როგორ დაკარგეს ერთმანეთი ნათესავებმა და ვის ეძებს უკრაინაში მცხოვრები 49 წლის მამაკაცი საქართველოში
49 წლის ნიკოლაი ანატოლის ძე ბევზენკო ეძებს: 75 წლის მარია ონიაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამიდას (ბებიაჩემის დისშვილს, რომელიც მამიდად მეკუთვნის), დაახლოებით 75 წლის მარია ონიაშვილს. მასთან კავშირი 1973 წლიდან აღარ გვაქვს. იმ დროს მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ, მამიდა კარგად მახსოვს. ოჯახში შემოგვრჩა მარიას ერთადერთი ფოტო, რომელზეც ის მარცხნივაა. მე უკრაინაში ვცხოვრობ. დიდი იმედი მაქვს, რომ მამიდასა და მისი ნათესავების პოვნაში დაგვეხმარებით.
– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი და რა იცით მარიას შესახებ?
– მარიას დედა, იარინა იოსების ასული მანტულა, დაახლოებით 1910-1911 წელს იყო დაბადებული. ნათესავებთან კავშირი 1973 წლიდან აღარ გვაქვს. ვიცი, რომ მარია დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, სადაც ის გათხოვდა კიდეც. სამწუხაროდ, მისი შვილების სახელები ჩემთვის უცნობია. დიდი სურვილი მაქვს, ვიპოვო დაკარგული ნათესავები და აღვადგინო მათთან კავშირი. მე ოჯახთან ერთად ვცხოვრობ უკრაინაში, ჩიგირსკის რაიონის სოფელ რუბლივკაში. მარია თავის მშობლებთან ერთად (იარინასთან და ანზორთან) ბოლოს 1973 წელს იყო ჩამოსული უკრაინაში ჩვენთან სტუმრად და მას შემდეგ მათ ოჯახზე არაფერი ვიცით. რატომღაც, ჩვენ შორის კავშირი გაწყდა და ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისგან წერილიც კი არ მიგვიღია.
– მარიას მშობლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ?
– დიახ, იარინაც და ანზორიც საქართველოში ცხოვრობდნენ. თუ არ ვცდები, იმ სოფელს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ლოზოვანი (ან ლაზოვანი) ერქვა. არ არის გამორიცხული, ამჟამადაც ეს სახელი ჰქონდეს. სამწუხაროდ, მათი ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, არის მარიას ფოტო. ძალიან მინდა ჩემი ქართველი ნათესავების პოვნა. იმედია, დამეხმარებით.
– აქამდე თუ ეძებდით მათ და, თქვენ გარდა კიდევ ვინაა დაინტერესებული მათი პოვნით?
– დაახლოებით სამი თვის წინ განვათავსე ჩემი განაცხადი მარიას მოძებნასთან დაკავშირებით „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, იქ კი თქვენთან დაკავშირება მირჩიეს. მარიასა და მისი ოჯახის ზუსტი მისამართის არცოდნის გამო, მე მათ ვერანაირად ვერ ვპოულობდი – დამოუკიდებლად ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ჩემთან ერთად მარიასა და მის ოჯახს ჩემი ოჯახიც ეძებს. მის მოძებნაში მგულშემატკივრობენ შვილები. ეს ამბავი ძალიან გაუხარდება მამაჩემს.
– როგორ ფიქრობთ, მარია თუ გეძებთ? საცხოვრებელი მისამართი ხომ არ შეგიცვლიათ?
– 1973 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მარია მშობლებთან ერთად ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა, ჩვენ სხვა მისამართზე გადავედით, ძველი სახლი კი გავყიდეთ. მისთვის უცნობია ჩვენი ამჟამინდელი მისამართი. შეიძლება, ის გვეძებდა კიდეც, ან წერილებს გვწერდა, მაგრამ, ბუნებრივია, უპასუხოდ რჩებოდა... დიდი იმედი მაქვს, რომ ის ცოცხალია და გამოგვეხმაურება.
– ნათესავების პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა მათთან შეხვედრას?
– დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ვიპოვით და ჩვენი შეხვედრა შედგება. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ან სად მოხდება ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად შევხვდებით – ან ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში, ან მათ დავპატიჟებთ ჩვენთან.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.