რამდენ მილიარდ დოლარად არის შეფასებული ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების დიდი მოყვარულია და არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მისი კოლექცია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კოლექციონირებით ივანიშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა და რუსეთის მოქალაქედ ყოფნის პერიოდში იგი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ უმსხვილეს კოლექციონერად ითვლებოდა რუსეთში მილიარდერებთან – რომან აბრამოვიჩთან და ვიქტორ ვექსელბერგთან ერთად. საინტერესო იქნება, თვალი გადავავლოთ ივანიშვილის კოლექციას, რომელიც ძირითადად ლონდონში ინახება, ხოლო პრემიერ-მინისტრის თბილისურ ბიზნესცენტრში, რომელიც ცნობილი იაპონელი არქიტექტორის – შინ ტაკამაცუს პროექტით არის აგებული, მხოლოდ ასლებია წარმოდგენილი.
ივანიშვილის კოლექციიდან ყველაზე ძვირად ღირებულ ექსპონატად ითვლება სახელგანთქმული პაბლო პიკასოს ტილო – „დორა მაარი კატასთან ერთად“, რომელიც 1941 წელს შეიქმნა ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მასზე გამოსახულია პიკასოს მუზა და საყვარელი – 29 წლის ფრანგი ფოტოგრაფი და პოეტი დორა მაარი. ეს ნახატი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილოების ტოპ-ათეულში ფიგურირებს და 2006 წელს ბიძინა ივანიშვილს მისი შეძენა „სოთბის” აუქციონზე 95,2 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის „ინტერიერი წითელი კედლით” 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს „სოთბის” აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ ნახატის ასლი ივანიშვილის ბიზნესცენტრს ამშვენებს, თავად ორიგინალი კი ლონდონში ინახება.
თანამედროვე ამერიკელი მხატვრის (ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავის – ჩიჩოლინას ექსმეუღლის) – ჯეფ კუნსის ტილო, ბიზნესცენტრის შეხვედრების ოთახს ამშვენებს. კუნსი თანამედროვე მხატვრებიდან ყველაზე ძვირად ღირებული ტილოებისა და ქანდაკებების ერთ-ერთ ავტორად არის ცნობილი. მასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის კოლექციას ამშვენებს შოტლანდიელი მხატვრის, მაგიური რეალიზმის ჟანრში მომუშავე პიტერ დოიგის „თეთრი კანოე”, რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს „სოთბის” აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ფავორიტ მხატვართა შორისაა ბრიტანელი დემიენ ჰირსტიც, რომლის ნეო-პოპ-არტის სტილში შესრულებული ტილო – „LSD” – პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის კედელს ამშვენებს.
ბიძინა ივანიშვილის ძვირად ღირებული კოლექციის კიდევ ერთი მშვენება ავსტრიელი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ავსტრიული ექსპრესიონიზმის აღიარებული ოსტატისა და გუსტავ კლიმტის მოსწავლის – ეგონ შილეს ნამუშევრებია, მათ შორისაა 1915 წელს დახატული „მარტოხელა სახლები,” რომლის ფასი 40 მილიონ დოლარად განისაზღვრება. ბიძინა ივანიშვილი ეგონ შილეს შემოქმედების დიდ თაყვანისმცემლად ითვლება.
ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი მხატვარია ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი, ბრიტანელი ფერმწერი ლუსიან ფროიდი. 2011 წელს გარდაცვლილი ფროიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ავტორად ითვლებოდა. პრემიერ-მინისტრის კოლექციაში ფროიდის „ელი და დავიდი” ინახება.
ჩამოთვლილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების გარდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახება, ასევე, ფრიდა კალოს, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და სხვათა ნამუშევრები. უცნობია, აქვს თუ არა ივანიშვილს მისი კიდევ ერთი საყვარელი მხატვრის – ვილემ დე კუნინგის რომელიმე ნამუშევარი. ფერწერულ ტილოებთან ერთად, ბატონი ბიძინას გატაცებად ითვლება თანამედროვე მოქანდაკეების ნამუშევრების კოლექციონირებაც, რომელთა შორისაა: ანიშ კაპურის, ზაჰა ჰადიდის, ჰენრი მურისა და რობერტ ინდიანას ნამუშევრები. აღსანიშნავია, ასევე, ბრიტანელი ავანგარდისტი მხატვრების – გილბერტისა და ჯორჯის ნამუშევარი, რომლის სლოგანი შემდეგნაირად ითარგმნება: „უთხარი „არა!“ მდიდარ ნაბიჭვრებს” (Say Fuck Off to Rich Bastards). ეს ნამუშევარიც ბიძინა ივანიშვილის კოლექციის ნაწილია.