მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორც გავიგე, სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა, შეიძლება მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?
პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად ითვლება. მიწიერი მოღვაწეობის დროს ის ზრუნავდა გაჭირვებულ ოჯახებზე და ბევრი მათგანი იხსნა განსაცდელისგან. თუ თქვენ სიყვარულში დახმარებაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ, ევედროთ წმიდა ნიკოლოზსაც და სხვა წმიდანებსაც. საერთოდ, სიყვარულს მოციქულად იოანე მოციქულს მიიჩნევენ. ოღონდ აქ უფლის სიყვარული იგულისხმება. თუ უფალი გეყვარებათ, ეს პირად ცხოვრებაში სწორი არჩევნის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ.
კითხვა: ეკლესიისთვის მოწყალების შეწირვის დროს აუცილებელია ამ რიტუალს მოძღვარიც დაესწროს?
პასუხი: ეკლესიისთვის მოწყალების გაღება საეკლესიო რიტუალი არ არის. ეს უფლისა და კაცის ურთიერთობაა და ადამიანს შეუძლია, სიკეთე მალულად, სასულიერო პირის თანდასწრების გარეშეც გააკეთოს.
კითხვა: ხელმეორედ უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი, როდესაც შეცდომას დაუშვებს, რომელიმე სექტის წევრი გახდება, მაგრამ შემდეგ მოეგება გონს და მართლმადიდებლობას უბრუნდება?
პასუხი: ნათლობის განმეორება დაუშვებელია. მართლმადიდებლობას დაბრუნებული ადამიანი მოძღვარს უნდა დაელაპარაკოს, რომელიც დაუწესებს სასჯელს – ეპიტიმიას და ის გადაწყვეტს, როგორ უნდა განაგრძოს მონანიებულმა შემდგომი სულიერი ცხოვრება.
კითხვა: რამდენ ხანს არის მიღებული ქრისტიანული ეკლესიის მიხედვით გარდაცვლილი ახლობლის გლოვა?
პასუხი: ქრისტიანი ადამიანი გლოვობს 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჭეშმარიტი ქრისტიანები აღარ გლოვობენ.