კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს საფოსტო მტრედებთან დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს და ბრიტანეთის წყლების რომელი ბინადრები ჰყავს მას

1952 წლის 6 თებერვალს, ანუ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, დიდი ბრიტანეთის ტახტზე ავიდა დედოფალი ელიზაბეთ მეორე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მონარქად ითვლება დღემდე. დედოფლის პირადი ცხოვრება მუდამ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში და ამიტომ გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დედოფალზე.

* მონარქად კურთხევის დღიდან, დედოფალ ელიზაბეთ მეორეს  კორგის ჯიშის 30-მდე ძაღლი ჰყავდა. კორგის ჯიშის პირველი ძაღლი, მეტსახელად „სიუზენი“ მას 18 წლის იუბილეზე, 1944 წელს აჩუქეს, კორგის ჯიშის დანარჩენი ძაღლები კი სიუზენის შთამომავლები იყვნენ. რამდენიმე ხნის წინ დედოფალს ხუთი კორგი ჰყავდა: ემა, ლინეტი, მონტი, ჰოლი და უილოუ. მათი ნახვა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალისთვის გადაღებულ ვიდეორგოლში იყო შესაძლებელი, თუმცა, გასულ წელს ერთ-ერთი მათგანი, მეტსახელად „მონტი“ მოკვდა. დედოფალს, ასევე, გამოყვანილი ჰყავს ძაღლის ახალი ჯიში, რომელსაც „დორგი“ უწოდა. ახალ ჯიშს სათავე დაუდო კორგის ჯიშის ძაღლმა, რომელიც დედოფალ მარგრეტის ტაქსასთან, მეტსახელად „პიპკინთან“ შეაჯვარეს. ამჟამად დედოფალ ელიზაბეთს დორგის ჯიშის ოთხი ძაღლი ჰყავს: საიდერი, ბერი, კენდი და ვულკანი.

* კორგისა და დორგის გარდა, ელიზაბეთ მეორე დაკავებულია ლაბრადორისა და კოკერ-სპანიელის ჯიშის ძაღლების მოშენებითა და გაწვრთნით.  არსებობს სანდრინჰემის შავი ლაბრადორების სპეციალური ჯიში, რომელიც 1911 წელს სამეფო ოჯახისთვის მოაშენეს. ბრიტანეთის დედოფალს, ასევე, უყვარს ცხენები და დოღი. პირველი პონი მან საჩუქრად ბაბუისგან, მეფე გეორგ მეხუთისგან, 4 წლის ასაკში მიიღო, ეს იყო შოტლანდიური პონი, მეტსახელად „პეგი“. სანდრინჰემის, ბალმორალისა და უინძორის რეზიდენციებში ყოფნის პერიოდში დედოფალი ცხენზე სეირნობს.

* ძაღლების მოშენებასთან ერთად, დედოფალი ცხენების მოშენებითაც არის დაკავებული. სამეფო საჯინიბოში მოშენებულმა ცხენებმა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ბრიტანეთის აბსოლუტურად ყველა ტურნირში გაიმარჯვეს. 25 სამეფო ჯიშის ცხენი  ყოველ სეზონზე მზად არის დოღისთვის, ხოლო სამეფო ჟოკეები მუდამ განსხვავდებიან თავისი აღკაზმულობით.

* დედოფალი ელიზაბეთ მეორე განაგრძობს სამეფო ტრადიციას, რომელიც საფოსტო მტრედების მოშენებას ეხება. ამ ტრადიციას 1896 წელს დაუდო სათავე ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ, როცა მან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რამდენიმე გაწვრთნილი მტრედი აჩუქა. 1990 წელს დედოფლის ფავორიტმა მტრედმა სანდრინჰემში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საფოსტო მტრედებს შორის გამარჯვება მოიპოვა და მას „სანდრინჰემის ელვა” უწოდეს. დედოფალი მტრედების დიდი მოყვარულია და ის სპორტული მტრედების სამეფო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტია.

* დედოფლის ჯვრისწერა 1947 წლის 20 ნოემბერს ვესტმინსტერის სააბატოში შედგა. დედოფლის საქორწილო კაბა სერ ნორმან ჰარტნელის ესკიზის მიხედვით კომპანია „უინტერტურ სილქს ლიმიტედმა” კენმორის სამკერვალო ფაბრიკაში შეკერა. კაბის შეკერვისას გამოყენებული იყო ჩინური აბრეშუმი, რომელიც ლალინგსთოუნის სასახლის მეაბრეშუმეობის ფერმაში იყო მოყვანილი.  

* სხვადასხვა წლებში დედოფლის პირადი მკერავები იყვნენ: სერ ჰარდი ემისი, სერ ნორმან ჰარტნელი, კარლ-ლუდვიგ კუტიური და მორინ როუზი. დედოფლის ქუდების შექმნაზე ფრედერიკ ფოქსი, ფილიპ სომერვოლი და მერი ორიგამი იყვნენ დაკავებულნი. დედოფლის ჯვრისწერის ბეჭედი უელსში, დოლგელალუსთან, წმიდა დავითის მთასთან მდებარე ოქროს საბადოზე ნაპოვნი ზოდისგან დამზადდა, ხოლო საქორწილო ტორტი საკონდიტრო კომპანია „მაკ-ვიტი ენდ ფრაის ლიმიტედმა” ავსტრალიიდან გამოგზავნილი პროდუქტებისგან გამოაცხო.

* დედოფალი ელიზაბეთი ფლობს საიუველირო ნაწარმის დიდ კოლექციას. ამ კოლექციის დიდ ნაწილს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული სამეფო რეგალიები (გვირგვინი, სკიპტრა), დანარჩენი კი მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი დედოფალმა მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიიღო. დედოფლის კოლექციიდან აღნიშვნის ღირსია ავსტრალიური აკაციის ფორმის ბრილიანტის გულსაკიდი, რომელიც მას ავსტრალიის მთავრობამ აჩუქა 1954 წელს; ასევე, ბრაზილიის ელჩის მიერ ნაჩუქარი მსხვილი აკვამარინისა და ბრილიანტის თვლებით მორთული ყელსაბამი. 

* თავისი მეფობის ყოველ წელს დედოფალი გვირგვინით ამკობს სენოტაფს – ობელისკს ლონდონში, უაითჰოლის ქუჩაზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიეძღვნა. გამონაკლისია მხოლოდ 1959, 1961, 1963, 1968, 1983 და 1999 წლები – ამ პერიოდში დედოფალი ან ფეხმძიმედ იყო, ან უცხოეთში იმყოფებოდა.

* დედოფალმა 1997 წელს პირადად გახსნა ბუკინგემის სასახლის ოფიციალური ვებ-გვერდი ინტერნეტში. 1998 წლიდან კი დანერგა ეგრეთ წოდებული „თემატური დღეები” ბრიტანული კულტურის სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციის მიზნით. პირველი იყო „სიტის დღე”, რომელიც ბრიტანეთის ფინანსურ ინსტიტუტებს მიეძღვნა; ასევე,  სხვადასხვა დროს აღინიშნა: საგამომცემლო სახლების, ტელე და რადიომაუწყებლობის, ტურიზმის, მუსიკის, ახალგაზრდა თაობისა და სხვა დღეები.

* 2002 წლის ივნისში დედოფლის ტახტზე ასვლიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა და ბუკინგემის სასახლის ბაღში პირველად გაიმართა საზოგადოებრივი კონცერტები. დედოფალი დაესწრო კლასიკური მუსიკის კონცერტს, ასევე, ესტუმრა პოპ-კონცერტს „წვეულება სასახლეში”. ამ კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 200 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

* დედოფალი ელიზაბეთ მეორე სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელმაც ხმის ჩამწერი სტუდიისგან „ოქროს დისკი” მიიღო. კონცერტის ჩანაწერით („წვეულება სასახლეში”) 100 ათასი კომპაქტ-დისკი გამოსვლიდან პირველივე დღეს 100-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. 2004 წელს დედოფალმა ბუკინგემის სასახლეში „სუფთა ქალური ღონისძიება” მოაწყო – კონკურს „წარმატებული ქალის” დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

* მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახალგაზრდა ელიზაბეთი მონაწილეობას იღებდა საშობაო წარმოდგენებში ბავშვებისთვის. 1941 წელს მან „კონკიაში” პრინცი ფლორიზელის როლი შეასრულა. მსგავსი თეატრალური დადგმები უინძორის სასახლის ვატერლოოს დარბაზში ხორციელდებოდა.

* 2005 წელს დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ მდინარე ტემზაზე მობინადრე 88 გედზე თავისი უფლებები გამოაქვეყნა. გედებს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი უვლის და ეს ტრადიცია მეთორმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ფორმალურად, დედოფლის საკუთრებას დღემდე წარმოადგენენ ბრიტანეთის წყლებში ბინადარი დელფინები, ვეშაპები და ზუთხები. 

скачать dle 11.3