რისთვის არის საჭირო სახლის ხშირი კურთხევა და რატომ უნდა მივაბრძანოთ სახლში გარკვეული დროით წმიდა ხატები
დღეს ქრისტიანები ხშირად მიაბრძანებენ ხოლმე სახლში წმიდა ხატებს, ზოგჯერ ეკლესიიდან, ზოგჯერ სხვა ოჯახიდან. ხატები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში რჩებიან ამა თუ იმ სახლში, საოცარ სიმშვიდეს ანიჭებენ ოჯახის წევრებს, მომლოცველებს და სიყვარულის გრძნობით აღავსებენ მათ. ეს მოვლენა ხშირად ადამიანების დაახლოების, ერთად ლოცვის მიზეზიც ხდება, რაც მათ კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს სიყვარულსა და რწმენაში. ხშირად ასეთ დროს მოძღვარი სახლსაც აკურთხებს ხოლმე. თუ როგორია ამ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ძალიან ხშირად ხდება ეკლესიიდან, სახლებიდან ოჯახში ხატების მიბრძანება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერება, რომლის დროსაც ოჯახის წევრები ყოველდღიურად აღავლენენ ლოცვებს. საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– თუ კარგად გადავავლებთ თვალს ჩვენი ცხოვრების სტილს, მივხვდებით, რომ ხატების კუთხესთან ლოცვისთვის ძალიან ცოტა დროს ვატარებთ და ნაკლებად ვევედრებით მათ ჩვენი ოჯახის კეთილდღეობასა და წარმატებას. არადა, ყველა ქრისტიანის სახლში უნდა იყოს მოწყობილი სალოცავი კუთხე, სადაც ყოველ დილა-საღამოს შეიკრიბებიან ოჯახის წევრები, ან ცალ-ცალკე დადგებიან და აღავლენენ გულწრფელ ლოცვას. ძალიან კარგია‚ თუ ხატის მობრძანებისას თქვენთან ერთად მობრძანდება სახლში სასულიერო პირი და თქვენთან ერთად აღავლენს ლოცვებს, აღავლენს პარაკლისს. შეიძლება, ხატი არ იყოს სასწაულმოქმედი, მაგრამ, ამას არ აქვს მორწმუნისთვის არსებითი მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს, რადგან, ნებისმიერ ხატს დიდი პატივით უნდა მოვეპყრათ. ასეთ დროს ყველა დიდი სიხარულით ივსება და, ხშირად, უფალმა ბევრ ოჯახში ინება ხატიდან სასწაულის გამოვლინება. ამ ფაქტის მერე, ანუ, როდესაც ოჯახში ხატი მიბრძანდა, ბევრი ადამიანი გახდა ეკლესიური, მორწმუნე, მონანული. ამიტომაც, კარგია, როცა სახლში მიბრძანდება ხატი, მეზობლებმა, ახლობლებმაც მოიყარონ იმ ოჯახში თავი და აღავლინონ ლოცვა, წაიკითხონ დაუჯდომლები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატებშიც დაცულია იერარქია, ამიტომ, ჩვენ უნდა შევთხოვოთ შემწეობა ჯერ ზეციური საქართველოს მკვიდრებს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსნა სწორედ იქიდან მოდის – ღვთისმშობლისგან, ჩვენი წმიდანებისგან. ქრისტიანებს, უპირველეს ყოვლისა, წმიდა სამების იმედი უნდა გვქონდეს, შემდეგ – ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და ხილული იერარქიის: კათოლიკოს-პატრიარქის, ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების. თუმცა, ამას სჭირდება სარწმუნოებრივი მიდგომა. თუ გინდა, რომ ზეციური იერარქია დაგეხმაროს, ის სწავლება უნდა დაიცვა, რომელიც შენამდე მოვიდა და წმიდა მამებმა დაგიწერეს. უფალი არ იქნება ჩვენთან, თუ ჩვენ არ აღვასრულებთ უფლის სიტყვას, ნებას. დღეს ჩვენ იმიტომ ვიმყოფებით ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ არ გვწამს, არ გვჯერა ზეციური იერარქიის, ანგელოზების მეოხების, ჩვენი წმიდანების‚ ასე რომ, როდესაც ხატს მოვაბრძანებთ სახლში, მაშინ მაინც უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და, ჩვენს წმიდანებს, ასევე‚ იმ წმიდანებს, რომლებიც ხატებზე არიან გამოსახულები და ჩვენს სახლში დროებით ან სამუდამოდ არიან დავანებულები, შემწეობა ვთხოვოთ რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, სიყვარულში, სიმშვიდესა და სათნოებების აღსრულებაში.
– ეს, ალბათ, ერთგვარად, ოჯახის წევრების, ახლობლების კიდევ უფრო დაახლოებას იწვევს და ერთგვარ ერთობასაც ქმნის.
– ის პერიოდი, სანამ ხატი ბრძანდება ოჯახში‚ კარგია‚ გამოვიყენოთ უფალთან დასაახლოებლად. ბუნებრივია, ყველა ოჯახშია განსაცდელი, გაჭირვება; ყველა ოჯახი საჭიროებს სულიერ გაძლიერებას, სულიერ სიმტკიცეს, უფალთან დაახლოებას. როდესაც ოჯახში მობრძანდება ხატი, მას თან მოჰყვება სასულიერო პირი და ამ დროს ხდება განსაკუთრებული ზეიმი. ოჯახის წევრები იკრიბებიან, ეკურთხება სახლი და იწყებენ პარაკლისებისა და დაუჯდომლების კითხვას. როგორც კი გავიგებთ, რომ ჩვენს მეზობელთან, ახლობელთან მიბრძანებულია ამა თუ იმ წმიდანის ხატი, აუცილებლად უნდა მივიდეთ, გამოვნახოთ დრო და ეს სიხარული ყველამ უნდა გავიზიაროთ. უნდა მოვიწვიოთ ადამიანები ხატის მოსალოცად და ვთხოვოთ განსაცდელში დახმარება ხატზე გამოსახულ წმიდანს. დამერწმუნეთ, უფალი მოისმენს, შეისმენს ჩვენს ვედრებას და მოხდება ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული ფერისცვალება. როდესაც ეკლესიიდან მოძღვრის კურთხევით მობრძანდება შედარებით დიდი ზომის ხატი, ამ შემთხვევაში ოჯახი განსაკუთრებულ რეჟიმში გადადის: მასპინძლობს ამ ხატს, კითხულობს დაუჯდომლებს, პარაკლისებს‚ ანთებს სანთლებს, აკმევს საკმეველს და ნაკლებად უთმობს დროს საერო საკითხებს, გართობას. ამან ჩვენში უნდა გააღვივოს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, ბევრი სიკეთე მოგვიტანოს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ, როგორც კი ხატი მობრძანდება, ჩვენ მაშინვე ახალ სახლს ან ახალ ავტომობილს ვიყიდით, სამსახურში დაგვაწინაურებენ და ასე შემდეგ. ღმერთმა ინებოს, რომ ესეც მოხდეს, მაგრამ, მთავარია‚ ხატებისგან სულიერი მადლი, სიმშვიდე, სიყვარული მივიღოთ და შემდეგ ეს სხვებსაც გავუზიაროთ. ძველად ხატების გადაბრძანება ლიტანიობით, ბაირაღებით, ჯვრებით ხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოფელში იყო გარკვეული გასაჭირი: გვალვა, მოუსავლიანობა, განსაცდელი.
– სახლის კურთხევა ახსენეთ. ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად სვამს კითხვას: რატომ არის საჭირო სახლის კურთხევა და რა სიხშირით უნდა მოხდეს ეს?
– დღეს, როცა ეკლესიაში ზოგიერთ ადამიანს ხედავენ მლოცველს, მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ: რა უნდა ეკლესიაში, რატომ მივიდა ეს მოძღვარი ამა და ამ საზოგადოებაში, სახლში? სადაც ადამიანები მოღვაწეობენ, ცხოვრობენ, სძინავთ, შრომობენ, არსებობენ, ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას სჭირდება კურთხევა. როდესაც ჩვენთან შემოდის მოძღვარი, იმ ოჯახში, დაწესებულებაში უნდა მოხდეს ფერისცვალება, გამოსწორება. როგორც მაცხოვარი ამბობს: დღეს ეს სახლი გადარჩაო. მაგრამ, მხოლოდ მაშინ ხდება იმ სახლის, დაწესებულების გადარჩენა, თუ ადამიანები დატოვებენ ძველ, ცოდვილ ცხოვრებას, თავს დაანებებენ შურს, ჩხუბს, ბილწსიტყვაობას, განკითხვას, წყევლას და ნელ-ნელა დაიწყებენ ახალ ცხოვრებას – უფრო სულიერს. მაგრამ, თუ გარკვეული დღეების, კვირების შემდეგ ეს ადამიანები არ დაიწყებენ გამოსწორებას, სულიერ, ქრისტიანულ ცხოვრებას, ისევ ისე მოიქცევიან, როგორც მანამდე იქცეოდნენ, მაშინ მადლი დატოვებს იქაურობას და ანგელოზიც დიდხანს აღარ დარჩება, რადგან, იმ სახლში, რომელსაც მოძღვარი აკურთხებს, თუ ისევ იქნება ჩხუბი, აყალ-მაყალი, დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა, ცოლი არ სცემს ქმარს პატივს, ქმარი ისევ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს, არ არის სიყვარული, ბედნიერება, ბუნებრივია‚ ის მადლი იქ აღარ დარჩება. სახლის კურთხევისას მოძღვარი კედლებზე ასხურებს ნაკურთხ წყალს, ზეთს სცხებს ოთხივე კედელზე, ზღურბლზე გამოსახავს მაცხოვნებელ ჯვრებს, იკითხება სახარება, კვერექსი. ზოგჯერ‚ გააჩნია, ამა თუ იმ სახლში როგორი მდგომარეობაა, თუ ოჯახის წევრები გრძნობენ, რომ იქ არაწმიდა სულია, მაშინ ეკლესია მათ წინააღმდეგ იყენებს დიდ კურთხევაში არსებულ სპეციალურ ლოცვებს – „ლოცვა სახლსა შეგრძნებულისასა“. ასეთ დროს, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სახლის კურთხევა, განსაკუთრებით იმ სახლების, რომელთა პატრონები უჩივიან დემონური ძალების გამოვლინებას. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა ძნელდება სახლიდან ეშმაკის განდევნა. ეს დამოკიდებულია დემონის ძალაზე, მის იერარქიულ მდგომარეობაზე, სახლის პატრონის ცხოვრების წესზე, მღვდლის პირად მადლზე, რომელიც მის ცხოვრებასთან, მარხვასთან, რწმენის სიმტკიცესთან, თავშეკავებულობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც‚ ყოველივე ეს თანამედროვე ადამიანისგან ითხოვს განსაკუთრებულ სულიერ სიფხიზლეს, ყურადღებას, საეკლესიო კანონებისა და წმიდა მამათა დადგენილების შესრულებას.