როგორ გახდა რობერტ სტურუა გურამ ბრეგაძის მეჯვარე, გურამ ბრეგაძე კი – რობერტ სტურუას რჩეული რეჟისორი და როგორ უსრულებდა კალიაგინი მას ყველა ნატვრას
გურამ ბრეგაძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელსაც კარიერის დასაწყისშივე უზარმაზარი პატივი ხვდა წილად – სპექტაკლის დადგმა თვით რობერტ სტურუამ ანდო მოსკოვის „ეტცეტერას” თეატრში. გურამ ბრეგაძე თავად გვიამბობს, თუ როგორ გაუმკლავდა თავბრუდამხვევ წარმატებას.
– გურამ, როგორც ვიცი, ხელოვანთა ოჯახიდან ხართ.
– მამა საქართველოს ხელოვნების სამმართველოს უფროსი იყო; მანამდე – პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე კულტურის დარგში. ასევე, იყო რუსთავის თეატრის დირექტორი... ქობულეთში მწერლების სემინარი რომ მიმდინარეობდა, იქ ყოფნისას მამამ თავი ცუდად იგრძნო. ასლან აბაშიძემ ყველა ღონე იხმარა მამას გადასარჩენად, მოსკოვში ან თურქეთში აპირებდა მის სასწრაფოდ გადაფრენას, მაგრამ, ვეღარაფერი შეძლეს. მამამ ოპერაციიდან მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა... მძიმე წუთებში ასლან აბაშიძე ძალიან გვედგა ოჯახს გვერდში...
– თქვენ რატომ აირჩიეთ რეჟისორის პროფესია?
– სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც შალვა გაწერელიასთან მოვხვდი. შემდეგ ლევან წულაძესთან აღმოვჩნდი. მასთან ორ სპექტაკლში ვითამაშე: ერთი სადიპლომო იყო, ერთი კი თეატრალურ სარდაფში დადგა. მხოლოდ ამ ორ სპექტაკლში ვითამაშე, შემდეგ მსახიობობას თავი დავანებე და სარეჟისორო ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა. სარეჟისორო ფაკულტეტი გიზო ჟორდანიასთან დავამთავრე და შემდეგ მოვხვდი რობერტ სტურუასთან.
– კარიერის დასაწყისიდანვე ყველა ვერ ხვდება რობერტ სტურუასთან, თქვენ როგორ მოახერხეთ?
– დედაჩემი რობერტ სტურუას მეგობარია. დედა – ნელი შურღაია, ხელოვნებათმცოდნე, თეატრმცოდნე და ყოფილი ბალერინაა. ორჯერ გახდა საუკეთესო ჟურნალისტი (გაზეთ „კულტურაში“ წერდა სტატიებს). რუსეთში „კულტურა” ყველაზე სახელგანთქმული გაზეთია, სადაც წლის ბოლოს საუკეთესო რეცენზიები ჯამდება. რობერტ სტურუას რომ უკითხავს დედაჩემისთვის ჩემზე, დედას უთქვამს ჩემი პროფესია და რობერტ სტურუამ მიმიწვია. როდესაც მასთან მივედი, პირდაპირ პიესა მომცა. ვერაფერი ვთქვი, რადგან, ჯერ სარეჟისორო ფაკულტეტის პირველ კურსზე ვიყავი, რობერტ სტურუას კი ეგონა, სარეჟისორო უკვე დამთავრებული მქონდა... დავიწყე სპექტაკლის დადგმა, მაგრამ, თეატრში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი შეჩერდა. შემდეგ ბატონმა რობერტმა თანარეჟისორად ამიყვანა სპექტაკლზე „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი.” ეს სპექტაკლი ცხრა თვის განმავლობაში იდგმებოდა.
– ალბათ ამ პერიოდში პროფესიულად ძალიან გაიზარდეთ.
– რასაკვირველია, ცხრა თვე რობერტ სტურუასთან მუშაობა ძალიან ბევრის მომცემია. სამი თვის წინ რობერტ სტურუამ ოსკარ უაილდის „ვარსკვლავბიჭუნას” დადგმა შემომთავაზა, რომლის დასადგმელად მოსკოვში წავედი. მოგეხსენებათ, მოსკოვის ცენტრში მდებარე „ეტცეტერას თეატრი“, კალიაგინის თეატრია და ერთ-ერთი მთავარია მოსკოვში. უზარმაზარი თეატრია, არაჩვეულებრივი კოლექტივით. სულ რაღაც ოცი წლის წარსული აქვს, მაგრამ, დიდი ამბიციების თეატრია. კალიაგინი მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის, ის, ასევე, დიდი მოღვაწეა, თეატრალური კავშირის თავმჯდომარე. მის თეატრს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წინსვლა აქვს. ამხელა თეატრის არაფრისგან ჩამოყალიბება და შექმნა ძალიან რთულია. მოსკოვში ყველაფერი ძალიან ძვირია და, ამხელა თეატრი რომ აუშენეს, წარმოუდგენლად ბევრს ნიშნავს.
– როგორ მიმდინარეობდა სპექტაკლის დადგმა, ენობრივი ბარიერი არ გქონდათ?
– ენობრივი ბარიერი არ მქონდა, რადგან რუსულს ბრწყინვალედ ვფლობ. მოსკოვში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თეატრში არაჩვეულებრივი მსახიობები არიან, არაჩვეულებრივი დასია და იქ პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. განსაკუთრებული დისციპლინაა, სადაც ყველა მორჩილად ასრულებს თავის მოვალეობას და შედეგიც სახეზეა... რეპეტიციები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როცა ზღაპრებს დგამენ, უფრო ცეკვებითა და სიმღერებით არის გაჯერებული, მაგრამ, ეს დრამატული სპექტაკლი იყო. ბატონმა რობერტმა თბილისში დადგა ეს სპექტაკლი და მე, უბრალოდ, გადავიტანე... ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, სცენაზე რომ გადაინაცვლა რეპეტიციებმა, რობერტ სტურუა ჩამოვიდა და დამეხმარა... სპექტაკლი იმდენად დრამატულია, ბავშვები უცებ დავაყენეთ რეალობის წინაშე. ყველა სისასტიკე, რაც კი ცხოვრებაშია, სპექტაკლშიც იყო შეტანილი.
– როგორი დამოკიდებულებაა თეატრში რობერტ სტურუას მიმართ?
– თეატრში რობერტ სტურუაზე აფანატებენ და სიგიჟემდე უყვართ. ისეთი დაფასება აქვს, თითქოს ღმერთია. კალიაგინმა რობერტ სტურუა მთავარ რეჟისორად მიიწვია. მოსკოვში ვერავის მოძებნიდა?! – არ მოძებნიდა და არც სჭირდებოდა მთავარი რეჟისორი, მაგრამ, რობიკო სტურუა კალიაგინმა მიიწვია. რუსეთში ამბობენ, რომ რაც სტურუა იქ მივიდა, თეატრის დონე ძალიან ამაღლდა.
– რუსეთში შეიცვალა ქართველების მიმართ დამოკიდებულება?
– ყველა ჩემი მეგობარი, ვინც კი რუსეთში ცხოვრობს, აღნიშნავს, რომ ქართველების მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესებულია... ბოლოს მოსკოვში 2005 წელს ვიყავი და სასტუმრო „როსიიდან” თეატრამდე (სულ რაღაც ორი ნაბიჯია) პოლიცია ალბათ ექვსჯერ მაინც მაჩერებდა ქუჩაში. ახლა ქუჩაში თუ გაგაჩერეს და გაიგეს, რომ ქართველი ხარ, თბილად გაგიღიმებენ. დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვლილია. მოსკოვიც ძალიან შეცვლილია ბოლო წლებში: მოიმატა ხელფასებმა და პენსიებმა და ცხოვრების დონე საგრძნობლად უკეთესია. ეს ქალაქი ნამდვილი მეგაპოლისია. არც ერთ თეატრში ბილეთი 100 დოლარზე ნაკლები არ ღირს და ბილეთის შოვნა თითქმის ყველგან შეუძლებელია. ჩვენ მიერ დადგმული სპექტაკლის ბილეთები ათი დღით ადრე გაიყიდა. სპექტაკლი უკვე ექვსჯერ იყო წარმოდგენილი.
– ერთი მხრივ, ცოტა რთულია, როცა ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამხელა წარმატება მოდის... სამომავლოდ რის გაკეთებას აპირებთ?
– ალბათ, ისევ თბილისში დავდგამ სპექტაკლს, შემდეგ კი მოსკოვში მსურს წასვლა. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, მოსკოვში ვიქნები თუ არა, მთავარია, რუსეთში წავიდე. იქ მეტი რესურსებია, მეტი დაფასება, კარგი დაფინანსება. კალიაგინი უამრავ არტისტს უდგას გვერდში და არტისტებისგანაც უზარმაზარი დაფასება აქვს. თეატრის მმართველიც – დავიდ სკელიანსკი – საუკეთესო მმართველია. რაც არ უნდა მოითხოვო, მაშინვე მოგართმევენ. თეატრში სიგარეტის მოწევა აკრძალულია. გავიხუმრე – ნეტავ ელექტროსიგარა გვქონდეს-მეთქი და მეორე დღეს მაგიდაზე არ დამხვდა?! არც მეგონა, ელექტროსიგარა თუ არსებობდა და ამ სიურპრიზმა გამაგიჟა. იქ ყველა სურვილი სრულდება და არასდროს არავინ ახსენებს, რა ჯდება დეკორაცია და ასე შემდეგ. თეატრში სიცოცხლე ჩქეფს – სულ სპექტაკლები მიმდინარეობს, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. მიუზიკლები იყო მხოლოდ, თუმცა მიუზიკლსაც ვერ დავარქმევ, უფრო ოპერეტებს ჰგავდა. კლასიკური მიუზიკლის დადგმა ძალიან რთულია და ეს ცალკე პროფესიაა. რასაც საქართველოში მიუზიკლებს არქმევენ, ის მიუზიკლი კი არა, აბსოლუტური ჰიბრიდია... როდესაც თეატრს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და დაფინანსება არ აქვს, ის კვდება, რადგან თეატრი მომგებიანი არ არის. თუ საზღვრები გაიხსნა, ძალიან ბევრი რეჟისორი წავა და, აღარც დაბრუნდება, თუ საქართველოში თეატრების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად არ შეიცვლება.
– იღბლიანად მიიჩნევთ თავს, ამ ასაკში რომ ამდენს მიაღწიეთ?
– ეს, პირველ ყოვლისა, რობერტ სტურუას დამსახურებაა. ჩემი დამსახურებაც არის პატარა რაღაც, მაგრამ, საკუთარი თავის ქებას ვერ დავიწყებ. სხვანაირად ვარ გაზრდილი. ამერიკული სტილია: „მე დავდგი არნახული სპექტაკლი, მე ვარ უძლიერესი რეჟისორი“... და ასე შემდეგ.. მე უფრო რუსული სტილი მიჭირავს და თავმდაბლობას ვამჯობინებ.
– თქვენი შვილი რობერტ სტურუას ნათლულია?
– დიახ, ბატონი რობიკო ჩემი მეჯვარე გახლდათ. ერთი წელია, რაც დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, მარიამ კვიტაიშვილი, მსახიობია. „რომეო და ჯულიეტა” დავდგი, სადაც ჯულიეტას როლს ჩემი მეუღლე ასრულებდა. ისე მოხდა, რომ რომეო თავად აღმოვჩნდი, შემიყვარდა და დავქორწინდით. რობერტ სტურუა ჩემი მეგობარია და ამიტომ ავირჩიე მეჯვარედ. ასევე, ჩემი მეჯვარე იყო მსახიობი ბესო ზანგური.
– გსურთ, თქვენი შვილიც ხელოვნებას გაჰყვეს?
– აუცილებლად. რეჟისორი უნდა გამოვიდეს, ან, უკიდურეს შემთხვევაში – მსახიობი მაინც. მოსკოვში პრემიერაზე ჩემი მეუღლე ჩამოვიდა. სპექტაკლის მხატვარი იყო ანა ნინუა და მისი მეუღლეც ჩამოვიდა... პრემიერის შემდეგ რობერტ სტურუამ რესტორანში დაგვპატიჟა – მოსკოვში, იტალიურ რესტორან „რობერტოში” აღვნიშნეთ წარმატება.
– უახლოეს მომავალში რას აპირებთ?
– რამდენიმე გეგმა მაქვს, აქედან ერთ-ერთია უდიდესი ჩერქეზი მწერლის – მიხაილ ლოხვიცკის „ეპოსის” დადგმა. როდესაც მოსკოვში ვიყავი, შევხვდი მის შვილიშვილს, ბაბუის სეხნიას – მიხაილ ლოხვიცკის. ის ჩემი მეგობარია და გვინდა, ერთად განვახორციელოთ ეს პროექტი. გარდა ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში დავიწყებ დადგმას რუსთაველის თეატრში და, ასევე, რუსთავის თეატრშიც.
– თანამედროვე ქართველი მწერლებიდან ვინ მოგწონთ?
– თორნიკე გურჯინთაჰი. ამ ახალგაზრდა მწერალმა გამიტაცა ამ ბოლო ხანს. უძლიერესია! ჩემზე კულტურული შოკი მოახდინა და აუცილებლად დავდგამ სპექტაკლს მისი ნაწარმოების მიხედვით.