ფაქტები ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეს ინიესტაზე
ზედიზედ მეოთხედ, „ბარსელონის” არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მას, როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელს, 2012 წლის „ოქროს ბურთი” გადაეცა. მესის კონკურენტები კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეს ინიესტა იყვნენ. გთავაზობთ გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.
ლიონელ მესი
* ცნობილი ისტორია უკავშირდება ლიონელ მესის ავადმყოფობას. 9 წლის ასაკში მისი სიმაღლე 125 სანტიმეტრი იყო. ხოლო ბარსელონაში გადასვლის შემდეგ – 135 სანტიმეტრი. მკურნალობას დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მესის ოჯახს კი არ გააჩნდა ეს თანხა, რის გამოც ბავშვის მკურნალობა საკუთარ თავზე „ბარსელონამ” აიღო. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ლიონელი სრულად განიკურნა მას პირადი ექიმი ჰყავს, სახელად – ხუანხო ბრაუ.
* თავის პირველ კონტრაქტს „ბარსელონასთან” ლიონელ მესიმ ხელსახოცზე მოაწერა ხელი. კარლოს რექსაჩი იხსენებდა: ერთ-ერთ კაფეში ვისხედით ლიონელთან, მამამისთან და მის ძმასთან ერთად. თაბახის ფურცელი არ გვქონდა თან და ქაღალდის ხელსახოცზე მოგვიწია ხელის მოწერა. პირველი კონტრაქტის თანახმად, მესი წელიწადში 55-60 ათას ევროს იღებდა.
* გასული წლის განმავლობაში „ბარსელონამ” დაახლოებით ერთი მილიონი საკლუბო მაისური გაყიდა, მათ შორის 900 000 ცალი იყო ლიონელ მესის 10-ნომრიანი მაისური. ამის გარდა, კატალონიური სპორტული გაზეთების 70 პროცენტი მესის ფოტოსურათით იწყებს პირველ გვერდებს.
* „ოქროს ბურთის” დაჯილდოების გალა-წარმოდგენის დაწყებამდე, ნომინანტი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო მოდელიერებთან იკერავენ კოსტიუმებს. ლიონელ მესის თქმით, ამ საქმით ბოლო სამი წელია მისი „გელრფრენდი“ ანტონელა არის დაკავებული.
* ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში თავისი თანაგუნდელის – დიეგო მარადონას ყოფილი სიძის, სერხიო აგუეროს შვილის ნათლიაა.
* ნათლიობა მესის ერთხელ ტრიბუნიდან გადმომხტარმა მავანმა ქომაგმა გოგონამ სთხოვა, მაგრამ, ფეხბურთელისგან თავაზიანი უარი მიიღო.
* კარიერის განმავლობაში ლიონელ მესის მხოლოდ ერთხელ აქვს მიღებული წითელი ბარათი. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა რვა წლის წინ, უნგრეთის ნაკრებთან მატჩში შედგა. მესი სადებიუტო მატჩში მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევა მსაჯმა.
* არგენტინაში ლიონელ მესის გაცილებით ნაკლებად აფასებენ, ვიდრე ევროპაში. გასულ წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად მოკრივე სერხიო მარტინესი დასახელდა.
* ცნობილი ფაქტია, რომ ლიონელ მესი ძალიან მორცხვი ადამიანია და კარიერის დასაწყისში ავტოგრაფების დარიგებისაც კი ერიდებოდა. ერთხელ მორცხვი მესი როჯერ ფედერერთან მისულა ავტოგრაფის სათხოვნელად. ამ ფაქტის შესახებ თავად როჯერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მესის საუბრის დროს თავიც კი დახრილი ჰქონდა.
* ლიონელ მესი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა, მის აქტივში არის ხუთი საჩემპიონო ტიტული „ბარსელონასთან” ერთად, სამი „ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებულის სტატუსი, ხოლო გასულ წელს მან, სულაც, საუკუნის რეკორდი მოხსნა – ერთ კალენდარულ წელში 92 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, მესი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის” მფლობელი.
კრიშტიანუ რონალდუ
* სრული სახელი და გვარია: კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეირუ. იგი ქალაქ ფუნშალეში დაიბადა, კუნძულ მადეირას ცენტრში. სახელი რონალდუ მას მამამ, ამერიკის პრეზიდენტის – რონალდ რეიგანის პატივსაცემად დაარქვა.
* ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი „ბენფიკა” იყო, თუმცა, მისი ვარსკვლავური გზა დიდ ფეხბურთში ლისაბონის მეორე გუნდში – „სპორტინგში” დაიწყო, სადაც იგი 9 წლის ასაკში „ნასიონალიდან” მოხვდა.
* კრიშტიანუ რონალდუ პირველი პორტუგალიელია „მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში. კლუბში გადასვლის შემდეგ მას სურვილი ჰქონდა, რომ 28-ნომრიანი მაისური აეღო – ამ ნომრით იგი „სპორტინგში” თამაშობდა, თუმცა, ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით რონალდუმ შვიდნომრიანი მაისური აიღო, რომლითაც ასპარეზობდნენ კლუბის ლეგენდები: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი.
* 2003 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუ ახლოს იყო „არსენალში” გადასვლასთან – არსენ ვენგერი პირადად იყო დაინტერესებული მის გადაბირებაში, თუმცა, ბოლო მომენტში, ლონდონურმა კლუბმა უარი თქვა პორტუგალიელ ტალანტზე და, სავარაუდოდ, ძალიანაც ინანა.
* კრიშტიანუ ბავშვობიდან ოცნებობდა ფეხბურთელობაზე და ბურთთან და ბუცებთან ჩახუტებული იძინებდა.
* კრიშტიანუ რონალდუ საშინელებათა ჟანრის ფილმების დიდი მოყვარულია.
* 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერიდან” „რეალში” გადავიდა და სატრანსფერო თანხა 83,6 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. ეს იყო უძვირესი ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
* 2010 წლიდან კრიშტიანუ რონალდუ რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს ხვდება. 2012 წლის ზაფხულში მათი ქორწილი იყო დანიშნული, რომელიც არ შედგა. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუმ ირინას იტალიელ სექს-სიმბოლოსთან, სილვიო ბერლუსკონის პირად სტომატოლოგთან, ნიკოლ მინეტისთან უღალატა და, სავარაუდოდ, რონალდუს და შეიკის ვარსკვლავური წყვილი მალე განშორების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
ანდრეს ინიესტა
* „ბარსელონის” ნაცვლად, შესაძლოა, ანდრეს ინიესტა კატალონიური კლუბის მოსისხლე გუნდში – „რეალში” გვენახა. საქმე ისაა, რომ ანდრესის ბავშვობაში მის მშობლებს დილემა ჰქონდათ – ვერ გადაეწყვიტათ, რომელი საფეხბურთო კლუბის სკოლაში მიეყვანათ შვილი და, საბოლოოდ, „ბარსელონაზე” შეაჩერეს არჩევანი, რადგან მათ უბრალოდ, არ მოეწონათ მადრიდის ის უბანი, სადაც „რეალის” სკოლა მდებარეობდა.
* ანდრესის საყვარელი კერძია შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად.
* ანდრეს ინიესტას სამი ცნობილი მეტსახელი აქვს: „კასპერი”, „სიკვდილი” და „ილუზიონისტი”.
* ინიესტას ორივე ბაბუას ანდრესი ერქვა.
* ანდრესის მშობლები ოფიციანტებად მუშაობდნენ. მას შემდეგ კი, რაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, მან მშობლებს ბინა უყიდა და მძიმე სამუშაოს მიტოვების საშუალება მისცა.
* 2001 წელს, 17 წლის ანდრეს ინიესტა „ბარსელონის” მაშინდელმა მწვრთნელმა, ლორენს სერა ფერერმა, მთავარი გუნდის ვარჯიშზე მიიწვია, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ მიაგნო გასახდელს და უკან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევით შეხვდა ლუის ენრიკე, რომელმაც ინიესტა გასახდელამდე მიაცილა.
* ერთხელ ხოსეპ გუარდიოლამ თქვა, თუ რის გამო არ ასახელებენ ანდრეს ინიესტას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად: „მას არ უკეთია საყურე, არ იღებავს თმას, არ ფიგურირებს სკანდალურ ქრონიკებში, ამიტომ, პრესისთვის ის უინტერესოა, თუმცა, ჩემთვის იგი ნომერ პირველი ფეხბურთელია”.
* ანდრესის გული დიდი ხანია დაკავებულია – ოთხი წელია, ის ანა ორტისთან ერთად ცხოვრობს და მათ საერთო ქალიშვილი – ვალერია ჰყავთ, ხოლო ოფიციალური სახე თავიანთ ურთიერთობას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მისცეს.