კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ უმხელდა ლადო ბედუკაძე 12 წელი ცოლს და ვინ იყო მისი „პატრონი” ციხეში

 ის  ბოლო თვეების  ყველაზე სკანდალური ამბების ყველაზე  მთავარი პერსონაჟია – ადამიანი, ვინც ქართული პოლიტიკური  რეალობა რადიკალურად შეცვალა. მის შესახებ საზოგადოებრივი აზრიც მრავალგვარია: ზოგს მხსნელი ჰგონია, ზოგს – მწამებელი, ზოგსაც – „ჩვენი დროის  გმირი,” თუმცა, ამ ყველაფერს ყველაზე სწორ პასუხს მაინც დრო გასცემს. ის კი ცხადია, რომ, მისივე ნათქვამის არ იყოს, ლადო ბედუკაძე დიდ პოლიტიკაში კოზაკივით გაიჭყლიტა. როგორც ამბობენ ხოლმე – გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო, ახლაც ასეა – პირობა ჩამომართვა, გამოძიების დეტალებზე არაფერი აღარ მკითხოთო და მეც პირობა შევუსრულე, თუმცა, ის კი გულწრფელად მიამბო, როგორი მძიმე გახდა   მისი ცხოვრება  19 სექტემბრის შემდეგ.

ლადო ბედუკაძე:  საკმაოდ მძიმე განცდაა, როდესაც ასეთი  მნიშვნელოვანი ამბის ეპიცენტრში ხვდები.  ძალიან ძნელია, როცა ასეთ ფონზე ხდები ცნობადი და შენი ცხოვრება მთლიანად  იცვლება.  ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – 19 სექტემბრი იყო „წყალგამყოფი“, რასაც მოჰყვა მკვეთრი შემობრუნება. ვიცი, რომ იმ ცხოვრებით ვეღარ ვიცხოვრებ, რაც 19 სექტემბრამდე მქონდა.  ამაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი; ისიც ვიცოდი, რომ გავიჩენდი ამდენ მტერს, მათ შორის, უპირველესად, იმათ ვგულისხმობ, ვინც დაკარგა თანამდებობები, უზრუნველი ცხოვრება; ვინც ძველებურად ვეღარ „აბოლებს” საზოგადოებას. 12 წელი ვიმუშავე  ციხეში, პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩემთვის საინტერესო, მაგრამ, ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, „აქლემების ჭიდილში კოზაკი გაიჭყლიტაო,” ის ნამდვილად არ მეგონა, ამ დონის რეზონანსს თუ გამოიწვევდა ეს ამბავი: ღირსების დაცვა აღმოჩნდა ის კრიტერიუმი, რომელსაც საზოგადოების გამოღვიძება მოჰყვა – სტუდენტობა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოვიდა  ქუჩაში და, როდესაც იცი, რომ ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ხარ, ეს, გარკვეულწილად, რადიკალურად ცვლის ყველაფერს. 

– ძველი ცხოვრება ახსენეთ. როგორ მოხვდით  სასჯელაღსრულების სისტემაში?

– შეიძლება ითქვას, სასჯელაღსრულების სისტემაში მოვხვდი  შემთხვევით, უფრო სწორად, პოლიციაში ჩემი მოხვედრა იყო შემთხვევითი. გაძლიერებული გერმანულენოვანი პროფილის სკოლა მაქვს დამთავრებული.  უცხო ენების ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება.  90-იანი წლების  მძიმე  პერიოდი  იყო, მივხვდი, რომ „ჩაწყობის“ გარეშე უცხო ენებზე  ჩაბარება რთული იქნებოდა. ჩემი  პირველი პროტესტი ამ პერიოდს უკავშირდება –  უცხო ენების ნაცვლად საბუთები იურიდიულ ფაკულტეტზე შევიტანე.  იმ პერიოდში მუშაობაც დავიწყე დიპლომატიური სამსახურის დაცვის სამსახურში – ჩინეთის საკონსულოს რეზიდენციის დაცვაში ვიყავი. ალბათ, გახსოვთ, იმ დროს ქურდული მენტალიტეტი როგორ მძლავრობდა   ჩვენს საზოგადოებაში. ვიფიქრე, რადგან ერთხელ დამერქვა „ძაღლი”, ავდგები და ამ საქმეს  ბოლომდე მივყვები-მეთქი და პოლიციის აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. სწორედ იმ წელს  გაიხსნა ტექნიკურ-იურიდიული ფაკულტეტი, რომელმაც სტუდენტების  მხოლოდ ერთი ნაკადი გამოუშვა. როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, აკადემიის დამთავრებისთანავე მომენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება და განაწილებით გამიშვეს კახეთის საგზაო პოლიციის  პირველ  სამმართველოში. ეს ის დრო იყო, როდესაც ეგრეთ წოდებული „გაიშნიკები”  კარგ ფულს შოულობდნენ; თუმცა, ვინც მიცნობს იმ პერიოდიდან, იცის, რომ მე არ ვიყავი ტიპური „გაიშნიკი“, ამიტომაც, საკუთარი ნებით დავწერე პატაკი გათავისუფლებაზე, რაც, მგონი, იმ წლებში ბევრს არ გაუკეთებია.  სწორედ  ავტოინსპექციასთან დაკავშირებული ჩემი წარსული გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თქვა ჩემზე – ძველი „გაიშნიკი“ გაგვეპარაო.  იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიდან წამოვედი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახალი დაქვემდებარებული იყო იუსტიციის სამინისტროზე და კადრებს ეძებდნენ ახალი დეპარტამენტისთვის. ვიფიქრე, დროებით იქ დამეწყო მუშაობა, მაგრამ,  დროებით არ გამოვიდა. მაშინ პირდაპირ მივადექი შოთა კოპაძეს, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და სამსახური ვთხოვე. უპრობლემოდ მიმიღო.  თავიდან მუშაობა დავიწყე „რეზბალნიცაში”, რეჟიმის განყოფილებაში, ინსპექტორად, სადაც იმ პერიოდში  ბევრი „კანონიერი ქურდი”  იყო მოთავსებული. მე ავტოინსპექციიდან ფორმით სიარულს ვიყავი შეჩვეული, ციხეშიც ფორმით დავდიოდი. ვერ მიხვდნენ, ვინ ვიყავი, ზოგს გიჟიც კი ვეგონე. ერთი წელი, თურმე, ჩემზე ფიქრობდნენ, რომ გამომძიებელი ვიყავი. მერე დირექტორმა მირჩია – ჩვენთან ასე არ დადიანო და მეც გავიხადე ფორმა. ციხეს აქვს თავისი დაწერილი და დაუწერელი წესები.  ციხისთვის ახალბედა ვიყავი,  გამოცდებს გამოცდებზე მიწყობდნენ როგორც ციხის ადმინისტრაცია, ასევე – პატიმრები. ხან ნივთის შემოტანას მთავაზობდნენ, ხან – ნარკოტიკის, მაგრამ, არც ერთ ასეთ „გარიგებაზე” არ წავსულვარ და, ალბათ, ამიტომაც,  სხვანაირი პატივისცემა უჩნდებოდათ ჩემ მიმართ. ერთ-ერთი ციხის უფროსმა სამსახურიდან გამომიშვა:  პატიმრები ისეთ პატივს გცემენ, შენ ჩემი ადგილი და თანამდებობა გინდაო (იცინის). მაშინ ხშირი იყო „პერებროსები”: ნარკოტიკს ქვაზე მოაბამდნენ და ისე ისროდნენ დაწესებულებაში – ამისგან დაზღვეული არც ერთი ციხე არაა. 2005 წლიდან კი ციხე გახდა სისტემა.  რა თქმა უნდა, საჭირო იყო ციხეში წესრიგის დამყარება, მაგრამ, ეს არ უნდა ყოფილიყო ადამიანების დამცირების, წამების ხარჯზე.  ყველა საშუალება მიზანს არ ამართლებს. მე იმ სასტიკ და დაუწერელ კანონებში ჩემი წესები მქონდა: ვცდილობდი, რომ, ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა ცვლაში,  თავისი ადამიანობით გამორჩეულები ყოფილიყვნენ ციხის თანამშრომლებს შორის. ჩემი წესების გამო, რამდენჯერმე   დაპირისპირებაც მქონდა  ციხის ხელმძღვანელობასთან.  იმას ვერ მეუბნებოდნენ – სამსახური დატოვეო, თუმცა, მიზეზს ყოველთვის ეძებდნენ, რომ ჩემთვის სუსტი წერტილი მოეძებნათ.  მხოლოდ იმიტომ ვერ მიშვებდნენ, რომ, სადაც საჭირო იყო, ვამბობდი: თუ წავალ, ბევრს გავიყოლებ-მეთქი – ამიტომაც არ იყო ადვილი მათთვის ჩემი გაშვება.         

– თქვენ შესახებ  საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: პატიმრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათ ძალიან ეხმარებოდით, მაგრამ, არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენც იყავით იმ მძიმე ფაქტების მონაწილე, რაც იქ ხდებოდა.

– მე თვითონ ვეძებ ასეთ პატიმრებს, მინდა იმ  პატიმრების ნახვა, ვინც ჩემზე ასეთ რამეს ამბობს: მე თვითონ მინდა, ვნახო და ვკითხო, რა  პრეტენზიები აქვთ ჩემთან.  ისინი მართულები არიან, სპეციალურად ამბობენ ამას. პატიმართა უმეტესობამ ხომ თვითონაც კარგად იცის, ვისთვის რას ვაკეთებდი.  ჩემთვის ძალიან ბევრ პატიმარს უთქვამს: ჩემთვის აქ ნათელი წერტილი ხარ და  ლოცვაში მოგიხსენიებო. მე არ მქონდა პატიმრებთან ურთიერთობის უფლება  საცხოვრებელ კორპუსებში,  მე მათთან მქონდა შეხება,  როდესაც ისინი საპყრობილეში  შემოჰყავდათ და როცა იქაურობას  ტოვებდნენ, მაგრამ,  ხშირად შინაგანაწესს  ვარღვევდი და   ვახერხებდი, რომ ისინი ჩემს    კაბინეტში შემეყვანა და მათთვის ცოტა უფრო ადამიანური გარემო შემექმნა.  იმის  გამო, რომ  მოვინახულე რატი მაისურაძე, რომელიც ნაცემი იყო,  საყვედურიც კი მაქვს მიღებული. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვახტანგ მაისაიასთან, რომელსაც, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.  მე მოვახერხე მისი  დარწმუნება, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რათა გადარჩენილიყო.  მახსოვს, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან  მელორ ვაჩნაძე ფსიქოლოგიურად განადგურებული მოვიდა, შევიყვანე ჩემს კაბინეტში, საუბარი დავუწყე და ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან.  ჩემს ოთახში  ორივე ერთად ხმამაღლა იმასაც კი ვყვიროდით: „მიშას რაა?!“ ვიღაცეებს ეგონათ, ამას იმიტომ ვბედავდი, რომ „ზემოთ” პატრონი მყავდა. ჩემი პატრონი იყო მხოლოდ კანონი,  მეტი არავინ და არაფერი.  მე არ მქონია პოლიტიკური მოტივაციები და, იმ ადამიანებსაც,  ვინც  პოლიტიკურზე იყვნენ დაპატიმრებულები, ჩვეულებრივად, ადამიანურად  თანავუგრძნობდი.         

– ამბობთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდაო. არადა, თბილისში დაბრუნებული, მეორე დღესვე  მიხვედით მიტინგზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა. 

– ჩემი მიზანი იყო,  არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის გასტუმრება  ისტორიის სანაგვეზე.  მას არანაირი მორალური და იურიდიული უფლება არ აქვს, იყოს პრეზიდენტი. მან თვითონ შექმნა და ჩამოაყალიბა ის სისტემა, რაც არსებობდა წინა ხელისუფლებაში. ბაჩო  ახალაია, რომელიც იყო შემსრულებელი, პრეზიდენტმა წარადგინა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელად, მინისტრად და ბოლო წუთამდე მის ქებაში იყო მიხეილ სააკაშვილი. სწორედაც რომ პრეზიდენტია  პასუხისმგებელი ყველა იმ პროცესზე, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ამიტომაც არის ჩემი პოზიცია მის მიმართ ასეთი. ახლა  სააკაშვილი რომ ყოფილიყო ძველებური მმართველი,  უვადო პატიმრობა არ ამცდებოდა. ახლა ვითხოვ, ერთი მუხლი კიდევ დამიმატონ ბრალდებაში – სააკაშვილს ისე გავუმწარე ცხოვრება, მისი  წამების მუხლიც უნდა დამემატოს და, კიდევ ერთი მუხლი – ქურდობა, თან – სახელმწიფო ქონების. 

– რა მოიპარეთ? 

–  კასეტის მოპარვასა და კადრების გარეთ გამოტანას ვგულისხმობ, ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ არსებობდა. ფიქრობდნენ, რომ ვერავინ გაბედავდა ამას,  ისე იყვნენ დარწმუნებულები საკუთარ ძალებში. 

– ის დაავიწყდათ, რომ  ციხე  შიგნიდან ტყდება?

– როგორც ჩანს, დაავიწყდათ.  იმ კასეტის  ციხიდან გამოტანა ძალიან  რთული  იყო. ეს იყო სიგიჟე და რისკი ჩემი მხრიდან, იმდენ ქურდთან მქონდა ურთიერთობა, ეტყობა, მეც დავოსტატდი ამ საქმეში. როგორც იცით,  დროებით, უფროსობასთან ატანამდე,  კასეტა ჩემს ოთახში ინახებოდა. მე  შევძელი მისი მოპარვა. როცა კასეტა  მოიკითხეს, მაშინვე დავაბრუნე. გავითამაშე, რომ იქ იყო და ვერ ნახეს. მერეც სულ იყო რისკი, რომ კადრების გატანა გარკვეულ ეტაპზე გამომჟღავნდებოდა და ინფორმაცია გაჟონავდა. ის თვეები, როცა მე საქართველოდან წავედი,  ვიყავი   მოლოდინის საშინელ  რეჟიმში, მაგრამ, სულ მქონდა იმედი. ქართველების სამი-ოთხი ოჯახი  მაინც გამოვიცვალე.  

 –  თქვენ დიდი რისკის ქვეშ დააყენეთ თქვენი ოჯახი – მეუღლე და პატარა ბავშვები. როგორ ცხოვრობენ ისინი  19 სექტემბრის შემდეგ?    

– ჩემი მეუღლე დღემდე არ მპატიობს იმას, რომ ოჯახი ასეთი დიდი რისკის ქვეშ დავაყენე, დღესაც მძიმედ განიცდის ამ ყველაფერს. მე, ფაქტობრივად, გავწირე ოჯახი. როგორ უნდა ავუხსნა მათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო?!  ორი შვილი მყავს: 6 წლის ანა  და 13 წლის უჩა. ისინი ჯერ მაინც პატარები არიან და ბევრ რამეს ვერ იგებენ – საბედნიეროდ, მათ სამყაროში ასე ღრმად ვერ აღწევს პოლიტიკა. ჩემმა მეუღლემ ჩემს სამსახურზე არაფერი იცოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ შეხება მქონდა პატიმრებთან და ციხეში პატიმრების წამება ხდებოდა. ყველანაირად ვცდილობდი, სახლამდე არ მომეტანა ხოლმე ის კოშმარი, რომელშიც ვმუშაობდი; ხანდახან ვერც გამოვდიოდი ხოლმე იმ კოშმარიდან. რკინას რომ გაავარვარებ და მერე უცებ ცივ წყალში ჩადებ, ასე იყო ჩემი ფსიქიკა. იმ პერიოდში სასჯელაღსრულების კურსის ლექციებსაც ვკითხულობდი ორ უნივერსიტეტში. სტუდენტები ხშირად მეკითხებოდნენ, სცემენ თუ არა პატიმრებსო.  არა, ასეთი რამ არ ხდება-მეთქი, – ვამბობდი ხოლმე კატეგორიულად. შეიძლება ითქვას, „ვაბოლებდი” მათ, მაგრამ, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მივდიოდი სამსახურში და იქ კი ისეთი ხდებოდა...  სამსახურის დატოვებაზე ბევრი მიფიქრია, ამაზე ირმასთანაც მითქვამს, მაგრამ  რომ წამოვსულიყავი, სად უნდა მემუშავა,  ორ შვილს შემოსავლის გარეშე ხომ ვერ დავტოვებდი?!  თან, პატიმრების მიტოვებაც მიჭირდა იმ მძიმე პირობებში.  19 სექტემბერი, როდესაც ეს ამბავი გახმაურდა,  ჩემთვის იყო კოშმარი.  იმ დღესვე გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით,  რომ ჩემზე  ძებნა გამოცხადდა, რომ დაკავებულები იყვნენ ჩემი თანამშრომლები.   განსაკუთრებით  განვიცადე   ფარულავას  დაკავება –  ყველაფერი რაც მოხდა, მასთან ერთად მქონდა დაგეგმილი. 19 სექტემბრის შემდეგ ოჯახზე დიდი საფიქრალი არ მქონია – მე არ ვიცოდი, ვის რა მოუვიდოდა თავში.  თუ ჩემზე შურისძიებას გადაწყვეტდა ვინმე,  პირველ ყოვლისა, ოჯახზე ზეწოლით გამისწორდებოდა; ამიტომაც, ჩემი მოთხოვნა იყო ოჯახის გაყვანა და მათი უსაფრთხოების დაცვა. მათ ორ-სამ დღეში მოახერხეს საქართველოს დატოვება, თუმცა, თურქეთში ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავდა უსაფრთხოდ ყოფნას. 

– დღეს თუ ხართ დაცულები? თავად მგონი, დაცვით დადიხართ.

– არა, დაცვით არ დავდივარ,  ეს ადამიანები, ვისაც ახლა ჩემ გვერდით ხედავთ, ჩემი ნათესავები არიან.  ვიცი, რომ საფრთხე ყოველთვის იქნება: ბევრი მტერი და მოთვალთვალე მყავს,  ვიღაც ყოველთვის მაკონტროლებს, მაგრამ, პირადი მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ არ ყოფილა.  ბევრს აქვს აგრესია ჩემზე, მათ შორის, თუნდაც იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვინც დაკავებულები არიან. ის ხალხი მეცოდება კიდეც,  მაგრამ, ის პატიმრები რომ მახსენდება, ვისაც  სცემდნენ და აწამებდნენ, ბრძოლა მიდის ჩემს გონებაში: „მათ რა დააშავეს, ასე სასტიკად რომ უსწორდებოდნენ?!“ არის საზოგადოების ის კატეგორიაც,  ვინც ისევ მონურ აზროვნებაშია ჩარჩენილი და ფიქრობს, რომ მათ ღმერთს – სააკაშვილს, თავზე დავუნგრიე ყველაფერი. ასეთი ადამიანები ჩემ ირგვლივაც იყვნენ და ისინი კონტაქტზე არ გამოდიან, სხვა მხრივ კი ქუჩაში ვერ ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან ჩემ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. როცა ქვეყანას ასეთი თემებით გააცნობ თავს, როცა შენს  დანახვაზე ციხის კადრები, ცემა და წამება ახსენდებათ, ეს ადამიანურად ნამდვილად რთულია.

– ჩვენ ახლა კონსპირაციულ  ბინაში ვართ?

– არა, კონსპირაციული ბინები სხვანაირია, ჩვენ ახლა ჩემი სიდედრის, ბინაში ვართ, რომელიც, როგორც ჩემი მეუღლე, ისევ გაბრაზებულია ჩემზე (იცინის).  ჩემი სახლიც  აქვეა, მაგრამ, ისეთ მდგომარეობაშია, იქ არ შეისვლება, სტუმარს ვერ მიიღებ. ორ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ იმდენი ფული ვერ მოვაგროვე, რომ უკეთესი პირობები მქონოდა. 

– ამბობენ, ამ კადრების ფასად ბევრი ფული მიიღეთ.

– ვიცი, რომ ეს ხმები გავრცელდა.  თუ უახლოეს მომავალში ავიშენებ ვილას ან  სახლს  ვაკეში,  შეუძლიათ, თქვან, რომ ფული ავიღე.  მერე  იმასაც ამბობდნენ, თანამდებობას დაჰპირდნენო, პოლიტიკურ პარტიაში მიდისო... – ასეც ვრცელდება ხმები. გამორიცხული არაფერია.  დღემდე ახლო ურთიერთობები მაქვს იმ ხალხთან, ვინც ციხეში გავიცანი –  ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ვსაუბრობთ მომავალზე.  

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი, როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?

– ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა გზას ავირჩევ,  როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას. ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი და ახლაც მჯერა, რომ  ყველაფერი კარგად და სამართლიანად დასრულდება. 

скачать dle 11.3