კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ნინიაშვილი-ნინიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნინია. 

პაპუა, ბასილა და თევდორე ნინიაშვილები 1685 წელს შეყვანილები არიან უდავობის წიგნში, რომელიც მდივან ზურაბისთვის მიუციათ.

1823 წლის აღწერით, სოფელ დრეში მოიხსენიება იესე ნინიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ნინიძე, ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი, ნინიკაური, ნინუა, ნინუაშვილი.

საქართველოში 574 ნინიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 125, თბილისში – 125, ქარელში – 61. არიან სხვაგანაც.

ფანიაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფანია.

1710 წელს, აზატობის წიგნში, რომელიც ვიღაცას რევაზა ჟოჟოლაძისთვის მიუცია, მოიხსენიება პეტრე ფანიაშვილი.

1721 წელს ღორისთავში მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.

საქართველოში 112 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.

ლევანიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლევანი. 

ლევანი ლეონის ქართული ფორმაა და ლომს ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელი ევროპულ ენაში ძველეგვიპტური ლებუსგან მომდინარეობს. ბერძნულადაა ლეონ, ლათინურად – ლეო, გერმანულად – ლიოვე, რუსულად – ლევ, ფრანგულად – ლეონ, ინგლისურად კი – ლაიან.

ლევანი, როგორც საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ, გავრცელებული რომ იყო ხალხში, ამას ბევრი გვარი მოწმობს. მაგალითად: ლომიძე, ლომაძე, ლომაშვილი, ლომაური და ასე შემდეგ.

საქართველოში 102 ლევანიძე ცხოვრობს: თბილისში – 40, კასპში – 33, თეთრი წყაროში – 12. არიან სხვაგანაც.

კოღუაშვილი-კოღუა-კოღოშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი კოღუა.

ბერუა კოღუაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენში, 1713 წელს, კათალიკოს დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი გაცემულ გაყრილობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები კოღუა და კოღოშვილი.

საქართველოში 759 კოღუაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 343, წყალტუბოში – 271, თბილისში – 76. არიან სხვაგანაც.

213 – კოღუა.

76 – კოღოშვილი. 

დათიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათია. 

ივანე დათიაშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთში 1823 წელს.

კოდაში მცხოვრებმა იოსებ დათიაშვილმა 1829 წელს იქორწინა თამაზ მიქელაშვილის ასულ ნინაზე. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა იოანე ალინიევმა. თავმდებები იყვნენ: იორენ ქრისტესაშვილი, დათუა დოლმაზაშვილი, ქრისტესა ლაზარეიშვილი და ნონია ასლანიშვილი.

საქართველოში 1 195 დათიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 245, თბილისში – 198, ზესტაფონში – 170. არიან სხვაგანაც.

კოჩაძე-კონჩაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი კოჩა, კოჩია. 

1782 წელს კოჩაძე მოხსენიებულია როსტევანიშვილი სააკას მიერ მირზა იბრეიმასშვილი გოგიასადმი გაცემულ ბატონყმობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები: კონჩაძე, კოჩებანაშვილი, კოჩანაძე, კოჩინაშვილი, კოჩუაშვილი.

საქართველოში 890 კოჩაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 167, ქუთაისში – 166, ბაღდათში – 127. არიან სხვაგანაც.

მირუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მირონ, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მტირალას, მირონიანს ნიშნავს.

მირონის კნინობითი ფორმებია: მირუა, მირუმა. 

1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან დავით და ერუკა მირუაშვილები.

საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 294, კასპში – 15. არიან სხვაგანაც.

ბექაური-ბექაურიშვილი

გვარის ფუძეა ძველი ქართული საკუთარი სახელი – ბექა. ამ სახელით ბევრი ისტორიული პიროვნებაა ცნობილი, მაგალითად, ბექა ოპიზარი.

მთიანეთში მცხოვრებ ბექაურთა თიკუნებია: აფთარაანი, შარვანიანი, ბაინდურიანი, დათვიანი, ლომიანი, ბატარაანი.

არაგვის ხეობის აღწერაში 1774 წელს მოიხსენიებიან გუდამაყრის ჭალის სოფელში ერისთავის ყმა და მისი სამოსახლო: „ბეჟანა ბექაურის შვილი ნადირა, ირემა და შიო. აქავ ბექაური ვეფხია“.

გადმოცემის მიხედვით, ამ გვარის მიმცემი ბექა და წიკლაურთა ფუძის დამდები წიკქვაი ძმები ყოფილან. ამ გვარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუდამაყარში ცხოვრობდა ოთხი გვარის ხალხი: ბექაური, წიკლაური, აფციაური და ჩოხელი. ამ გვარების წარმომადგენლები ერთმანეთში არ ათხოვებდნენ ქალს.

თეთრიწყაროელი ბექაურები სოფელ მაქართადან არიან.

1853-1854 წლებში შამთაში მცხოვრები ბექაურები, შალვა ბექაურის გარდა, ბექაურიშვილებად ჩაეწერნენ.

გვხვდება, ასევე, გვარი ბექაძე.

საქართველოში 3 463 ბექაური ცხოვრობს: თბილისში – 468, თეთრი წყაროში – 417. არიან სხვაგანაც.

მემშვილდიშვილი

მემშვილდიშვილი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შექმნილი გვარია. ადრე ქართლში ცხოვრობდნენ, შემდგომში კი, ბევრი სხვა გვარის წარმომადგენლების მსგავსად, რაჭაში გადავიდნენ.

1448 წელს ღანირში მცხოვრებ მემშვილდიშვილს საყდრისთვის ემართა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ყველი, კვერცხი, ხუთი კოკა ღვინო და ძღვენი.

1423 წელს ენაგეთში მცხოვრები მემშვილდიშვილი ბარათაშვილების გაყრისას ერგოთ გერმანოზსა და მის ძმებს.

1630 წელს ენაგეთელი მემშვილდიშვილი სვიმონ მეფემ მამულითურთ უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს.

სარქისა მემშვილდიშვილი 1665 წელს სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასა და გაბუსათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

საქართველოში 350 მემშვილდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 157, ონში – 58, გორში – 57. არიან სხვაგანაც.

ანუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ანუა. 

ბოგვში მცხოვრებმა გლეხმა, გიორგი ანუაშვილმა, 1829 წელს იქორწინა წალასყურში მცხოვრები გლეხის, ივანე შიუაშვილის ქალთან, 14 წლის მარიამთან.

საქართველოში 101 ანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 40, თბილისში – 30, გარდაბანში – 18. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3