რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ნინა ფოცხიშვილს და რატომ არის ის მექსიკის, ხოლო მისი და – ჩინეთის მოქალაქე
13 წლის ნინა ფოცხიშვილი თავისი განსხვავებული იერითა და მშვენიერი გარეგნობით უცებ გახდა თბილისში პოპულარული. ამჟამად ის სკოლაში სწავლობს, პარალელურად‚ მღერის და სამოდელი კარიერასაც ეწევა. პოდიუმზე მისი დებიუტი „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ შედგა, სადაც პროფესიონალი მოდელივით გამოვიდა და ყველას მოხიბვლა შეძლო. ნინას დედა ჩინელია, მამა – ქართველი, თავად მექსიკაშია დაბადებული, მაგრამ 3 წლიდან საქართველოში ცხოვრობს.
ნინა ფოცხიშვილი: 13 წლის ვარ, სკოლაში ვსწავლობ, მერვე კლასში. დედა ამერიკაშია. მე მამასთან, ბებოსთან და 10 წლის დასთან ერთად ვცხოვრობ აქ. მამა ფიზიკოსი და ბიზნესმენია, დედა – ეკონომისტი. ერთმანეთი ჩინეთში გაიცნეს. დედა ჩინელია, მამა იქ სამუშაოდ იყო წასული, შექმნეს ოჯახი და ასე დავიბადეთ მე და ჩემი და. უფრო სწორად‚ მე მექსიკაში დავიბადე, მექსიკის მოქალაქე ვარ. ჩინეთში რომ დავბრუნდით, მაშინ დედა ჩემს დაზე იყო ფეხმძიმედ. ჩემი და ჩინეთში დაიბადა და მერე მამამ ორივე საქართველოში წამოგვიყვანა. 3 წლის ვიყავი‚ თბილისში რომ ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ და ვიზრდები.
– როგორ იზრდებოდი თბილისში?
– ბებო მზრდიდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემთვის ყველაფერია. სამი წლიდან ძიძები კი მზრდიდნენ, მაგრამ ბებო მაინც ყველაფერი იყო, დედასავით მიყვარს. მამა‚ მიუხედავად იმისა, რომ სულ დაფრინავს ბიზნესის გამო, რა თქმა უნდა‚ მაინც ყველაფრის საქმის კურსშია. საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ძალიან მანებივრებდა.
– დედასთან ურთიერთობა არ გაქვს?
– დედასთან მქონდა კონტაქტი, მაგრამ ისეთი არა‚ როგორც დედა-შვილს და ერთ ოჯახს შეეფერება. იშვიათად ვლაპარაკობდით. ახლაც მწერს ხოლმე, მაგრამ იშვიათად, ადრე უფრო ხშირი ურთიერთობა გვქონდა.
– იცის შენი წარმატებების შესახებ?
– კი, იცის. ძალიან უხარია და ეს მეც მიხარია.
– მექსიკაში კიდევ თუ ხარ ნამყოფი?
– იმის მერე არ ვყოფილვარ, დედა უნდა ჩამოვიდეს, რომ პასპორტის პრობლემა მომიგვაროს. ჯერ ვერ ვახერხებ საქართველოდან გასვლას. ასე რომ არ იყოს‚ მეც იქ ვიქნებოდი, სადაც მამაჩემია. ამ მხრივ ჩვენს ოჯახს მომავლისთვის დიდი გეგმები აქვს. მაგრამ, ჯერ არ ვიცი‚ ზუსტად რა როგორ იქნება. სასწავლებლად‚ ალბათ‚ წავალ.
– სამოდელო კარიერის გაგრძელებასაც აპირებ?
– არ მინდა‚ მოდელი გავხდე. უფრო სწორად‚ არ მინდა‚ 35 წლისაც მოდელი ვიყო. ვიმოდელებ, მაგრამ ჩემი საქმეც მექნება. ეს კი უფრო გართობა იქნება. პროფესიას რაც შეეხება, უფრო ფიზიკა, მათემატიკა მიტაცებს, ანუ ტექნიკური საგნები. კომაროვშიც ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ტექნიკური საგნები კარგად მესმის. ალბათ‚ ეს უფრო გენეტიკურია – ფიზიკას, მათემატიკას ადვილად ვიგებ.
– როგორი ცხოვრების სტილი გაქვს, სამოდელო საქმეების გამო დატვირთული ხარ?
– სკოლაში დავდივარ, რომელიც 9 საათზე მეწყება და საღამოს 6 საათზე მთავრდება. გადაღებები 2-ზე, 3-ზე. 4-საათზე მქონდა, მამა‚ ამ მხრივ‚ ძალიან მკაცრია. თავადაც მოწესრიგებულია და სხვებისგანაც ამას ითხოვს. მაგრამ‚ ზოგჯერ აუცილებელი იყო სკოლის გაცდენა და სხვა გზა არ მქონდა.
– როცა რამე გინდა, ალბათ‚ შენებურად უდგები მამას.
– კი, ჩემი მეთოდები მაქვს, ამაში უკვე „დასპეცებული“ ვარ და ისიც უძლურია. პატარაობიდან ძალიან მათამამებდა, მაგრამ ახლა ჩემს დას იმდენად ათამამებენ, ხანდახან ნერვები მეშლება. 10 წლის არის და ყველგან უშვებენ, მე კი სახლში მტოვებენ. მისი ტოლი რომ ვიყავი‚ მაღაზიაშიც არ მიშვებდნენ მარტოს, თუ გამიშვებდნენ, მაღლიდან მიყურებდნენ: რამე არ მოხდესო. ჩემს დას კი კინოშიც უშვებენ. ეს მიხარია, მაგრამ ხანდახან ვბრაზდები ხოლმე.
– განსხვავებული გარეგნობის გამო‚ ალბათ‚ ხშირად მოხვედრილხარ სასაცილო სიტუაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართულად იწყებ საუბარს.
– ბებია მეუბნებოდა ხოლმე: პატარა რომ იყავი და ეზოში ჩაგვყავდი, მთელი ეზოს ბავშვები შენ გარშემო იკრიბებოდნენ და გაკვირდებოდნენო. ჩემი გარეგნობის გამო‚ ახლაც ვხვდები სასაცილო სიტუაციებში, თან‚ ისეთი გარეგნობა არ მაქვს, რომ სუფთა ჩინელს ვგავდე. ამიტომ, ზოგს კორეელი ვგონივარ, ზოგს – იაპონელი. ჩემს ზურგს უკან ლაპარაკს უკვე მიჩვეული ვარ. სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი და საკმაოდ ძნელი იყო, რადგან თავიდან ყველა უცნაურად მიყურებდა, ყველაფერი აინტერესებდათ. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, ინგლისურად რომ მიწყებენ ლაპარაკს. ინტერნეტშიც სხვადასხვა გვერდზე რაღაცეებს წერენ: ქართველი არ არის, მხოლოდ ქართული გვარი აქვს, თორემ ჩინელია და ასე შემდეგ. ასეთ რაღაცეებზე საერთოდ არ ვღიზიანდები, უწყინარი ადამიანი ვარ.
– როდის დაიწყე მოდელობა?
– პატარაობიდან ვმღერი, ნუცა ჯანელიძის მოსწავლე ვარ. რამდენიმე წლის წინ „ნუცას სკოლაშიც“ მოვხვდი. მანამდე „ბასტი ბუბუშიც“ ვმღეროდი, გამოვდიოდი სცენაზე. 10 წლის რომ ვიყავი‚ მაშინაც მქონდა რაღაც შემოთავაზებები. მამაც სულ მეუბნებოდა‚ წადიო, მაგრამ ახლა აღარ უნდა. პირველად ფოტო ქეთა გვინეფაძემ გადამიღო. ძალიან კარგი გამოვიდა, არადა‚ ჩვეულებრივი ფოტოები იყო: უმაკიაჟოდ, ფოტოშოპის გარეშე, ზემოდან შავი მაისური მეცვა. ისიც კი არ ვიცოდი‚ როგორ უნდა მეპოზიორა. მერე იყო სხვა გადაღებები, ეს ფოტოები „ფეისბუქზე“ დაიდო და სამოდელო სააგენტოებიდან წამოვიდა შემოთავაზებები. მამასაც ვკითხე და გამიშვა, რადგან მიხვდა, რომ გამომდის ეს საქმე. ახლა უკვე უხარია. ამჟამად სააგენტო „ნატალიში“ ვარ, წელს პირველად „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ გამოვედი. ცოტა მეშინოდა, რადგან პოდიუმზე ჩემი პირველი გამოსვლა იყო. მეუბნებიან: ნიჭი გაქვს, შინაგანად მოგდევსო. თან‚ სააგენტოშიც ახალი მისული ვიყავი და ძალიან გამიხარდა‚ „ფეშენ-ვიქისთვის“ რომ შემარჩიეს.
– ნოდიკო ტატიშვილის ახალ კლიპშიც გადაგიღეს.
– კი, ეს მანამდე იყო და ძალიან გამიხარდა.
– სიმღერის ჩაწერასაც ხომ არ აპირებ?
– ჯერჯერობით არა. თუმცა‚ გამიგია, რომ უნდათ ჩემი სიმღერის ჩაწერა, მაგრამ ჯერ არ ვიცი ზუსტად. ცოტა ხანში‚ ალბათ‚ ამ კუთხითაც გავაკეთებ რამეს.
– ამ ყველაფერმა შენი ცხოვრების ტემპი თუ შეცვალა?
– შემოდგომაზე ვიყავი ძალიან დატვირთული, თითქმის ყოველდღე მქონდა გადაღებები. ისეთი კარგი გადაღებები გამოვიდა, არც დავღლილვარ, პირიქით‚ მსიამოვნებდა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ გარეშე არსად დავდივარ. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მათთან ერთად ვატარებ. ძალიან მიყვარს სიარული. ლიზა ყენია არის ჩემი დაიკო, ძალიან მიყვარს. შოპინგებზეც ძალიან მიყვარს სიარული.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ბიჭი უნდა იყოს საყვარელი. ყველა გოგონას მოსწონს სიმპათიური ბიჭი, მაგრამ ბოლო დროს ბევრს ეს თავში აქვს ავარდნილი. დღეს არ არის ისეთი პერიოდი, კარგი ურთიერთობა რომ გქონდეს. ეს ცოტა რთულია. ამიტომ, მომწონს, როცა ბიჭი ჩვეულებრივია, უბრალო, საყვარელი და მასთან ურთიერთობა ადვილია. თუმცა‚ რთული ურთიერთობა უფრო საინტერესოა. ყველა გოგოს მოსწონს, როდესაც ბიჭს კარგი სუნი ასდის, კარგად აცვია, ყურადღებიანია. უფრო შავგვრემანი ბიჭები მომწონს, ქერათმიანები არა.