ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს ძაღლებში ცრემლდენა? ჩემს ძაღლს იმდენი ცრემლი სდის, რომ გარშემო ბეწვის ფერი აქვს შეცვლილი.
პასუხი: თვალიდან ცრემლის დენა ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული. ზეპირად დიაგნოზის დასმა არ არის რეკომენდებული. ამიტომ, უმჯობესია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ვეტერინარს, რომელიც თქვენს ძაღლს საგულდაგულოდ გასინჯავს და დიაგნოზს დაუსვამს.
კითხვა: თებერვლის პირველ ნახევარში ჩემს ძაღლს აცრის გაკეთება უწევს. მაინტერესებს, აცრის გაკეთებიდან რამდენ ხანში შეიძლება ცხოველის დაბანა?
პასუხი: აცრიდან აუცილებლად 2 კვირა უნდა იყოს გასული. მანამდე იმიტომ არ არის რეკომენდებული ცხოველის დაბანა, რომ, შეიძლება, გაცივდეს და მოხდეს ვაქცინის გართულება. ამიტომ, ჯობია, მსგავსი გართულებები თავიდან აიცილოთ და თავი შეიკავოთ ცხოველის ბანაობაზე.
კითხვა: ძაღლის წყლისა და საჭმლის ჭურჭელს თუ აქვს მნიშვნელობა? ანუ, სპეციალურ მაღაზიაში უნდა შევიძინოთ თუ ჩვენი სამზარეულოდანაც შეგვიძლია მათთვის ჭურჭლის გამოყოფა?
პასუხი: სასურველია, ძაღლის ჭურჭელი მეტალის იყოს და არა პლასტმასის, რადგან, პლასტმასის ჭურჭლით ზოგი ძაღლი ერთობა, აფუჭებს მას და შიგ მოთავსებულ საკვებს; ასევე, შესაძლოა, პლასტმასის ჭურჭელი თამაშისას გატეხოს და მისი ნატეხი გადაეყლაპოს. არის სპეციალური ჭურჭელი, რომელიც მაღაზიებში იყიდება და, ჯობია, თქვენი ძაღლისთვის შეარჩიოთ ის ჭურჭელი, რომელსაც თავისი დანადგარიც აქვს. დანადგარი აფიქსირებს ძაღლის სიმაღლეს თავდახრილმა რომ არ ჭამოს და დალიოს წყალი. აქედან გამომდინარე, რა სიმაღლისაც არის ცხოველი, იმ სიმაღლეზე დაუფიქსირებთ ჭურჭელს დანადგარზე.
კითხვა: ბოლო დროს ჩემი ძაღლი ზომაზე მეტ წყალს სვამს. წყლის ასეთი ჭარბი დოზით მიღება ჩვეულებრივი შემთხვევაა თუ, შეიძლება დიაბეტის ბრალი იყოს?
პასუხი: ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, ვეტერინარს მიმართოთ და ძაღლი გაასინჯოთ. არ არის გამორიცხული, თქვენს ძაღლს დიაბეტი ჰქონდეს, ამიტომ გადამოწმებაა საჭირო. ვეტერინარი ჩაუტარებს გამოკვლევებს და ზუსტ დიაგნოზსაც დასვამს. ზეპირად გადაჭრით პასუხის გაცემა მიჭირს.
კითხვა: იქნებ, მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი სახლში მოშარდვას?
პასუხი: როცა ლეკვის გაყვანას დაიწყებთ სასეირნოდ, გარეთ მოშარდვასაც მიეჩვევა. ლეკვს რომ აჭმევთ, მერე ის აუცილებლად გარეთ უნდა გაიყვანოთ, რადგან, ჭამიდან რამდენიმე წუთში ის შარდავს და კუჭში გადის. კვების შემდეგ ცხოველის გასეირნება სისტემატურ სახეს რომ მიიღებს, მერე უკვე თვითონვე მოგთხოვთ გარეთ გაყვანას და სახლში აღარ მოისაქმებს. გასეირნება ერთსა და იმავე დროს უნდა მოხდეს. თუ ძაღლი სახლში გეყოლებათ დამწყვდეული, მას ვერ მოსთხოვთ, რომ სახლში არაფერი ქნას.