ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მეუღლესთან ვიმყოფები არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, ჯვარი გვაქვს დაწერილი, გვყავს საერთო შვილიც. რამდენიმე თვის წინ დავშორდით, მაგრამ, თანაცხოვრების პერიოდში ერთად გვაქვს შეძენილი ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რომელიც ჩემი ყოფილი მეუღლის სახელზეა. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება ჩვენ შორის წარმოშობილი ქონებრივი დავა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს იმ იურიდიულ შედეგებს, რომელიც დაკავშირებულია მეუღლეთა თანასაკუთრებასთან. შესაბამისად, თუ სხვა მტკიცებულებებით ვერ დადასტურდება, რომ შეძენილ ქონებაში თქვენც გაქვთ წილობრივი საკუთრების უფლება და მონაწილეობა გაქვთ მიღებული მის შეძენაში, ქორწინებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგი არ წარმოიშობა, ანუ აღნიშნული ქონება ვერ იქნება განხილული როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება და თქვენ არ გაქვთ მასზე უფლება.
კითხვა: საქმიანობის პროცესში შემხვდა ტერმინი „იდეალური მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი“. ჩემთვის ცნობილია იურიდიული პირი ზოგადად, მაგრამ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს იდეალური მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ იდეალური მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ეწოდება ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს, რომლის ქონება, მათ შორის – მოგება, არ შეიძლება, განაწილდეს მის წევრთა შორის.
კითხვა: ხშირად გვესმის ტერმინი „ოფშორული ზონა,“ რომელიც ჩემში განსხვავებულ ასოციაციას, გარკვეულ უნდობლობას იწვევს და ყოველთვის მგონია, რომ ის რაღაც ფინანსურ დანაშაულებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ განმიმარტოთ, ზოგადად, რას ნიშნავს „ოფშორული ზონა“?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოფშორული ზონა, ზოგადად, არის სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორებისა თუ აქციონერების კონფიდენციალობა.
კითხვა: მაინტერესებს, ზოგადად, შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნეს კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე მტკიცებულებად ტელევიზიით ადამიანის მიერ აზრის გამოხატვა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, აზრი – ეს არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი; აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. შესაბამისად, აზრის გამოხატვა მტკიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, ტელევიზიით გამოხატული აზრი გადამოწმდეს და შესწავლილ იქნეს.
კითხვა: მაინტერესებს ტელევიზიით გასული რომელი სიუჟეტი, რეკლამა თუ გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ და, კონკრეტულად აქვთ თუ არა უფლება ტელევიზიებს, გადმოსცენ ტელეეთერში სიუჟეტები, რომლებიც ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აკრძალულია ტელევიზიით უხამსობის ჩვენება. უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. უფრო კონკრეტულად, კანონით იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ასევე, იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
კითხვა: თანამედროვე პერიოდში ცნობილია, რომ ტელევიზიის საშუალებით შესაძლებელია საზოგადოებაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენის მოხდენა. მაინტერესებს, რეგულირდება თუ არა ეს საკითხი კანონით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია კანონით. კერძოდ, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელებს, აგრეთვე, საზოგადოებრივ და სათემო მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია, ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით, დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად, გადასცეს ინფორმაცია, ან, მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სად მდებარეობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, რამდენი წევრისგან შედგება ის და იცვლებიან თუ არა ყოველწლიურად კომისიის წევრები?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი ¹42.
რაც შეეხება წევრებს, მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისაგან. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის სამი თანამშრომელი, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი; საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა თითო წარმომადგენელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი; არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მუდმივმოქმედი კომისიის ის წევრები, რომლებიც მუდმივმოქმედ კომისიაში წარმოდგენილნი არიან საქართველოს პარლამენტის, საკოორდინაციო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ექვემდებარებიან როტაციის წესით შეცვლას წელიწადში ერთხელ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებამოსილებით სარგებლობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია:
განიხილოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშები სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებათა შესახებ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; გამოითხოვოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული მასალები; ასევე, განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.