ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 38 წლის ქალი. საზარდულში ლიმფური კვანძი მაქვს გადიდებული და მტკივა, სიცხე 37,2 გრადუსი მაქვს. მთელ ტანში მტეხავს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი (გინეკოლოგიური დაავადებები გამორიცხულია) და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: ლიმფური კვანძები თავისებური საცერივით აკავებს ყველაფერს, რისი გაუვნებელყოფაც სჭირდება ორგანიზმს: მიკრობებს, სიმსივნურ უჯრედებს და ასე შემდეგ. პირველ ყოვლისა დასადგენია ანთების ან სიმსივნის კერა და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება ადეკვატური მკურნალობა.
კითხვა: სისხლში დამიდგინეს კალიუმისა და კალციუმის ნაკლებობა. რამდენად სერიოზული დარღვევაა ეს და როგორ მოვიყვანო ნორმაში?
პასუხი: ჰიპოკალიემია (კალიუმის ნაკლებობა) შეიძლება განვითარდეს არაადეკვატური კვების გამო – შიმშილის დროს; არაადეკვატური შეწოვის ან სითხის კარგვის გამო (ფაღარათი, ღებინება, მალაბსორბციის სინდრომი); ჰიპოკალციემია (კალციუმის ნაკლებობა) შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოპარათირეოზით, D3 ვიტამინის დეფიციტით, თირკმლის უკმარისობით, ჰიპოპროტეინემიით, მალაბსორბციის სინდრომით. დარღვევის მიზეზი თერაპევტმა უნდა აღმოაჩინოს და მკურნალობის ტაქტიკაც მასზე იქნება დამოკიდებული.
კითხვა: მაქვს ღრმა ვენების თრომბოფლებიტი. ემორჩილება თუ არა ეს დაავადება მკურნალობას?
პასუხი: ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ემორჩილება მკურნალობას, მისი ეფექტურობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად არის დაწყებული მკურნალობა და როგორ ასრულებთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს მედიკამენტური თერაპიისა და კომპრესული ტრიკოტაჟის ხმარების მხრივ.
კითხვა: ვარ 52 წლის ქალბატონი, მაქვს დაბალი წნევა, პულსი – აჩქარებული, გამუდმებით გაბრუებული მაქვს თავი, ხანდახან, წამიერად, თითქოს გონება მეთიშება. მაინტერესებს, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ყოველივე ეს?
პასუხი: დასადგენია ჰიპოტონიის მიზეზი, თქვენს მიერ მითითებული ჩივილები მასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ჰიპოტონიას, ქრონიკული არტერიული ჰიპოტონიის პირველი ტიპი დამოუკიდებელი დაავადებაა და უმთავრესად ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის დაქვეითებით არის განპირობებული. ქრონიკული არტერიული ჰიპოტონიის მეორე ტიპი სხვა დაავადებათა თანმხლები სიმპტომია. ამ დაავადებებს შორის გამოიყოფა: ნერვული დარღვევები (ნევროზები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), ტვინის პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების დაავადებები.
კითხვა: მაქვს თავის ქრონიკული ტკივილი საფეთქლისა და შუბლის მიდამოებში. რაც ეს ტკივილები დამეწყო, იმავე მხარეს ხშირად თვალიც მიღიზიანდება. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: პირველ ყოვლისა, მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, საჭიროა ამ მიდამოში ანთებითი პროცესის გამორიცხვა, კერძოდ – სინუსიტის.
კითხვა: ჭიპიდან იშვიათად მაწუხებს გამონადენი. ნაცნობმა მითხრა ომფალიტი იქნებაო. გთხოვთ, ამიხსენით, რას ნიშნავს ეს?
პასუხი: ომფალიტი ნიშნავს ჭიპის ანთებას. მისი გამომწვევი მიზეზი არის სითხის (ოფლის, წყლის) დაგროვება ჭიპის ღრუში, რომელსაც შემდეგ ემატება მეორადი ინფექცია.