ინტიმური საუბრები
ქმართან გაყრის შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ
სულ ახლახან ქმარს გავშორდი – ღალატი დამაბრალა. სინამდვილეში კი სულ სხვანაირად იყო საქმე. რაც გავთხოვდი, თანაკლასელი ბიჭებიც კი ამოვშალე მეგობრების სიიდან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეჭვიანი ქმარი მყავდა, მაგრამ, ვიცოდი, არ სიამოვნებდა, როცა ვინმე მამაკაცი მირეკავდა (თუნდაც სამსახურიდან, საქმესთან დაკავშირებით) ან მე ვურეკავდი. ვფიქრობდი, არ გავაღიზიანო-მეთქი და ასე ნელ-ნელა ჩამოვშორდი ყველას. სამსახურში ყველა კაცთან ცივი და ოფიციალური ურთიერთობა მქონდა. ძალიან კარგი კოლექტივი იყო, კაცებიც და ქალებიც ოჯახებით მეგობრობდნენ ერთმანეთთან, ექსკურსიებზე დადიოდნენ, რესტორნებში ან სახლში პატიჟებდნენ ერთმანეთს, მარტო მე ვიყავი მათგან გარიყული. ჩემი ქმარი არც არსად მომყვებოდა, არც მარტოს მიშვებდა და არც სახლში მაპატიჟებინებდა ვინმეს. ერთი-ორი დაქალი მყავდა – ბავშვობის მეგობრები და მხოლოდ მათთან მქონდა წასვლის უფლება, ისიც, გარკვეული დროით და მხოლოდ მათი მოსვლით არ ღიზიანდებოდა. თვითონ მთელი დღე გასული იყო სახლიდან, ხშირად შუაღამისას ან გამთენიისას ბრუნდებოდა ღიღინით, კარგ ხასიათზე. ასეთ მომენტებში ვხვდებოდი ხოლმე, რომ სხვა ქალთან იყო, მაგრამ, ვერაფერს ვეუბნებოდი – მეშინოდა, ყვირილი და გინება არ დაეწყო და თავი არ მომჭროდა მეზობლებში. მაგრამ, ძალიან რომ „გაგულავდა“, მაშინ კი ვუთხარი – ვიცი, რომ ყოველ ნაბიჯზე მღალატობ; მე აღარ გაინტერესებ აღარც როგორც ქალი და აღარც როგორც პიროვნება. ამიტომ, ხომ არ ჯობია, გავეყაროთ-მეთქი. ეტყობა, არ მოელოდა ჩემგან ასეთ სითამამეს, რადგან, ძალიან გაუკვირდა, მერე კი ყველაფერი უარყო. რამდენიმე ხანს თითქოს თავს იკავებდა, მაგრამ, მალე ისევ ძველებურად განაგრძო ცხოვრება, მე კი მარტო ვიჯექი სახლში, ველოდი მის მოსვლას და თან იმას ვფიქრობდი, ვისთან მიღალატა იმ დღეს ან როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩემი ასეთი ყოფა. აშკარად ვგრძნობდი, რომ საერთოდ აღარ ვაინტერესებდი. ძალიან ჩავიკეტე საკუთარ თავში, საშინლად დავკომპლექსდი. ჩემს დაქალებთან ურთიერთობაც კი აღარ მეხალისებოდა. ამ მარტოობამ კომპიუტერს მიმაჯაჭვა. იქ გავიცანი ვიღაც კაცი, სახელად ალექსანდრე, ჩემზე ბევრად უფროსი და ნელ-ნელა დავმეგობრდით. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცოდით, სურათებითაც კი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი, მაგრამ, ეს სულაც არ გვიშლიდა ხელს გულითად მეგობრობაში. ის თავის ამბებს მიყვებოდა, მე ჩემი გასაჭირი ვუამბე და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით და ვანუგეშებდით. ახლა აღარ მიჭირდა მარტოობა, აღარც ჩემი მოღალატე ქმრის ვოიაჟები მადარდებდა. ახალმა, თუნდაც ვირტუალურმა ურთიერთობამ სხვა მამაკაცთან აშკარად შემცვალა – აღარ ვიყავი ისეთი დათრგუნული და სევდიანი; აღარ შევციცინებდი თვალებში კაცს, რომელმაც, პრაქტიკულად, უარმყო; რომლის „ნაშები“ თუ „კეთილისმსურველები“ ყოველდღე მირეკავდნენ და მატყობინებდნენ, ვისთან მღალატობდა, ვისთვის რა ძვირფას საჩუქრებს ყიდულობდა, რომელ ქვეყანაში უშვებდა სამოგზაუროდ... მოკლედ, აშკარად შევიცვალე – დავმშვიდდი და გავძლიერდი იმ თვალსაზრისით, რომ მეც მყავდა ახლობელი ადამიანი, რომლისთვისაც შემეძლო, გული გადამეშალა, რჩევა მეკითხა ნებისმიერ საკითხზე და ამის არ შემრცხვენოდა. ბოლო ხანებში საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას იმას, თუ როგორ ხასიათზე ბრუნდებოდა სახლში ვაჟბატონი. სადილ-ვახშამს, დალაგებულ სახლს და სუფთა ტანსაცმელს ძველებურად ვახვედრებდი, მაგრამ, აღარც არაფერს ვეკითხებოდი და აღარც ეჭვიანობას გამოვხატავდი – მე უკვე ჩემი სამყარო მქონდა, რომელსაც თავი შევაფარე და რომელში ყოფნაც ძალიან მსიამოვნებდა.
ერთ დღეს კი ჩემმა ქმარმა ეჭვი აიღო, რომ მე საყვარელი გავიჩინე (იგრძნო, რომ მისი ნივთი აღარ ვიყავი) და გადაწყვიტა, დაედგინა მისი ვინაობა და მერე გაეცა ჩემთვის საკადრისი პასუხი. ბევრი ქექვისა და ძებნის შემდეგ მიაგნო ჩემს ვირტუალურ მეგობარს და, იმას ხომ შავი დღე აყარა, არც მე დამაკლო ლანძღვა-გინება, ხელითაც კი შემეხო, მერე კი გაყრაზე შეიტანა განცხადება, რომელშიც მიზეზად ცოლის ღალატი ჩაწერა. ჩვენი გაშორების შემდეგ კი ის ქალი შეირთო ცოლად, მის ყველა მეგობარს (და ძმებსაც კი), რომ ეწვა ლოგინში.
სიმართლე გითხრათ, ასეთი თავისუფალი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ვირტუალური მეგობარი ისევ მყავს. გათხოვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, საყვარელზე – მით უმეტეს. ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
ლანა, 38 წლის.
მირჩევნია, მოღალატე და მზრუნველი ქმარი მყავდეს
თქვენი ჟურნალის წინა ნომრებში წავიკითხე წერილი ძუნწი კაცის შესახებ, მაგრამ, სულ არ გამკვირვებია – უარესი ძუნწი სახლში მყავს. ალბათ, მიხვდით – ქმარს ვგულისხმობ. მისი სიძუნწის ამბავი მარტო ჩვენ ვიცით, ოჯახის წევრებმა, რადგან, როგორც კი სახლიდან გაადგამს ფეხს, გობსეკიდან კნიაზ ფანტიაშვილად გარდაიქმნება ხოლმე. მისი სიძუნწის შესახებ ახლა პირველად ვამბობ ხმამაღლა, თანაც, სახელებს ვცვლი (ყოველი შემთხვევისთვის) – რა ვიცი, ვინმემ არ ამოიცნოს და სახელი არ გავუტეხო ბიჭს. მის მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს – ვისაც არ უნდა ვუთხრა, არ დაიჯერებს, რომ ჩემი ქმარი ყოველ კაპიკს დაჰკანკალებს, ხურდებსაც კი ითვლის და საშინლად განიცდის, როცა თანხა მცირდება. სხვებთან ხომ გადაჭარბებით ხელგაშლილია, მაგრამ, სახლში რომ მოდის, ნანობს – რატომ დავხარჯეო, თუმცა, მეორე დღეს იგივე მეორდება. საკუთარი თავისთვის რომ რამე იყიდოს, იმაშიც კი ენანება ფული, არადა, შეუძლია, მთელი დღე იზუილოს, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ მაქვსო. მე არ ვმუშაობ, დიასახლისი ვარ, ჩვენი ქალიშვილი კი კარგ თანამდებობაზე მუშაობს, ხელფასიც მაღალი აქვს და ის გვარჩენს. უყიდა მამამისს ძვირფასი ფეხსაცმელი და ქურთუკი, მაგრამ მეორე დღესვე გააჩუქა – ერთი ძმისშვილს აჩუქა, მეორე – ძმაკაცს, თვითონ ისევ ისე დარჩა და ისევ ზუილი დაიწყო – ჩაუცმელი ვარო. ჩემი გოგო გაბრაზდა და აღარ ყიდულობს მისთვის აღარაფერს – სხვებისთვის კი არ ვიდგამ წელებზე ფეხსო და მართალიც არის.
მე რა შემოსავალი მაქვს და, ხანდახან (რაც არც ისე იშვიათად ხდება), ფული რომ შემოაკლდება, შვილს სთხოვს ხოლმე ხან ას ლარს, ხან ორასს და ეუბნება, ხელფასზე დაგიბრუნებო, მაგრამ, როგორც თქვენთვის არ დაუბრუნებია არასდროს, ისე თავისი შვილისთვის. სამაგიერროდ, თუ ისე მოხდა, რომ ხუთი ლარი გამოვართვი ორი დღით, იმ ორი დღის განმავლობაში ტვინს წამჭამს – როდის დამიბრუნებო.
ამას წინათ ჩემი გოგო მივლინებაში იყო წასული. ჩემს ქმარს ძმაკაცმა დაურეკა, ხომ არსად გადიხარ, შენთან გამოსვლა გვინდაო. სახლში არაფერი გვქონდა მომზადებული. მითხრა, რამე კარგი სადილი გააკეთე, ბიჭები უნდა მოვიდნენო. ერთი თეთრიც კი არ მაქვს, ნისიად კი ვერაფერს გამოვართმევ-მეთქი, – ვუთხარი. გამომიტანა 50 ლარი და მეუბნება: ხორცი და ქათამი იყიდე თავისი რამე-რუმეებით, მაგრამ, თეონა რომ ჩამოვა, უნდა გამოართვა და დამიბრუნოო. თავისი ძმაკაცებისთვის უნდოდა პურმარილი, საყიდლადაც მე გამგზავნა, არც გაკეთებაში მომეხმარა და ფულიც უკან მოითხოვა (სხვათა შორის, დაიბრუნა კიდეც).
ხომ ასეთი დამწვარია, აბა, უთხარი, ძუნწი ხარო – შეიძლება, თავზე გადაგალეწოს ყველაფერი: ეგ როგორ მაკადრე, თქვენ ვერაფერს დაგანახვებთ კაცი, უმადურები ხართ, კისერზე მაწევხართ და სისხლს მწოვთო. ამიტომ, არაფერს აღარ ვეუბნები და ჩუმად ვზიდავ ჩემს ჯვარს. შვილი მეცოდება ამის ხელში, თორემ, მე ყველაფერს შევეგუე. სხვათა შორის, მეორე შვილიც იმიტომ არ გამაჩენინა, რომ ორ შვილს ორმაგი ხარჯები დასჭირდებაო.
ისე გავატარეთ ერთად ამდენი წელი, იის კონაც კი არასდროს უყიდია ჩემთვის, ჩაცმა-დახურვასა და სხვა ფუფუნებაზე აღარაფერს ვამბობ. ერთი დადებითი ის აქვს, რომ მექალთანე არ არის და არასდროს შევუწუხებივარ მისი „გულაობით“ ქალებში (ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგია). ერთი მეგობარი მყავს – მარიკა. ბავშვობიდან ვდაქალობთ და ის სულ შემომნატრის ხოლმე – ნეტავი ჩემი ქმარიც ეგეთი იყოსო (მარტო იმან იცის ამ ჩემი „ვაჟკაცის“ ხელმოჭერილობის ამბავი). მარიკას ქმარი ჩემი ქმრის აბსოლუტური ანტიპოდია: მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მართლა ძალიან უყვარს, მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ ქალებში არ გაიფარცქვალოს, მაგრამ, სამაგიეროდ, ცოლ-შვილს ჩიტის რძეს არ აკლებს. გარდა იმისა, რომ მარიკასნაირი ჩაცმული ქალი იშვიათად მინახავს, სახლში დედოფალივით უზის – დამლაგებელი ცალკე დადის, მზარეული – ცალკე, პლუს, მძღოლიანი მანქანა მუდმივად სახლის წინ ელოდება.
არ მირჩევნია, მიღალატოს და, პარალელურად, ქალობა მაგრძნობინოს?!
ქეთი, 44 წლის.