სტრესის დროს მიირთვით ბევრი რძის ნაწარმი და მწვანე ფერის ბოსტნეული
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებები სტრესის შედეგია. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება განეიტრალდეს, თუ ორგანიზმს მოამარაგებთ აუცილებელი და საჭირო ნივთიერებებით.
სტრესის დროს აუცილებელია, ჭამოთ: რძის ნაწარმი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, მწვანე ფერის ბოსტნეული, ნიგოზი, ხორბალი, ქატო, წიწიბურა, ლობიო, სოია, შვრია, ბანანი, შავი შოკოლადი; სვათ ბალახეული ჩაი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი.
შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს შავი შოკოლადი. მისი ჭამის შემდეგ ადამიანი კარგ გუნებაზე დგება, ეხსნება სტრესი; ის, ასევე, ზრდის ტვინში ფენილანინის შემცველობას, რაც ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას იწვევს.
სტრესის მოსახსნელად ყველაზე კარგია ჟოლოს, მანდარინის, ბანანის, ბროკოლისა და კიტრის წვენების სმა.
სტრესის დროს ტონუსის შენარჩუნების მიზნით ნუ შეეცდებით, სვათ ბევრი ყავა, ჩაი, „კოკა-კოლა“, კაკაო, რადგან, მათში შემავალი კოფეინი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს, რომელიც სტრესის დროს ისედაც საკმარისია, მისი სიჭარბე კი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. ამ დროს უმჯობესია, შავი შოკოლადი მიირთვათ.
რატომ უნდა დააკვირდეთ საკუთარ გულისცემას
ადამიანის გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე, რადგან მას საკუთარი ნერვული ქსელი აქვს, რომელიც, ნორმალურ შემთხვევაში, გულის კუნთს დაახლოებით 60-70-ჯერ კუმშავს. ზოგჯერ გულისცემა ნელდება, ან, პირიქით, ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ გული დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი რიტმი. ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნავარჯიშები გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი მაჯაზე უნდა დათვალოთ. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი გულისცემა ყელზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორ მუშაობს თქვენი გული, როგორ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას და ხომ არ არის აუცილებელი ცხოვრების რიტმის შეცვლა, ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ:
1. ათი წუთის განმავლობაში იარეთ სწრაფი ტემპით. შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი, პულსის რაოდენობა ერთ წუთში მიღებულ რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. ეს თქვენი დატვირთვისთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკიც.
2. დაახლოებით ხუთი წუთი იხტუნეთ ადგილზე, შემდეგ კი დათვალეთ პულსი მაჯაზე. მერე წამოწექით, ხუთი წუთი დაისვენეთ ასეთ მდგომარეობაში და კვლავ დათვალეთ პულსი. თუ ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, ესე იგი, გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.
3. დაიხარეთ ისე, რომ თითებით იატაკს შეეხოთ, ოღონდ მუხლები არ მოხაროთ. შემდეგ წელში გასწორდით. თუ 40 წლამდე ასაკის ხართ, ეს ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, თუ 40 წელს გადასცდით – 10-ჯერ. თუ ვარჯიში გიჭირთ, ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გული, კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო თანდათან სუსტდება. ვარჯიშის შემდეგ დათვალეთ პულსი. თუ ის წუთში 100-ზე ნაკლებია, შესანიშნავ ფორმაში ხართ, თუ მეტი – აუცილებლად მიიღეთ ზომები.
4. სწორი კვება და სპორტი თქვენს გულს შესაძლო დაავადებებისგან დაიცავს. ამიტომ, ამაზე ახლავე დაფიქრდით და სასწრაფოდ შეუდექით ვარჯიშს.
ნარინჯისფერი ხილის ჭამა ართრიტისგან გვიცავს
ვინც ხშირად მიირთმევს ყვითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულს, ის ართრიტის რისკისა და სახსრების ანთებისგან მეტად არის დაცული.
ხილ-ბოსტნეულს ყვითელ შეფერილობას აძლევს კაროტინი, ანუ ნივთიერება, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამის წყალობით, ეს პროდუქტები ხელს უშლის თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას უჯრედებსა და ქსოვილებზე.
გარდა ამისა, A და C ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა მხედველობისთვის, გუნება-განწყობის ასამაღლებლად ცივ სეზონზე და გაციებისგან დასაცავად.
თუ ადამიანი ყოველდღიურად 2 ჭიქა ლიმონის წვენგარეულ წყალს დალევს, ამით ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან გაათავისუფლებს.
გრიპის დროს ლიმონი არ დაივიწყოთ, რადგან მას გაციების საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები აქვს.
ყოველდღე ლიმონის წვენი ჩაისა და სასმელ წყალში ჩაამატეთ და ისე მიიღეთ. ასეთი წესით იმუნურ სისტემასაც გაიძლიერებთ და გრიპისგანაც დაიცავთ თავს.
ლიმონის ზომიერი მოხმარება დაგიცავთ თავის ტკივილისგან, მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას; ასევე, კარგია თირკმელების დაავადების პროფილაქტიკისთვის.
სურდოს და ყელის ტკივილს მცენარეული ნაყენებით უმკურნალეთ
მცენარეებით დამზადებული აბები, მიქსტურები და ეთეროვანი ზეთები ბევრად უკეთესად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე სინთეტიკური პრეპარატები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მცენარეებით მკურნალობა ექიმი-ფიტოთერაპევტის კონსულტაციით უნდა დაიწყოთ. განსაკუთრებით საჭიროა ასეთი კონსულტაცია ალერგიული, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის; ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამკურნალო მცენარეებით მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია წამლის დოზაზე.
ფიტოთერაპიას კარგად ემორჩილება გაციება, კერძოდ: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. სურდოს შველის სალბისა და ბაღის პიტნის ინჰალაცია. ცხვირში ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი გვირილის ყვავილის ან ფიჭვის წიწვის ნაყენი, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას და ადვილად ჩააქრობს ანთებას.
ყელის ტკივილს შველის გვირილის, ვარდის, მრავალძარღვას, მოცვის ნაყენის ან გულყვითელას ნახარშის პირის ღრუში გამოვლება.
მშრალი ხველების დროს კარგია ტუხტის ნაყენი, ვირისტერფასა და მრავალძარღვას ნახარში კი ხველას შეგიმსუბუქებთ და ნახველისგან გაგათავისუფლებთ.
სველი ხველების დროს, კარგია და ეფექტური ევკალიპტის, პიტნისა და კამის ეთერზეთების ინჰალაცია. ოღონდ, ამის გაკეთება ბავშვებისთვის არ არის სასურველი.
ძირტკბილას ფესვების ნაყენი არბილებს ლორწოს და სწრაფად ასუფთავებს ბრონქებს. ამგვარი ეფექტით ხასიათდება, ასევე, ანისულისა და კვლიავის თესლის ნაყენი.
მაღალი ტემპერატურის დროს დალიეთ ცაცხვისა და გვირილის ყვავილის, ასევე ჟოლოს ფოთლებისა და ნაყოფის, შტოშის ან დიდგულას ნაყენი. კარგი იქნება, თუ დღეში ორ ლიტრამდე ასეთ ნაყენს მიიღებთ. ტემპერატურის დასაწევი ეფექტურობით გამოირჩევა, აგრეთვე, ტირიფის ქერქის ნაყენი, რომელიც ბუნებრივ ასპირინს შეიცავს.
დღეს ბევრი ანიჭებს უპირატესობას ბალახებით მკურნალობას და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს მეთოდი ორგანიზმის უსაფრთხოებას ერთიორად ზრდის.
რა იწვევს ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნას
ნაღველკენჭოვანი დაავადება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების არსებობას გულისხმობს. მუცლის ღრუს ორგანოებს შორის ის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. ნაღვლის ბუშტის კენჭი ვითარდება ყველა ასაკში, თუმცა, ბავშვებსა და მოზარდებში შედარებით იშვიათია. ასაკის მატებასთან ერთად, დაავადების სიხშირეც იმატებს.
ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭის წარმოქმნაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით კი – ცხიმოვანი ცვლის მოშლა, ნაღვლის შეგუბება, მისი ინფიცირება და სხვა მრავალი. ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბებაში, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, ცხოვრების პირობებსა და გენეტიკურ ფაქტორსაც. კენჭის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე, აღინიშნება: ასაკი, სიმსუქნე, მუცლის შებერილობა, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევა კუჭსა და ნაწლავებზე, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ციროზი, უმოძრაო ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების თავისებურებას. საკვები პროდუქტებიდან კენჭის გაჩენის ხელშემწყობად მიიჩნევა: ცხიმი, კვერცხის გული, ცხვრის ხორცი, საქონლის ტვინი, ღვიძლი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენას, ასევე, ხელს უწყობს წონაში სწრაფი დაკლება და ხანგრძლივი შიმშილი. ამ დროს მცირდება ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა რაოდენობა, რაც ნაღვლის შეგუბებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი კენჭის გაჩენის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.
ნაღვლის ბუშტში გაჩენილი კენჭი ყოველთვის არ იძლევა კლინიკურ გამოვლინებას. შესაძლოა, ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს ნაღვლის ბუშტში კენჭი და არანაირი ჩივილი არ აღენიშნებოდეს. ავადმყოფთა მეორე ნახევარში კი ნაღველკენჭოვანი დაავადება აბსოლუტურად განსხვავებულ კლინიკურ სურათს იძლევა, კერძოდ, ზოგს აღენიშნება მარჯვენა ფერდის ქვეშ და მუცლის ზედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა, გულისრევა, ბოყინი, მუცლის შებერვა, ფაღარათი. ეს მოვლენები დღითიდღე ძლიერდება, რაც დიეტის დარღვევასთან არის კავშირში. ავადმყოფთა ნაწილი კი მუცლის ზედა არეში მუდმივად ყრუ ტკივილს, საერთო სისუსტეს, მოთენთილობას, პირის ღრუში მწარე გემოს უჩივის.
უმეტეს შემთხვევაში, ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი. ნაღველკენჭოვანი ჭვალი, შეიძლება, სრულიად უმიზეზოდ დაიწყოს ან მას წინ უძღოდეს დიეტის დარღვევა, ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქოემოციური დაძაბულობა და ასე შემდეგ. ტკივილს პირღებინება და მუცლის შებერვა ერთვის. ამ დროს ტკივილი მარჯვენა მხარეს, ბეჭში, ზოგჯერ კი გულის არეშიც გადაეცემა. გახშირებულია მაჯისცემა. ნაღველკენჭოვან დაავადებას ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე გართულება ახასიათებს. ყველაზე ხშირი გართულება კი ნაღვლის ბუშტის ანთება ანუ ქოლეცისტიტია.
ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება, შესაძლოა, მუცლის ფარის ანთების მიზეზიც გახდეს. ნაღვლის ბუშტიდან მცირე ზომის კენჭი, შეიძლება, ნაღვლის სადინარში გადავარდეს, დაახშოს ის და გამოიწვიოს ღვიძლისა და თავად სადინარის ჩირქოვანი ანთებები და შესაძლოა, კიბოც განვითარდეს.
კენჭების გაჩენის პროფილაქტიკა მის ხელშემწყობ დაავადებებთან ბრძოლაა. ამისთვის კი უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, იყოთ აქტიური, იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით.