სჭირდება თუ არა გრძნობას გამოცდა და როდის ჩნდება ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ვიღაც მესამე
აწუხებთ თუ არა მამაკაცებს კრიზისი ცოლქმრულ ურთიერთობაში?! რა თქმა უნდა, აწუხებთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს ჩანს. მართალია, მამაკაცი ბუნებით პოლიგამიური არსებაა, მაგრამ ოჯახი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ვერ პოულობენ რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ საერთო ენას ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ? როდის დგება ცოლ-ქმრის ცხოვრებაში პერიოდი, როცა ერთმანეთისთვის ერთგულების დამტკიცება და გრძნობაზე ლაპარაკი ბევრ რამეს წყვეტს? როგორ უყურებენ თავად მამაკაცები ამ მტკივნეულ საკითხებს და რა პრობლემები აშინებთ მათ რეალურად?
კოტე (34 წლის): ყოველთვის ძნელად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. საერთოდაც, ასეთი ადამიანი ვარ: ბევრს ვფიქრობ და ბევრს ვყოყმანობ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. საკუთარი თავის რწმენაც მაქვს და ჩემს საქმიანობაშიც არ ვარ მაჩანჩალა. თუმცა ვხვდები, რომ რაღაც მაკლია. თამამი არ ვარ? – შეიძლება. მოკლედ, ჩემს ცოლს რომ არ ეაქტიურა, ოჯახი საერთოდ არ მექნებოდა.
– ამით რისი თქმა გინდათ, არ გინდოდათ მისი ცოლად მოყვანა?
– ეს არ მითქვამს. ალბათ, მინდოდა, რადგან ჩვენი ოჯახი დღეს არსებობს, მაგრამ, როგორ გითხრათ... რომ არ ეაქტიურა და პირდაპირ არ დაესვა საკითხი – დროა, ჩვენს ურთიერთობას ოჯახის ფორმა მივცეთო, ძალიან დიდხანს ვივლიდით წინ და უკან. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ, მქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, ხომ არ ავჩქარდი-მეთქი.
– ეს პერიოდი რამე კონკრეტულ მიზეზთან იყო დაკავშირებული?
– დიახ, მიზეზი ყოველთვის არსებობს და მერე ეძებ საბაბს. თავიდან მეტ-ნაკლებად, ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
– პირდაპირ გკითხავთ: არ გიყვართ თქვენი ცოლი?
– თქვენ მე ვერ მიგებთ. სიყვარული არაფერ შუაშია, თუმცა, შუაში როგორ არ არის. იმის თქმა მინდოდა, რომ პრობლემასთან და ჩემს გადაუწყვეტელობასთან არ არის შუაში. ჩამოყალიბებული არ ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში – აი, ეს არის სიმართლე. არანორმალურად რომ მყვარებოდა ჩემი მომავალი ცოლი, მაშინ როგორ იქნებოდა საქმე?! გულახდილად გეტყვით – არ ვიცი. ფაქტია, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში კრიზისივით რაღაც დაიწყო. ჩემმა ცოლმა ერთხელ თქვა, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთსო.
– ეს სიმართლე იყო?
– შეიძლება. მე მართლა მაინტერესებს გართულებული ურთიერთობის რეალური მიზეზი.
– გართულებული ურთიერთობა რას ნიშნავს, ჩხუბობდით?
– არა, ჩხუბით ისე არ ვჩხუბობდით, რომ ეს საშიშროებად აღქმულიყო. პირიქით, ზოგჯერ ჩხუბი პოზიტიურიც კი არის ხოლმე. საყოფაცხოვრებო რუტინა და ერთფეროვნებაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობაზე – პირდაპირ გიწვევს ავანტიურაზე. სწორედ იმ მომენტში გამოჩნდება ხოლმე „ვიღაც“, როცა საკუთარ თავთან ჭიდილსა და გაურკვევლობაში ხარ და მერე ყველაფერი „იმას“ ბრალდება, მაგრამ, რეალურად, ისიც მსხვერპლია, მართალია, ნებაყოფლობითი და, იქნებ, თვითონაც ვერ აცნობიერებს, მაგრამ, რეალურად ასე გამოდის. მე არავის არაფერს ვაბრალებ, თუ ვინმეა დამნაშავე ეს მე ვარ. ოღონდ, ისე ნუ გაიგებთ, რომ თვითგვემაზე ვარ გადასული. „ის“ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
– ანუ, კრიზისი უკვე გქონდათ?
– დიახ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. ორი თვის წინ მოხდა „იმის“ გამოჩენა. ამ ტიპის ქალებს კარგად ეხერხებათ ყურადღების მიპყრობა და შთაბეჭდილების მოხდენა. მეგობართან ერთად ვიყავი და მანაც მაშინვე მითხრა, ისე გიყურებდა, მგონი, ტუზი დაგეცა და მოეწონეო. არ მაინტერესებს ეგ ამბავი, ცოლიც მყავს და შვილებიც-მეთქი. შენ ხომ კრიზისი გაქვს ცოლთან, ხომ მეუბნებოდი... და, იქნებ, ეს სწორედ ის არის, რასაც შენ ეძებო. გულახდილად გეტყვით, არ მესიამოვნა.
– მეგობართან განიხილავდით ცოლთან თქვენს ურთიერთობას?
– დიახ, რაღაც დონეზე და რაღაც დოზით – ისე, როგორც ყველა. მგონი, ეს ბუნებრივია.
– ბუნებრივი იქნებოდა, პრობლემებზე საკუთარ მეუღლესთან გელაპარაკათ.
– ახლა უკვე ვიცი. მაგრამ, ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე, ჩემს შემთხვევაშიც ისე მოხდა. მოკლედ, გავიცანი და პირველივე ნახვაზე მიმიზიდა. არ ვიცი, იქნებ ჩემი მეგობრის „ნამიოკმაც“ „იმუშავა“. თვითონ ფლირტის დიდოსტატია, მაგრამ, შორს არასდროს წასულა – ისე იქცევა, რომ „მშრალად“ გამოდის წყლიდან. მე კი გაუბედავი ვარ და ქალზე „მიწოლაც“ არ შემიძლია. ხომ გითხარით, ძირითადად ჩემმა ცოლმა იაქტიურა-მეთქი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ვგულისხმობ ახალ ნაცნობს) ქალმა ისე ოსტატურად ითამაშა, რომ კარგა ხანს მეგონა, ინიციატივა ჩემგან წავიდა-მეთქი. სხვათა შორის, ამ ურთიერთობის დროს ხშირად მახსენდებოდა ცოლთან გატარებული ბედნიერი დღეები, მაგრამ, მერე რა მოხდა? ფაქტია, რომ მისი დროის დიდი ნაწილი შვილებმა მიიტაცეს, ჩემი – სამუშაომ. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა, შეიძლება, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ვიღაც მესამის გამოჩენა დავუშვი.
– თქვენ ამას ნანობთ?
– რა თქმა უნდა, ვნანობ. ასე რომ არ იყოს, არც ჩვენი საუბარი შედგებოდა. დამიჯერეთ, არც ერთ ნორმალურ კაცს არ უნდა ოჯახში არეულობა და ქაოსი – ეს ჩვენზე დამთრგუნველად მოქმედებს, ძალიან ვირევით და სერიოზულ დისკომფორტს განვიცდით სკანდალებისა და ჩხუბის გამო. ცოლი რომც არ გიყვარდეს, ისე ეჩვევი მას, ისეთი შენიანი ხდება, რომ მისი მიტოვება ძალიან გიჭირს, არადა, არც ის გსიამოვნებს, რომ ატყუებ და უსინდისოდ იქცევი.
– ანუ, აღიარებთ, რომ ცოლის მოტყუება უსინდისობაა. მაშ, რატომღა ატყუებთ?
– გიწევს ტყუილის თქმა, რადგან, გაორებული ხარ და ვეღარ ერკვევი, რა გინდა, რატომ გინდა. ერთი მხრიდან ოჯახი „გქაჩავს“, მეორე მხარეს რაღაც ახლის განცდა გიზიდავს. თავგადასავლის ეშხში ვარდები – ეს ხომ ადრენალინია. რა ვქნათ, ჩვენც ადამიანები ვართ, გვჭირდება ემოციები. ოჯახური ურთიერთობები ძალიან რთული სფეროა, ჩვენ კი ძალიან მარტივად ვუყურებთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენგან პატიება მივიღო ან ვინმეს შევეცოდო; უბრალოდ, საკუთარ თავში მინდა გავერკვიო. კიდევ არის რაღაც გარემოებები, რომლებიც ფონს იმგვარად გვიქმნიან, რომ შეცდომები დავუშვათ. ასეთ გარემოებას მე „შეუმჩნეველ ხაფანგს“ ვეძახი. ისე ჩაგითრევს, სანამ გონზე მოხვალ და აღმოაჩენ, სადამდე ჩაეფალი, უკვე გვიან არის ხოლმე – ამ შემთხვევაში დრო შენზე არ მუშაობს. აბსოლუტურად გულახდილად გეუბნებით: გავიცანი, დავინტერესდი, ანუ მომეწონა, მაგრამ, მასთან ხელახლა შეხვედრაზე ნამდვილად არ მიჩალიჩია, აშკარად გარემოებებმა „იმუშავა“ – შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ სასტუმროში, ქალაქგარეთ, სადაც მე საქმიანი შეხვედრები მქონდა. სასადილოში დავინახე, თვითონაც შემამჩნია და მაშინვე მოვიდა. საღამოს უკვე ბარში შევხვდით. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და, დაძაბულობა, რომელიც მქონდა, მომეხსნა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ამით არაფერს ვაშავებდი. საუბარში გავარკვიე, რომ ქმარიც ჰყავდა. თითქოს შიგნიდან ამენთო გამაფრთხილებელი ნათურა, მაგრამ, რატომ არ დავიხიე უკან, რატომ არ დავემშვიდობე და ჩემს ნომერში რატომ არ ავედი – არ ვიცი. გული გადამიშალა: ქმართან ურთიერთობა არ გამომდის, ძალიან მიჭირს, მუდმივად სტრესში ვარ და, მეშინია, დეპრესია არ ავიკიდოო. ასეთი გარეგნობის ქალს ყურადღებას საერთოდ არ მაქცევს, თითქოს არც ვარსებობდე. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული გამხადა და დამაკომპლექსა. არადა, შინაგანად ისეთი ადამიანი ვარ, მოფერება მჭირდება, ალერსისა და სითბოს მოთხოვნილება მაქვს. შეიძლება, გამამტყუნოთ, მაგრამ, მამაკაცების მხრიდან ყურადღებას რომ არ ვგრძნობდე, მოვკვდებოდიო. მეც, როგორც ჩანს, უნებისყოფო კაცი აღმოვჩნდი. ვერ გავუძელი ცდუნება იყო თუ რაც იყო და ჩავიხუტე. საერთოდ არ ვიფიქრე იმაზე, რომ ჩემს ცოლსაც შეეძლო, ზუსტად იგივე ეთქვა ჩემზე.
– შესაშური გულახდილობაა.
– ოღონდ, დაგვიანებული – ხომ ამის თქმა გინდოდათ? მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ახლა რაღა ეშველება ამას? იმასაც ვაანალიზებ, რომ სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, ფაქტობრივად უცნობი ქალის, ამ ტიპის აღიარებას, მით უმეტეს – გათხოვილის, მინიმუმ, უნდა გავეოცებინე მაინც – მე ხომ სრულიად უცხო ვიყავი მისთვის! წარმოიდგინეთ, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს „აღიარება“ „შებმის“ ერთგვარი ფორმა იქნებოდა.
– იმის თქმა გინდათ, რომ იმან „შეგაბათ“?
– ასეა. ქალებს – თქვენს მკითხველებს ვგულისხმობ, – საშინელი წარმოდგენა შეექმნებათ ჩემზე.
– თქვენ ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოდ?
– ალბათ არა, მაგრამ, ძირითადად, ქალები გადმოდიან შეტევაზე, მამაკაცები კი ვნებდებით. მეც დავნებდი. გული თითქოს გამიდნა და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ვერ გავუმკლავდი; უარი ვერ ვუთხარი საკუთარ თავს, რომელიც დანებებას მთხოვდა.
– ამით იმას ამტკიცებთ, რომ მამაკაცები უნებისყოფო არსებები არიან.
– ვუყურებდი მის ძალიან სექსუალურ, გრაციოზულ მოძრაობებს და ჩემს წარმოდგენაში ეროტიკული სურათები იხატებოდა. ფიქრებში უკვე გავხადე კიდეც... წარმოვიდგინე, როგორი ვნებიანი ღამე გვექნებოდა. ალერსი დავუწყე. ყველაფერში მომყვებოდა და, უცებ, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს: ჩემმა მეხსიერებამ ამოატივტივა ვნებიანი ღამე ჩემს საკუთარ ცოლთან. ისე ცხადად დავინახე მისი სიყვარულით ანთებული თვალები, ლამის გული გამიჩერდა და იქ დამთავრდა ყველაფერი – აღარ გამომივიდა ღალატი.
– თქვენ ახლა სიმართლეს ამბობთ?
– ტყუილი რაში მჭირდება? სურვილი იმ ქალის მიმართ ისევ მქონდა, მაგრამ, ინსტინქტებს უკვე გონებამ აჯობა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს კაცისთვის ასეთი სიტუაცია? უხერხულობას ვერ დავარქმევ იმას, რაც ვიგრძენი. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ამ ქალისთვის, მიბნედილი თვალებით რომ მიყურებდა. საერთოდაც, რა უნდა გამეკეთებინა? ბოლოს დიდი სისულელე ვთქვი: მაპატიე, ძალიან მაგარი ქალი ხარ, მაგრამ, მე ცოლი მყავს-მეთქი. შენ ყოჩაღო! – მითხრა, – მაგრამ, რაღაც სწორად ვერ გაიგე – მე მარტო ერთი ღამის ურთიერთობა მინდოდა და სექსი, ყოველგვარი გაგრძელებების გარეშე. მაგრამ, რადგან კომპლექსები გაქვს და ვერ ერევი ამ კომპლექსებს, ეს უკვე შენი პრობლემაა. ჩამოუყალიბებელი და დაკომპლექსებული ჩემი ქმარიც მეყოფა. რა საცოდავი არსებები ხართ ეს კაცები. ვნანობ, რომ შენზე დრო დავკარგეო. თავი უკანასკნელ იდიოტად ვიგრძენი. კიდევ რამდენიმე წუთი არ გავიდა ჩემი ნომრიდან და ისე მიყურებდა, როგორც არარაობას. მისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ვიდრე ჩემთვის – ის უკვე მზად იყო ღალატისთვის. პრინციპში, ეს მისი საქმეა და რა მეთქმის, ყველამ საკუთარ საქციელზე უნდა ვაგოთ პასუხი. ალბათ, მეც უნდა ვაგო. მინდა, ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობა რადიკალურად შევცვალო, მაგრამ, ამისთვის გულახდილი საუბარია საჭირო, რისიც ძალიან მეშინია. თუ ამ ყველაფერს მოვუყვები, დარწმუნებული ვარ, ვერ გამიგებს. ადამიანები, მით უმეტეს – ქალები, ტყუილს უფრო მარტივად იჯერებენ ხოლმე.
– იქნებ ცდებით? იქნებ გაგიგოთ? თუ გიყვარს, ღალატსაც პატიობ.
– არა, მე პატიება ისე არ მინდა, როგორც ის, რომ დავაჯერო – მისთვის არ მიღალატია. თუმცა, შეიძლება თქვათ, რომ, სურვილი ღალატისა – უკვე ღალატია. ერთი სიტყვით, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.