სიახლეები
მეცნიერთა წარმატებული ნაბიჯი კიბოს წინააღმდეგ
კემბრიჯელი მეცნიერები, რომლებიც არატიპურ მოლეკულებს შეისწავლიდნენ, დარწმუნებით აცხადებენ, რომ კიბოს მკურნალობის საკითხის გადაჭრასთან ახლოს არიან.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ დნმ-ის მოლეკულა ორი ჯაჭვისგან შედგენილ სპირალს წარმოადგენს; მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დნმ არსებობს, ასევე, ოთხი მოლეკულური ჯაჭვითაც. კემბრიჯის ლაბორატორიის მეცნიერთა ჯგუფმა, პროფესორ შანკარ ბალასუბრამიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, დაჰკვირვებოდა ასეთი ტიპის დნმ-ს. ოთხი ჯაჭვისგან შემდგარი დნმ-ის მოლეკულების, ანუ, G-კვადრუპლექსის გამოჩენა ნიშნავს, რომ უჯრედი გაყოფას აპირებს. მეცნიერებისთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ კიბოს უჯრედები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, შესაბამისად, მათში ასეთი სტრუქტურა გაცილებით ხშირად ვლინდება, ვიდრე ჯანმრთელში, რაც კემბრიჯის ლაბორატორიაში დამტკიცდა კიდეც. G-კვადრუპლექსზე საკმაოდ ბევრია ცნობილი. მაგალითად, ის, რომ ასეთი მოლეკულები წარმოიშობიან დნმ-ის შემადგენელ ნივთიერებათა ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთის – გუანინის დიდი რაოდენობით დაგროვებისას. თუმცა, გამოსაკვლევიც ბევრია. კემბრიჯელი მეცნიერები, ასევე, იმუშავებენ, გაიგონ, საიდან წარმოიშობა დამღუპველი უჯრედები. აღსანიშნავია, რომ G-კვადრუპლექსების რაოდენობა იმატებს არა მარტო კიბოს დროს, არამედ, ემბრიონის წარმოშობისას და ზრდის პერიოდშიც. თუ აღმოჩნდა, რომ ონკოუჯრედებისთვის დამახასიათებელი G-კვადრუპლექსები რამდენადმე განსხვავებულია ჯანმრთელისგან, მაშინ შესაძლებელი იქნება, შემუშავდეს ისეთი მკურნალობა, რომლის დროსაც პრეპარატები ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე გაანადგურებენ ონკოუჯრედებს. უკვე ცნობილია ანტისხეული, რომელიც სწორედ G-კვადრუპლექსს „შეუტევს“.
ბრიტანელი ინჟინრის „მიქელანჯელოს ხელი“
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებს, კრისტოფერ ტეილორს, წილად ხვდა ბედნიერება, მოსინჯოს უნიკალური „ბიონიკური ხელი“ – „რევოლუციური პროთეზი“, რომელსაც აღორძინების ეპოქის უდიდესი წარმომადგენლის პატივსაცემად „მიქელანჯელოს ხელი“ დაარქვეს.
ტეილორმა ხელი რამდენიმე წლის წინ დაკარგა – წყლის მოტოციკლზე ავარიის დროს. უბედურმა შემთხვევამ წერტილი დაუსვა არა მხოლოდ მის პროფესიულ კარიერას, არამედ ოჯახშიც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. საბედნიეროდ, სამი შვილის მამას ბედმა გაუღიმა და გერმანიაში უაღრესად შეზღუდული რაოდენობით დამზადებული ახალი თაობის „მიქელანჯელოს ხელის“ მფლობელი გახდა, რომლის ღირებულება 75 ათასი დოლარია.
რა თქმა უნდა, ბრიტანელები ადრეც სარგებლობდნენ პროთეზებით, რომლებიც ახლოსაც ვერ მოვა უახლესი ტექნოლოგიის „მიქელანჯელოს ხელთან“, რომელიც ტვინის ნეირონების სიგნალებით იმართება. პროთეზი დამზადებულია სხვადასხვა ლითონისგან, შენადნობებისა და პლასტიკატისგან და ადამიანის ხელის მტევნის აგებულებას იმეორებს. „თითებს ისე ვამოძრავებ, თითქოს ნამდვილი იყოს, რაც ჩემი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღიური ცხოვრებისთვის კი – აუცილებელი“, – განაცხადა კრისტოფერ ტეილორმა.
თავისუფლად მოსეირნე 15 ათასი ნიანგი
15 ათასმა ნიანგმა დატოვა ფერმა „რაკვენა“ და მდინარე ლიმპოპოსა და მის ნაპირებს შეესია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კოკისპირული წვიმები დაიწყო და ფერმის მესვეურებმა, მდინარის შესაძლო ადიდების გამო კედლების დანგრევის შიშით, ფერმის ყველა კარი გააღეს. თუმცა, რეპტილიები არ დაელოდნენ სტიქიის დარტყმებს, ისარგებლეს შემთხვევით და მდინარეში შეცურეს. მაგრამ, ყველაზე საშინელი ისაა, რომ ისინი ადგილობრივ მცხოვრებთა კარმიდამოებშიც თავისუფლად დასეირნობენ. ერთ-ერთი მათგანი კი ფერმიდან 120 კილომეტრით დაშორებული რაგბის მოედანზეც კი აღმოჩნდა. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ათასი ნიანგი იპოვეს და დააბრუნეს. მათ ღამითაც ეძებენ, რადგან სიბნელეში მათი წითელი თვალები ადვილი შესამჩნევია.
შექმნილმა სიტუაციამ ლამის გადაფარა ტრაგედია, რაც წყალდიდობას მოჰყვა: დაიღუპა 10 ადამიანი, 95 ადამიანი კი ევაკუირებულია დატბორილი ადგილებიდან, დანგრეულია 200 სახლი. წყალდიდობამ, აგრეთვე, დიდი ზარალი მიაყენა მეზობელ მოზამბიკს, სადაც იძულებული გახდნენ, სტიქიის რაიონიდან უსაფრთხო ადგილას ათასი ადამიანი გადაეყვანათ.