მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-5(631)
ან, რაში სჭირდება წესიერ ადამიანს ამხელა ქონება, პირადი მოხმარებისთვის? რა თქმა უნდა, არაფერში. ხოლო, ის კაცი კი, ვინც ქონებას მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იხვეჭს, ყოვლად უზნეო, გარყვნილი და ფსიქიკურად შერყეული ადამიანია.
რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანმა დიოგენესავით კასრში უნდა იცხოვროს და წყალი პეშვით სვას, მაგრამ არც უზარმაზარი სივრცეების დაკავება და ოქრო-ვერცხლსა და ძოწეულში ჩაჯდომაა ნორმალური საქციელი. ჩემი ღრმა რწმენით, საყოფაცხოვრებო კუთხით რომ შევხედოთ ამ საკითხს, მდიდრის დანიშნულება, მისი მისწრაფება იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანებმა კასრებში არ იცხოვრონ და პეშვით არ სვან წყალი...
– საბჭოეთის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რა იყო თუ იცი? – მკითხა ერთხელ შჩუკინმა.
– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– იმას, ჩემო კოკი, რომ ამერიკელები ჩვენივე ნედლეულით, ჩვენზე კარგ ტანსაცმელსა და პროდუქციას უშვებდნენ. მეტად კომფორტულ გარემოში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს და ამ ყველაფერს ამერიკული ოცნება უწოდეს. ამიტომ იყო, რომ ყველანი ამ სატყუარას წამოეგნენ და ეს უზარმაზარი ქვეყანა ისე დაიმხეს თავზე, რომ ამ კატასტროფას თვით ამერიკელებიც არ ელოდნენ და თავიდან დაიბნენ კიდეც. თუმცა, მალევე მოეგნენ გონს და თავიანთი სატანური გეგმის განხორციელებაზე გადავიდნენ, რომელიც დიადი ქვეყნის დაუშრეტელი რესურსების ძარცვაში მდგომარეობდა.
– ამერიკული ოცნება ნელ-ნელა შიშვლდება და ყველა კარგად ხედავს, რომ ამ კეთილშობილობის მიღმა დიდი ბოროტება იმალება. ევროპაში ამერიკელები არასდროს უყვარდათ. დღეს კი, შეიძლება, უკვე დანამდვილებით ითქვას, რომ ისინი ეზიზღებათ. თითქმის ისე ეზიზღებათ, როგორც ვეზიზღებოდით ჩვენ, საბჭოელები ცივი ომის პიკში.
– გეთანხმები, ჩემო კოკი. ამერიკელებს ახლა არავინ სწყალობს. თუმცა, ისინი მაინც ძალიან ძლიერები არიან და ჩვენ, რუსები ჯერჯერობით ახლოც ვერ მივალთ მათთან. ხოლო, რაც შეეხება ცივ ომს, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ის დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად?
– არა. მასე არ ვფიქრობ.
– მაინც, რა გგონია?
– ის, რომ ეს ომი უბრალოდ შეჩერდა. ძალიან მცირე დროით.
– არა. შეჩერებაზე ლაპარაკიც არ არის. ის არც შენელებულა. უბრალოდ, ფარული გახდა, რადგან, ვითომდა მშვიდობისმოყვარე ამერიკას უკვე აღარ აწყობდა ასეთი რამ. ახლა კი, ისევ ძველ ფირფიტას ატრიალებს და ძველ სიმღერებს მღერის. ამიტომ, ისევ ძველი დრო ბრუნდება.
– ძველ დროში ჯაშუშურ ომს ხომ არ გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.
– სწორედ ჯაშუშურ ომს და ამ საქმეში რუსეთის მთავრობას უნდა დავეხმაროთ.
– როგორ უნდა დავეხმაროთ?
– ყველანაირად, მაგრამ, ამავდროულად უხილავები უნდა დავრჩეთ.
– რამე კონკრეტული იდეა გაქვთ?
– იდეა დახმარებაა. კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, აი, ამ ადამიანების სია უნდა მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმოქმედონ და რუს დიპლომატებს მუშაობის მეტი სივრცე მიეცეთ, – მითხრა შჩუკინმა და ეგრეთ წოდებული „ზომბების“ სია მომცა, რომელშიც ცამეტი ადამიანის გვარი ეწერა.
– ესენი ხომ შეცვლილი პოლიტიკოსები არიან, – ვუთხარი შჩუკინს, როდესაც სიას გავეცანი.
– სწორედაც რომ, ისინი არიან, თითოეული მათგანი დღემდე ცოცხალია და კვლავ აქტიურ პოლიტიკაშია ჩაბმული.
ეგრეთ წოდებული „ზომბები“ სხვადასხვა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურები არიან. უფრო სწორად კი, იმ პოლიტიკური ფიგურების ორეულები. ისინი თავის დროზე საბჭოთა დაზვერვამ შეცვალა და მათ ადგილებზე „კაგებეში“ კარგად მომზადებული და ზომბირებული აგენტები დასვა. შეცვლის ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაში მეც მაქვს ადრე მონაწილეობა მიღებული. ეგრეთ წოდებული „ზომბები“ „კაგებეს“ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორ-ფსიქოლოგების მიერ იყვნენ დამუშავებულები და მათთან კონტაქტი სპეციალური კოდირებული სიტყვის შემდეგ მყარდებოდა. თითოეულ „ზომბს“ თავისი სიტყვა ჰქონდა და პირადი კურატორი ჰყავდა. ასეთ ოპერაციებს „კაგებე“ ეგრეთ წოდებულ „მესამე ქვეყნებში“ ატარებდა – იქ, სადაც დახვეწილი პოლიტიკური სისტემები არ არსებობდა და აგენტის შეპარება შედარებით ადვილი იყო.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ნუთუ დღევანდელი რუსეთის დაზვერვა საქმის კურსში არ არის „ზომბების“ თაობაზე?
– არა. ჩვენ რომ სამსახურიდან მოვდიოდით, ყველა კურატორი გარდაცვლილი იყო. ეს ოპერაცია კი ზესაიდუმლოდ ტარდებოდა და მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი საბუთები კეთდებოდა, რომლებიც დღემდე ჩემს პირად, საიდუმლო სეიფში ინახება.
– საქმეების გადაბარების დროს რატომ არ გადაეცით ეს საბუთები ახალ ხელმძღვანელობას?
– იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი მათ მოღალატეობაში და არც შევმცდარვარ. ახლა კი მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთში არ არის მოღალატე მთავრობა და ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამ. თუმცა, ყველას მაინც არ ვენდობი და ამ საბუთებს ქვეყნის პირველ პირს მივცემ. ის მშვენივრად გაარკვევს, რა უნდა ქნას.
– გასაგებია, – ვუთხარი შჩუკინს და ამ თემაზე სიტყვა აღარ დამიძრავს. ის მართალი აღმოჩნდა. ცივი ომი ახალი ძალით გაჩაღდა ჯაშუშური ომიც დიდი ტემპებით მიმდინარეობს, რაშიც ახალი სუპერტექნოლოგიებია ჩართული და ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დროს არც ჩვენ და არც ამერიკას არ დაესიზმრებოდა.
ძველი დროისგან განსხვავებით, ამერიკელებს ბევრად მეტი სივრცე და ფინანსური რესურსი გააჩნიათ განახლებულ ცივ ომში. თუმცა, ძველი, გამოცდილი გვარდია ჯერჯერობით ისევ კარგ ფორმაშია და სწორედ ამის იმედი აქვს შჩუკინს.
– ნამდვილი „კაგებე“ არ მომკვდარა. ის იატაკქვეშეთში გადავიდა და ამით უფრო საშიში და ძლიერი გახდა თავისი მტრებისთვის, – მითხრა ერთხელ ერთმა პოსტსაბჭოელმა ჟურნალისტ-პუბლიცისტმა, რომელსაც ბალტიისპირეთის ერთ-ერთი რესპუბლიკის დედაქალაქში შევხვდი და ამერიკელ კოლეგად გავეცანი და ვუთხარი, რომ ანალოგიური საქმით ვიყავი დაკავებული და საბჭოთა სპეცსამსახურებზე წიგნს ვწერდი.
– თქვენ ნუ გეწყინებათ და, მგონი, ცოტა გადაჭარბებულად აფასებთ „კაგებეს“ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ამ ყოფილი მონსტრის რაღაც უმცირესი შენაერთი, შეიძლება, მართლაც ეწევა არალეგალურ, იატაკქვეშა საქმიანობას, მაგრამ, შეუძლებელია, რომ ამხელა ორგანიზაცია იატაკქვეშეთში მოქმედებდეს და თანაც, ძალიან ეფექტურად, – ვუთხარი ჩემს „კოლეგას“, – მე თქვენ დიდ პატივს გცემთ და თქვენი მრავალი პუბლიკაცია მაქვს შესწავლილი, თუმცა, ამ თქვენს მოსაზრებას ნამდვილად ვერ გავიზიარებ.
„კოლეგას“ ჩაეცინა და მითხრა:
– მართალი ბრძანდებით. ნამდვილად ძალიან ძნელია, დამეთანხმოთ, მაგრამ, მე ჰაერზე არ ვლაპარაკობ.
– ჩემო მეგობარო, – ღიმილითვე მივუგე „კოლეგას“, – ნუთუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი სიტყვების მტკიცებულება გაგაჩნიათ?
– სწორედ ასეა, – დამიდასტურა „კოლეგამ“, – ყვითელი პრესის წარმომადგენელი ხომ არ ვარ, რომ სისულელეები ვჩმახო?
– არა, მე ეს არ მითქვამს, მაგრამ, თქვენი განცხადება იმდენად ფანტასტიკურია, რომ ძალიან ძნელია ამის დაჯერება.
– კეთილი. ხვალ თქვენ ამაში საკუთარი თვალით დარწმუნდებით. მეტსაც გეტყვით: შესაძლებლობა გექნებათ, რომ ზოგიერთი მასალა თქვენს მომავალ წიგნშიც კი გამოაქვეყნოთ და თქვენად გაასაღოთ, თუკი, რა თქმა უნდა, თანხაზე შევთანხმდებით.
– იმედია, შევთანხმდებით. ახლა კი ღამე მშვიდობისა, ხვალამდე, – მივუგე „კოლეგას“ და ჩემს ნომერში დავბრუნდი.
ბალტიისპირეთში შჩუკინის თხოვნით ვიმყოფებოდი. ვიქტორ იაკოვლევიჩმა მოსკოვში ჩასვლა მთხოვა და რომ შევხვდი, მითხრა:
– კოკი, უნდა დაგვეხმარო.
– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო?
შჩუკინმა ცნობილი ჟურნალისტის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– ამ სუბიექტმა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ გაზეთში პუბლიკაცია გამოაქვეყნა. იქ ისეთი ფაქტია მოყვანილი, რომელიც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მისთვის ჩვენი მოღვაწეობის შესახებ ვარაუდის ფორმით კი არა, ფაქტებითაა ცნობილი.
– რატომ ფიქრობთ ასე, ვინმემ გიღალატათ თუ ეჭვი გაქვთ ვინმეზე?
– ღალატი არ მგონია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს კვალზე ვიღაც შემთხვევით გამოვიდა, რაღაც ფაქტები მოიპოვა და მათ გაყიდვას ცდილობს.
– ეჭვი გაქვთ ვინმეზე?
– საქმეც ისაა, რომ არა, – თავი გააქნია შჩუკინმა, – ბევრი ვიფიქრე ამაზე და ვერავისზე იოტისოდენა ეჭვიც კი ვერ მივიტანე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უფრო შემთხვევითია, ვიდრე მიზანმიმართული ღალატი.
– მე რა მევალება?
ჩემს სიტყვებზე შჩუკინს გაეცინა და მითხრა:
– კოკი, ჩემო კარგო, ნუ გავიწყდება, რომ მე შენი უფროსი აღარ ვარ და, თუკი რამეს გააკეთებ, ეს დავალება კი არ არის, არამედ, შენი კეთილი ნება.
– კარგი. რა უნდა გავაკეთო?
– იმ სუბიექტს უნდა შეხვდე და კოლეგად გაეცნო. ლაპარაკში კი გაარკვიო, ფლობს თუ არა ის რამე საინტერესო ინფორმაციას და თუ მართლა ფლობს, მაშინ პირველწყარო აღმოაჩინო.
– სულ ესაა?
– ცოტაა?
– არა, მაგრამ, თქვენ არ გითქვამთ, რა უნდა ვქნა, თუკი მათ მართლა აღმოაჩნდათ რამე სერიოზული მასალები. ნუთუ ისინი ცოცხლები უნდა დავტოვო?
– ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა.
მე კი საიმედოდ შევინიღბე. შესაბამისი საბუთებითა და რეკვიზიტებით აღვიჭურვე და მოსკოვიდან კვლავ ბალტიისპირეთში გადავფრინდი.
ჩემს „კოლეგას“ რომ დავშორდი და სასტუმროს ნომერში დავბრუნდი, ჩემი რეკვიზიტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე და დასაძინებლად დავწექი.
– გამარჯობა. როგორ გრძნობთ თავს? მზად ხართ, რომ გულისწამსვლელ, სუპერსენსაციურ ინფორმაციებს გაეცნოთ? – მითხრა „კოლეგამ“, როდესაც ერთმანეთს ერთ-ერთ მყუდრო სკვერში შევხვდით, სადაც ძალიან ცოტა ხალხი იყო.
– მზად ვარ, მზად ვარ... აბა, გამაოცეთ თქვენი სენსაციური დოკუმენტებით, – მივუგე „კოლეგას“.
– აი, ამ ერთწუთიან ჩანაწერს უყურეთ და დარწმუნდებით, რომ სრულ სიმართლეს ვამბობ, – მითხრა „კოლეგამ“ და მცირე ზომის ვიდეოკამერა დამიდო მუხლებზე, რომელშიც ჩანაწერის ყურება შეიძლებოდა.
ერთწუთიანი ჩანაწერი კოდირებული იყო და მხოლოდ ხმა ისმოდა. თუმცა, მე კარგად გავარკვიე მუხინისა და შჩუკინის ხმები და ეჭვიც არ შემპარვია მათში. ამგვარად, ისიც ნათელი იყო, რომ „კოლეგა“ არ ტყუოდა. ჩანაწერებში საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენასა და ამ საქმეში იატაკქვეშა „კაგებეს“ როლზე იყო ლაპარაკი, ერთი სიტყვით, ყველაფერ იმაზე, რაზეც შჩუკინი და მე ვლაპარაკობთ ხოლმე ერთმანეთში. ფირის ნახვა რომ დავასრულე, კამერა პატრონს დავუბრუნე და ვუთხარი:
– კოლეგა, ეს ხომ ცუდი მონტაჟია, ტექსტი კი ისეთი ტრაფარეტული, რასაც ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ვისმენდით ამერიკული საინფორმაციო-პროპაგანდისტული წყაროებიდან.
– ნუ ჩქარობთ, – ღიმილით მითხრა „კოლეგამ“, – ეს მხოლოდ შესავალი იყო. ჩანაწერი, უბრალოდ, კოდირებულია და არა ფალსიფიცირებული. მასზე კი „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან აღბეჭდილები და, რასაც ისინი ამბობენ ამ მცირე ფრაგმენტში, მათი ნაბოდვარი კი არა, რეალობაა.
– ვინ მაღალჩინოსნები არიან, შეგიძლიათ, ერთი მათგანი მაინც დაასახელოთ?
– არა, – თავი გააქნია „კოლეგამ“, მე კი ვკითხე:
– რატომ?
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მე მათი ვინაობა არ ვიცი და არც მათი სახეები მაქვს ნანახი. უბრალოდ, ვისაც ეს ჩანაწერები ეკუთვნის, მის გაშიფვრაში სოლიდურ თანხას ითხოვს, რომ ყველა კარტი გახსნას.
„აი, ჩემი მიზანიც. თავად ებმება ხაფანგში“, – გავიფიქრე გუნებაში, „კოლეგას“ კი ვუთხარი:
– მაშინ, შემახვედრეთ იმ კაცთან და რეალურ თანხაზე დავილაპარაკოთ.
– დიდი სიამოვნებით, – მითხრა „კოლეგამ“, რომელსაც ვკითხე:
– სად და როდის მოვიდე?
– აქ და ახლავე, – გამიღიმა „კოლეგამ“ და სიგარეტს მოუკიდა.
ნახევარი წუთის შემდეგ ჩვენთან საშუალო სიმაღლის მამაკაცი მოვიდა, რომელიც მაშინვე ვიცანი. კიდევ კარგი, რომ შენიღბული ვიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც მიცნობდა და ყველაფერი ჩაიშლებოდა. როგორც მივხვდი, სიგარეტის მოკიდება ნიშანი იყო. ჩემი ძველი ნაცნობი მოგვიახლოვდა და მითხრა:
– გამარჯობა, სერ.
– გაგიმარჯოს, – მივუგე მე, – ეს ჩანაწერი თქვენი კუთვნილებაა?
– დიახ.
– ვინ არიან მასზე აღბეჭდილები?
– ყოფილი საბჭოთა კავშირის „კაგებეს“ ელიტის ნაწილი.
– კონკრეტულად ვინ?
– კონკრეტიკა მაშინ, როდესაც თანხაზე შევთანხმდებით.
– ჯერ საქონლის ხარისხს უნდა გავეცნო და ფულზე მერე ვილაპარაკოთ.
– დარდი ნუ გაქვთ, ხარისხი გარანტირებულია. მე მაქვს თითქმის ორსაათიანი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს იატაკქვეშეთში გადასული „კაგებე“ საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენას.
– თქვენ ეს ჩანაწერი საიდან?
– ფირმის საიდუმლოებაა.
– კარგი. თუ ეს ჩანაწერი მართლაც ასე ფასეულია, „ცეერუს“ რატომ არ დაუკავშირდით, ისინი ხომ ამაში დიდ თანხებსაც არ დაიშურებენ?
– „ცეერუ“ და სხვა მსგავსი პროფილის უწყებები ძალიან არასაიმედო პარტნიორები არიან ასეთ საქმეებში. მათ, უბრალოდ, შეუძლიათ, თავიდან მომიშორონ და ისე დაეუფლონ ამ ჩანაწერს. ამიტომ, საკუთარ სიცოცხლესა და ჩემს ფინანსურ კეთილდღეობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ.
– მაინც, რა თანხის მიღებას ვარაუდობთ ამ ჩანაწერის გაყიდვით?
– ვფიქრობ, რომ ხუთ მილიონ დოლარს გადამიხდით.
– ხუთ მილიონს? რას ბრძანებთ?! ამხელა თანხას სახელმწიფო საიდუმლოების, სტრატეგიული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის არ იხდიან და ორსაათიან ფირში ამდენს ვინ მოგცემთ?
– მომცემენ, მეგობარო, მეტსაც მომცემენ. მაგრამ, მე ხუთ მილიონზეც თანახმა ვარ. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ მილიონიანი ტირაჟით გამოშვებული ბესტსელერი, რომელიც ოცდაათი დოლარი ღირს და ერთ კვირაში გაიყიდება – ეს ხომ უკვე ექვსმაგი მოგებაა! გარდა ამისა, ამ ფირს ტელევიზიებიც შეიძენენ ექსკლუზიურად და ამ გარიგებიდანაც არანაკლები მოგება გექნებათ. ასე რომ, ჩემო კარგო, გირჩევთ, ეს შემოთავაზება მიიღოთ და ფირი ხუთ მილიონად იყიდოთ.
– კეთილი. თუკი ფირზე მართლაც ის ხალხია აღბეჭდილი და იმ შინაარსის საუბარია ჩაწერილი, რაზეც თქვენ მელაპარაკეთ, ჩათვალეთ, რომ ხუთი მილიონი დოლარი უკვე ჯიბეში გაქვთ. მანამდე კი...
– მანამდე კი, – სიტყვა შემაწყვეტინა ძველმა ნაცნობმა, – ჩემს სოროში წავიდეთ და სრული ფირი ვნახოთ.
– თანახმა ვარ. წავედით.
ჩემი ძველი ნაცნობი ძველი ქალაქის ძველებურ სახლში ცხოვრობდა, ფირი კი სარდაფში ჰქონდა დამალული, რომელიც ოთახივით ჰქონდა მოწყობილი და, რომ მივედით, მითხრა:
– სადაა იმის გარანტია, რომ, როდესაც ფირს განახვებთ, ფულს გადამიხდით?
– გარანტია ჩემი თავია. როგორც კი ფირის ნამდვილობაში დავრწმუნდები, ჩემი მობილურით ბანკში დავრეკავ და ხუთ მილიონ დოლარს ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ანგარიშზე დავასმევინებ. გაწყობთ?
– მაწყობს.
– მაშ, დავიწყოთ.
ძველმა ნაცნობმა ფირი ჩართო და თითქმის ორი საათის განმავლობაში ვუყურებდი ერთ-ერთი საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერს, რომელზეც შჩუკინი, მუხინი და „კაგებეს“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები დაწვრილებით განიხილავდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენის დეტალურ გეგმას და რამდენიმე საიდუმლო პროექტიც ახსენეს, რომელთა განხორციელებაში, შჩუკინის თხოვნით, მონაწილეობა მქონდა მიღებული. ჩვენების დროს ჩემი ნაცნობი ზოგჯერ კადრს აშტერდებოდა და დაწვრილებით კომენტარს აკეთებდა ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, ჩემი ძველი ნაცნობი „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი და ჩვენი უწყების საიდუმლო ინფრასტრუქტურის კარგი მცოდნე იყო და ყველა მაღალჩინოსანს პირადად იცნობდა. ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოულოდნელად გაუჩინარდა. მოგვიანებით ხმა გავარდა, რომ მან მილიონი მანეთი გაიტაცა და იმალებოდა, მერე კი, თითქოს პარტნიორებმა მოკლეს ბრაზილიაში.
„გამოდის, რომ არ მოუკლავთ. ან სცადეს და ცოცხალი გადარჩა“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც ჩვენება დასრულდა, ნაცნობს კი ვუთხარი:
– შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი. მე ვყიდულობ ამ ფირს. მაგრამ, თუ შეიძლება, ერთ კითხვას დაგისვამთ.
– მკითხეთ.
– როგორ მოიპოვეთ ის?
– მოდი, ეს ჩემს საიდუმლოდ დარჩეს.
– კარგი, ასე იყოს, – ვუთხარი ნაცნობს და ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ვითომდა მობილურის ამოსაღებად. იქიდან კი მცირე ზომის მაყუჩიანი პისტოლეტი ამოვაცურე, ნაცნობს მივუშვირე და კბილებში გამოვცარი:
– აბა, ამოღერღე, საიდან გაქვს ეს ჩანაწერი?
ყოფილი პოლკოვნიკი საკმაოდ გამობრძმედილი „კაგებეშნიკი“ იყო. ამიტომ, ირონიულად შემომხედა და მშვიდად მითხრა:
– მეგობარო, გირჩევ, ეგ სათამაშო შეინახო, შემთხვევით რომ არ გაგივარდეს და აქედან წახვიდე.
– შემთხვევით არაფერი ხდება, – მშვიდადვე მივუგე პოლკოვნიკს, შემდეგ ცნობილ ჟურნალისტს შუბლი გავუხვრიტე, ისევ ძველ ნაცნობს მივუბრუნდი და ვუთხარი, – ეგ ზედმეტი იყო. აბა, მითხარი, საიდან გაქვს ეს ჩანაწერი.
პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ვერ გამაცურებდა და მითხრა:
– სრულიად შემთხვევით. კონსპირაციულ აგარაკზე ვიმალებოდი. სადაც ეს შეხვედრა გაიმართა და ჩავწერე.
– პოლკოვნიკო, თუ იცი, ვინ ვარ?
საკუთარი წოდების ხსენებაზე პოლკოვნიკი შეცბა და მითხრა:
– ვინ ხარ?
მე გამეცინა და უკვე რუსულად ვუთხარი:
– კოკი ვარ.
– კოკი?! – გაოცდა პოლკოვნიკი, – ისე ხარ შენიღბული, რომ ვერ გიცანი.
– პოლკოვნიკო, თქვენ ხომ ბრაზილიაში მოგკლეს? ყოველ შემთხვევაში ასეთი ხმები გავრცელდა.
– რასაც ამბობდნენ, მართალი იყო – მე მართლაც გავიტაცე მილიონი მანეთი და უცხოეთში გავიქეცი, მაგრამ, საქმეები ვერ ავაწყვე და კინაღამ მომკლეს. კარგა ხანს ვიხეტიალე, ბოლოს მოსკოვში დავბრუნდი და ჩვენი ყოფილი უწყების კონსპირაციულ აგარაკზე ვიმალებოდი. იქ კი, თურმე შეთქმულები იკრიბებოდნენ. ეს ჩანაწერი იქ გავაკეთე და როდესაც მივხვდი, რა განძი მეჭირა ხელში, გადავწყვიტე, ის ფულად მექცია.
აშკარა იყო, პოლკოვნიკი არ ტყუოდა და მარტო მოქმედებდა. ამიტომ, მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი:
– სამწუხაროა, მაგრამ არ გამოგივიდათ. ახლა კი მშვიდობით, უნდა წავიდე.
– კოკი! – წამოხტა პოლკოვნიკი, მაგრამ ჩემი პისტოლეტის ტყვიამ მას მარცხენა თვალი გაუხვრიტა და ტვინი გაასხმევინა...
სრული გარანტიისთვის, პოლკოვნიკის სორო ბენზინით გავჟღინთე და იქაურობა გამოვბუგე. მე კი სულ მალე მოსკოვში დავბრუნდი, შჩუკინს ფირი მივეცი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– სამწუხაროა, მაგრამ, შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული. კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დასრულდა, – მითხრა შჩუკინმა, – ამიერიდან უფრო ფრთხილად და წინდახედულად ვიმოქმედებთ. შენ კი დიდი მადლობა, რომ ჩვენი საქმე განადგურებისგან იხსენი.
– განადგურებისგან? ხომ არ აჭარბებთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– ვაჭარბებ? რას ამბობ, კოკი! ეს ფირი რომ „ცეერუს“ ჩავარდნოდა ხელში, ამერიკელები მთელ თავის ძალებს აამოქმედებდნენ ჩვენ წინააღმდეგ და ერთი მხრივ, ყველას გაგვწყვეტდნენ, მეორე მხრივ კი მთელ ჩვენს უკან დაბრუნებულ სიმდიდრეს წაიღებდნენ.
– პრინციპში, მართალი ხართ. ამერიკელებს ეს არ შეეშლებოდათ. კიდევ კარგი, ფორტუნამ არ გვიმტყუნა.
– ფორტუნასაც რჩეულები, საუკეთესოები უყვარს. ჩვენ კი, მართლაც საუკეთესოები ვართ, რადგან სიმართლეს ვემსახურებით და არანაირ პირად გამორჩენას არ ველოდებით.
ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო. ამხელა სიმდიდრის პატრონებს რომ ანგარება და პირადი ამბიციები ამოძრავებდეთ, მაშინ ამ სიმდიდრის ხარჯვას შეუდგებოდნენ ან ბიზნესში ჩადებდნენ. ისინი კი, ამ თანხას ხალხის ფულს უწოდებენ და ძველი გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენას ესწრაფიან.
ერთხელ ჩემი ეს მოსაზრება შჩუკინს გავუზიარე. მან კი გაიკვირვა და მითხრა:
– ჩვენზე რომ ლაპარაკობ, შენი თავიც უნდა მიათვალო. შენ ისეთივე სრულუფლებიანი წევრი ხარ, როგორებიც ჩვენ და, ნუთუ გვემიჯნები?
– არ გემიჯნებით, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, თუ საიდუმლო იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი ვიყავი.
– იატაკქვეშეთში დროებით ვართ, ჩემო კოკი. ხოლო, როდესაც ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცე აღდგება, ჩვენი უწყება კვლავ ლეგალური გახდება და დასამალიც არაფერი გვექნება, – შჩუკინმა პაუზა გააკეთა, გაეცინა და დაამატა – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ოფიციალური სპეცსამსახურის თანამშრომლები და არც „კაგებე“ განახლდება ძველი სტატუსით. თუმცა, ყოფილი საბჭოური გეოპოლიტიკური სივრცე ნამდვილად აღდგება და იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა – ამას წინ ვეღარაფერი აღუდგება და, მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყანაც რომ გაერთიანდეს, ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.
– ისევ სტალინის პრობლემას ვუბრუნდებით, – ვუთხარი შჩუკინს, – ხომ იცით, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ასეთ გლობალურ პროექტს მხოლოდ სტალინის დონის პიროვნება სჭირდება. ასეთები კი პლანეტაზე ათასწლეულში ერთხელ იბადებიან.
– კონკრეტულად სტალინზე რა მოგახსენო, ჩემო კოკი, მაგრამ რუსეთის მმართველობაში რომ დღეს პატრიოტი, ანტიამერიკული და არაფრის დამთმობი პიროვნებაა, შემიძლია, თავი დავდო.
შჩუკინზე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი რუსული მთავრობის ფანია. მაგრამ მას სჯერა, რომ ისინი ამერიკული ზეწოლის მოგერიებას და იმ ძველი პოლიტიკური პოლუსის აღდგენას შეძლებენ, რომელიც სტალინმა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში სტალინის ხსენება „კაგებეში“ აკრძალული იყო, შჩუკინი, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც არ მალავდა თავის სიმპათიებს სტალინის მიმართ და მას „საბჭოთა კავშირის დიად მშენებელს“ უწოდებდა.
ამას წინათ გორში სტალინის ბოლო ძეგლი რომ დაამხეს, თანაც ღამით, მზაკვრულად, ერთი ჩემი ნაცნობი, ძველი სტალინისტი შემხვდა და მითხრა:
– უყურე, ბელადს როგორ უპარტყუნებდნენ თავში ეს ნაბიჭვრები?
– ძეგლებთან ომში მაგრები არიან, – მივუგე ძველ ნაცნობს და, რომ დამემშვიდებინა, დავამატე – ნუ ნერვიულობ. მოვა დრო, თანაც, სულ მალე, რომ გორში დამხობილ ძეგლსაც აღადგენენ და ათასობით სხვასაც.
– შენს პირს შაქარი, ჩემო კოკი! ვერ მიხვდნენ ქართველები, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე ცნობილი ქართველი სტალინი იყო და მისი უარყოფით საკუთარ თავს უარვყოფთ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში