კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი ჰქონდა ხათუნა პაიჭაძეს ჭიდაობასთან და ვინ ვერ დააწვინა მან მიწაზე

ხათუნა პაიჭაძე  პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურში აქტიური ჟურნალისტური წარსულის წყალობით მოხვდა. სამართლის სფეროს ცნობილ ჟურნალისტს წლების განმავლობაში ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმესთან ჰქონდა შეხება, თუმცა, მანამდე იყო მისი „სპორტული“  წარსული, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.   

ხათუნა პაიჭაძე: ჩემი დანიშვნა  პროკურატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად,  საკმაოდ უცნაურად მოხდა. ერთ დღეს დამირეკეს ჟურნალისტებმა და მითხრეს: თქვენზე ამბობენ, პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნებით და მართალიაო? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და მათაც ვუთხარი, მსგავსი რამ არ მსმენია-მეთქი. დავურეკე არჩილ კბილაშვილს და ვკითხე: ასეთი რამ გავიგე და თქვენ ხომ არაფერი იცით-მეთქი. არჩილმა მითხრა: მეც არაფერი არ ვიცი, მაგრამ, შენ გინდა, ასე რომ იყოსო? რაღა დაგიმალოთ და, ამაზე არ მიფიქრია-მეთქი. ფიქრიც შეიძლებაო, – მითხრა არჩილმა და  და ასე მოვხვდი აქ. შესაძლოა, ამაზე სადმე იყო საუბრები, რამაც როგორც ხდება ხოლმე, გაჟონა ჟურნალისტებამდე და ჩემამდე ასე მოსული ამბით მოვედი აქ (იცინის). სიმართლე გითხრათ, მარტივად არ მიმიღია გადაწყვეტილება, რადგან, როცა 16 წელია,  ჟურნალისტი ხარ, ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგიდგენია. რამდენიმე დღე ვიფიქრე ჩემს გადაწყვეტილებაზე. მიყვარს სიახლეები, არ შემიძლია ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება. მიმაჩნია, რომ ადამიანის ფასი მით მეტია, რაც მეტად ეძლევა მას საშუალება, სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ცხოვრება. ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი შანსი, რაზეც უარი არ უნდა მეთქვა. მესმის, რომ ასეთ უწყებაში მუშაობას ყოველთვის ახლავს რისკი, მაგრამ, მე რისკიანი ადამიანი ვარ. თუ ჩემი პრინციპები და ხასიათი განსხვავებული იქნება იმ მიდგომებისგან, რაც ამ სამსახურს ახლავს, არც ის იქნება პრობლემა, იქ დავბრუნდე, საიდანაც წამოვედი.   

– პრესსამსახურში  მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვისთანაც გიწევს მუშაობა. თავად არჩილ კბილაშვილის ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი? მასთან ხომ  დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებდა? 

–  რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვისთან უნდა მემუშავა.  ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ის ქვეყანა, სადაც სტრუქტურის მუშაობას განაპირობებს  არა სახელმწიფოებრივი ხედვა, არამედ, პიროვნული ფაქტორები. მე  იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ინერციით შერჩენილი მდგომარეობა შეიცვლება. რაც შეეხება ჩემი და არჩილ კბილაშვილის ურთიერთობას, მე მას ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ.  დითირამბად არ ჩამითვალოთ, მაგრამ, მე მას ყოველთვის ვაფასებდი როგორც მაღალი დონის იურისტს, პრინციპულ და კომპეტენტურ ადამიანს. ამას კიდევ ერთ, ერთი შეხედვით პატარა შტრიხს დავუმატებ, რაც, ვფიქრობ, ადამიანის ხასიათისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა.  იცით, რომ ქართველ რესპონდენტებს სჩვევიათ  ინტერვიუებზე დაგვიანება. „მერე რა მოხდა, ჟურნალისტია და მომიცდის“ – ასეთია მათი მიდგომა. მე  არ მახსოვს არჩილ კბილაშვილს ერთხელ მაინც დაეგვიანა ინტერვიუზე, ეს კი მაფიქრებინებდა, რომ მას ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვქონდა ხშირი კავშირი სხვადასხვა სასამართლო პროცესთან, იყო  ისეთი შემთხვევებიც, როცა მე მას ვურეკავდი და ვეკითხებოდი რჩევას ისეთ თემებზე, რომლებიც პირადად  მასთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტ, სწორ და კომპეტენტურ აზრს მომაწვდიდა.     

– შეფის ამპლუაში მასთან მუშაობა როგორია? გიჭირს მისი დაყოლიება ინტერვიუებზე?

– ბატონი არჩილი ძალიან კომფორტული ადამიანია, ის პატივს სცემს სხვა ადამიანის აზრს და შეუძლია სხვისი მოსმენა. შესაძლოა, ჩვენი აზრები ამა თუ იმ საკითხზე არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ, ჩვენ ვახერხებთ, როგორც დღეს გახდა ეს ფრაზა აქტუალური – კოჰაბიტაცია გვქონდეს (იცინის). 

– ანუ, გარიგდით?

– გნებავთ, გარიგება დაარქვით, გნებავთ – თანამშრომლობა (იცინის). პროკურატურის მიდგომა შეიცვალა. ორ კვირაში ერთხელ ჩვენ გვაქვს ბრიფინგები, ბატონი არჩილი არ ამბობს უარს ინტერვიუებზე, თუ განსაკუთრებით გადატვირთული გრაფიკი არ აქვს. 

– ხათუნა, წლების განმავლობაში  შენ იყავი  ერთ-ერთი ყველაზე  ხმაურიანი ჟურნალისტი სამართლის სფეროში. სად და როგორ დაიწყე ჟურნალისტური კარიერა?

– პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკაში აღმოვჩნდი, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე საპატიო პროფესია, რომელსაც მე „სინდისის პროფესია” დავარქვი.  ჩემი ჟურნალისტური დებიუტი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სპორტულ  გაზეთში შედგა. მაშინ „სარბიელი” ძალიან პოპულარული გამოცემა იყო, კორიფეები უძღვებოდნენ ფეხბურთის, კალათბურთისა და სპორტის სხვა პოპულარულ სახეობებს.  ვიყავი  ძალიან ახალგაზრდა, მიმიღეს  სტაჟიორის რანგში და ყველაზე „მიტოვებული” გვერდი მომცეს. პირველივე დღეს მითხრეს:  გაჰყევი ლევან ჯავახიშვილს და ის დაგაკვალიანებსო. სასწრაფო წესით ვისწავლე და ერთმანეთისგან გავარჩიე ჭიდაობის სახეობები: თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, ძიუდო; გავიგე, ლეიბს რომ ტატამი ერქვა და ილეთს – პარტერი, რაზეც მანამდე წარმოდგენაც კი  არ მქონდა.  ექსპერტი არ გავმხდარვარ, მაგრამ, მალე უკვე იმასაც ვარჩევდი, რა შედეგით დამთავრდა შეხვედრა, ვინ მოიგო და ვინ წააგო (იცინის). ჩემი სპორტული წარსული, მგონი, მარტო ლუკა კურტანიძეს ახსოვს, რომელიც ჩემი მუდმივი რესპონდენტი იყო და გერმანიის საკლუბო გუნდში ჭიდაობდა. მე ვერ „დავუმეგობრდი” სპორტის ამ სახეობას; განსაკუთრებით ის არ მომწონდა, ყურები რომ ჰქონდათ დამტვრეული მოჭიდავეებს, თუმცა, ვესწრებოდი ჩემპიონატებს, დავდიოდი ფედერაციაში.  8-9 თვის შემდეგ  „სარბიელიდან”გადავედი „რეზონანსში”, ასევე სპორტულ განყოფილებაში, მაგრამ, ძალიან მალე, ერთ-ერთ მასალაზე მუშაობისას, აღმოვაჩინე, რომ სპორტის დეპარტამენტის თუ ფედერაციის  საწესდებო კაპიტალი კერძო ბიზნესში იყო ჩადებული და გამომივიდა კარგი სპორტული გამოძიება, საიდანაც გადავეშვი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. 

– რაც ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული იმ პერიოდში, რადგან, საგულდაგულოდ იყო ჩარაზული  პროკურატურისა და სამართალდამცველების ყველა კარი. როგორ ახერხებდი ინფორმაციების მოპოვებას?

–  მე მყავდა ჩემი წყაროები, რომელთა კონფიდენციალობას ვიცავდი ნებისმიერ შემთხვევაში, სადამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. სულ მეუბნებოდნენ, შენ რაღაც საიდუმლო გაქვსო, არადა, არანაირი საიდუმლო არ მქონია. ერთადერთი წესი, რასაც ვიცავდი, იყო წყაროს ანონიმურობა. როდესაც ადამიანს, რომელიც ბევრ ინფორმაციას ფლობდა და მეც მანდობდა ამ ინფორმაციას, ვაძლევდი პირობას, რომ მის შესახებ ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა და ამ პირობას ბოლომდე   ვიცავდი. რისკი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ, ჩემთვის არ არსებობდა რთული თემები. ფიზიკურადაც ძალიან ბევრი შრომა მიწევდა: ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, დავდიოდი შემთხვევის ადგილებზე. ჩემს დამოკიდებულებებში  ბევრი რამ შეცვალა საქმემ. რომელზე მუშაობის დროსაც აღმოვაჩინე, რომ, პიროვნება, ვის საქმეზეც ოთხი ადამიანი იყო გასამართლებული და ვინც  მოკლული ეგონათ, სინამდვილეში ცოცხალი იყო. ამ მასალას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა – როდესაც მასალა გამოქვეყნდა, ხელისუფლებამ ეს ძალიან არაადეკვატურად აღიქვა.        

ერთ ისტორიას გავიხსენებ: იმ პერიოდში, როდესაც ძალიან ხშირი იყო ავტომობილებში დამონტაჟებული გაზის ბალონების აფეთქებები, აღმოვაჩინე, რომ  ლილოს დასახლებაში არსებობდა საწყობი,  სადაც ირანელები  ძველ ბალონებს ღებავდნენ და ისე  ყიდდნენ, როგორც ახალს.  კითხვა-კითხვით მივაგენი ამ ადგილს და წავედი იქ ფოტორეპორტიორთან ერთად. მივედით ზუსტად იმ დროს, როცა ბალონებს ღებავდნენ.  ფოტოგრაფს ვუთხარი: ზემოთ ავძვრეთ, იქ უკეთეს ფოტოებს გადავიღებთ-მეთქი. რატომღაც, ისე მოხდა, რომ მაინცდამაინც იმ დღეს  მეცვა მოკლე ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლითაც მივხოხავდი ტლაპოში. როგორც იქნა, მივაღწიეთ ისეთ ადგილამდე, საიდანაც ფოტოს გადაღებას შევძლებდით და ფოტოგრაფს ვუთხარი:  დაწექი, არ დაგვინახონ-მეთქი. გადაირია – ამ ტლაპოში, სად უნდა დავწვეო. დაცვამ დაგვინახა, როგორ გადავიღეთ ფოტოები და გამოგვეკიდა. დაგვიჭირეს და წაგვართვეს ფოტოაპარატი. ბევრი ვეხვეწე ფრიდონს – გაიქეცი, კადრები გადაარჩინე და მე დამტოვე-მეთქი, მაგრამ, არ მიმატოვა. მე ჩემი ჟურნალისტური გამოცდილება გამოვიყენე და სასწრაფოდ მოვითხოვე უფროსთან შეხვედრა, რასაც მერე დიდი ხვეწნა-მუდარაც კი მოჰყვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, თუმცა, ამან ვეღარ  უშველა.    

– წარსულში კიდევ  გქონდა ერთი პროფესია – როგორც ვიცი, კრუპიეს დიპლომი გაქვს. 

– დიახ, მაქვს  და ამას არც ვმალავ.  მე მაქვს კრუპიეს დიპლომი და გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი კიდეც კაზინო „იმპერიალში”, სადაც, მარტო კრუპიე კი არა, ინსპექტორიც ვიყავი.  კაზინოს აქვს თავისი წესები. მე თვითონ მოთამაშის ამპლუაში არასდროს ვყოფილვარ კაზინოში.  პრაგმატული ადამიანი ვარ და  არ ვოცნებობ ისეთ რამეებზე, რაც, მიმაჩნია, რომ არასდროს ახდება, თუმცა, ზოგადად აზარტთან არ ვარ მწყრალად; უფრო მეტიც საქმეში, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი მგონია, როგორც პირადი ცხოვრება, ძალიან აზარტულიც კი ვარ.      

скачать dle 11.3