რისთვის არ სჭირდება მაკა ძაგანიას ოჯახში კაცი და ვინ აკონტროლებს მის ყველა ნაბიჯს
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟი – თინა, იგივე მაკა ძაგანია, გულახდილ რესპონდენტთა რიცხვს მიეკუთვნება. რეალურ ცხოვრებაში ის თინასგან რადიკალურად განსხვავდება, რომელიც არც სიმკაცრით გამოირჩევა და არც ფემინისტობით. ცხოვრობს დედასთან და 13 წლის შვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში კაცი არ ჰყავთ, არც ამის პრობლემას განიცდის. თინასგან განსხვავებით, მას თავადაც შეუძლია იმ საოჯახო საქმეების მოგვარება, რომელიც მამაკაცმა უნდა აკეთოს.
– დეკემბერში ძალიან გადატვირთული გრაფიკით უწევდა მთელ ჯგუფს მუშაობა. რთულია სერიალზე და ფილმზე ერთდროულად იმუშაო.
– დეკემბერში ისეთი საგიჟეთი გვქონდა, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით მდგომარეობიდან. სრული ქაოსი იყო. სერიალის გადაღებიდან ფილმის გადაღებაზე მივდიოდით, ფილმიდან – სერიალის და ასე. საოცარ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა.
– რთულია ამ რეჟიმში მუშაობა? ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა?
– როგორ არ უშლიდა, ფილმში იყო სცენები, სადაც აბსოლუტურად ყველა ვიყავით დაკავებული და ამის გამო ზოგჯერ სერიალის გადაღებას ვერ ვახერხებდით. ამ ყველაფრის დაგეგმვა და აწყობა ცალკე თემაა. ამიტომ, მინიმუმ 16-საათიანი გრაფიკით ვმუშაობდით, 18-იც გვიმუშავია. კატასტროფა იყო.
– ამ სერიალზე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობ, რამით თინას ხომ არ დაემსგავსე?
– ხანდახან ისეთ ტექსტს ვიტყვი, რომ ვხვდები, ეს ჩემი კი არა, თინასია. როცა წელიწადზე მეტი ერთსა და იმავე პერსონაჟის თამაში გიწევს, რაღაცით ემსგავსები კიდეც.
– საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი გაქვს. როგორია მაკა ძაგანიას ერთი ჩვეულებრივი დღე?
– დილა იმით იწყება, რომ აუცილებლად ყავას ვსვამ და სიგარეტს ვეწევი. ჩემი დღეები აბსოლუტურად სხვადასხვანაირია, ჩვეულებრივსა და ერთფეროვანს ვერ დავარქმევ. სახლიდან გავდივარ და გავდივარ. თუ გადაღება მაქვს, იქ მივდივარ, მერე ლექციებზე გავრბივარ, საღამოს სპექტაკლი და ასე შემდეგ. ყოფილა შემთხვევა, ყველაფერი ერთ დღეს დამთხვევია და საგიჟეთი მქონია. ამ ყველაფერთან ერთად, სახლის საქმეებიც ძალიან ბევრი მაქვს, რადგან მყავს შვილი. საჭმელი გასაკეთებელი, სახლი დასალაგებელი, გაკვეთილებიც ჩასაბარებელი, კომუნალურები გადასახდელი და ასე შემდეგ. ჩემთვის ყოველი დღე არაჩვეულებრივია. ერთხელ ვთქვი, როგორ მინდა, ერთი-ორი დღე საერთოდ არაფერი გავაკეთო, უბრალოდ, სახლში ვიყო ხალათში, ტახტიდან სავარძელში, სავარძლიდან საწოლში და ხელი არ გავანძრიო-მეთქი. მოულოდნელად ფურცლით თვალი გამოვითხარე და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა ვიოცნებო. სამი დღე ისე ვიწექი, საერთოდ ვერ ვდგებოდი და ვერ ვმეტყველებდი. საოცრება მჭირდა. ამის მერე აღარ ვამბობ, რომ დასვენება მინდა, მეშინია რამე ისეთი არ მოვიწიო.
– სტუდენტებს ქორეოგრაფიას ასწავლი. მკაცრი პედაგოგი ხარ?
– მკაცრი არ ვარ და ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ 18-19 წლისანი არიან, მაინც სჭირდებათ კონტროლქვეშ ყოფნა, რაც მე არ შემიძლია.
– შენი გმირი, თინა, ფემინისტია, რაც შენი რეალური პიროვნებისგან რადიკალურად განსხვავდება.
– ძალიან მომწონს თინა და სიამოვნებით ვიქნებოდი მისნაირი. თუმცა, არ გამომდის, რადგან ბევრი რამ ჩემს ხასიათში არ ზის.
– მართალია მას არ ჰგავხარ, მაგრამ არც ის არის სადავო, რომ „ჩემი ცოლის დაქალებმა” დიდი პოპულარობა მოგიტანა. დარწმუნებული ვარ მაყურებლის ყურადღებას გრძნობ.
– უცნობებისგან ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მოდის. ჯერ ისეთი არავინ შემხვედრია, რომ ეთქვა – ფუ, რას აკეთებთო. „ჩემი ცოლის დაქალები” ყველას ძალიან მოსწონს. ყველა ძალიან ბედნიერია ამით და იმდენად გადმომდებია ეს ემოცია, რომ შენც მათი სითბოთი ივსები. ამ ყველაფრისთვის კი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ფანტასტიკური ემოცია მოაქვთ, განსაკუთრებით ბავშვებს. სხვანაირად გხვდებიან, სხვანაირად გიყურებენ, ზოგს რცხვენია რამის თქმა, ზოგი პირიქით – გეხუტება, გეფერება. მართლა საოცარი შეგრძნებაა.
– შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ოჯახური საქმით ხარ დაკავებული. მათთვის მაინც თინასთან ასოცირდები და ვერ წარმოუდგენიათ, თუ სხვადასხვა კერძებს ამზადებ, რეცხავ, ალაგებ და ასე შემდეგ.
– ზრდასრულ ხალხსაც კი უკვირს. ჩემს შვილს ჰქონდა ახლახან დაბადების დღე და ტორტი გამოვუცხვე. რატომღაც ხალხი გაკვირვებული დარჩა, როგორ შენ ტორტს აკეთებო? მეც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ.
– კარგი დიასახლისი ხარ და სამზარეულოც გიყვარს?
– რომ გითხრა მიყვარს, ვგიჟდები და მის გარეშე ვერ გავძლებ-მეთქი, არა. თუ გამიკეთებენ ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებდი ყველაფერს, მაგრამ ვინ, აბა?
– მარტივია შენთან ურთიერთობა?
– ჩემი აზრით, იოლია. დამთმობი ხასიათი მაქვს და შემიძლია, ყველანაირად აგეწყო. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი ფარგლებში ჯდება. მირჩევნია, მე დავთმო რაღაცეები და სტაბილური ურთიერთობა შევინარჩუნო.
– პრინციპულობას რაც შეეხება?
– თუ რაღაცას გადავწყვეტ, ჩემს პოზიციას არ ვთმობ. მეუბნებიან კიდევ, რომ ძალიან ჯიუტი ხარო. პოზიციას იმ შემთხვევაში არ ვიცვლი, თუ 100%-იანი ვიცი, რომ ეს ასე უნდა იყოს. თუ „ნივთმტკიცებულებები“ არ მაქვს, მაშინ ძალიან დამთმობი ვარ და ადვილად შეიძლება, გადამიბირონ და დამიყოლიონ. ორ საპირისპირო რაღაცას ვამბობ და არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ვიტყუები. ვარ დამთმობიც და რაღაც მომენტში, პრინციპულიც.
– საპირისპირო სქესისთვის ადვილია შენი გულის მოგება?
– კი, ძალიან.
– რა არის ამისთვის საჭირო?
– ყურადღება და სითბო, ანუ ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. მხოლოდ საპირისპირო სქესის კი არა, ყველა შემთხვევაში ელემენტარულით ვარ კმაყოფილი. საერთოდ, ადამიანმა მაქსიმალური უნდა მოითხოვო, რომ მინიმალური მიიღო. მე კი მინიმალურითაც ბედნიერი ვარ ხოლმე.
– როცა პირველი ოჯახი ენგრევათ, მერე უკვე გაცილებით ფრთხილები ხდებიან, განსაკუთრებით ქალები და უფრო მეტ წინდახედულობას იჩენენ მეორე ოჯახის შექმნისას. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– ალბათ, ჩემს შემთხვევაშიც ასეა. წლინახევრის მყავდა ნუცი, მეუღლეს რომ გავშორდი. მას შემდეგ თერთმეტწელიწად-ნახევარი გავიდა. რადგან ამ წლების განმავლობაში არ გადავდგი ეს ნაბიჯი, ესე იგი იდენტური შიში მაქვს მეც. შეიძლება გაცნობიერებულად ან ქვეცნობიერად, მაგრამ ნამდვილად ასეა და ამას ვერ გავექცევი. თან, ადრეულ ასაკში მოხდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, მერე მამაჩემიც გარდაიცვალა და ოჯახში კაცი არ გვყავს. ფაქტობრივად, მე და დედაჩემი ვაკეთებთ ყველაფერს.
– ითავსებთ ყველა ფუნქციას.
– გაგიკვირდება და ასეა. ნელიკო რომ მეუბნება სერიალში, შტეფსელი გაფუჭდა და კაცი ხომ უნდა იყოს ოჯახში, გააკეთოსო, მე მაგისთვის კაცი არ მჭირდება. თავადაც შემიძლია შტეფსელისა და სხვა რაღაცეების შეკეთება.
– ხელმარჯვეც ყოფილხარ.
– სხვა რა გზა მაქვს. ამისთვის ხომ არ გავთხოვდები?
– როგორ ეგუება შენი შვილი იმ აზრს, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, მეორე ოჯახი შექმნა.
– ალბათ, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მე ოჯახი შევქმნა. დედისერთაა, თან 13 წლის – გარდატეხის ასაკი ეწყება. როცა კი მითქვამს, მეორე შვილი მინდა-მეთქი, ისე მიპროტესტებს, რომ ეს მისთვის არ არსებობს. მე მისი ვარ ბოლომდე. ისე მაკონტროლებს, ხანდახან მგონია, ფუნქციები გვაქვს შეცვლილი. თითქოს ის დედაა, მე კი – შვილი.