რა მიჰქონდა ქოთნებით მსოფლიო პატრიარქთან ზვიად კვაჭანტირაძეს და რით დაკავდა ის ძველ ხელისუფლებასთან „განქორწინების” შემდეგ
ცოტა ხნის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეო პირველმა მაღალი რანგის მიღებაზე განაცხადა, რომ თბილისში ძველი მეგობარი ჰყავს. მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის მესაჭის ჩვენებური მეგობარი სასულიერო პირი არ გეგონოთ, ის არც მეტი არც ნაკლები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეა, რომელსაც დიპლომატიური წარსული და „გაგანია” გურული ხასიათი აქვს: კოლეგებს შორის გურული „დიპლომატიით” – იუმორით, კრიმანჭულითა და ენამჭევრობით არის ცნობილი, მაგრამ, ის, თუ როგორ დაიწყო მისი და ბართლომეო პირველის ურთიერთობა ფენარში, სადაც დეპუტატი მსოფლიო პატრიარქს ქართული ქინძით შეკაზმული სადილებით უმასპინძლდებოდა ხოლმე, ჯობია, თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყოთ.
– როგორ მოხვდით „ქართულ ოცნებაში” და ქართულ პოლიტიკაში?
– პოლიტიკაში მოვხვდი დიპლომატიური წარსულის წყალობით, ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში 2000 წელს დაიწყო. პროფესიით ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ, ტრანსპორტის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის რანგში, აღმოვჩნდი „ტრასეკას“ იდეის ერთ-ერთი ფორვარდი რაც ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური სტრატეგიისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. იმ პერიოდში, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, არჩეული ვიყავი „ტრასეკას“ ქვეყნების სამთავრობოთაშორისო კომისიის გენერალურ მდივნად და სამუშაოდ გადავედი ბაქოში, სადაც კომისიის მუდმივი სამდივნო ფუნქციონირებდა. ხუთი წელი ვიმუშავე იქ და სწორედ მაშინ მომანიჭეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. სალომე ზურაბიშვილის მოწვევით დავბრუნდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც მოგვიანებით დავინიშნე სტამბულში საქართველოს კონსულად, სადაც, ასევე, ხუთი წელიწადი ვიმუშავე, მაგრამ, მერე მოხდა ჩემი „განქორწინება” მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან.
– რით იყავით დაკავებული ხელისუფლებასთან „განქორწინების” შემდეგ?
– განქორწინების შემდეგ მე ვიყავი დაკავებული ეგზისტენციალური პრობლემებით. როდესაც მე დავემშვიდობე იმდროინდელ ხელისუფლებას, არავის არ მოუკითხავს ჩემი ბედი – ეს მათთვის ჩვეული რამ იყო. უფრო მეტიც ყველანაირად ცდილობდნენ ადამიანის ჩაწიხვლას და იგივე მოხდა ჩემთან მიმართებითაც. იმის გამო, რომ საკონსულოს ავტომობილი მოხვდა ავტოავარიაში, იმის მიუხედავად, რომ ამ ავტოავარიასთან მე შეხება არ მქონია, როცა დასჭირდათ, ეს ფაქტი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს. ამის შემდეგ დაიწყო საკმაოდ მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში – მე ვიყავი პრაქტიკულად უმუშევარი. რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად ვცადე ბიზნესის წამოწყება, მაგრამ, იმდენ წინააღმდეგობას წავაწყდით ამ გზაზე, იმ საქმიდან თითქმის არაფერი გამოვიდა. პირადად ბიძინა ივანიშვილთან, გარდა ცალმხრივი სიმპათიისა, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან, არაფერი მაკავშირებდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩემს სახლში გაისმა სატელეფონო ზარი – დამირეკა ქალბატონმა და ბიძინა ივანიშვილის სახელით მიმიწვია საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, დღემდე არ ვიცი, კონკრეტულად ვისგან მივიდა ინფორმაცია ჩემ შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია იმ ჩემი მეგობრებისგან მქონდა გაწეული, ვინც ჩემამდე მივიდნენ ამ გუნდში.
– ამბობენ, თქვენი პროტეჟე თედო ჯაფარიძეა.
– მე ბატონი თედოს გარდა ახლო ურთიერთობა მქონდა მაია ფანჯიკიძესთან, ირაკლი ალასანიასთან, გია ვოლსკისთან, ზაზა გოქსაძესთან... არ ვიცი, შეიძლება, ბევრი ადამიანი გამომრჩეს და ჩამოთვლას არ გავაგრძელებ.
– ალბათ, ამ წლებს უკავშირდება თქვენი ახლო ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან, რომელმაც ახლახან თბილისში ყოფნის დროს მეგობრად მოგიხსენიათ.
– დიახ, ეს სწორედ იმ პერიოდთან არის დაკავშირებული. როგორც უკვე გითხარით, ხუთი წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე სტამბულში, სადაც არის მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია. მე ხშირად მივდიოდი ხოლმე მასთან ფენარში. მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე ავტორიტეტული არის ქართული ეკლესია, განსაკუთრებულად კი – ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი. ჩემი დაახლოება და პიროვნული ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან ბართლომეო პირველთან, პირველ ყოვლისა, იმას ემყარებოდა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ეკლესიისა და მისი უწმიდესობის მიმართ. პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ ჩვენი პატრიარქი მისთვის არის ძალიან დიდი ავტორიტეტი და ძმასავით უყვარს ის. კვირაობით, როცა ამის საშუალება მქონდა, ვესწრებოდი წირვას, რაც არ იყო მხოლოდ ჩემი პირადული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. მე ყოველთვის გამორჩეულ ადგილას მსვამდნენ ტაძარში. მსოფლიო პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა, რომ ქართველებს ყველა დღესასწაულზე აქვთ უფლება, ქართულად აღავლინონ წირვა-ლოცვა ლაქერნას ღვთისმშობლის ტაძარში. ამ საქმეში ჩემს წვლილზე მე არ ვისაუბრებ – ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ, იმას გეტყვით, რომ ჩემთვის იმ ეკლესიაში ქართველების შეკრების შესაძლებლობა იყო ნომერ პირველი დანიშნულება. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო.
– ახლო ურთიერთობა გქონიათ მსოფლიო პატრიარქთან. ქართული ძღვენით არ მოიკითხავდით ხოლმე მას?
– კუნძულზე, მის რეზიდენციაში, მე და ჩემს მეუღლეს ბევრჯერ გაგვიშლია მისთვის ქართული სუფრა და გაგვიკეთებია ტრაპეზი. მასპინძელი ის თავად ბრძანდებოდა ხოლმე, მაგრამ, ჩვენც „ვმასპინძლობდით” ქართული სუფრით, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი, ნაწილობრივ კი მათი ინგრედიენტებით იყო მომზადებული. თურქეთში ჩვენებურები ქოთნებში ახარებენ ქინძს. ჩვენს მეგობრებს ქოთნებით მოჰქონდათ ხოლმე ქინძის ბუჩქები, რომლებიც მერე ჩვენ მიგვქონდა მის ყოვლადუწმინდესობასთან. ქართულ ქინძს სხვა გემო აქვს. ბართლომეო პირველს მოსწონდა ჩვენებური ქინძით მომზადებული სადილი, თუმცა, საკვების მიმართ ძალიან მოკრძალებულია, შეიძლება ითქვას, თითქმის ასკეტური. როდესაც მე მისი ცხოვრებით დავინტერესდი, ბევრი ბერძნისგანაც მოვისმინე, რომ ამხელა რეპუტაციის ადამიანი მათ თანამედროვე ეპოქაში დიდი ხანია, არ ჰყოლიათ.
– დიპლომატებს მშვიდი და ტკბილი ცხოვრება გაქვთ, რა გინდოდათ პოლიტიკაში, წასულიყავით ისევ ელჩად, გეცხოვრათ სულთნის სასახლეში...
– სულთნის სასახლეში არც მაშინ ვცხოვრობდი, როცა კონსული ვიყავი. გულწრფელად გეტყვით, რომ კონსულის საქმიანობა არათუ მშვიდი, პირიქით, ძალიან რთული და მძიმეა. სტამბულმა თავი ისე შემაყვარა, როგორც მშობლიური ქალაქი შეიძლება გიყვარდეს. ჩემი ბავშვები, ფაქტობრივად, იქ გაიზარდნენ. დოლმა ბაღჩას სასახლესთან ახლოს ვცხოვრობდით და ჩემი უმცროსი შვილი – ნიკოლოზი იქაურ ულამაზეს ბაღში დასეირნობდა ყოველდღე, ჩემი უფროსი შვილი იქ შევიყვანეთ სკოლაში. სტამბულში მყავს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, რომლებიც დიპლომატიური ცხოვრების მიღმაც მეგობრებად რჩებიან ჩემთვის.
– პოლიტიკაც ისეთივე „ხიბლიანი” აღმოჩნდა თქვენთვის, როგორც დიპლომატია?
– დიპლომატიას ბევრი ხიბლი აქვს. მე პიროვნულად ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და დიპლომატია ამისთვის ფართო ასპარეზს გაძლევს. ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია პოლიტიკაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთიდან და დღითი დღე ვრწმუნდები, რომ პარლამენტარზე მაღალი თანამდებობა არ არსებობს. არ მინდა, ლიტონი სიტყვები ვთქვა, მაგრამ, ურთიერთობა ამომრჩეველთან, რომელიც შენგან ბევრ რამეს ელის, ძალიან დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. თან, როცა საქმე ეხება რაიონს, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ჩემი ყველაფერი ოზურგეთთანაა დაკავშირებული. გურულები რომ იტყვიან, გაგანია ოზურგეთში ვარ დაბადებული, ოზურგეთის საუკეთესო, ¹2 სკოლა დავამთავრე, სულ ხუთებზე, მაგრამ, ოქროს მედალი არ მომცეს, თუმცა ოქროს მედალი, არაპირდაპირი მნიშვნელობით, შემდეგ არ დამკლებია ცხოვრებაში. როგორც ყველა გურული, მეც ამბობენ, რომ კარგად ვმღერი. მე ვარ მიხეილ შავიშვილის გაზრდილი. ის იყო ცნობილი ლოტბარი და ფოლკლორისტი, რომელმაც 1977 წელს შექმნა იმდროინდელ საბჭოთა კავშირში პირველი ვაჟთა ფოლკლორული ვოკალური ანსამბლი „კრიმანჭული”. მე ამ ანსამბლში ვმღეროდი სკოლის დამთავრებამდე, თავიდან პირველ ხმას, მერე – მეორეს, ბოლოს კი, ხმის მუტაციის გამო, ბანზე გადავედი. სიმღერა ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ახლახან მამა გარდამეცვალა და სასიმღერო ხასიათზე აღარ ვარ, მაგრამ, ისე, ხშირად ვმღერი, მით უფრო – თუ სუფრასთან ვარ.
– „პოლიტიკურ ბანს” არ აძლევთ თანაგუნდელებს? ჯერჯერობით, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხართ, ხშირად არ ჩანხართ.
– ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, ვისაც მე პატივს ვცემ და ვიცი, რომ მათ პოლიტიკური გამოსვლები, ჩემზე მეტად ეხერხებათ. ცუდი მოლაპარაკე არც მე ვარ – გურული კაცი ამის გარეშე როგორ შეიძლება, თუმცა გეთანხმებით, რომ ღია დებატებში არ ჩავრთულვარ ჯერ. მე ვაკეთებ ჩემს კონკრეტულ საქმეს ჩემს რაიონში, რადგან, მაჟორიტარი დეპუტატისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაგრამ ამ მცირე პერიოდის მიუხედავად, რაც პარლამენტში ვარ, ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ამნისტიის კანონის თანაავტორი ვარ. რაც შეეხება ბანს, ეს აუცილებელი არაა, ღია ტრიბუნიდან გააკეთო, თუმცა, ჩემგან ჩემს გუნდს პოლიტიკური ბანი ყოველთვის ექნება (იცინის).