როგორ ემზადება ბებიობისთვის ეკა ნიჟარაძე და რატომ ცხოვრობს ის “უწესოდ„
მსახიობი ეკა ნიჟარაძე ბებიის ახალი ამპლუისთვის საგანგებოდ ემზადება. ამბობს, რომ ძალიან სწყდება გული პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და დიდი სიამოვნებით მიიღებდა კიდევ მონაწილეობას.
ეკა ნიჟარაძე: სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს პროექტის და იმ რეჟიმის გარეშე ცხოვრება. ძალიან დატვირთული ვიყავი, საშინელი რეჟიმი მქონდა – ხოხვით ვბრუნდებოდი სახლში, ვერავის ვერ ვხედავდი. კი წუწუნებდნენ ჩემი შვილები, მაგრამ, მაინც გაგებით ეკიდებოდნენ – რა ექნათ?! (იცინის)
– მოიმდურეთ ხალხი?
– არა, მომდურებით არა, შედიოდნენ ჩემს მდგომარეობაში... ბოლოს ისე დავიღალე, მინდოდა, მალე დამთავრებულიყო, აღარ შემეძლო უკვე, მაგრამ, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე, ფორმაში ჩავდექი – გავხდი. არ მეტყობა? (იცინის). დავიბრუნე ჩემი კუნთები. სიზმარშიც კი ვცეკვავდი. საწყალი ტასო ორსულადაა და ვაწვალებდი, არ ვაძინებდი. ამათი მეგობრებიც ძალიან მგულშემატკივრობდნენ, SMS-ებს მიგზავნიდნენ, მაგრამ, იმდენმა დაიწყო ჩემთვის მოულოდნელად ბოღმის ნთხევა, გაოცებული დავრჩი. მათი პრობლემაა, წავიდნენ, საკუთარ ცხოვრებას მიხედონ. თავიდან კი განვიცდიდი, რადგან, ჩემ მიმართ შური და ღვარძლი პირველად ვიგრძენი 41 წლის განმავლობაში (იცინის). წერდნენ „ფეისბუქზე“: „ფუ, ვერ ვიტან ამ ქალს...“ „არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ვერ ვიტან ამ ქალს – მოაშორეთ, გაათრიეთ“... ასეთი რაღაცეები ეწერა – არ მაინტერესებს, რა სავალდებულოა, ყველას ვუყვარდე?! მშვენიერი ხასიათი მაქვს, სალმიანი ვარ, ყურადღებიანი, დამთმობი. ჩემნაირ ადამიანებთან ურთიერთობა ნამდვილად უდიდესი სიამოვნებაა. უნდა გენახა, როგორ მგულშემატკივრობდნენ მეზობლები – იყო აქ დიდი განხილვა და ამბავი. სახლში სულ ვახვევდი და ვუყურებდი. იყო მომენტი, იმდენად ვიღლებოდი, თავში აღარაფერი შემდიოდა. ერთადერთხელ ვეკამათე ლევანს – კინოტურში არ უნდოდა რეტროფილმი და ქუიქსტეპი, იბუტებოდა, მაგრამ, მაინც კარგი გამოვიდა. ისედაც ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ, სამ დღეში ვერ გააკეთებ ყველაფერს იდეალურად. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვერ გავიგე, ქუჩაში სულელივით გაღიმებული ხომ არ ვივლი?! ბევრისგან გამიგია, „სტერვა“ სახე აქვსო.
– ფინალში რომელიმე წყვილს გულშემატკივრობდით?
– კი, რა თქმა უნდა. არც დამიმალავს – რუსკას ვგულშემატკივრობდი, ძალიან მინდოდა, გაემარჯვა.
– შვილებს ჰკითხეთ?
– დიახ. „მიდი, დე!“ – ყვიროდნენ დარბაზში. მივლიდნენ, ყველაფერს ესენი აკეთებდნენ, მე აღარაფრის თავი არ მქონდა. ნამდვილად არ ველოდი, რომ ნახევარფინალამდე მივიდოდი.
– საგზურს წიხლი ჰკარით?
– (იცინის) არა, წიხლი არ მიკრავს, მაგრამ, ჯერ არ მივსულვარ წამოსაღებად – მიმრჩა ისე. ახალი წელი იყო და არ მეცალა, არც ქვეყანა ამირჩევია ჯერ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ფლაი ჯორჯიას“. ისე, თავიდან მაინც ცოტა მეცალა ოჯახისთვის, დილით ვდგებოდი, შუალედში მოვრბოდი და სადილს ვაკეთებდი... კინაღამ ხალათით შევხვდი ახალ წელს. კიდევ კარგი, თეატრში მაინც არ მქონდა რეპეტიციები, თორემ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. სპექტაკლებს ჩვეულებრივად ვთამაშობდი, რეპეტიციის გარეშე.
– ტასო, შენ მინდა გკითხო: მკაცრი დედაა ეკა?
ტასო: კი, თავისებურად მკაცრია. როგორ გითხრა, ჩხუბი და ყვირილი არ მახსოვს, მაგრამ, მაინც, წარბის აწევით იცის ხოლმე გამოხატვა (იცინის). ჩვეულებრივი, მეგობრული ოჯახი ვართ. ძალიან ვბრაზდებოდით – დედა არასდროს რომ არ იყო სახლში, ვწუწუნებდი, რა უბედურებაა, როდის მორჩება-მეთქი, მაგრამ, მაინც გვინდოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო.
ეკა: ისე გაიარა ორსულობამ და ისე გაეზარდა ამხელა მუცელი, საერთოდ ვერ გავიგე. ამას წინათ ვეუბნები, რა მალე გავიდა შენი ორსულობა-მეთქი. ბავშვს ყურადღება საერთოდ ვერ მივაქციე. ჩვეულებრივი ბებია ვიქნები, ოღონდ, ახალგაზრდა ბებია, და არა ისეთი, როგორსაც მიჩვეული ვართ – ჭაღარათმიანი და თავსაფრიანი (იცინის). ჭაღარა ჯერჯერობით არ მაქვს, რაც, ალბათ, უფრო გენეტიკის დამსახურებაა, ვიდრე ცხოვრების სწორი წესის. პირიქით, ძალიან „უწესოდ“ ვცხოვრობ.
– ხშირ შემთხვევაში, მსახიობებს უნდათ, რომ შვილები მათ გზას გაჰყვნენ და ჯეჯიმაც თეატრალურზე ჩააბარა. თქვენ თუ იყავით წინააღმდეგი?
– არც მე და არც ნიკოს არ გვინდოდა, ჯეჯის თეატრალურზე ჩაებარებინა, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე არანორმალური შრომა, მძიმე პროფესია და, თან – დაუფასებელი, არც ანაზღაურებაა შესაბამისი... რა ვიცი, ჯეჯიმ მაინც ასე ისურვა და გააფთრებული წინააღმდეგობა არც მე გამიწევია. თან, ნინამ, ნიკოს მეუღლემ, თქვა – ნიკოს უნდოდა, ჯეჯი მსახიობი გამოსულიყო, რაღაცეებს ამჩნევდაო. მამამისზე უკეთ ვინ იცოდა... მაინც ძალიან ვინერვიულეთ მისაღებ გამოცდებზე... ვუთხარი, ძალაუნებურად, სულ ნიკოს შეგადარებენ, იმიტომ კი არა, რომ უფრო უნიჭო ან უშნო ხარ, უბრალოდ, ცნობილების შვილების შემთხვევაში ასე ხდება-მეთქი. სრული დაფინანსება მიიღო, გიზო ჟორდანიასთან და ნანუკა ხუსკივაძესთან მოხვდა... ოღონდ, ჩემს შვილებს არ უყვართ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი და ჩემთან ერთად გაიზარდნენ. ბევრს ახსოვს, იმ საშინელ დროს, უტრანსპორტობაში, გაყინულ თეატრალურ ინსტიტუტში ფეხით რომ დავდიოდი და ესენიც თან დამყავდა... თან, 92-ში საშინლად ცივი ზამთარი იყო, მახსოვს... არც ფული გვქონდა, არც გათბობა, არც ძიძები არსებობდნენ (იცინის). ტასოსხელა ვიყავი ზუსტად, პირველი შვილი რომ გავაჩინე. აზრზე არ ვარ, რანაირად რას ვახერხებდი, მაგრამ, არასდროს არც შემშინებია, არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ.
– ბევრისგან გამიგია, თეთრი შურით მშურს ეკასი, ყველაფერს ასწრებდა და თან სამი შვილიც გააჩინა, არ შეშინდაო...
– არ ვიცი, რამდენად შესაშურია (იცინის). ბავშვის ხელოვნური საკვებიც კი არ იყო იმ დროს, კიდევ კარგი, ერთადერთი, „სიმილაკი“ შემოდიოდა. ბუნებრივად შემეძლო მეკვება. ჩემი მამამთილი მეხმარებოდა, ნიკოს მეგობრებიც – 20 წლის ბიჭებს რა შეეძლოთ, სტუდენტები იყვნენ ისინიც; დედაჩემიც მეხმარებოდა. 2008-ში რაც გადავიტანე, 92-ში არ მინერვიულია ასე... ჩემ ირგვლივ გაუთავებლად რაღაც ცუდი ხდებოდა და შეგუებული ვიყავი, წინ ვიყურებოდი და ვგრძნობდი, რომ არანაირი პერსპექტივა არ მქონდა... მაინც ვცდილობდი, არაფერი მომეკლო შვილებისთვის, რაღაცეებს ვაკოწიწებდი და არც ერთ ზაფხულს აქ არ დამიტოვებია, კოჯორში დამყავდა დასასვენებლად. თან, ჯეჯიკო რომ დაიბადა, 93-ში, განსაკუთრებით ცივი ზამთარი იყო, მეყინებოდნენ შვილები. ახალფეხადგმულს იმდენი ეცვა, ვერ დადიოდა ბავშვი! ნავთქურა გვქონდა და ნავთი – არა. ერთხელ ჩემზე მთელ ქალაქში გამოაცხადეს ძებნა! უშველებელი მუცლით არაყიშვილზე პურის რიგში ვიდექი – ქუჩაშიც ომი იყო და პურზეც – ომი! დაღამებამდე ვიდექი. ნიკუშა გაგიჟებული დარბოდა ქალაქში და მეძებდა – როგორია, ორსული ცოლი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა! (იცინის) ყველაფერს ვიტანდი და ვიტან, ალბათ, მტკიცე ხასიათი რომ მაქვს, იმიტომ. არადა, რომ გავთხოვდი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი, მარტო ჩემს საბალეტო რაღაცეებს ვრეცხავდი!
– ხასიათით რომელი გგავთ?
– ხასიათით – არც ერთი და გარეგნობით – სამივე! მესამე შვილიც ვახსენოთ, ჩემი ბუთქუჩელა (იცინის). რა ვიცი, ხასიათით თავიანთ მამებს ჰგვანან.
ტასო: ხასიათით მამაჩემს ვგავარ, არადა, ჩვენ შორის ყველაზე კარგი ხასიათი ეკას აქვს.
ეკა: ტასო უფრო მომთხოვნია და მკაცრი ხასიათი აქვს. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ზუსტად იცის, რა უნდა. ბოლო კლასში იყო და შოკში ჩამაგდო – აკადემიაში ვაბარებო, გამომიცხადა! არადა, ხატვის აზრზე არ იყო – ბაღში სარვამარტო მისალოცი ბარათიც კი არ დაუხატავს ჩემთვის (იცინის). ძლივს მოვედი აზრზე, მაგრამ, იმდენად კარგად ისწავლა ხატვა – 97 ქულა მიიღო! თან, ცაციაა, მარცხენა ხელით ხატავს. ნიჭიერები არიან ჩემი შვილები (იცინის). პატარას რეჟისორობა უნდა. 13 წლისაა. ადრე მობილურით იღებდა, ახლა კამერა აქვს და იმით იღებს... ხატავს არაჩვეულებრივად. პატარა რომ იყო, ძალიან სასაცილო ლექსებს წერდა – შალვა ნათელაშვილს მიუძღვნა ლექსი (იცინის). კარგად რითმავს, რა ვიცი...
– ბატონმა შალვამ რომ იცოდეს, ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი. რამეს უკრძალავთ შვილებს?
– არა. ვერ ხედავთ, ჩემი შვილიც ჩემსავით ადრე გათხოვდა?! რომ გავიგე, შეყვარებული ჰყავდა, თავი არ მომიკლავს – გვიანაც მოდიოდა სახლში და არ მქონდა პრობლემა. დაშლას რა აზრი აქვს? სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, კარგად ვიცნობდი კოტეს. ძალიან კარგი სიძე მყავს, მეც კარგი სიდედრი ვარ. კოტე „უსიდედრეს სიდედრს“ მეძახის. ჯეჯიკოს არ ჰყავს ჯერჯერობით რჩეული.