რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ჩემი ავტომობილის საჭე მარჯვნივ თავისით მიდის. მითხრეს, ეს „რაზვალის” ბრალიაო და ამიხსნეს, რომ ის რამდენიმე ტიპის შეიძლება იყოს. მაინტერესებს, ასე სიარული დააზიანებს თუ არა რამეს ჩემს ავტომობილში?
პასუხი: „რაზვალი” სავალ სისტემაში უამრავ რამეს აზიანებს, უპირველესად, საბურავებს, შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებულ „პაჩებნიკს”, საკისარს და სხვა. მაგრამ, ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების დარღვევაა, რაც ნიშნავს, რომ „რაზვალმა” შეიძლება, თქვენც დაგაზიანოთ. ის, რაც მანევრში ავტომობილს დააკლდება, ვთქვათ მოუხვიეთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხვევა საკმარისი არ იყო ან არასწორად შევიდა მანქანა მოსახვევში, კატასტროფას გამოიწვევს. „რაზვალი” და მთელი ეს არეულ-დარეულობა შეიძლება, დაიწყოს რომელიმე სავალი დეტალის დაზიანებით და ის იყოს გამოსაცვლელი – მაგალითად, ეგრეთ წოდებული „რაზვალნი ვტულკა”, ანუ რეზინის გამჭედი, რომელიც ძელების მდგომარეობას უნარჩუნებს, ასევე „შარავოი”, „ნაკანეჩნიკი”, „ტიაგა” და სხვა. რომელიმე ამ ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა, ავტომატურად იწვევს „რაზვალს”, რადგან მათი მოჭიმულობისა და გადახრა-გადმოხრის დონით რეგულირდება „რაზვალი”. შესაბამისად, თუ სავალ ნაწილში რაღაც კაკუნობს, ეს ნიშნავს „ლუფტს” და რა სიდიდისაც ეს „ლუფტია” ზუსტად იმდენია საბურავებს შორის ცდომილება. თან ეს არასტაბილური ცდომილებაა – მუხრუჭზე, გაზის მიცემაზე ავტომობილი აბსოლუტურად არასტანდარტულად რეაგირებს. ამან კი შეიძლება, ოდნავ მაღალ სიჩქარეზე, მძღოლის დაბნევა გამოიწვიოს. თუ ადრე კონკრეტულ მოსახვევს ოთხმოცი კილომეტრ-საათში სიჩქარით გადიოდით, „ლუფტით” სამოცდაათითაც გაგიჭირდებათ. „რაზვალს” ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უდიდეს როლს თამაშობს მართვისას, ასე რომ, პროფესიონალები კონკრეტული ავტოდრომის, გზის საფარის, მოსახვევების მიხედვით ვცვლით ბორბლების მდგომარეობას, ანუ ვრევთ „რაზვალს” და გზის საფარს საბურავების დახრილობას ვარგებთ.
კითხვა: მაინტერესებს, რა განსხვავებაა 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გამოშვებულ „ჰონდა ცეერვეებს” შორის? ღირს თუ არა ამ მანქანის ყიდვა, ან რომელი ჯობია – ევროპული, ამერიკული თუ იაპონური?
პასუხი: ზოგადად, ყველა კარგია, თუმცაღა განსხვავებებიც არის. მაგალითისთვის, 1999 წლიდან 2001 წლამდე გამოსულ მოდელებს უფრო მეტი ცხენის ძალა აქვთ, კონკრეტულად – 147, ვიდრე 1999 წლამდე გამოსულებს, რომელთაც 128 ცხენის ძალა ჰქონდათ. ეს ცვლილება მომხმარებლის მოთხოვნით შეიტანეს. რეალურად, მოდელებს შეცვლილი მხოლოდ შემსვლელი „რასპრედვალი” აქვს, ჰაერის შემსვლელი კოლექტორი კი ოდნავ ფორსირებულია. მცირედი განსხვავებაა ქვეყნების მიხედვითაც. ევროპული კომპლექტაცია სხვა დანარჩენებს უმნიშვნელოდ ჯობია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მოდელებიც და არ შემოგაპარონ. პრინციპში, თუ მაინცდამაინც „კვადრო“ არ გჭირდებათ, შეგიძლიათ, წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მოდელიც შეიძინოთ, რადგან უფრო ეკონომიურია. არსებობს ასევე, მოდელები ბლოკირებული უკანა ხიდით, რაც გამავლობას აუმჯობესებს. გირჩევთ, ავტომობილი მართვის მექანიკური კოლოფით შეიძინოთ, რადგან „ჰონდას” ამ მოდელზე ავტომატური კოლოფი ისეთი გამძლე და „ყოჩაღი” ვერ გამოუვიდა, როგორც სხვა დანარჩენი აგრეგატები. არც „ავტომატიკაა” ცუდი, მაგრამ „მექანიკა ცეერვე” უკვდავია.
კითხვა: სიცივეში ჩემი ავტომობილი ცუდად იქოქება. ის დიზელის საწვავზეა და მითხრეს, რომ გამოსაცვლელი მაქვს ეგრეთ წოდებული ფილტრები. ფილტრების გამოცვლის შემდეგ პრობლემა ისევ აქვს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? არ მინდა, ხელოსნები ისევ შეცდომაში შევიდნენ და უაზროდ ვიწვალო.
პასუხი: ეს უფრო დამხმარე სანთლებისგან გამოწვეული პრობლემაა. როგორც იცით, დიზელის სანთლები ეგრეთ წოდებული „სვეჩები”, ფეთქებას არ იწვევს, მაგრამ აქვს ისეთი სანთლები, ცივ ძრავას დაქოქვაში რომ ეხმარება. ეს სანთლები, სპირალივით ინთება. ისევე, როგორც გამათბობელ ღუმელზე. წარმოიდგინეთ, საწრუპივით მილი ჩამაგრებულია ცილინდრის თავზე, რომელიც ხურდება, წითლდება და შესაბამისად, იქ შესული დიზელი იოლად ფეთქდება. ანუ, სიმხურვალის პროვოცირებას იწვევს. ეს სპირალები რაღაც პერიოდის შემდეგ იწვება, მით უმეტეს, თუ არასწორად მოიხმართ – მაგალითად, თუ დაქოქავთ და სპეციალურ ნათურას ხელსაწყოების დაფაზე ჩაქრობას არ დააცდით, რომელიც სწორედ ამ სპირალის გახურებას გვანიშნებს. ასევე, თუ მიგორავთ და პირდაპირ სიჩქარით დაქოქავთ ავტომობილს და არა სტარტერით, ამ დროს სპირალი გახურებას აგრძელებს, ის გადახურდება და იოლად დაიწვება. სპირალების მანიშნებელი ყვითელი ნათურა – თუ ასეთი თქვენს ავტომობილს აქვს, უნდა ჩაქრეს, მანქანა ყოველთვის დაქოქეთ სტარტერით.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე”, რომელსაც „ცეპლენია” დაუზიანდა და შევცვალე. ორდღიანი სიარულის შემდეგ კი, ისევ გაფუჭდა. რამე მომატყუეს, თუ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ათი წუთის, ან თუნდაც, ერთი დღის არასწორი მოხმარების გამო, მოდება მწყობრიდან გამოვიყვანოთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. მოდება შედგება ორი ნაწილისგან – მოდების კალათისა და დისკის, ანუ ქუროსგან. შეიძლება, ერთმა არასწორმა მოქმედებამ არა, მაგრამ – ორმა უკვე სერიოზულად დააზიანოს. თუ ბევრი გაზი მიეცით, ანუ მაღალი ბრუნები ისე განავითარეთ, რომ მოდებას ბოლომდე ფეხი არ გაუშვით, ის დაზიანდება. ამ დროს მოდება ბოლომდე არ ეკრობა და რჩება ხახუნის მდგომარეობაში. ხახუნი იმდენად ძლიერ გააცხელებს, რომ დისკზე გადაკრული მასალა შეიძლება, საერთოდ დაიშალოს. იგივე გაცხელების შედეგად, ეს მასალა შეიძლება, ისე გადაიგლისოს, რომ სარკისებური გახდეს და სისქე შეინარჩუნოს, არ დაიშალოს და დაშლის შემდეგაც კი ყველაფერი მწყობრში დადგეს. უბრალოდ, მოდება „იბუქსავებს” – გაზს რომ დააწვებით, ავტომობილი ბუქსაობს და წინ არ მიდის. ქუროს მოხსნის შემდეგ ნახეთ, გაცვეთილი არის თუ არა. ამას მიგვანიშნებს ეგრეთ წოდებული „ზაპლოვკები”, საპრესები, რომლითაც გადაკრული მასალაა დამაგრებული დისკზე. თუ ნახეთ, გადაკრული მასალა ისე ღრმადაა გაცვეთილი, რომ საპრესებიც ცვეთაშია გადასული, მაშინ მოდების ქუროს ჯერ კიდევ აქვს მუშაობის რესურსი. თუ სწრაფად დაძარით, თოვლში ან ტალახში იყავით ჩარჩენილი და პირველი მეორე სიჩქარე სწრაფად მიეცით, მოდების დაწვის სუნი შეიგრძენით და დაიწყო დაძვრის პრობლემები, მაგრამ დაშალეთ ავტომობილი და მას რესურსი კიდევ აღმოაჩნდა, შეიძლება ის, უბრალოდ, სარკისებური იყოს და ხელოსანმა მხოლოდ „გადაშკურკოს”. ასე რომ, გადაკრული მასალა ისევ იმუშავებს.