რა აკავშირებს მიხაილ გორბაჩოვთან ტარანტინოს „ჯანგოს” ვარსკვლავ კრისტოფ ვალცს და როგორ იხსენებს ის „უსახელო ნაბიჭვრებზე” მუშაობას
2013 წლის „ოქროს გლობუსი” და ნომინაცია „ოსკარის” დაჯილდოებაზე – ეს ყველაფერი ტარანტინოს მორიგ ფილმში მონაწილეობის დამსახურებაა. კრისტოფ ვალცი საკულტო რეჟისორის საფირმო მსახიობად იქცა და, იმედია მათი თანამშრომლობა კიდევ არაერთ ფილმში გაგრძელდება. მანამდე კი ჰოლივუდის ვარსკვლავად ქცეული ავსტრიელი მსახიობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გავეცნოთ.
* კრისტოფ ვალცი დაიბადა 1956 წლის 4 ოქტომბერს, ვენაში. კრისტოფი კინემატოგრაფისტების ოჯახში იზრდებოდა: მისი მშობლები, იოჰან ვალცი და ელიზაბეტ ურბანჩიჩი, კოსტიუმების მხატვრები იყვნენ, ბებია და ბაბუა – მსახიობები, ხოლო დიდი ბაბუა თეატრში მუშაობდა. მეორე ბაბუა (დედის მამა) კი რუდოლფ ფონ ურბანი გახლდათ – ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. კრისტოფს პროფესიული სამსახიობო განათლება აქვს მიღებული, მან დაამთავრა მაქს რაინჰარდტის სახელობის თეატრალური სემინარი, ვენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ლი სტრასბერგის ინსტიტუტი ნიუ-იორკში. თავისი კარიერა მან ციურიჰის, ვენისა და ზალცბურგის ყოველწლიური საზაფხულო თეატრალური ფესტივალის სცენებზე დაიწყო, სადაც უამრავ წარმოდგენაში ძირითადად მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით იყო დაკავებული.
* 70-იანი წლების ბოლოდან კრისტოფი პოპულარულ გერმანულ სატელევიზიო სერიალებში თამაშობდა. მას ძირითადად დეტექტიური ჟანრის ფილმებში იწვევდნენ, მაგალითად, ცნობილ ტელესერიალში „კომისარი რეკსი”. ასევე, მას რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც („ეკატერინე დიდი”, „აღმოსავლეთის ექსპრესი”, „მოხუცი მაიმუნი” და სხვა) ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ, კინომოყვარულებისა და კინოკრიტიკოსებისთვის იგი მუდამ შეუმჩნეველი რჩებოდა.
* კრისტოფ ვალცი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ რეჟისორთან – დიტო ცინცაძესთან თანამშრომლობდა. ცინცაძემ „ოსკარის” ლაურეატი ათამაშა თავის გერმანულენოვან თრილერში – „როდესაც საშიშია სროლა,” სადაც, ასევე, ერთ-ერთი როლი ქართველმა გერმანისტმა და ისტორიკოსმა, დიტო ცინცაძის გერმანული ფილმების ფავორიტმა მსახიობმა ლაშა ბაქრაძემ შეასრულა.
* კრისტოფ ვალცი ასე იხსენებს „უსახელო ნაბიჭვრების” ქასთინგზე მისვლას: „ყველაფერი ქასთინგის აგენტის სატელეფონო ზარით დაიწყო, რომელსაც მე არ მივაქციე ყურადღება. ჰოლივუდური სტუდიის წარმომადგენლები გერმანელ მსახიობებს ძირითადად იმიტომ ურეკავენ, რომ შემდგომში გერმანული მთავრობისგან სუბსიდიები მიიღონ. ჩემთანაც არაერთხელ დაურეკავთ, თუმცა, შემდგომში არანაირი როლი არ მოუციათ, მაგრამ, ამჯერად, პიროვნებამ, რომელიც მესაუბრა, შეძლო ჩემი დარწმუნება. შემდეგ ფოსტით ფილმის სცენარი მომივიდა, რომლის წაკითხვისას დავრწმუნდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. უნდა ვაღიარო, თავდაპირველად ვიფიქრე, რომ სულ სამრეპლიკიან როლს შემომთავაზებდნენ, მაგრამ, როდესაც პირადად შევხვდი კვენტინს და მისგან მოვისმინე, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი უნდა მეთამაშა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან, ეს იყო შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა”.
* „სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კვენტინ ტარანტინომ მე ჭაობიდან ამომიყვანა და მსოფლიო კინოს ოლიმპზე ამიყვანა,” – ეს სიტყვები ავსტრიელ მსახიობ კრისტოფ ვალცს ეკუთვნის, რომელმაც ტარანტინოს ბლოკბასტერში „უსახელო ნაბიჭვრები” ყველაზე დასამახსოვრებელი და საკულტო პერსონაჟი – „ესესის” შტანდარტენფიურერი ჰანს ლანდა განასახიერა. ცნობისთვის, ჰანს ლანდა რეალური ადამიანი იყო, ავსტრიელი ემიგრანტი, რომელიც ხშირად მიდიოდა ვიდეოგაქირავების სალონში, სადაც კვენტინ ტარანტინო მუშაობდა. ლანდას თითქმის ყოველდღე მიჰქონდა ფილმები, ერთ დღეს კი, როდესაც იგი არ მივიდა, ტარანტინომ შეიტყო, რომ ძველი ფილმების მოყვარული ჰანს ლანდა გარდაცვლილი იპოვეს. წლების შემდეგ ტარანტინომ ამ გზით მიაგო პატივი ნამდვილ ჰანს ლანდას.
* „მიმაჩნია, რომ ჰანს ლანდა არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და წარმატებული გმირი, რომელიც კი ოდესმე შემიქმნია ან შევქმნი მომავალში. კრისტოფი თითქოს დაბადებული იყო ამ როლისთვის... სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ არ ყოფილიყო ისეთი მსახიობი, როგორიც არის კრისტოფ ვალცი, ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები” არ გამოვიდოდა,” – კვენტინ ტარანტინომ ეს კომენტარი ჟურნალისტებთან კანის კინოფესტივალზე „უსახელო ნაბიჭვრების” პრემიერის შემდეგ გააკეთა და იმ დღიდან კრისტოფ ვალცის მშვიდ ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა. საინტერესოა, რომ ჯერაც უცნობია, თუ ვინ ურჩია ან სად ნახა კრისტოფ ვალცი ტარანტინომ პირველად, რადგან „უსახელო ნაბიჭვრების” სცენარი თითქმის რვა წლის განმავლობაში მუშავდებოდა და დაამტკიცეს მხოლოდ ვალცის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც როლზე პირველივე მოსმენის შემდეგ დაამტკიცეს.
* „უსახელო ნაბიჭვრებში” განსახიერებული ჰანს ლანდას როლის შემდეგ კრისტოფ ვალცით უამრავი პროდიუსერი და რეჟისორი დაინტერესდა. 2010-2012 წლებში მან ფინანსურად მომგებიან არაერთ ფილმში ითამაშა მთავარი როლები: „მწვანე ონავარი”, „წყალი სპილოებისთვის”, „მუშკეტერები”, სადაც მან კარდინალ რიშელიეს როლი შეასრულა და რა თქმა უნდა, „გათავისუფლებული ჯანგო” – ფილმი, რომლისთვისაც ის მეორედ წარადგინეს „ოსკარზე.”
* სპაგეტი-ვესტერნის ჟანრში ფილმის გადაღებას კვენტინ ტარანტინო ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან გეგმავდა. ის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა სცენარზე, რომელიც 2011 წელს დაასრულა და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ფილმზე. კრისტოფ ვალცი ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სცენარით დაამტკიცეს როლზე. ვალცმა კინგ შულცის – გერმანელი დანტისტის როლი განასახიერა, რომელიც ძებნილ ბოროტმოქმედებზე მონადირედ გადაკვალიფიცირდა.
* „იუთუბიზე” დიდი პოპულარობით სარგებლობს კრისტოფ ვალცის ვიდეორგოლი „ტროლოლო”, სადაც მან ცნობილი საბჭოთა რუსი მომღერლის – ედუარდ ჰილის ვოკალის პაროდია გააკეთა.
* კრისტოფ ვალცს ჰყავს სამი შვილი პირველი ქორწინებიდან. მისი ექსმეუღლე ებრაელია და შვილები იერუსალიმში ცხოვრობენ, მათ შორის უფროსი ვაჟი სინაგოგაში რაბინად მსახურობს. კრისტოფის მეორე ცოლი კოსტიუმების მხატვარი ჯუდიტ ჰოლსტია, რომელთანაც კრისტოფს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
* კრისტოფი თავისუფლად ფლობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს და „უსახელო ნაბიჭვრებში” და „გათავისუფლებულ ჯანგოში” სამივე ენაზე საუბრობს. ვალცი თავად ახმოვანებს თავის გმირებს, როდესაც ფილმების პრემიერა გერმანიაში ხორციელდება. სხვათა შორის, ვენაში დაბადებული ვალცი ავსტრიის მოქალაქე მხოლოდ 2010 წელს გახდა, მანამდე მას გერმანიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა.
* კრისტოფ ვალცი ერთადერთი მსახიობია კვენტინ ტარანტინოს ფილმოგრაფიიდან, რომელიც „ოსკარის” ლაურეატი გახდა.
* ახლო მომავალში კინოეკრანებზე ინგლისელი მაიკ ნიუელის ფილმი – „რეიკიავიკი” გამოვა, სადაც კრისტოფ ვალცი საბჭოთა კავშირის პირველ პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვს ასახიერებს. ამ ფილმში ვალცის პარტნიორი მაიკლ დუგლასი იქნება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს ასახიერებს. 2013 წელს კრისტოფის მონაწილეობით კიდევ ერთ ფილმს იხილავს მაყურებელი – ეს არის ტერი გილიამის „ზეროს თეორემა”, სადაც ვალცის პარტნიორები მეთ დეიმონი, ტილდა სუინტონი და ბენ უიშოუ იქნებიან.