მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N26-5(631)
ბუცამ გაშმაგებულმა დაახეთქა ტელეფონი მაგიდაზე და ზურაბ კოპაძეს შეხედა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მან.
– ეგ შენი ზემლიაკის პადელნიკები საერთოდ შეიშალნენ. სად არ ვყოფილვარ, ვის არ შევხვედრივარ, მაგრამ, ასეთი ნაგლები არსად მინახავს! – ბრაზით თქვა ბუცამ.
– ვის გულისხმობ?
– ხარკოველებს!
– ხარკოველებს?! – გაუკვირდა კოპაძეს, – რაში გენაგლნენ?
– ხომ იცი, ცოტა ხნის წინ „კრეშატიკელებთან” რომ მქონდა ბაზარი?
– ვიცი, – თავი დაუქნია კოპაძემ.
– ახლა დამიკავშირდა ანტონოვი და მითხრა, ჩვენში ყველანაირი ბაზარი მოკვდა და, რამე პრეტენზია თუ გაქვს, ჩუმას დაუკავშირდიო!
– ჩუმას თუ ლუკას?
– ჩუმას... ის „ვეგასში” შეხვდა ანტონოვს და მფარველობა შესთავაზა!
– და რაა ამაში უცნაური? – გაუკვირდა კოპაძეს, – კლიმი მათ სასტავს დაეტაკა. ხარკოველებმა იქით გატისკეს და ახლა მისაღებს ითხოვენ.
– მისაღები ხარკოვში მოიკითხონ, აქ სხვა ხალხი უყურებს პალაჟენიეს! – ცივად წამოისროლა ბუცამ.
– მაგ საქმეში ხარკოველებს არავინ გაამტყუნებს. ითხოვენ იმას, რაც ეკუთვნით. ვინც არ უნდა მიიღოს „კრეშჩატელებისგან” წილი, ის მაინც ობშჩიაკში წავა!
– არც ისე მაგრები არიან ხარკოველები, როგორც შენ გგონია. მაგათ გასამტყუნებლად ისაც კმარა, რომ ყველგან გეგეშიძის სახელით ბაზრობენ. ანტონოვი ბაზარის დაწყებამდე გააფრთხილა ჩუმამ, რომ თავად გეგეშიძე სთავაზობდა მფარველობას.
– იქნებ, მართლაც ასეა? – თქვა კოპაძემ.
– გეგეშიძე დაიბრიდა! – განაჩენივით წარმოთქვა ბუცამ, – ისინი კი ქურდის სახელით სარგებლობენ, ასე კი მხოლოდ ბოზები იქცევიან. სხვა რამეზეც წავუყენებ პრეტენზიას. ვისთან უნდა მისულიყო ჩუმა, როცა იცოდა, რომ საქმეში ქურდები იყვნენ ჩარეულები?! ანტონოვი არ დაუმალავდა, რომ შევხვდი, ის კი როგორ მოიქცა?! გეგეშიძის სახელს ამოეფარა და წილზე გააგრძელა ბაზარი!..
– აჩქარება საჭირო არ არის. ჯერ კარგად გავარკვიოთ ყველაფერი.
– რაა აქ გასარკვევი?! – უკმაყოფილოდ გახედა ბუცამ, – არიფს პარადს არ წავაყვანინებ. ჩუმამ თავისი საქციელით ყველა კიეველ ქურდს მიაყენა შეურაცხყოფა, ისე მოიქცა, თითქოს ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ. ხარკოვიდან წილების გადანაწილებაზე წამოიწყო ბაზარი!
– არ მჯერა, რომ ეს გეგეშიძის გარეშე მოხდა, – ჩაილაპარაკა კოპაძემ.
– ხომ გითხარი, გეგეშიძე დაიბრიდა!
– ხარკოველები სხვა რამეს ამბობენ, – შენიშნა კოპაძემ.
– სწორედ მაგაშია მათი ბოზური პასტუპკა. მისი სახელით მხოლოდ ჩუმა კი არა, მთელი სასტავი სარგებლობს!
– რატომ ხარ დარწმუნებული, რომ გეგეშიძე დაიღუპა? – ჰკითხა კოპაძემ.
– საქმეში ჩახედულმა კაცმა მაცნობა.
– ვინ?
– არის ერთი... რა დროს ეგაა! – მოულოდნელად გაღიზიანდა ბუცა, – სერიოზულ საქმეზე ვბაზრობთ. მე სხვა პრეტენზიაც მაქვს ხარკოველებთან: ამდენი ხანი გავიდა და ერთხელაც არ დაუძრავთ სიტყვა იმ დოსიეების შესახებ. მაგაზეც ვიბაზრებთ და ამჯერად ბოლომდე მოვთხოვ ყოველ სიტყვაზე!
– რაში გჭირდება ის დოსიეები, ბუცა? შარის მეტს არაფერს მოგვიტანს. წარმოიდგინე, რა მოხდება, საიდანმე თუ გაბაზრდა, რომ დოსიეები შენ გაქვს!
– შენ რა, მართლა ვერ ხვდები, რაში სჭირდებათ ის დოსიეები ხარკოველებს?! – უკმაყოფილო მზერა ესროლა ბუცამ.
– მაგალითად? – ჰკითხა კოპაძემ.
– ერთი რამ თუ შეამჩნიე? ხარკოველებმა მაგ დოსიეების ხელში ჩაგდების შემდეგ აუწიეს ხმას. მე და შენ არ ვიცით, ვისი სახელებია იმ ბოზურ სიაში, მათ კი იციან და, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბოზრებსაც აგრძნობინეს ამის შესახებ. ახლა წარმოიდგინე, ვის მხარეს დაიჭერენ ის მასკიანი ნაბოზრები სერიოზული ბაზარის შემთხვევაში. ამიტომაც ნაგლობს ჩუმა. შეიძლება უკვე მიღებული აქვს გარანტია იმ ნაბოზრებისგან, რომ მე მათი გაწეწვის საშუალებას არ მომცემენ! – ბუცამ ჩაფიქრებული სახით რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, მერე შედგა და დაამატა – კმარა... ეს სარეველა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს!
– რა გადაწყვიტე? – ჰკითხა კოპაძემ.
– ხარკოველებს უნდა შევხვდე და ქურდების წრეში გავუიასნო ყველაფერი! – თქვა ბუცამ და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.
საუბარმა ორიოდ წუთს გასტანა. დასასრულს ბუცამ აპარატი გათიშა, კოპაძეს მიუბრუნდა და დაბნეული სახით ჩაილაპარაკა:
– ამათი ნაგლი დედაც!.. ბაზარზე თანახმა არიან, მაგრამ, არც ხარკოვში შეგხვდებით და არც – კიევშიო!.. სამი დღის შემდეგ ოდესაში, სიომა ლიმანსკისთან გელით და ობშჩიაკის სიაც თან იქონიეო!
* * *
სიომა ლიმანსკი ძველი თაობის კანონიერი ქურდი იყო. მას მთელი ცხოვრება ციხე-კოლონიებში ჰქონდა გატარებული და ქურდებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეთით სარგებლობდა. საპატიმროებსა და გადასახლებებში გატარებულმა წლებმა მძიმე დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას. ბოლო ხუთი წელი მან ინვალიდის სავარძელში გაატარა და თითქმის აღარ გამოსულა ოდესის გარეუბანში მდებარე სახლიდან. ამის მიუხედავად, ქურდები მაინც არ ივიწყებდნენ ასაკოვან ავტორიტეტს. პერიოდულად მის სახლში ქურდების თავყრილობები იმართებოდა, ოღონდ, ასეთ თავყრილობას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონოდა. როგორც წესი, ქურდები ჯანმრთელობაშერყეულ სიომას წვრილმანებისთვის არ აწუხებდნენ.
ყოველივე ეს კარგად იყო ცნობილი ბუცასთვის. ამიტომაც, სიომას სახლში დაძაბული მივიდა. ის ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ მოითხოვა ვოვამ „ვეგასის” თაობაზე წამოწყებული საუბრის სიომასთან გაგრძელება და რით უკავშირდებოდა ყოველივე ამას „ობშიაკის” სია. სიის მიმართ ბუცას პრეტენზია არ გააჩნდა – ხარკოველები ყოველთვის თავდადებით ზრუნავდნენ საერთოს შევსებაზე და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ. პიროვნებას კი, რომელსაც ფული შეჰქონდა ქურდულ სალაროში, უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს ჩაეხედა სიაში და გაერკვია, თუ რა მიმართულება მისცა ქურდმა მასში თავმოყრილ თანხებს. მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. როგორც წესი საერთოს თანხებს მხოლოდ ქურდები განაგებდნენ და ვოვასნაირი არიფი ასეთი საქმეებიდან შორს იდგა. მაშინ, როცა ბუცა ვოვას დაუკავშირდა, სრულიად სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი. მისი აზრით, შეხვედრა და საქმის გარჩევა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. ხარკოველები ქურდების წრეში მოისმენდნენ ბუცას პრეტენზიებს და ამის შემდეგ მათ მხოლოდ ერთი გზა დარჩებოდათ – შეცდომას აღიარებდნენ და პატიებას ითხოვდნენ. სასჯელად ბუცა კისერში ერთი-ორ წამორტყმას აკმარებდა, შემდეგ კი ტკბილ სიტყვასაც გაიმეტებდა, რათა ხარკოველებს მის მევალეებად ეგრძნოთ თავი. ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. ხარკოველები სამუდამოდ გაეცლებოდნენ კიევს, თავად კი „ვეგასის” საქმეს მიუბრუნდებოდა. მაგრამ, მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა: ჩუმას საქციელი სულაც არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ბოდიშის მოხდასა და პატიების თხოვნას აპირებდა. პირიქით, იქით შეუტია და, სიომასთან შეხვედრასთან ერთად, საერთოს სიაც მოითხოვა.
სიომას სახლის ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა. ბუცას გაუკვირდა ასეთი ხალხმრავლობა. მისი აზრით, ხარკოვიდან სამი ან ოთხი კაცი თუ ჩამოვიდოდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ხარკოველების გარდა, სიომასთან კიდევ სამ ოდესელ ავტორიტეტს მოეყარა თავი. ხარკოველებთან შეხვედრამ ბუცა ოდნავ დაამშვიდა: იქ მხოლოდ ჩუმა და გეგეშიძის მეორე „პადელნიკი,” ჯაბა იყვნენ. თავად ლუკა კი არსად ჩანდა.
– რადგან ყველა აქ ვართ, დავსხდეთ და ვიბაზროთ, – სიომამ მაგიდასთან მიიწვია სტუმრები.
– შენ დაიწყე, – ვოვას მიუბრუნდა მასპინძელი, – რა პრობლემა შეგექმნა ბუცასთან?
– ჯერ მან თქვას, რა პრეტენზია აქვს ჩემთან.
– ბუცასთან ოდესაში შეხვედრა შენ მოითხოვე, – თქვა სიომამ.
– მართალია... ასე იყო, – დაუდასტურა ვოვამ, – მაგრამ, მანამდე ბუცამ შემოგვთავაზა შეხვედრა.
– კიევში რატომ ვერ გაარკვიეთ თქვენი საქმეები?
– საქმეს, რომელზეც ბუცას სურდა ბაზარი, ნებისმიერ ადგილას გავარკვევდით. მაგრამ ჩვენ სხვა პრეტენზია გვაქვს და იმაზე მხოლოდ აქ ვილაპარაკებთ. თქვას ბუცამ, რა პრეტენზია აქვს ჩვენთან და ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყვით, – უპასუხა ვოვამ და ბუცას მიაბჯინა მზერა.
– კარგი... იყოს ასე, – თქვა მან, – დავიწყოთ თავიდან... იცოდი, რომ ანტონოვთან „ვეგასის” თაობაზე მქონდა ბაზარი?
– ვიცოდი, – მშვიდად დაუდასტურა ვოვამ.
– და, მაინც მოსთხოვე წილი?! – განაგრძო ბუცამ.
– მოვთხოვე.
– რა ჰქვია კაცს, რომელიც ქურდის ზურგსუკან ბაზრობს ობშჩიაკში შესატან წილზე? რატომ არ ჩამაყენე საქმის კურსში, როცა ანტონოვთან ბაზარის აწევას აპირებდი?! – ბუცა დაჟინებული ჩააცქერდა თვალებში.
– რა ჰქვია იმ ქურდს, რომელსაც მის ქალაქში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ჩააყენებენ საქმის კურსში და ის ერთხელაც არ დაინტერესდება ამ საქმით?! – ცივად დაუბრუნა ვოვამ, – ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ კლიმთან სერიოზული პრობლემები გვქონდა. რამდენჯერ შეხვდი შენ იმ ნაბიჭვარს?!
– სად გინახავთ, რომ ქურდი მაფიოზურ რაზბორკებში ჩარეულიყოს? თქვენ... – წამოიწყო ბუცამ, მაგრამ, დასრულება ვერ მოასწრო.
– მაშ, შენ მაფიოზები გგონივართ?! – იმავ წამს გაისმა ოთახში.
ბუცამ და კოპაძემ უკან მიიხედეს და გაოგნებულები გაშეშდნენ: ღია კარში ლუკა გეგეშიძე იდგა...
ლუკამ აუჩქარებლად გადაკვეთა ოთახი, მაგიდას მიუჯდა და სიომას უთხრა:
– იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ვგეგმავდი და დროზე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ძალიან ხომ არ დავაგვიანე?
– არა, ახლა დავიწყეთ ლაპარაკი, – უპასუხა მასპინძელმა.
– მაინც, რა შეამჩნიე ჩემში მაფიოზური? – ბუცას მიუბრუნდა ლუკა.
– შენ თვითონ თქვი, რა ჰქვია ისეთ რაზბორკას, რომელიც შენ კლიმთან გქონდა?! – ძალა მოიკრიბა ბუცამ.
– ხუმრობა გყვარებია! – გაეცინა ლუკას, – კარგი მეც გეხუმრები. შენ როგორი რაზბორკა გქონდა ანტონოვთან?
– კლიმის სასტავს საერთოში არასოდეს შეუტანია ფული. მე ობშჩიაკის გასაზრდელად ვებაზრებოდი ანტონოვს!
– და როგორ გგონია, მე რისთვის დავეტაკე კლიმს? – ჰკითხა ლუკამ.
– ეგ შენ უნდა აგვიხსნა.
– შენ რა, პრეტენზიას მიყენებ?!
– ჯერ მოგისმენთ, – ქურდებს გახედა ბუცამ, – დანარჩენს მერე გადავწყვეტთ.
სიომამ მძიმედ დაუქნია თავი – გეთანხმებიო.
– კეთილი... დასამალი არაფერია, – უპასუხა ლუკამ, – რასთანაც არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ის საქმე, მე მხოლოდ ერთი მიზეზით დავეჯახე კლიმს – ასე სჭირდებოდა ქურდულს!
– მაინც რისთვის სჭირდებოდა ქურდულს სროლა და აფეთქებები, რომელიც თქვენს დაპირისპირებას მოჰყვა!? – დამცინავად თქვა ბუცამ.
– ბუცა, ცეცხლს ეთამაშები! – ბრაზით გახედა ლუკამ, – შენ ან ვერაფერში ვერ ერკვევი. ან, უბრალოდ ატრაკებ!.. იცოდე, რომ ორივეზე ბოლომდე მოგთხოვ პასუხს. თუ აზრზე არა ხარ და ჟურნალისტის ნაბოდვარს იმეორებ, გეტყვი: კლიმმა საქმეში ჩემი ჩართვის შემდეგ შეწყვიტა სროლა და აფეთქებები. სხვათა შორის, ეს შენს ქალაქში ხდებოდა! რა გააკეთე მის შესაჩერებლად?! თუ შენ მხოლოდ უკვე წაქცეულ მაფიოზებზე ნადირობ და ცდილობ, შორს იყო მათგან, ვისაც სროლა და აფეთქების მოწყობა შეუძლია?!
– აქ შენზეა ბაზარი. როცა დრო მოვა, მეც ვიტყვი სათქმელს!
– იტყვი... იმაზე მეტს იტყვი, ვიდრე შენ გგონია. ახლა კი მე მარტო ერთს დავამატებ: კლიმს მხოლოდ იმისთვის დავეტაკე, რომ უკრაინაში დარჩენა შემძლებოდა, ობშჩიაკი გამეზარდა, ქუჩიდან კლიმისნაირი ნაბოზრები მომეშორებინა, ჩვენ ყველას უკეთესად გვეცხოვრა ამ ქვეყანაში და ჩვენი საქმე გვეკეთებინა. შენ ეს ცოტა გგონია?! ჩემთვის ეს ბაზარი დამთავრებულია. თუ პრეტენზია გაქვს, დაამტკიცე. სიტყვა ჰაერია. მე აქ ვინმეს ლაი-ლაის მოსასმენად არ მოვსულვარ და, ამასთან ერთად, შეგახსენებ, რას უშვრებიან ქურდებს, რომლებიც პრეტენზიას აყენებენ და მერე ვერ ამტკიცებენ!.. ახლა გეკითხები: გავაგრძელოთ ეს ბაზარი?!
– არა... – ყრუდ ჩაილაპარაკა ბუცამ. ეს მისთვის პირველი მარცხი იყო, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა. დარწმუნებული იყო, რომ დოსიეების საქმეში ლუკა ასე იოლად ვეღარ გაიმართლებდა თავს.
– დაიმახსოვრე ეს „არა“, შენ კიდევ მოგიწევს მისი გამეორება!.. ახლა, რაც შეეხება „ვეგასის” საქმეს: ჩუმას აზროვნებისა და მეტყველების დეფექტები არა აქვს. ბაზარი თქვენ შორის დაიწყო და ის თვითონ გეტყვის სათქმელს! – თქვა ლუკამ და ვოვას ანიშნა – განაგრძეო.
– რა არ მოგეწონა ჩემი „ვეგასში” მისვლაში? – ბუცას მიუბრუნდა ვოვა.
– ბაზარი უკვე დაწყებული იყო. მე ანტონოვის პასუხს ველოდი და ამ დროს „ვეგასში” შენ გამოჩნდი. შენი მასტის კაცი ულაპარაკოდ უნდა მოსულიყო ჩემთან და ვითარება გაერკვია! – უპასუხა მან.
– მართლა?! – მოჩვენებით გაიკვირვა ვოვამ, – ერთი რამ ამიხსენი: რატომ მაშინ არ წამოიწყე კლიმის სასტავთან წილზე ბაზარი, როცა ის ცოცხალი იყო?! – განაგრძო ვოვამ.
– როცა საჭიროდ ჩავთვალე, მაშინ წამოვიწყე ბაზარი, – ბუცას ცუდად ენიშნა ქურდების სახეზე გარბენილი ღიმილი, რომელიც მის პასუხს მოჰყვა.
– ვინ მოუყომარა კლიმს? – ჰკითხა ვოვამ.
– თქვენმა სასტავმა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ბუცამ.
– მე თუ არ მესმის, შენ გამარკვიე: ვინ ვის უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში – შენ უნდა მოსულიყავი ჩვენთან, თუ ჩვენ უნდა მოვსულიყავით შენთან?! – ვოვა სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა ბუცას, – იმდენზე მაინც გეცა პატივი ჩვენთვის, გეთქვა: გმადლობთ ბიჭებო, ეს ბოზბანდა რომ მოაშორეთ ჩემს ქალაქს. ახლა კი მე ქურდულ ობშჩიაკს მივხედავ და ანტონოვს სტავკაზე დავებაზრებიო!
– ეგ არაფერს ნიშნავს. კლიმის დაღუპვის შემდეგ, თქვენ საერთოდ არ გამოჩენილხართ კიევში!
– იმიტომ, რომ უფრო სერიოზული საქმით ვიყავით დაკავებულები, ვიდრე „ვეგასია”!
– თანაც, ქურდის სახელით ისარგებლეთ! – ახალი არგუმენტი მოიშველია ბუცამ.
– რას ნიშნავს, ქურდის სახელით ვისარგებლეთ? – ჩაეძია ვოვა.
– რამდენჯერ იბაზრეთ ლუკას სახელით, როცა ყველამ იცოდა, რომ ის დაღუპული იყო?! ასე მოიქეცით, როცა დოსიეებზე ვბაზრობდით და ანტონოვსაც ლუკას სახელით ელაპარაკეთ!
– რამე მეტყობა საიქიოდან დაბრუნებულის? – საუბარში ჩაერთო ლუკა.
– ახლა ვხედავ, რომ შეცდომაში შემიყვანეს, მაგრამ, მაშინ ვიცოდი, რომ დაიღუპე! – გახედა ბუცამ.
– ახლა რომ მითხრა, საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე შენი დაღუპვის ამბავიო, ეს ბაზარი მაშინვე დამთავრდება! – ცივად თქვა ლუკამ.
– არა... მაგრამ, შენ არსად ჩანდი. არც ერთ სხადნიაკზეც არ მისულხარ!
– როდის დაუკავშირდი ხარკოვს: ლუკას გადაეცით, ქურდები სხადნიაკზე ელიანო და მე არ მოვედი? – თქვა ლუკამ, შემდეგ კი მასპინძელს მიუბრუნდა და ჰკითხა, – შენ რას იტყვი?
სიომას მხოლოდ ჩაეღიმა. ბოლო ხანებში ლუკა მის სახლში გამართულ ორ თავყრილობაზე იყო ჩასული.
– იქნებ, გაწყობდა კიდეც, მე რომ დავღუპულიყავი? – განაგრძო ლუკამ, – პრინციპში, რატომაც არა? მშვენიერი შანსი გიჩნდებოდა. კლიმი და მისი სასტავი საქმიდან უკვე გასულები იყვნენ. ხარკოველები კი... ვინ არიან ხარკოველები გეგეშიძის გარეშე?! კიევიდან მათ გასარეკად ხომ შენი ერთი სიტყვაც იკმარებდა!
– შენი ვარაუდები შენთვის შეინახე! – შეუღრინა ბუცამ.
– მაგაზე კიდევ ვიბაზრებთ. ახლა კი ვოვამ დაამთავროს სათქმელი, – უპასუხა ლუკამ.
– მე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, – განაგრძო ვოვამ, – საქმიდან მიღებულ ფულს მხოლოდ პადელნიკსა და ობშჩიაკს ვუყოფ. ვინც დაუმსახურებლად მოინდომებს ჩემგან წილის მიღებას და რქებით მომაწვება, იმ რქებსშუა მრგვალ ნახვრეტს გავუჩენ. შენ კლიმის საქმეში ჩემთან ერთად არ ყოფილხარ, ბუცა და, რის მიღებას ცდილობ?!
ამის მოსმენისას ბუცამ კბილების ღრჭიალით წამოიწია ადგილიდან.
– დაჯექი!.. – სიომამ ავად დააკვესა თვალები, – ჩვენ ყველასა და ყველაფერს მოვუსმენთ და შემდეგ გამოვიტანთ გადაწყვეტილებას!
ბუცა წამით შეყოყმანდა. შემდეგ კი მძიმედ დაეშვა სკამზე.
– ასე ჯობია... ახლა კი სხვა საქმეზე გადავიდეთ. შენთან ჩემს მეორე პადელნიკს აქვს პრეტენზია, – თქვა ლუკამ და ჯაბას გახედა.
– შენ გაქვს ჩემთან პრეტენზია? – გაუკვირდა ბუცას.
– ჩვენ დაუმთავრებელი დაგვრჩა ერთი ბაზარი, – უპასუხა ჯაბამ.
– ჰო, მაგრამ, იმ საქმეზე ლუკასთან ვილაპარაკებ – ეს მარტო ქურდებს გვეხება, – თქვა ბუცამ.
– ქურდები ერთმანეთში გაარკვევთ თქვენს საქმეებს, შენ კი მანამდე მე უნდა გამცე პასუხი!
– რა გაინტერესებს? – უხალისოდ ჰკითხა ბუცამ.
– შენ სხადნიაკზე ქურდების გარემოცვაში ჩემი მისამართით თქვი, დავბრიდავ ამ ახვარსო!.. ასე იყო თუ არა?
ბუცა შეყოყმანდა.
– ასე იყო? – კოპაძეს მიუბრუნდა ჯაბა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში არ ჩარეულა საუბარში.
ბუცამ იცოდა, რომ კოპაძე სხადნიაკზე არასდროს იტყოდა ტყუილს და, ვიდრე ის რამის თქმას მოასწრებდა, თვითონ დაუდასტურა ჯაბას:
– ჰო... ასე იყო...
– მაშინ, ამიხსენი: რა გავაკეთე ახვრული?
– შენ სხადნიაკს ისეთ რამეზე უთხარი უარი, რაც შენი გადასაწყვეტი არ იყო, – უპასუხა ბუცამ.
– ესე იგი, მართალი არ ვიყავი?
– არა... არ იყავი მართალი.
– და, მტყუანი კაცი ასე მშვიდად გამიშვი სხადნიაკიდან?!
– უბრალოდ, შენი მდგომარეობა გავითვალისწინე!
– რა მდგომარეობას გულისხმობ? – ჰკითხა ჯაბამ.
– წინა დღეს ითქვა, რომ გეგეშიძე და მისი პადელნიკი მანქანაში დაცხრილესო... რა, არ გახსოვს?! – გაიკვირვა ბუცამ.
– მაშინ რატომ არ ფიქრობდი ჩემს მდგომარეობაზე, როცა „სხადნიაკზე” მიბარებდი და იმ საქმეზე მიწყებდი ბაზარს?! – ცივად ჰკითხა ჯაბამ.
– ეს სხადნიაკის გადაწყვეტილება იყო.
– რა თქვი? – ჩაურთო ლუკამ.
– დოსიეებზე ბაზარი სხადნიაკმა გადაწყვიტა, – უპასუხა ბუცამ.
– მე ველაპარაკე ხარლამოვს. მან თქვა, რომ ქურდები შენ შეკრიბე და დოსიეებზეც შენ წამოიწყე ბაზარი!.. იმ სხადნიაკზე შენც იყავი, – კოპაძეს გახედა ლუკამ, – მართალი ვარ თუ არა?!
ამჯერად ბუცამ კოპაძეს ვეღარ დაასწრო.
– მართალია... ასე იყო, – დაადასტურა მან.
– ჯაბამ გიპასუხათ, რომ, ვიდრე ჩემს ასავალ-დასავალს არ გაარკვევდა, დოსიეებზე არავისთან იბაზრებდა. მერე კი გირჩიათ, ამ ლაი-ლაის ნაცვლად, ქურდზე და კაი ბიჭზე თავდასხმის მომწყობის მოძებნაში დახმარებოდით!.. რა გააკეთე შენ?! წამოხტი და ღრიალი მორთე: დავბრიდავ, ამ ახვარსო!.. კარგად მომისმინე, ბუცა: ჩემს პადელნიკებსა და ძმაკაცებს შორის ახვრები არ არიან. შენ, შეიძლება, გგონია, რომ ეს საკმარისი მიზეზი არ არის, მაგრამ, პირობას გაძლევ, რომ მაგ სიტყვებს გრძელ ენასთან ერთად გადაგაყლაპებ – საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზი დააგროვე!
ბუცამ ისევ ვერ შეიკავა თავი და სკამიდან წამოიწია.
წამოდგა ლუკაც, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, ბუცას თვალებში ჩააშტერდა და უთხრა:
– დაჯექი!.. შენი უკანალი კიდევ ერთხელ მოშორდება მაგ სკამს და, პირობას გაძლევ, რომ ლურსმნით დაგაჭედებ ზედ!.. ჯერ კიდევ მაქვს სათქმელი და იმიტომ მჭირდები მაგ სკამზე!.. ჯობია, იმაზე იფიქრო, რა მოგელის, როცა ყველაფერი ითქმება!..
– რა გაქვს სათქმელი?! – ჩაიბურტყუნა ბუცამ და სკამს დაუბრუნდა, – აქამდე სერიოზული არაფერი მომისმენია თქვენგან!
ლუკა დაჯდა და ლაპარაკი განაგრძო:
– რატომ ითხოვდი იმ დოსიეებს ჩემი პადელნიკებისგან?
– რა, არ უნდა მომეთხოვა?! – გაუკვირდა ბუცას.
– შენ გასაგებად აგიხსნეს, რომ დოსიეები საქმიდან დაგვრჩა. იმ პერესტრელკაში სამი ადამიანი დაიღუპა: ორი „ეფესბეს” „ოპერი” და ერთი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობასაც მე მტენიან. ახლა გეკითხები: შენ იყავი ჩემთან ერთად იმ საქმეზე?!
ბუცამ დუმილით უპასუხა.
– შენ რა, ხელობად გაიხადე ნახლებნიკობა?! – ირონიით ჩაილაპარაკა ლუკამ, – საკმარისია, ვინმემ რამე საქმეს მოარტყას, მაშინვე იქ გაჩნდები და წილს ითხოვ! ამ საქმეში ჩემთან ერთად არ ყოფილხარ და დოსიეებს გვთხოვ. კლიმის საქმეს კი, საერთოდ, ტელევიზორში უყურე. სამაგიეროდ, ყველას მიგვასწარი „ვეგასში”!.. თანაც, ყველაფერ ამას პირადად შენი კი არა, ქურდების სახელით აკეთებ!
– „ვეგასის” საქმეზე უკვე ვიბაზრეთ. დოსიეები კი სულ სხვა ამბავია. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, – ჩავარდნილი ხმით უპასუხა ბუცამ, – ხვდები, რამდენი მასკიანის გაშიფვრა შეგვიძლია?
– აა... შენ ამასაც ქურდების ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებ?! – ისევ დასცინა ლუკამ.
– სხვა რა უნდა მაინტერესებდეს?
– ჰო... კინაღამ დამავიწყდა – შენ ხომ დღედაღამ მხოლოდ ქურდულის გაძლიერებაზე ფიქრობ!.. მაგრამ, ამჯერად არაფერი გამოგივა, სხვანაირად მოგიწევს ნაბოზრების გაშიფვრა!
– რატომ? – დაიბნა ბუცა.
– დოსიეები მე აღარ მაქვს!
– რაა?! – პირი დააღო ბუცამ, – მაშ ვის აქვს?!
– იცი რას ნიშნავს – „მიეცი კესარს კეისრისა”? – ჰკითხა ლუკამ.
– რას ბაზრობ?! – მოიღრუბლა ბუცა, – რა შუაშია კეისარი?!
– დოსიეები იმას დავუბრუნე, ვისაც ისინი ეკუთვნოდა! – უპასუხა ლუკამ.
ქურდებმა გაოცებით შეხედეს. ლუკა დაუჯერებელ რამეს ამბობდა, მაგრამ, იქ მყოფებიდან ყველამ კარგად იცოდა მისი სიტყვის ფასი.
– ვის დაუბრუნე? – პაუზის შემდეგ ჰკითხა ბუცამ.
– რუსეთის პროკურატურას... ის დოსიეები ძალიან საშიში იყო. მათ ნამდვილი ომის გამოწვევა შეეძლო ჩვენს შორის!
– არა... ვარიანტი არ არსებობს! – უნებურად წამოიძახა ბუცამ.
– შენ გინდა, თქვა, რომ სხადნიაკს ვატყუებ?! – მზერა გაუსწორა ლუკამ.
– არა... – ბუცა წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა – იცი რამდენი ნაბოზარი გადაარჩინე ამით?!
– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ბოზებს ვაფარებ ხელს?!
– ეგ ერთი და იგივეა!
– შენ იყავი იმ შეხვედრაზე, რომელზეც ციგანოვი და მარჩუკი გამტყუნდნენ და კარგად უნდა იცოდე, როგორც ვაფარებ ხელს ნაბოზრებს! – ცივად თქვა ლუკამ, – ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ქურდს მასკიანი ინფორმატორის გასაშიფრად პროკურორის დოსიეები არ სჭირდება, ეს მისი საქციელიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს!.. მე ერთხელაც არ ჩამიხედავს იმ დოსიეებში, მაგრამ, შენ მაინც გკითხავ: როგორ მოიქცეოდი იქ შენი ნაცნობი ქურდების სახელები რომ გენახა?
– რამეს მოვიფიქრებდი, – ჩაილაპარაკა ბუცამ.
– ჰო, შენ ეს საერთოდ გახასიათებს – ჯერ აკეთებ და შემდეგ ფიქრობ. საფიქრალი რომ არ გქონდეს, მე მისმინე. ვინ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ მთელი ეს დოსიე „ეფესბეს” ან პროკურატურის მიერ შემოგდებული ტრუხა ბაზარი არ იყო?! ვინ იტყვის, რომ ეს ჩვენში განხეთქილების ჩამოსაგდებად დაგეგმილი ოპერაცია არ იყო?! კიდევ გაინტერესებს რამე? – კითხვით დაასრულა ლუკამ.
– თქვენ რას იტყვით? – ქურდებს გახედა ბუცამ.
– ეს თქვენი ბაზარია. ჩვენ ბოლოს ვიტყვით სათქმელს, – ყველას მაგივრად უპასუხა სიომამ.
– ესე იგი, დოსიეებთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, – ლუკა ისევ ბუცას მიუბრუნდა, – რა სტავკას უწესებდი ანტონოვს?
– რა მნიშვნელობა აქვს?! – მოიღრუბლა ბუცა.
– ალბათ, აქვს. თუ ეს შენი პირადი საქმეა, შეგიძლია, არ მიპასუხო. მაგრამ, რაც ქურდულს ეხება, სხადნიაკზე უთქმელი ვერ დარჩება!
– შემოსავლის ორმოცდაათ პროცენტს.
– და რამდენი წავიდოდა იმ ფულიდან ობშჩიაკში?!
– აზრზე მოდი, მგელო! – ბრაზი მოერია ბუცას. ეს ყველაზე მძიმე დანაშაული იყო, რომელშიც შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ ქურდი. ობშჩიაკიდან ფულის მითვისებისთვის ბუცას ულაპარაკოდ გამოუტანდნენ სასიკვდილო განაჩენს!
– სად არის საერთოს სია? – ჰკითხა ლუკამ.
ბუცამ ჩანთიდან მოზრდილი რვეული ამოიღო. ამ რვეულში იყო აღრიცხული ის თანხები, რომლებსაც ბუცა ქურდული სალაროს შესავსებად იღებდა. იქვე იყო აღნიშნული, როდის და რაში იხარჯებოდა ეს ფული.
ლუკამ რვეული გადაშალა, სწრაფად გადაათვალიერა სია, შემდეგ კი ბუცას გამჭოლი მზერა მიაპყრო და თქვა:
– აქამდე რაზეც ვილაპარაკეთ უმნიშვნელო არ იყო, მაგრამ, იმ მიქარვებისთვის სახელის გარეშე დაგტოვებდი, ერთი-ორ პანღურს ამოგკრავდი და ისე გაგაგდებდი სხადნიაკიდან. მაგრამ, ახლა თუ ვერ გაიმართლე თავი, უეჭველი დაგბრიდავ. თუ გამართლდი, ჩავთვლი, რომ ერთ ადამიანს შეცდომაში შევყავდი და მას დავსჯი... გავაგრძელო?!
– გააგრძელე, – მექანიკურად ჩაილაპარაკა ბუცამ.
– ვიტალი ზარანდიას იცნობ? რა შეგიძლია თქვა მის შესახებ?
– ზარანდია... ზარანდია... – ჩაფიქრდა ბუცა.
– ნუ მსახიობობ! – შეუღინა ლუკამ, – მე ივანოვზე ან პეტროვზე არ გელაპარაკები, ვინმეში რომ შეგეშალოს. ასეთი გვარის მქონე კაცთან თუ გქონია საქმე, ის არასოდეს დაგავიწყდება!
– ჰო... ვიხსენებ... მგონი, კიეველი ბიზნესმენი უნდა იყოს, – ყრუდ ჩაილაპარაკა ბუცამ.
– ასე ცუდად იცნობ ხალხს, რომლებსაც ობშჩიაკში შემოაქვს ფული?! – განაგრძო ლუკამ.
– ჩემთან ბევრი ადამიანი მოდის, ყველას ვერ დავიმახსოვრებ.
– შენც არ იცნობ? – კოპაძის გახედა ლუკამ.
– აზრზე ვარ, ვინც არის; ერთი-ორჯერ შევხვედრივარ.
– კეთილი... ის კაცი ერთი თვის წინ ხარკოვში შენზე საჩივლელად ჩამოვიდა ჩემთან. მისი თქმით, შენთან სისტემატურად მოჰქონდა ობშჩიაკის ფული, ბოლო თვეების განმავლობაში კი ოჯახური პრობლემები შეექმნა და ფული დროზე ვეღარ ჩაგაბარა. ამისთვის შენმა ხალხმა ნაეზდი მოუწყო. ამიტომ, ზარანდია იძულებული გახდა ჩემთან ჩამოსულიყო და შენთან შუამდგომლობა ეთხოვა. მე მართლაც გამაკვირვა თანხებმა, რომელზეც ის ბაზრობდა. როგორც ჩანს, მართლაც მაგრად წველი კიევს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს თანხები არსად ჩანს...
– ვიღაც ნაბოზარი ბიზნესმენის სიტყვით მიყენებ პრეტენზიას?! – გააფთრდა ბუცა.
– შენ იმაზე სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე!.. შენგან გასხვავებით, მე ვფიქრობ და შემდეგ ვაკეთებ!.. ჩემთან მოსულ ზარანდიას მე მივეცი ობშჩიაკში შესატანი ხუთი ათასი დოლარი და ჩემს ხალხთან ერთად გამოვგზავნე კიევში. შენ აღარაფერს გკითხავ, – ამ სიტყვებთან ერთად ლუკა კოპაძეს მიუბრუნდა, – ზარანდიამ მაშინ მიუტანა ფული ბუცას, როცა შენც მასთან ერთად იყავი და ეს ფული სიაში არ ჩანს. ეს ორი კვირის წინ მოხდა. რას იტყვი ამაზე?!
კოპაძემ მზერა აარიდა ბუცას და ისე უპასუხა.
– მახსოვს... ის კაცი საღამოს მოვიდა და ხუთი ათასი მოიტანა.
– რატომ არ მოხვდა ფული საერთოში?
– აზრზე არ ვარ, – მხრები აიჩეჩა კოპაძემ, – სია ბუცას ჰქონდა. მეგონა, რომ შეიტანა.
– შენ რას იტყვი? – ისევ ბუცას გახედა ლუკამ, – ვინ ტყუის?
ბუცა უეცრად შეიცვალა: ავი გამომეტყველება უეცრად გაუქრა სახიდან. ახლა ის კისერში თავჩარგული იჯდა და ხაფანგში მოხვედრილი ვირთხასავით აცეცებდა თვალებს. კოპაძის პასუხმა ბოლო იმედი გადაუწურა – ახლა მას რომ ეთქვა, კოპაძე ტყუისო, ის ულაპარაკოდ დაახლიდა ტყვიას.
– ხმა ამოიღე! – ფეხზე ადგა ლუკა.
– არ მომკლათ... – გაჭირვებით ამოიკნავლა ბუცამ.
– შენი დედაც, ნაბიჭვარო! – კბილები გააღრჭიალა ლუკამ და მთელი ძალით მოიქნია მარჯვენა. სახეში დაძგერებულმა მუშტმა ბუცა გუდურასავით მოისროლა კარისკენ. ჯაბა და ვოვა უმალ ფეხზე წამოიჭრნენ, კისერში სწვდნენ და თვალის დახამხამებაში გაათრიეს ოთახიდან.
სიომამ გულგრილი მზერით გააცილა ბუცა, შემდეგ ლუკას მიუბრუნდა და მაგიდაზე დარჩენილ რვეულზე მიანიშნა.
– ამას რა ვუყოთ?
– საერთო მხოლოდ ღირსეულს უნდა ჰქონდეს... ისეთ კაცს, რომლის პატიოსნებაც ეჭვს გარეშეა! – უპასუხა მან.
ასეთი პასუხის შემდეგ ნებისმიერ ქურდს შეეძლო სიის მართვის თავის თავზე აღება, მაგრამ, საქმე კიევის ქურდულ სალაროს ეხებოდა. ოთახში კი კოპაძისა და ლუკას გარდა მხოლოდ ოდესელი ქურდები იმყოფებოდნენ.
– მე მივხედავ! – სწრაფად გადაწყვიტა კოპაძემ და რვეული აიღო, – ვინმეს პრეტენზია ხომ არ გაქვთ?
– არა... მიხედე, – ყველას მაგივრად უპასუხა ლუკამ.
– გამოდის, რომ ყველაფერი გაირკვა, – ჩაილაპარაკა სიომამ, – ყველამ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა!
– ერთი რამ დაგვრჩა მოსაგვარებელი, – გახედა ლუკამ.
– რა? – გაუკვირდათ ქურდებს.
ლუკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ალაპარაკდა.
– ამ ამბავს ვოლინა შეესწრო – ბერომ სიკვდილის წინ მაკურთხა ქურდად. მე ეს არ მინდოდა და არც დამიმალავს მისთვის, მაგრამ, ბერომ მითხრა, რომ, ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა დღე, როდესაც მე ქურდი გავხდებოდი. ის იმ დღეს ვეღარ მოესწრებოდა და, სურდა, რომ მე მისგან მიმეღო წოდება. ასე გავხდი უსახელო ქურდი. წოდებას კი მაშინ მივიღებდი, როდესაც ქურდების წრეში მე თვითონ ვიტყოდი ამას!.. მაშინ მართლა არ მეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ, მაინც მოხდა. ჩემი მეგობრის – დადას დაღუპვის შემდეგ ვატარებ სახელს. ასე მოვედი იმ დღემდე, როდესაც წოდებაზე უარი უნდა ვთქვა!..
– რა თქვი?! – გაოცებული სახეებით შეხედეს ქურდებმა.
– მე არასოდეს მქონია ამის სურვილი, ცხოვრებამ მაიძულა, ეს ნაბიჯი გადამედგა. დღეს კი, მინდა, უკან დავიბრუნო ყველაფერი, რაზეც მუდამ ვოცნებობდი... მორჩა, მე უარს ვამბობ წოდებაზე – აღარ ვარ ქურდი... ეს ყველაზე კარგი ვარიანტია – ყველაფერი გარკვეულია, ყველა ნაბოზარი დასჯილია... ჯობია, მანამდე გაგეცალოთ, სანამ კიდევ ვიღაც არ გამოჩნდა და ყველაფერი თავიდან არ დაიწყო... ასე გადაეცით ჩვენს ძმებს!... – დაასრულა ლუკამ და კარისკენ წავიდა.
– ლუკა!.. – სწრაფად დაადევნა სიომამ.
– არ გინდა, სიომა... მე არ მჩვევია გადაწყვეტილების შეცვლა... აქ კი აღარაფერი მესაქმება – ქურდულ საქმეებს ქურდები უნდა აგვარებდნენ, – ჩაილაპარაკა ლუკამ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
* * *
სამი დღის შემდეგ ლუკამ პრაღის გარეუბანში მდებარე აგარაკის წინ შეაჩერა მანქანა. ეკამ, რომელიც ისევ ფანჯარასთან ატარებდა მთელ თავის დროს, პირველმა შენიშნა ის, სწრაფად გამოვიდა სახლიდან, სირბილით გადაკვეთა ეზო და თვალცრემლიანი ჩაეკრა მკერდში.
– კარგი, კარგი, კმარა ცრემლი... ყველაფერი დამთავრდა!
– რა დამთავრდა? – გაუბედავად ჰკითხა ეკამ.
– ის, რასაც სხვისთვის ვაკეთებდი. ამიერიდან მხოლოდ ჩვენთვის ვიცხოვრებ, – უპასუხა ლუკამ, მერე მხარზე მოხვია ხელი და სახლის შესასვლელისკენ წაიყვანა.