კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განვითარდა ტონინო გუერასა და თბილისელი ქალბატონის საოცარი სიყვარულის „არანორმალური“ ისტორია

 არსებობენ ხელოვანები, რომელთა გვარებიც ნებისმიერმა კინოს მოყვარულმა იცის. ალბათ, იმიტომ, რომ მათ გარეშე კინო ვერ განვითარდებოდა და ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის. ერთ-ერთი მათგანი, კინოსთვის საეტაპო და ეპოქალური ფიგურა, დიდი იტალიელი კინოდრამატურგი ტონინო გუერა იყო.

„კაცი, რომელსაც წუთში 100 იდეა ებადება“

ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერიაო. დიდი იტალიელი ხელოვანი ტონინო გუერა ამ მოსაზრების სამართლიანობის საუკეთესო დასტურია. დავიწყოთ იმით, რომ მის გარეშე მსოფლიო კულტურაში, შესაძლოა, არ ყოფილიყო ისეთი გენიალური მოვლენა, როგორიც იტალიური ნეორეალიზმი გახლდათ – სწორედ ტონინო გუერა იყო ფელინის, ვისკონტის, ანტონიონისა და სხვა გენიალური რეჟისორების ფილმების სცენარების უცვლელი ავტორი ან თანაავტორი. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია არა მარტო მოკლე თუ სრულმეტრაჟიანი მხატვრული, არამედ, მულტიპლიკაციური და დოკუმენტური ფილმებიც.

კინოსცენარების გარდა, ტონინო გუერა წერდა ლექსებსა და მოთხრობებს; მოყვარულთა ვიწრო წრისთვის კარგადაა ცნობილი მისი მხატვრობაც. კინოს დიდოსტატი პრიმიტივიზმის ჟანრში ხატავდა, რაც, ალბათ, სრულიად ლოგიკურია, რადგან, მისი ნახატებიც ისეთივეა, როგორიც მთელი მისი დანარჩენი შემოქმედება: ფერადი, ფეერიული, მთლიანად გაჟღენთილი ღრმა ჰუმანიზმითა და ადამიანურობით.

გარდა ამისა, იტალიის ათამდე ქალაქში, ტონინო გუერას ესკიზების მიხედვით, არაერთი შადრევანია გაკეთებული. ისინი მეტად საინტერესოა, როგორც პოეტის სულის გამოძახილი. მაგალითად, ერთი მათგანი მფრინავი ხალიჩაა, რომელიც წყლის ჭავლის ღრუბლებზე მიფრინავს, მეორე – ტოტებდაჭრილი ბრინჯაოს ხეა, რომლის ვარჯიც წყლისგან იქმნება...

ტონინო გუერამ გააფორმა ერთ-ერთი რესტორანიც – „სანჯოვეზო“ და ამისთვის ფელინის ნახატები გამოიყენა...

ალბათ, სწორედ ამ მრავალმხრივობის გამო უწოდეს კინოს დიდ მაესტროს „კაცი, რომელსაც წუთში 100 იდეა ებადება“.

ქალაქი, რომელშიც ტონინო გუერა ცხოვრობდა, ქალაქ-მემორიალად იქცა: წლების განმავლობაში ის თხზავდა პატარ-პატარა ლექსებს თავისი ქალაქის გარდაცვლილ მცხოვრებთა შესახებ და მათ სახლების კედლებზე წერდა. ეს იყო ლექსები, რომელთაც იგი, თითქოსდა ჩვეულებრივი, სინამდვილეში კი არაჩვეულებრივი ადამიანების ხსოვნას უძღვნიდა: ქალის, რომელიც მთელი ცხოვრება ღატაკებს ეხმარებოდა; მოხუცი კაცის, რომელიც საეკლესიო მსვლელობებისთვის ფერად ფარნებს აკეთებდა... ეს ციცქნა შედევრები ქალაქის სახლების კედლებზე დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ.

დიდ ხელოვანს სიყვარულის ისტორიაც განსაკუთრებული ჰქონდა. სიყვარულმა, რომელიც მას საკმაოდ გვიან ეწვია, კინოს დიდი მაესტრო თბილისთან დააკავშირა.

თბილისელი რუსი კონკია

ელეონორა (ანუ, ლორა – როგორც მას მეგობრები და ოჯახის წევრები ეძახდნენ) კრეინდინა-გუერა სრულიად არაჩვეულებრივი ბედის ადამიანია. არაჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა: ლორას დედა ერთ-ერთი რუსული არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი, თავადის ქალი გახლდათ; მამა – ებრაელი. დედამისის მამას თბილისის სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო დიდი ბაბუა ყარსის გუბერნატორი გახლდათ. ლორას დედას თავდავიწყებით უყვარდა საქართველოც და თბილისიც. ეს სიყვარული თითქოს მემკვიდრეობით გადაეცა პატარა ლორასაც. ამას ისიც დაემატა, რომ, როგორც ლორა თავის ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, ცხოვრებამ იგი როგორღაც ძალიან მჭიდროდ დააკავშირა საქართველოსთან, სადაც ოჯახი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ევაკუაციაში – ლორა მხოლოდ ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. ტონინო გუერას მომავალი მეუღლე თბილისში გაიზარდა.

ელეონორა კრეინდინა-გუერა განათლებით ფილოლოგია, პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ტონინო გუერასთან შეხვედრამდე ის 15 წელი მოღვაწეობდა კინოინდუსტრიაში და ამ ხნის განმავლობაში ექვსი სცენარი დაწერა. გარდა ამისა, სცენარების რედაქტირებაზე მუშაობდა ისეთ გენიოსებთან, როგორებიც იყვნენ ანდრეი ტარკოვსკი და სერგეი ფარაჯანოვი. 

თბილისელი რუსი კონკიასა და კინოს იტალიელი მეფისწულის შეხვედრა

1975 წელს მოსკოვში საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა. სხვა სტუმართა შორის მას მიქელანჯელო ანტონიონი და ტონინო გუერაც ესწრებოდნენ. მათ თარჯიმნად მიამაგრეს ვალერი სეროვსკი – მწერალი და მხატვარი. ერთ დღეს, იმდროინდელი მოსკოვური ბომონდის მაშინდელმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ანტონიონისა და გუერასთვის საღამო გაემართათ. სწორედ იქ დაიწყო სიყვარულის საოცარი ისტორია.

„როგორც კი მე და ტონინომ ერთმანეთი დავინახეთ... ეს რაღაც გაელვებასავით იყო“, – იხსენებდა მოგვიანებით თავის ინტერვიუებში, უკვე ტონინო გუერას მეუღლის რანგში, ლორა კრეინდინა-გუერა.

მეორე დილით ანტონიონი და გუერა იტალიაში გაფრინდნენ, მაგრამ, ლორასა და ტონინოს მეგობრობა უკვე დაწყებული იყო, თუმცა, ერთმანეთის ნახვა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შეძლეს. იმ მომენტისთვის ტონინო გუერა თურმე საშინლად ნერვიულობდა, რადგან, ეშინოდა, რომ ერთი საღამოს განმავლობაში ორიოდე საათით ნანახ ლორას ვეღარ იცნობდა.

ამის შემდეგ დაიწყო სიყვარულის საოცარი ისტორია, რომელსაც თავად ლორა „არანორმალურს“ უწოდებდა.

„ამის შემდეგ დაიწყო რაღაც არანორმალური ისტორია. მე პირადად ამას „კონკიას თავგადასავალს“ ვუწოდებ. წარმოიდგინეთ: იმ დროისთვის ტონინო 50 წელს გადაცილებული, ცნობილი სცენარისტი იყო, ადამიანი, რომელიც ფელინის, ანტონიონისა და მთლიანად იტალიური კინოს არაჩვეულებრივ სამყაროს წარმოადგენდა და, უცებ, იწყება საოცარი ისტორია – ჩვენი სიყვარულის ამბავი“, – იხსენებს ლორა.

თბილისელი რუსი კონკიასა და ტონინოს სიყვარულის პერიპეტიებს მთელი მოსკოვი სულგანაბული ადევნებდა თვალს. განსაკუთრებით ლორას მეგობრები აქტიურობდნენ. თავად ტონინო გუერას პიროვნების გარდა, ლორას მეგობრების გულშემატკივრობას სხვა მიზეზიც ჰქონდა: ტონინოსთან შეხვედრამდე რვა თვით ადრე ლორა დაქვრივდა. მისი პირველი მეუღლე სახლიდან გავიდა და ვეღარ დაბრუნდა – ქუჩაში დაეცა და მოკვდა. თავად ლორა კი, მისივე თქმით, მეგობრებმა გადაარჩინეს.

„მეგონა, რომ სიცოცხლე დამთავრდა. მერე ტონინოს შევხვდი და თითქოს მეორედ დავიბადე. სწორედ ამიტომ, მეგობრები თავგამოდებით მეხმარებოდნენ. ლამის მთელი მოსკოვი ჩაერთო ჩვენს რომანში“, – იხსენებდა ლორა თავის იტერვიუებში.

„საუკეთესო“ საბჭოთა კავშირიდან იტალიელ მეფისწულთან (როგორც თავად ლორა უწოდებდა ტონინოს) საპატარძლო მხოლოდ მიქელანჯელო ანტონიონის ჩარევის შემდეგ გაუშვეს. მას მერე, რაც გუერამ და ანტონიონიმ „ქაღალდების მთელ მთას მოაწერეს ხელი“ და პირობა დადეს, რომ ლორა არსად გაიქცეოდა.

ამ უსასრულო ბიუროკრატიული ლაბირინთებიდან თავის დაღწევის შემდეგ, ლორამ, ბოლოს და ბოლოს, იტალიაშიც ჩააღწია. მისი თქმით, ეს „სრულიად ფეერიული, ზღაპრული და, ამავდროულად, კურიოზული მოგზაურობა იყო“.

იმ დროისთვის ლორამ იტალიური ჯერ კიდევ არ იცოდა, ამიტომ, მისი და ტონინოს სასიყვარულო ურთიერთობა მთლიანად თარჯიმნის საშუალებით მიმდინარეობდა.

„წარმოიდგინეთ სიტუაცია: ტონინო მთხოვს, ცოლად გავყვე; თარჯიმანი ამთქნარებს და მის სიტყვებს მითარგმნის. მე ვთანხმდები; თარჯიმანი ისევ ამთქნარებს და ჩემს პასუხს თარგმნის...“ – იხსენებდა ლორა. ამ უხერხულობების მიუხედავად, მისი თქმით, ის თავს ისე გრძნობდა, როგორც „კონკია, რომელიც ზღაპრულ უფლისწულთან შესახვედრად ჩავიდა“.

რომში ჩასვლის შემდეგ საოცრებები დაიწყო: მეექვსე დღეს ტონინომ ლორას ფედერიკო ფელინი გააცნო, მან კი შეყვარებული წყვილი რესტორანში დაპატიჟა ჯულიეტა მაზინასთან და ნატაშა გინზბურგთან ერთად.

„თითქოს იღბალმა ამომირჩია და მეორე ცხოვრება საოცარ იტალიაში დავიწყე“, – ამბობდა ლორა მოგვიანებით. მისი თქმით, ტონინოსთან ცხოვრება სულაც არ იყო ადვილი:

„საერთოდ, შემოქმედთან ცხოვრება ძალიან რთულია, ყოველდღე ციცაბო ყინულის კედელზე სიარულს ჰგავს: უნდა გაიქცე, როდესაც მას სურს; უნდა იჯდე, როდესაც მას სურს... და ეს ყველაფერი უსიტყვოდ, უმცირესი ნიუანსებით უნდა იგრძნო“.

დაოჯახების შემდეგ და მთელი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში, სწორედ ლორა იყო ის ადამიანი, რომელიც პირველი ეცნობოდა ტონინო გუერას ნაწარმოებებს და მთლიანად შემოქმედებას. დიდი მაესტრო ძალიან აფასებდა ლორას, როგორც პროფესიონალის აზრს. ასე „იწერებოდა“ მათი ცხოვრების ზღაპარი – კინოს იტალიელი მაესტროსა და თბილისელი რუსი ,,კონკიას“  თანაცხოვრების ლამის ფელინისეული, ფეერიული, სიყვარულის ისტორია, რომელმაც თითქმის 30 წელი გასტანა.

скачать dle 11.3