კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ „გამოეკიდა“ ანსამბლ ,,ერისიონს“ ხუთ ქვეყანაში და ვის უწოდეს ფრანგებმა „21-ე საუკუნის ქორეოგრაფიის მეტრი“

 ანსამბლი „ერისიონი“ მრავალი წელია ემსახურება ქართული სიმღერისა და ცეკვის ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. დღეს გიამბობთ, თუ რა საინტერესო ისტორიები აქვს ანსამბლს და რომელ პერიოდს მიიჩნევენ ყველაზე წარმატებულად ანსამბლის ისტორიაში მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე და გენერალური მენეჯერი ოთარ ბლუაშვილი.

 

– ქართული ხელოვნების ჭეშმარიტი კორიფეები თავმდაბლობით გამოირჩევით. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ჯემალ ჭკუასელი: მე არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რომ აღმართიდან დააგორეთ ორი ერთი ზომის კასრი, ერთი სავსე და მეორე ცარიელი; თუ დააკვირდებით, ცარიელი ძალიან ხმაურობს. დღევანდელი თაობის ახალგაზრდებს უნიჭობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, პირიქით, ზედმეტად ნიჭიერები არიან, მაგრამ, მათ აკლიათ თავდაჭერის უნარი. ერთი ლექსი გამახსენდა და ერთ ნაწყვეტს წაგიკითხავთ: 

„არვიცაი და ვიცაი ცოდნის კარს მიუდიანო,

არვიცა იქვე დასტოვეს, ვიცაი გააგდიანო.“

ასეა ცხოვრებაშიც. არასდროს არ უნდა ილაპარაკო, რომ ყველაფერი იცი. 

რევაზ ჭოხონელიძე: მე ასე მგონია, რომ, თუ რამეს გააკეთებ კაცი, სხვამ უნდა შეგაფასოს და შეგაქოს. ძალიან მამაპაპური ნათქვამია, რომ სავსე თავთავი თავდახრილია და მსუბუქი თავაწეულიო. არ გვაკლია ხალხისგან შექება და სიყვარული, მაგრამ, მაინც თავმდაბლები ვართ. 

 ოთარ ბლუაშვილი: ერთი პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ ბატონ რეზოზე. იცით, მას რა უწოდეს ფრანგებმა? „21-ე საუკუნის ქორეოგრაფიის მეტრი“. როდესაც 2001 წელს საფრანგეთში ტარდებოდა „მის საფრანგეთის“ კონკურსი, ჩვენ უნდა მიგვეღო მონაწილეობა. დავდგით ცეკვა „შატილის“ მელოდიაზე – ჩვენ მანამდე გამოგვიგზავნეს სცენის დიზაინი, რის მიხედვითაც დავდგით ეს ცეკვა. როცა ჩავედით, აღმოჩნდა, რომ სრულიად გადაკეთებული იყო სცენა. რეზომ ათი წუთი უყურა სცენას და უკვე მოიფიქრა, როგორ უნდა გადაეკეთებინა ცეკვა. როდესაც ჩვენი პროდიუსერი ჟერარ ლუვენი შემოვიდა, გვითხრა, რომ ეს დიზაინი გუშინ შეიცვალა და შიშით ვეღარ გითხარითო. რეზომ კი უკვე იცოდა აზრობრივად, რა როგორ უნდა შეეცვალა. კონცერტის ბოლოს ჟერარ ლუვენი გაოცებული დარჩა. სწორედ მან შეარქვა ბატონ რეზოს „21-ე საუკუნის ქორეოგრაფიის მეტრი“.

– რა აზრის ხართ ამ ყველაფრის გათანამედროვებაზე, ახლანდელი ტერმინით რომ ვთქვათ – გარემიქსებაზე?

ჯემალ ჭკუასელი: სასტიკი წინააღმდეგი ვარ გარემიქსების, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთანაც არის რაღაც-რაღაცეები გარემიქსებული. ჩვენ მხოლოდ ბას-გიტარა დავუმატეთ. ორკესტრის გარეშე არ არსებობს შოუ – ეს ყველაფერი ხომ სანახაობრივი უნდა იყოს.

– ახალი ელემენტების შეტანით ხომ არ იკარგება ძველი ქართული ხალხური კულტურა და ტრადიციები?

– გააჩნია, როგორ შეიტან ახალ ელემენტებს.  აუცილებლად უნდა ვიყოთ პირველი წყაროს ერთგულები. თუმცა, თუ ჩვენს პროგრამას შოუს სახით გავაცნობთ უცხოელ მაყურებელს, გაცილებით საინტერესო იქნება. ახალ და თანამედროვე სიმღერებზე რომ მკითხეთ, როგორ შეიძლება, ორტაქტიანი სიმღერა შეედაროს ძველ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს?! ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრია, – ეს „იუნესკომ“ გამოაცხადა ოცდამეერთე საუკუნეში. „ოქროს დისკი“ მიიღო ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ეს ჩვენი ანსამბლის დამსახურებაა.

– ყველაზე დიდი აპლოდისმენტებით სად გხვდებიან. რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?

– ერთხელ ჩვენთან შემოვიდა ცოლ-ქმარი, ფრანგულად ლაპარაკობდნენ. არ ვიცი, ფრანგები იყვნენ თუ ბელგიელები, რომ მიდიოდნენ, თქვეს, როგორ შეგიცვლიათ ყველაფერიო. კი მაგრამ, თქვენ რა იცით-მეთქი? როგორ თუ რა ვიცით, ისე მოგვწონს თქვენი ანსამბლი, ოთხ თუ ხუთ ქვეყანაში გამოგეკიდეთ, სადაც წახვედით, ყველგან ვესწრებოდით თქვენს კონცერტებსო. ჩვენ ქართული სიმღერა კარგად არ ვიცით, მაგრამ იმას ხომ ვგრძნობთ, რა არის შეცვლილი და რა – ძველიო. მახსოვს, ერთხელ მარსელში დაანგრიეს დარბაზი, იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ. ეგზალტირებული გახდა მასა, დარბაზიდან არ გვიშვებდნენ.

რევაზ ჭოხონელიძე: „ამერიკა“ – როგორ ჟღერს, არა?! მაგრამ, მე მაინც საფრანგეთს გამოვარჩევდი. ისეთ დარბაზში, რომელსაც „კონგრესის დარბაზი“ ჰქვია, სადაც იშვიათობაა, მოხვდეს დიდი კოლექტივი, ჩვენ იქ თორმეტი კონცერტი დაგვიმატეს. ეს იყო უდიდესი აღიარება. ჩინეთზე ამბობდნენ, რომ ძალიან რთული მაყურებლები ჰყავთ, ტაში არ იციან, რა არისო. ჩვენი გამოსვლის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და მხოლოდ ტაშს კი არ უკრავდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ. გაგიჟებულები იყვნენ.

– რა ხდება ხოლმე კონცერტის შემდეგ. ალბათ, განხილვა, გარჩევა მიმდინარეობს?

ჯემალ ჭკუასელი: კონცერტის შემდეგ დაღლილები გავრბივართ ხოლმე და ვიმალებით (იცინის). შემდეგ, რა თქმა უნდა, მსახიობებს უნდა აუხსნა, რა შეცდომები დაუშვეს და ასე შემდეგ. შეიძლება, მაყურებელმა ვერ დაინახა უმნიშვნელო შეცდომები, მაგრამ, ჩვენ ხომ ვხედავთ პროფესიონალური თვალით.

– ალბათ, უამრავი საინტერესო ისტორია გექნებათ უცხოური გასტროლებიდან?

რევაზ ჭოხონელიძე: ერთხელ პარიზში მოხდა ერთი კარგი კურიოზი. მე და ანზორ ერქომაიშვილი იმპრესარიოს თხოვნით ვმართავდით კონცერტს დარბაზ „ოლიმპიაში.“ დაიწყო ცეკვა „დავლური“, რომელიც შემდეგ „ქართულის“ დუეტით უნდა შევსებულიყო. „ქართულს“ ცეკვავდნენ ფრიდონ სულაბერიძე და იამზე დოლაბერიძე. მოხდა ისე, რომ, გამოვიდა ფრიდონი, მაგრამ, ქალი არ ჩანს. დაარტყა ერთი წრე ფრიდონმა – ქალი ისევ არ ჩანს; შემდეგ – მეორე წრე და, სხვა გზა რომ აღარ იყო, „დავლურიდან“ გადმოხტა სხვა მოცეკვავე და ასე ჩამთავრდა ეს ნომერი. შემდეგ ყველამ დავიწყეთ იამზეს ძებნა და, გაირკვა, იამზე კულისებიდან რომ მორბოდა, ცოტა ჩაბნელებული ყოფილა, თავით დასჯახებია სხვა მოცეკვავეს და, თურმე, გულწასული ეგდო კულისებში (იცინის).

– მრავალი ჯილდო და ორდენი გაქვთ მიღებული სხვადასხვა დროს. რომელს გამოარჩევდით?

– მე გამოვარჩევდი რუსთაველის პრემიას. ეს პრემია ისეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს ეძლევათ, რომ მართლაც ძალიან საამაყოა ჩემთვის. მე და ჯემალი ძალიან ბედნიერები ვიყავით ამ პრემიის მიღების შემდეგ, რადგან ჩვენი სახელი ისტორიას დარჩება.

 – ბატონო ჯემალ, საუბრის დასაწყისში მითხარით, შარფი, რომელიც მიკეთია, ისეთმა ადამიანმა მაჩუქა, ძალიან ძვირფასია ჩემთვისო. ალბათ, კიდევ გექნებათ საჩუქრები, რომლებიც გამოჩენილი ადამიანებისგან მიგიღიათ?

ჯემალ ჭკუასელი: დიახ, ეს შარფი, რომელიც ახლა მიკეთია, ისეთმა კაცმა მაჩუქა, შვილებისგან რომ არ ვასხვავებ, ეს არის მამუკა ხაზარაძე. გინდათ, გითხრათ, რა არის ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი? ეს არის ხალხის სიყვარული და ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ერთი თვის წინ, როდესაც მინსკის გასტროლიდან ვბრუნდებოდით, თვითმფრინავს შეექმნა პრობლემები – კარი არ ყოფილა კარგად დაკეტილი, ჰაერი შედიოდა და, ფაქტობრივად, ვიღუპებოდით. ორი საათი ჰაერში ვიყავით გამოკიდებული და რა მოხდებოდა, კაციშვილმა არ იცოდა. როდესაც ყველაფერი კარგად დამთავრდა და ტრაპიდან ჩამოვდიოდით, იქ ორი ქალბატონი იდგა, რომლებმაც მითხრეს: საერთოდ არ ვნერვიულობდით, რადგან, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ღმერთი „ერისიონს“ არ გაწირავდაო.

– თქვენი განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებიდან რომელ პერიოდს მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად?

– ყველაზე წარმატებულად მივიჩნევ ამ ბოლო პერიოდს, როდესაც ჩვენმა ახალმა პროგრამამ გაამართლა. სასწაული წარმატება გვქონდა. ხუთი ათასი აფიშა იყო გაკრული პარიზის ქუჩებში და ორ თვეში 21 კონცერტი გვქონდა. უცბად აღმოვჩნდით მსოფლიოში მესამე ადგილზე.

– გადაგიდგამთ ნაბიჯი, რომელიც მერე გინანიათ?

– ძალიან ბევრი ნაბიჯი მაქვს გადადგმული, რომლებიც არ უნდა გადამედგა. ასეთი შეცდომები დღესაც მომდის, თუმცა, მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ჩემ მიერ განვლილი გზით.

 – შვილები, შვილიშვილები თუ აგრძელებენ თქვენს გზას?

 – ჩემი ვაჟი არის ანსამბლის მთავარი დირიჟორი, ქალიშვილი – ქორეოგრაფი. მე 12 წელია ანსამბლთან აღარ ვმუშაობ. შვილიშვილებს ძალიან კარგი სმენა  აქვთ, კარგად მღერიან და ცეკვავენ.

 

скачать dle 11.3