როგორ გაიარა ოთო ნემსაძემ უკრაინული „ვოისის“ შესარჩევი ტურები და რატომ გადაწყვიტა ამ პროექტში მონაწილეობა
ნიჭიერი მომღერალი ოთო ნემსაძე ამ ეტაპზე უკრაინის „ვოისში“ აპირებს მონაწილეობის მიღებას. რამდენიმე შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, ის ახლა ბრმა ქასთინგზე მიდის. იმედს ვიტოვებთ, რომ ოთო‚ თავისი ხმით, ნიჭითა და შესრულების მანერით, შეძლებს უკრაინელი ჟიურის მოხიბვლას.
ოთო ნემსაძე: უკრაინა ჩემთვის შინაური და თბილი ქვეყანაა. დღეს ჩვენთვის‚ ალბათ‚ ყველაზე მისაღებიც და ახლოც, თან‚ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ. დიდი მადლობა ჩვენს საელჩოს უკრაინაში, რომ მომცეს საშუალება, რამდენჯერმე ჩავსულიყავი უკრაინაში და კარგად გავცნობოდი ამ ქვეყანას. ასე რომ‚ ხშირად მიწევს უკრაინაში, კერძოდ, კიევში წასვლა. რაც შეეხება უკრაინის „ვოისს“; უკრაინაში ჩვენი სათვისტომოს პრეზიდენტის, ბესო შამუგიას რჩევა იყო, რომ გამოვსულიყავი. მივედი ქასთინგებზე, შესარჩევი ტურები გავიარე. თუმცა‚ თავიდან არ ვიცოდი‚ როგორი იყო კონკურსის სპეციფიკა. პირველ ტურში რომ გავედი, შემდეგ ორი ტური აღარ გამატარეს, გამომიშვეს, შენი აქ ყოფნა აღარ არის საჭიროო. ასე რომ‚ 15 თებერვალს მექნება ბრმა ქასთინგი.
– რა იმღერე?
– აკაპელაში ვიმღერე, კიდევ ფონოგრამაზე, თან 41 გრადუსი სიცხე მქონდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დადებითი ემოციები და შეფასებები მივიღე ჟიურისგან, ინტერვიუებიც მქონდა. ისე დაინტერესდნენ, რომ საქართველოში ჩამოდიან და უნდათ‚ ჩემს შესახებ სიუჟეტი გააკეთონ: როგორ ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ. ახლა‚ ბრმა ქასთინგზე რომ წავალ, ბენდთან მექნება ერთი დღე რეპეტიცია. ეს ცოტა რთულია, რადგან არ ვიცი‚ როგორ უკრავენ, რას უკრავენ, თან‚ უცხოები არიან. იმედია‚ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ისიც კი არ ვიცი‚ ვინ არიან ჟიურის წევრები. ერთს ვიცნობ მხოლოდ, უფრო სწორად‚ ვიცი, რომ უკრაინაში ძალიან ცნობილი ჯგუფის სოლისტია.
– როგორია შენი მოლოდინი?
– არ ვნერვიულობ და ვიტყვი, რომ „ჯეოსტარი“ ჩემი ბევრი მეგობრისთვის, დამწყები მომღერლებისთვის დიდი სკოლა იყო, რისთვისაც „ჯეოსტარის“ მთლიან გუნდს, ქალბატონ მარინა ბერიძეს პირადად ვუხდი მადლობას. უკვე მაქვს რაღაც მიმართულება, გამოცდილება, რომელიც „ჯეოსტარში“ მივიღე. ჩემი აზრით‚ გაცილებით რთული კონკურსი გავიარე, რადგან ჩემთვის საქართველოში ქართულად მღერა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ქვეყანაში უცხო ენაზე. არ ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გავიმარჯვო. მთავარია, იქ საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, ომახიანად წარმოვაჩინო. უკრაინაში გამარჯვებაზე რომ ვიფიქრო‚ უნამუსო კაცი ვიქნები.
– სხვა პროექტებშიც ხომ არ აპირებ მონაწილეობას?
– არის სხვა რაღაც, მაგრამ რადგან ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი. თუ ის ამ პროექტს ხელს შეუშლის, დაემთხვევა და არჩევნის წინაშე დავდგები, აუცილებლად მეორეს სასარგებლოდ გადავწყვეტ.
– როგორ იქცევი, როცა სერიოზული არჩევნის წინაშე დგები?
– როდესაც სერიოზული არჩევნის წინაშე ვდგები, რაც პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს, პირდაპირ ვიღებ გადაწყვეტილებას. შეიძლება‚ ეს‚ გარკვეულწილად‚ ლატარიის დონეზე იყოს, თუმცა‚ ხშირად, გადაწყვეტილების მიღებისას, ბევრს ვფიქრობ, ვაანალიზებ, რომელიღაცას ვირჩევ და შეიძლება ითქვას, მიმართლებს. ზოგჯერ არც გამმართლებია, ყოფილა იმედგაცრუებაც. ამ დროს, ძირითადად, ყველაფერზე ვბრაზდები და მარტო ახლო მეგობრებთან ვკონტაქტობ. მირჩევნია‚ უცხოებს არ ვეკონტაქტო.
– ამ ეტაპზე კიდევ რით ხარ დაკავებული?
– ძირითადად‚ უკრაინაში დიასპორის მიერ მოწყობილ კონცერტებში ვმონაწილეობ. გარდა ამისა, 14 თებერვალს, იმ გოგონასთან ერთად, რომელთანაც პროექტ „10+10-ში“ გამოვდიოდი, მაქვს კონცერტი. 15-ში ქასთინგია და ვნახოთ‚ რა იქნება.
– გარდა კონცერტებისა, როცა ჩადიხარ კიევში, როგორ ცხოვრობ, როგორ ერთობი?
– იქ ძალიან ბევრი გასართობია, თან‚ ქართველი მეგობრებიც მყავს და უკრაინელებიც. პარასკევი, შაბათი, კვირა – სულ ისვენებენ, ბოლომდე ერთობიან და მეც ვერთობი ხოლმე.
– გოგონები ჰყავთ ძალიან კარგი.
– გოგონები ჰყავთ სასწაული, ძალიან ლამაზები და სხვანაირები – გახსნილები, კონტაქტურები, პრობლემებს არ გიქმნიან. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. ყველა თბილია და შენ მიმართ კარგად არის განწყობილი. ზოგადად‚ ქუჩაშიც ხალხი ისეთი ბედნიერი, გაღიმებული დადის. პარასკევი-შაბათი-კვირა დასვენების ხასიათზე არიან, დანარჩენ დღეებში კი – მუშაობის ხასიათზე. ასეთი ქვეყანაა და ძალიან მიყვარს.
– არის იქ ადამიანი, რომელიც შენს ჩასვლას სულ ელოდება?
– მყავს მეგობრები, რომლებსაც სულ უხარიათ ჩემი იქ ჩასვლა, ასე კონკრეტულად კი, არავინ მელოდება. კიევში ძალიან პოპულარულია კარაოკე-ბარები და ხშირად დავდივარ. ყველა მღერის, არ აინტერესებთ‚ ყრუა თუ არა, არ აქვთ კომპლექსები. თან‚ მღერიან რუსული რეპერტუარიდან საშინელ სიმღერებს. 3 ჭიქაში მეც გადავდივარ მათ რეპერტუარზე და ჩვეულებრივად ვმღერი. ძალიან კარგად ვერთობი კიევში, ბევრი გასართობი ადგილია. მთელი კიევი უკვე დათვალიერებული მაქვს, ახლა მაინტერესებს ხარკოვი, მოსკოვი და სხვა ქალაქები.
– თუ გიფიქრია იმაზე, რომ გადახვიდე უცხოეთში საცხოვრებლად, იქ გააგრძელო კარიერა, რადგან‚ ამ მხრივ‚ საქართველოში არცთუ ისეთ სახარბიელო სიტუაციაა.
– ხშირად ვივლიდი სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ, მაგრამ თუ კარიერას დასჭირდება და ეს ჩემთვის აუცილებელი იქნება, მაშინ რაღაც ეტაპზე ვიცხოვრებდი სხვაგან. მაგრამ, სამუდამოდ სადმე დარჩენა‚ ახლა‚ ჩემთვის წარმოუდგენელია. რამდენჯერაც დიდი ხნით წავედი‚ ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა, ხალხი, გორის კატლეტი, ჩახუტება, ძმობა.
– რაღაც ეტაპზე გქონდა ჩავარდნის პერიოდი, როცა არაფერს აკეთებდი.
– მქონდა სერიოზული ჩავარდნა და მიხარია, რომ ახლა ბევრი კარგი რამ ხდება და დაკავებული ვარ. ოთხშაბათობით ვმუშაობ ლაუნჯ ბარ – „ფაივ სენსში,“ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათ-კვირას ლაუნჯ ბარ „ურბანში“. თუმცა‚ მინდა‚ უფრო მეტად დაკავებული ვიყო. ისე‚ სახლის ამბებშიც ძალიან აქტიური ვარ: ვალაგებ, ვრეცხავ, ვაკეთებ საჭმელს – ყველაფერს მე ვაკეთებ.
– კარგი სასიძო ბიჭი ყოფილხარ.
– ძალიან კარგი. სადაც შევალ‚ იმ ოჯახს დავაქცევ. დიდი ხანია‚ მარტო ვცხოვრობ, შესაბამისად‚ მიწევს რაღაცეების კეთება. ყოველდღე რომ სადმე წავიდე საჭმელად, ჯერ ასე ვერ ვცხოვრობ. ბორშჩსაც ვაკეთებ, თან გემრიელი, წითელი ბორშჩი გამომდის. დამოუკიდებლად ცხოვრება უფრო ადრე გაყალიბებს კაცად. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ‚ როცა დამოუკიდებლად ცხოვრობ‚ ადამიანად ფორმირება უფრო ადრე მთავრდება. მშობლები ჩემს გადაწყვეტილებებში არასდროს ერეოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მაინც გავაკეთებდი იმას, რასაც ვიტყოდი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, ორივე ძალიან მიყვარს. სადღაც 14-15 წლამდე, ბავშვი სულ კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, ყურადღება მაიქციო, რაღაცეებში მიეხმარო. მაგრამ, აუცილებლად თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეძლოს ამ მაიმუნ სამყაროში ცხოვრება.
– აღარ წერ ლექსებს?
– ჩემს ძმას დავუთმე ასპარეზი, ძალიან კარგად წერს, მე მომწონს. კარგად მღერის, მაგრამ თავად რაც უნდა‚ იმას გააკეთებს. ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით – ალბათ, მაპატიებს ბესო, მაგრამ დღესაც ხშირად ვერევი მის ცხოვრებაში. ამას თვითონ მიმაჩვია და გამანებივრა. ჩემს ძმას რომ ვინმემ თითი დაადოს, შემიძლია მჟავაში დავწვა. დედა‚ გვაპატიე, რომ ასე გამწარებდით, ხშირად მოგვსვლია რაღაც ერთმანეთის გვერდში დგომით, მაგრამ ახლა აღარ ხდება ასეთი ამბები.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– სტაბილურად არის ყველაფერი, არავის ვაწუხებ და არავინ მაწუხებს. უფრო სწორად‚ სიყვარულით მე ვაწუხებ, ისინი ვერ მაწუხებენ. ოთო ნემსაძე სულ შეყვარებულია, ახლაც შეყვარებულია და ძალიან კარგად არის. ამ კუთხით დღეს ყველაფერი სტაბილურადაა და მიხარია. საქმეშიც ყველაფერს კარგი პირი უჩანს. იმედია‚ ბოლომდე ყველაფერი კარგად იქნება.