ვის გამო ჩამოაშორეს სცენას ნინო ანანიაშვილი და ვისზე იძია მან შური
„მსოფლიო ბალეტს საქართველო სამმა უდიდესმა ხელოვანმა გააცნო: ჯორჯ ბალანჩინმა, ვახტანგ ჭაბუკიანმა და ნინო ანანიაშვილმა,“ – ეს სიტყვები რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. ნინო 6 წლის იყო, როცა ყინულზე ფიგურული სრიალის შესასწავლად მიიყვანეს. ცნობილმა ბალერინამ და პედაგოგმა ალა დვალმა შეამჩნია გოგონას განსაკუთრებული მონაცემები და მშობლებს ურჩია, ბალეტზე, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შეეყვანათ. ასეც მოხდა. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ პატარა, გამხდარი, ნატიფი, ლამაზი გოგონა ნინო ანანიაშვილი ჯერ მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ყველა პრესტიჟული საბალეტო თეატრების სასურველი მოცეკვავე გახდა. დღეს მსოფლიოში განთქმული პრიმა-ბალერინას ცხოვრების დღიურებსა და ფოტო-ალბომს გაგაცნობთ. ნინოს მამა, ბატონი ვახტანგ ანანიაშვილი, შვილზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიას (აკინძულს 60 ტომად), ჟურნალს (800-ზე მეტ ეგზემპლარს), რამდენიმე ათას ღია ბარათსა და ფოტოსურათს ინახავს და უვლის უნიკალურ არქივს; აქვე ინახება 500-ზე მეტი ვიდეოკასეტა და DVD დისკი.
ვახტანგ ანანიაშვილი: გეოლოგი გახლავართ და ყოველ ზაფხულს ექსპედიციაში მიწევდა სიარული. ნინო 4 წლიდან თავის უფროს ძმებთან და ექსპედიციის 10-15 წევრთან ერთად, ძალიან რთულ მარშრუტებზე მოგვყვებოდა. სპორტული ბავშვი იყო, დაღლა არ იცოდა. ჩემთან ერთად მთელი საქართველო აქვს შემოვლილი. შემდგომში არაერთხელ უთქვამს: ექსპედიციებში სიარულმა მუხლები და კუნთები გამიმაგრა, რაც შემდეგ ბალეტში გამომადგაო. ექსპედიციებში მაშინაც დადიოდა, როცა უკვე დიდი თეატრის სოლისტი იყო. ნინომ არაერთხელ აზიარა გეოლოგიურ ცხოვრებას თავისი მეგობრები, მათ შორის – ილზე და ანდრის ლიეპები. ხშირად უხუმრია კიდეც: მე ყველაზე ცნობილი ბალერინა ვარ გეოლოგებს შორის და ყველაზე კარგი გეოლოგი – ბალერინებს შორისო.
არც ოჯახში და არც სანათესაოში ბალეტის მოცეკვავე არ გვყოლია. მე და ჩემი მეუღლე, ისევე, როგორც 40-50-იანი წლების თბილისის ახალგაზრდობა, ერთ დღეს ბალეტის დიდი გულშემატკივრები გავხდით. ჩვენი სიყვარული ბალეტისადმი იმაშიც ჩანდა, რომ ნინო ხშირად დაგვყავდა საბალეტო სპექტაკლებზე. ამ პერიოდში თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ცნობილი ქორეოგრაფი და შესანიშნავი პედაგოგი – გოგი ალექსიძე გახლდათ. ერთ დღეს, სპექტაკლის შემდეგ, ჯერ სახლში, შემდეგ კი ყინულზე შეეცადა, გაემეორებინა ყველა ის ილეთი, რამაც ასე განაცვიფრა წინა დღეს სცენაზე. სწორედ ეს შეამჩნია ბალეტის პედაგოგმა ალა დვალმა და გამოგვიცხადა: ნინო ბალეტისთვის არის დაბადებული და მისი ადგილი ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიაო. ასე გახდა ნინო ხსენებული სასწავლებლის მოსწავლე, სადაც მან 4 წელი გაატარა და ჩაირიცხა ბრწყინვალე პედაგოგის – თამარ ვიხოდცევას კლასში.
ნინოს თბილისში დარჩენა და სწავლის გაგრძელება არ ეწერა. მოსკოვიდან ჩამოსულმა კომისიამ გვირჩია, ნინო მოსკოვში წაგვეყვანა. ამ წინადადებამ უამრავი თავსატეხი გაგვიჩინა, რომელთა შორის მთავარი იყო 14 წლის გოგონას მარტო გაშვება უცხო ქალაქში და საერთო საცხოვრებელში ცხოვრება. ეს უკანასკნელი პრობლემა გადაულახავი ჩანდა, რომ არა ნინოს ბებიის, ჩემი სიდედრის (ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმის) მოულოდნელი განცხადება, რომ იგი ხვალვე გავა პენსიაზე და წაჰყვება ნინოს მანამ, სანამ... – და სიტყვები არ დაასრულა. ჩემი სიდედრი 11 წლის განმავლობაში თავს დასტრიალებდა ნინოს და, როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდა. თბილისში კი მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ნინო დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, ოთხგზის პრესტიჟული საერთაშორისო საბალეტო კონკურსების ოქროს მედლის მფლობელი და ნინო ანანიაშვილი-ვაშაძისა გახდა. აი, თურმე რას ნიშნავდა ჩემი სიდედრის ნათქვამი „მანამ-სანამ...“
ჩემი მომავალი სიძე, გია ვაშაძე, განათლებით იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იყო საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე. ნინომ და გიამ გაცნობიდან ჯვრისწერამდე სამი წელი იფიქრეს. ამას თავად ასე ხსნის: „მე მინდოდა, ჩემს მომავალ მეუღლეს ჩემთან ერთად ჩემი პროფესიაც შეჰყვარებოდა.” ნინომ ჩანაფიქრს რომ მიაღწია, იქიდანაც ჩანს, რომ, 1988 წელს, ჯვრისწერისთანავე გიამ მიატოვა სამსახური, გვერდზე გადადო დასაცავად გამზადებული დისერტაცია და, 20 წლის განმავლობაში, როგორც პროდიუსერი, გვერდში ედგა თავის მეუღლეს. ის იყო ნინოს უკლებლივ ყველა გასტროლის ორგანიზატორი და თანმხლები პირი. ევროპული ენების ცოდნა გიას უადვილებდა მთელ მსოფლიოში პრესტიჟული გასტროლების ორგანიზებას და კონტრაქტების მაღალ დონეზე გაფორმებას, რაც ხშირად ბევრ პრობლემას წარმოშობდა. მე მიმაჩნია, რომ ამ ქორწინებით ნინომ დაამტკიცა, რომ ის სულით და გულით ქართველია.
„მოქმედ ბალერინას აუცილებლად რაღაც უნდა სტკიოდეს“ – ეს მოარული ფრაზა ყველა მოცეკვავეს მოეხსენება, მაგრამ ტკივილიც არის და ტკივილიც. 1994 წელს თბილისში გასტროლების დროს, იმ ავად სახსენებელ ოღროჩოღრო იატაკზე, ჯერ ტატიანა ტერხოვამ (მარინის თეატრის პრიმა-ბალერინა), შემდეგ კი ნინომ, ფეხები დაიზიანეს. ნინოს ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა – მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა და საჭირო გახდა ამერიკის სპეციალურ კლინიკაში ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შემდეგ ნინო მთელი ერთი წლით ჩამოშორდა სცენას. საეჭვო გახდა არათუ ცეკვის გაგრძელება, არამედ, ჩვეულებრივი გადაადგილებაც კი. მაგრამ, ამჯერადაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ერთი წლის შემდეგ ნინო სცენას დაუბრუნდა. ნინომ გადაწყვიტა, „შური ეძია“ ოპერის იატაკზე და ძალისხმევა არ დაიშურა (ოპერის გენერალური დირექტორის, ბატონი ზურაბ ლომიძისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის, მიხეილ ჭკუასელის გვერდში დგომით) ქალაქ ბალტიმორიდან (ამერიკის შეერთებული შტატები) ჩამოეტანათ სპეციალური პანელური ტიპის ასაწყობი იატაკი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს სულ რამდენიმე თეატრის სცენას აქვს. ასეთი იატაკის მერე ჩვენი თეატრის ბალერინები სხვა ფიცარნაგს ვეღარ ეგუებიან. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ 2011 წელს ბაქოსა და ერევანში ჩვენი საბალეტო დასის გასტროლების დროს, ზემოხსენებული იატაკი თბილისიდან ჩაიტანეს.
რაც შეეხება დიდ თეატრში ნინოს კარიერას, არც იქ იყო მისი მოღვაწეობა ია- ვარდებით მოფენილი. 1986 წელს, ქალაქ ჯექსონში (ამერიკის შეერთებული შტატები), ბალეტის საერთაშორისო კონკურსზე, ნინოსა და ანდრის ლიეპას დუეტმა „გრან-პრი“ მოიპოვა (დღემდე განუმეორებელი ფაქტი), რის შემდეგაც ისინი ამერიკის დიდ ქალაქებში გასტროლების ჩასატრებლად მიიწვიეს. გასტროლების შემდეგ ანდრისმა ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა, რაც საბჭოთა კავშირის დროს ღალატად ითვლებოდა. მოსკოვში დაბრუნებული ნინო კი თანამონაწილედ ჩათვალეს და, პრაქტიკულად, ჩამოაშორეს სცენას. დიდი თეატრიდან ნინოს წამოსვლას თითქმის არაფერი აკლდა, რომ მთელი საბჭოთა კავშირი ეგრეთ წოდებული „პერესტროიკის“ ტალღამ მოიცვა. ძალიან მალე შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პასპორტის აღება და უცხოეთიდან ინდივიდუალურ მოწვევებზე კონტრაქტების დადება და მოკლე დროში ნინოს მოწვევებს ბოლო არ უჩანდა.