაშინ ლომიძე ერთ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა, უდანაშაულო იყო. საქმეს თევზაძე იძიებდა. მაშინ თევზაძემ ცანგალას მიმართ კორექტულობა და ობიექტურობა გამოიჩინა და საქმიდან ამოაგდო. თან, საკუთარი ტელეფონის ნომერიც მისცა იმ იმედით, რომ ქურდი გამოსწორდებოდა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებასაც შეჰპირდა.
– აბა, ნოდარ, გისმენ. მითხარი, რა გაგჭირვებია. მზად ვარ, დაგეხმარო, თუკი შევძლებ, – უთხრა ცანგალას კაპიტანმა და კანონიერი ქურდის პირისპირ მოკალათდა.
– პირადად, მე, არაფერი მიჭირს. ძველებურად ვარ. მაგრამ, მგონი, ცუდი ამბავი ხდება და ამიტომ დაგიძახე. იქნებ ყურადღებით მომისმინო და ერთად გავარკვიოთ საქმის არსი.
– გისმენ. მოყევი.
– „ბეკეკოა“... ერთი პატარა ბიჭი, 19 წლის ნუგზარ ღლონტი. ვიღაც დაჭრა, თან ჩალიჩობს, წვრილმანი ქურდია. მოკლედ, პაბეგშია და ერთ ჩემს ნაშასთან იმალება, რომელიც მისი თანასოფლელი და კარის მეზობელია. ეს ბეკეკო იმ ჩემმა ნაშამ გამაცნო, ერთხელ დავლიეთ კიდეც. მოკლედ, მელკი ნაბიჭვარია და თავში აქვს ავარდნილი, რომ ვიღაც მისნაირი უკანალში დაჭრა. ერთი სიტყვით, გუშინ ჩემს ნაშასთან დავრჩი. ქალი რომ სამსახურში წავიდა და ბეკეკოც – სადღაც, მე კარადაში პირსახოცს ვეძებდი და კუთხეში პატარა, ტყავის ჩემოდანი შევნიშნე. ადრე ის არ მენახა. მოკლედ, დამაინტერესა, გავხსენი და შიგ 120 ათასი მანეთი, ორი ცარიელი პისტოლეტი „ტეტე“ და ძალიან ბევრი ასაფეთქებელი აღმოვაჩინე. ბეკეკო, ის ლაწირაკი, იმის კაცი არაა, რომ კრუპნი საქმე გააკეთოს ან კაცი გააგოროს ზაკაზით. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. თანაც, ეს ასაფეთქებელია ყველაზე საეჭვო. მოკლედ, გუშინწინ საღამოს იმ ბეკეკომ ჩემოდანი სადღაც წაიღო და არც გუშინ გამოჩენილა, არც დღეს. რატომღაც ვფიქრობ, ამ ყველაფერს ქვეყნის ღალატის სუნი უდის. ქურდი კი ვარ და ჩაშვება არ შემეფერება, მაგრამ ინტუიციას არასოდეს უმტყუნია ჩემთვის და თუკი ის ნაბიჭვარი ბეკეკო უდანაშაულო ადამიანების აფეთქებას აპირებს, უნდა გაბდღვნა. აი, ამისთვის შეგხვდი და დანარჩენი შენ იცი.
გაწყვეტილი კვალი
ცანგალას ინფორმაცია უშუალოდ აკაკი თევზაძის განყოფილების კომპეტენციაში შედიოდა და კაპიტანი უმალვე შეუდგა მოქმედებას. ინაურის დავალებით, ქართველმა ჩეკისტებმა, უპირველესად, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტის დაცვა გააძლიერეს. კონტრმზვერავები კი 19 წლის ნუგზარ ღლონტის, იგივე ბეკეკოს, ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ. ფარულად და გულდასმით გადაამოწმეს ბეკეკოს ყველა სავარაუდო ადგილსამყოფელი, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. 1968 წლის 15 მარტს კი, ანუ იმ ინფორმაციის მიღებიდან მესამე დღეს, ფუნიკულიორის ტყეში ნუგზარ ღლონტის ცხედარი იპოვეს. 19 წლის ყმაწვილი ტრუსისამარა იყო, შარვალი კი იქვე ეგდო. სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა. გაკვეთისას პათანატომებმა დაადგინეს, რომ გული ჰქონდა გახეთქილი. კუჭში ალკოჰოლის, კერძოდ კი, კონიაკის კვალი აღმოაჩნდა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე ვერც სასმელი აღმოაჩინეს და ვერც დალევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცება. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს 19 წლის ყმაწვილი სექსის დროს ინფარქტით გარდაიცვალა...
„სუკის“ პათანატომმა, უმაღლესი კატეგორიის ექსპერტ-კრიმინალისტმა მამია გოშაძემ თავი გააქნია და აკაკი თევზაძეს უთხრა:
– ისეა დადგმული, რომ იფიქრო, თითქოს ამ ბიჭს სექსის დროს გაუსკდა გული. შენ წარმოიდგინე, ბევრი მოტყუვდებოდა და შეიძლება, მეც მეჭამა, რომ არა ერთი რამ.
– და, რა არის ეს? – დაინტერესდა თევზაძე.
– რა და, ორგანიზმში აღმოჩენილი ალკოჰოლი. კერძოდ კი კონიაკის დოზა. საქმე ისაა, რომ იქვე ვერც ბოთლი ვიპოვეთ, ვერც ჭიქა და რაც ყველაზე საინტერესოა, 19 წლის ჯანმრთელ ბიჭს არანაირად არ გაუსკდებოდა გული სექსის დროს. მით უმეტეს, თუ მას კონიაკი ჰქონდა მიღებული. როგორც ცნობილია, გულის უკმარისობით დაავადებული მამაკაცები სექსის დროს კონიაკს სპეციალურად სვამენ, მცირე დოზით, გული რომ არ გაუსკდეთ. აქ კი პირიქით მოხდა. ეს საფუძველს მაძლევს, დავასკვნა, რომ კონიაკი მოწამლული იყო. ანუ, სპეციალურად ისეთი ნივთიერება გაურიეს მასში, რომ გაკვეთას ინფარქტი ეჩვენებინა. მკვლელმა კი ბოთლი და ჭიქა იმიტომ წაიღო, საწამლავის კვალი არ აღმოგვეჩინა. მოკლედ, სასწრაფოდ მკვლელი ქალი უნდა ვეძებოთ – ის, ვინც ბიჭი ტყეში სექსის მიზეზით შეიტყუა და სინამდვილეში – მოკლა, რომ სავარაუდოდ, რაღაცის კვალი წაეშალა.
გოშაძის კვალიფიციური დასკვნა დიდად დაეხმარა ქართველ კონტრმზვერავებს და მომწამვლელი ქალის გაძლიერებულ ძებნას შეუდგნენ. დრო არ ითმენდა და გამწყდარ კვალს შეიძლება დიდი უბედურება მოეტანა, რასაც გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვებოდა.
აღკვეთილი სუპერტერაქტი
1968 წლის 20 მარტს თბილისის მეტროპოლიტენში მოთვალთვალე „სუკის“ თანამშრომლებმა ოთხი ახალგაზრდა შეამჩნიეს, რომელთა შორის გოგონაც იყო. მათ სპორტული ჩანთები ჰქონდათ თან და სწორედ ეს გარემოება მიიჩნიეს საეჭვოდ. ახალგაზრდებმა, რომლებსაც კუდზე ორ-ორი „სუკელი“ ეჯდა, ფარულად, პიკის საათის დროს, საღამოს 6 საათზე, მაშინ, როცა მეტროს მატარებლები ხალხით იყო გაჭედილი, სპორტული ჩანთები ვაგონებში დატოვეს, თავად კი სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. „სუკის“ ოპერჯგუფმა ახალგაზრდები დააკავეს და ჩანთები ვაგონებიდან ამოიღეს, შეამოწმეს და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ჩანთებში საათისმექანიზმიანი მოწყობილობები იყო ჩამონტაჟებული და 1968 წლის 20 მარტს, 18 საათსა და 45 წუთზე, ერთდროულად ოთხ ელექტრომატარებელში საშინელი ძალის აფეთქებები უნდა მომხდარიყო, რაც 2 ათასამდე ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. დაკავებულები იყვნენ: თბილისის მუზეუმის თანამშრომელი – 21 წლის მირიან ჯოხაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი – 20 წლის ფარნაოზ ფსუტური, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი – 20 წლის ლევან ხელაია და სამედიცინო ტექნიკუმის მოსწავლე – 18 წლის კლარა ივანოვა. ისინი შევჩენკოს ქუჩაზე, „სუკში“ მიიყვანეს და დაკითხეს. მათ აღიარეს, რომ მატარებლების აფეთქებას აპირებდნენ და ეს იმით ახსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ. კლარა ივანოვამ ღლონტის მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ბეკეკო მან მოწამლა, საწამლავით სავსე ბოთლი და ჭიქა კი თან წაიღო.
– რას ერჩოდით ღლონტს? – ჰკითხა ივანოვას თევზაძემ, – ის ხომ თქვენი თანამოაზრე იყო?
ივანოვას ისტერიკა დაემართა და თევზაძეს მიუგო:
– ბატონმა ჯემალმა მიბრძანა. მან მითხრა, რომ ის მოღალატე იყო.
– ჯემალი ვინაა?
– ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი. ჩვენ მის სახლში ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ხოლმე.
ივანოვას სიტყვები დანარჩენებმაც დაადასტურეს და გაირკვა, რომ სწორედ ამ საუბრებისას წარმოიშვა მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის მოწყობის იდეა თბილისის მეტროში, რომელიც ქართველმა ჩეკისტებმა აღკვეთეს. დაკავებულები ხელს 60 წლის ჯემალ ქუნთურს ადებდნენ, რომელიც, მათი თქმით, კბილის ექიმი იყო.
ლვოვის ჯალათი
ჯემალ ქუნთურის ასაყვანად საბურთალოზე „სუკის“ სპეცრაზმი გაემართა. თუმცა, კბილის ექიმი სახლში არ აღმოჩნდა – მან გაქცევა მოასწრო. „სუკი“ მის ინტენსიურ ძებნას შეუდგა. კონტრდაზვერვამ ქუნთურის სურათის იდენტიფიცირება მოახდინა და დაადგინა, რომ 60 წლის ჯემალ ქუნთური, სინამდვილეში 57 წლის აპოლონ ბესალაშვილი იყო, რომელიც გერმანული ოკუპაციის დროს ქალაქ ლვოვის „გესტაპოში“ მუშაობდა და უკიდურესი სადიზმით გაითქვა სახელი. მას ათასზე მეტი ადამიანი ჰყავდა ნაწამები, დახვრეტილი და ცოცხლად დამწვარი. როგორც დადგინდა, აპოლონის მამა მსხვილი მიწათმფლობელი იყო და კომუნისტებმა გააკულაკეს. თავად აპოლონი კი სამამულო ომში მოხალისედ წავიდა. პირველსავე ხელსაყრელ მომენტში ფაშისტებს ჩაბარდა და მათ სამსახურში ჩადგა. ომის დამთავრების შემდეგ კი დასავლეთის სპეცსამსახურებში განაგრძო მუშაობა, სამშობლოში ყალბი საბუთებით დაბრუნდა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას შეუდგა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ბესალაშვილს, ისევე, როგორც თხუთმეტამდე მისნაირ გარეწარს, ანალოგიური დავალება ჰქონდა მიცემული სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური ტერაქტების მოსაწყობად. პირველ სამიზნედ თბილისი იყო შერჩეული და მას სხვებიც უნდა მიჰყოლოდა.
თბილისში აღკვეთილმა მსხვილმასშტაბიანმა ტერაქტმა უკვე მთელ საბჭოთა კავშირში გაააქტიურა „სუკი“ და კიდევ თხუთმეტ ქალაქში აღკვეთეს ტერაქტები. თავად აპოლონ ბესალაშვილი 1968 წლის 1 აპრილს ქალაქ გაგრაში, ვინმე აშოტ ქეროფიანის სახლში დააკავეს. ქეროფიანი მისი კოლეგა იყო ლვოვის „გესტაპოდან“ და ახლა მასთან ერთად უცხოეთში აპირებდა გაქცევას.
დახურულ სასამართლო პროცესზე, რომლის დეტალებიც მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაახმაურეს, ბესალაშვილს, ქეროფიანსა და თბილისელ ახალგაზრდებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოგვიანებით, ახალგაზრდები შეიწყალეს და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯალათები დახვრიტეს, ხოლო ცანგალამ, რომელიც დღესაც ცოცხალია, კრიმინალურ სამყაროს თავი დაანება.