ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 28 წლის. ექოსკოპიურად დამისვეს დიაგნოზი კოქსართროზი 0-1 ხარისხი. ტერაფლექსის გარდა, არანაირი მკურნალობა არ დამინიშნეს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა განკურნება საწყის სტადიაზე? განიცდის თუ არა პროგრესირებას ორსულობისა და მშობიარობის დროს?
პასუხი: კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრების ართროზი – ექოსკოპიური დასკვნა არ არის დიაგნოზი. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ ექიმს (თერაპევტს ან რევმატოლოგს). ადრეულ ასაკში კოკსართროზი ძალიან იშვიათია, უფრო ხშირად სახსრის დაზიანება სხვა დაავადების გამოვლინებაა. ტერაფლექსი არის წამალი და კოქსართროზის ადრეულ სტადიებში შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს. დაავადების პროგრესირება დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
კითხვა: რა საშუალებით შეიძლება ვიტილიგოს (მალამოები, წამლები) მკურნალობა?
პასუხი: ვიტილიგო ძნელად ემორჩილება მკურნალობას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანებში გამოვიდა ახალი, შედარებით ეფექტური პრეპარატები. გირჩევთ, დერმატოლოგს მიმართოთ დიაგნოზის დადასტურებისა და მკურნალობის შერჩევის მიზნით. გახსოვდეთ, მკურნალობა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.
კითხვა: ვარ 18 წლის ბიჭი. მაქვს კანის სიმშრალე (მექერცლება სახეზე და წვივებზე), ძალიან მცვივა თმა, შეიძლება ითქვას გამელოტება დამეწყო. როგორ გავიგო, თმის ცვენა გენეტიკურია თუ ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული?
პასუხი: უპირველესად, უნდა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი). შემდეგ უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს (ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას).
თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა. ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა.
კითხვა: მართალია, რომ 8-თვიანი ბავშვი გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე 7-თვიანი. განსაკუთრებით რა მხრივ არის ეს მართალი?
პასუხი: ნაადრევი ნაყოფის გადარჩენის შანსი ინდივიდუალურია და ხშირად დამოკიდებულია ფილტვების მდგომარეობაზე.
კითხვა: თუ შეიძლება კივის მიცემა 5 თვის ჩვილისთვის?
პასუხი: ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ციტრუსი არ უნდა მისცეთ. კივი, ფორთოხალი და ფეიხოა ალერგენების შემცველი ხილია. ამიტომ, სანამ ამ ხილს მისცემდეთ ბავშვს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.
კითხვა: ზოგადად, არაფერს ვუჩივი. მინდა, მივიღო რაიმე ვიტამინი სახის კანს, თმასა და ფრჩხილებს რომ დაეხმაროს. რომელს მირჩევთ?
პასუხი: შეგიძლიათ, დალიოთ კერკოვიტი. ის კერატინისა და ვიტამინთა კომპლექსის შემცველი კომბინირებული პრეპარატია.
კითხვა: როცა მოვშარდავ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შარდი ფერს იცვლის, იმღვრევა და თითქოს კრემისფერი ხდება. ძალიან მეშინია, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: შარდის მოთეთრო-რძისფერი მასში ლეიკოციტების არსებობაზე მეტყველებს. გაიკეთეთ შარდის ანალიზი. შარდი უნდა შეგროვდეს დილით, პირველი მოშარდვისას. აიღეთ მთელი ულუფა. შარდის აღების წინ საჭიროა სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტი. ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. გამოკვლევამდე შარდის შენახვა შეიძლება არაუმეტეს 1,5 საათისა, ისიც აუცილებლად სიგრილეში. სასურველია, წინა დღეს თავი შეიკავოთ ისეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა შარდს ფერი შეუცვალოს.