რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდა პელე და რა წვლილი მიუძღვის მას ბრაზილიაში წერა-კითხვის პოპულარიზაციაში
ის მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და ფეხბურთის მეფის ტიტულს ატარებს. დიდი ხანია, რაც ბრაზილიელი პელე მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისი პოპულარობა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროთი არ შემოიფარგლება. „პელე” მსოფლიო ბრენდია და, ურიგო არ იქნება, გავეცნოთ ლეგენდარული ფეხბურთელის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს.
* ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, იგივე პელე, ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაის ქალაქ ტრეს-კორასაესში დაიბადა 1940 წლის 23 ოქტომბერს. „პელე“ მას ბავშვობაში უწოდეს. ამ მეტსახელის წარმოშობის ისტორია არც თვითონ პელემ იცის და არც მისმა ნათესავებმა. ცნობილია, რომ თავდაპირველად ეს მეტსახელი მას არ მოსწონდა და მხოლოდ მაშინ აღიარა, როდესაც სტადიონის ტრიბუნებიდან ფეხბურთის ქომაგები მის მეტსახელს სკანდირებდნენ.
* პელეს ეკუთვნის აბსოლუტური რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით: 1 283 გოლი 1 363 მატჩში. ამ გოლებიდან 1 216 მან ბრაზილიურ „სანტოსში” და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს გაიტანა 1956 წლის 7 ოქტომბრიდან 1974 წლის 2 სექტემბრამდე. დანარჩენი 67 გოლი მან ამერიკულ „ნიუ-იორკ კოსმოსში” და მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის დროს შეაგდო მოწინააღმდეგის კარში. არსებობს მოსაზრება, რომ პელემ ხელოვნურად გაზარდა გოლების რაოდენობა, სინამდვილეში მას ამდენი გოლი არ გაუტანია.
* თავისი მეათასე გოლი ფეხბურთის მეფემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ეს მოხდა 1969 წლის 19 ნოემბერს, „მარაკანას” სტადიონზე. ბრაზილიის კავშირგაბმულობის სამინისტრომ ამ მოვლენასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა.
* როდესაც პელემ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, ბევრმა წერა-კითხვის უცოდინარმა ბრაზილიელმა კითხვის სწავლა დაიწყო, რათა თავიანთი კერპის მემუარები წაეკითხა.
* პელეს მამა, დონდინიო, ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და საფეხბურთო ოსტატობის რამდენიმე საიდუმლოებას სწორედ მან აზიარა შვილი. პელეს ვაჟი, ედინიო, ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თუმცა, მამისგან განსხვავებით, მან ბრაზილიაში არაპოპულარული გოლკიპერის პოზიცია აირჩია.
* თავისი წარმატების საიდუმლოდ პელეს შრომისმოყვარეობა და შესაშური ფიზიკური მონაცემები მიაჩნია. აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში, პელე ასმეტრიან დისტანციას 10 წამში გარბოდა; გარდა ამისა, ის მუდამ იყო ჯანმრთელი ცხოვრების წესის ერთგული – დღემდე მას არც ერთი ღერი სიგარეტი არ მოუწევია და ალკოჰოლის წვეთი არ დაულევია.
* ერთხელ პელეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ გამოჩნდებოდა მისი შემცვლელი საფეხბურთო ტახტზე, რაზეც პელემ უპასუხა: „აბსოლუტურად გამორიცხულია – ჩემი მშობლები აღარ აპირებენ მეტი შვილის ყოლას“.
* პელეს სახელს უკავშირდება ¹10 მაისურის საკულტოდ გამოცხადება. პელეს შემდგომ 10 ნომრები იყვნენ და არიან: დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, დავით ყიფიანი, ლიონელ მესი და სხვები.
* ბრაზილიის ნაკრებსა და „სანტოსში” კარიერის დასრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, პელემ ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსთან”. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ფეხბურთში დაბრუნება „ფეხბურთის მეფემ” ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. ამერიკელებმა მას იმ დროისთვის ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზეს.
* 1967-1970-იან წლებში ნიგერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, მოწინააღმდეგე მხარეებმა ორი დღით დადეს ზავი, რათა ტელევიზიით ბრაზილიის ნაკრების მატჩი ენახათ, სადაც პელე ბრწყინავდა. ირანის შაჰი კი ერთხელ სამი საათი ელოდებოდა პელეს თვითმფრინავის დაჯდომას აეროპორტში, რათა ფეხბურთის მეფესთან ფოტო გადაეღო.
* პელეს აუხდენელ ოცნებად ითვლება მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლი. ფეხბურთის მეფემ რამდენჯერმე სცადა, გოლი გაეტანა შორეული დარტყმით, მათ შორის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან მატჩში მოხდა, თუმცა, პელეს მიზანმა უმტყუნა.
* ბავშვობაში პელე მეწაღის დამხმარედ მუშაობდა და თვითმფრინავის პილოტის პროფესიაზე ოცნებობდა. ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს ის ხშირად ამტვრევდა ფანჯრის მინებს და დედა მას ამის გამო სჯიდა. მოგვიანებით, როდესაც პელე გამდიდრდა მან მშობლებს დიდი სასახლე უყიდა.
* პელესთან ფოტოს გადაღება ნამდვილი ზეიმი იყო როგორც სხვა ფეხბურთის ქომაგებისთვის, ასევე ცნობილი ადამიანებისთვისაც. პელესთან ცნობილი ფოტოები აქვთ გადაღებული რობერტ კენედისა და რომის პაპ იოანე პავლე მეორეს.
* 1995 წელს რუანდიდან ბრაზილიაში მიმავალ გემზე ფეხბურთის უცნობი ქომაგი აღმოაჩინეს, რომელიც პელესთან შეხვედრას აპირებდა, რათა მას მოსისხლე მტრები, აფრიკული ტომები – ტუტსი და ხუტუ შეერიგებინა.
* პელეს „ფეხბურთის მეფე” ფრანგულმა გაზეთებმა უწოდეს, როდესაც 1961 წელს „სანტოსმა” ტურნე დაასრულა ევროპის ქვეყნებში.
* პელეს სიმაღლე 173 სანტიმეტრია, თუმცა, მას 2 მეტრზე ახტომა შეეძლო.
* პელეს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე კინოფილმში, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯონ ჰიუსტონის „გაქცევა გამარჯვებისკენ”, სადაც მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ სილვესტერ სტალონე და მაიკლ კეინი, ასევე, ცნობილი ფეხბურთელები: ოსვალდო არდილესი, ბობი მური, კაზიმეჟ დეინა და პოლ ვან ჰიმსტი. სცენარის თანახმად, პელეს გმირს „მაკრატელა” დარტყმით გოლი უნდა გაეტანა და რეჟისორის ეს მითითება პელემ პირველივე დუბლში შეასრულა.
* 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პელე მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საინტერესოა, რომ პელეს არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.
* 1960-იან წლებში იტალიურმა „მილანმა” პელეს სანაცვლოდ „სანტოსს” 30 მილიონი დოლარი შესთავაზა. ახლანდელი სავალუტო კურსით ეს თანხა 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის.
* 1995-1998 წლებში პელე ბრაზილიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა.
* 1998 წელს პელე დიდი ბრიტანეთის იმპერიის რაინდ-კომანდორის ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა, იმის გამო, რომ ის არ გახლავთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, ატაროს მიმართვა „სერ”.
* პელე ერთადერთი ფეხბურთელია ამ სპორტის ისტორიაში, რომელიც ფეხბურთელის ამპლუაში სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 1958, 1962 და 1970 წლებში.
* პელეს გოლი „ფლუმინენსეს” კარში, როდესაც მან მეტოქე გუნდის 11-ივე ფეხბურთელი მოატყუა, მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად არის მიჩნეული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით „მარაკანას” სტადიონზე სპეციალური დაფაა გამოკრული.
* სპორტული კარიერის განმავლობაში პელე ესტუმრა მსოფლიოს 88 სახელმწიფოს, მათ შორის საბჭოთა კავშირს, შეხვდა 70 პრეზიდენტს, 9 მეფეს, ერთ დედოფალს და ორ რომის პაპს.