რომელი სკანდალური ისტორიების გმირები გახდნენ „ფორბსის” მილიარდერები
2012 წელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და სპორტსმენებისთვის სკანდალური ამბებით დახუნძლული იყო. მათ არც მილიარდერები ჩამორჩნენ და სკანდალური ქრონიკების მთავარ გმირებად იქცნენ. გთავაზობთ გასული წლის ყველაზე სკანდალური მილიარდერების ჩამონათვალს.
ტორ ბატისტა
2012 წლის მარტში, ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანის – ეიკე ბატისტას ვაჟი, ტორ ბატისტა, რიო-დე-ჟანეიროს შემოგარენში ავტოავარიაში მოყვა. სპორტული ტიპის „მერსედესით” ტორიმ გაიტანა ველოსიპედისტი, რომელიც გარდაიცვალა. ბრაზილიურ სასამართლოში ჯერაც არ გამართულა სასამართლო ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამასობაში კი ეიკე ბატისტამ შვილი თავისი კომპანიის გენერალურ დირექტორად დანიშნა.
სტიუარტ რარი
ფარმაცევტი მილიარდერისთვის სტიუარტ რარისთვის 2012 წლის ნოემბერი უიღბლო გამოდგა. პირველი – რესტორნების ქსელმა „ნობუმ” იგი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა თავის ქსელში, რადგან რარი მათ ადმინისტრატორს მოკვლით ემუქრებოდა; მეორე ფაქტიც კვლავ მუქარას ეხება, ოღონდ ამჯერად რარი „ტრამპ თაუერის” ლიფტიორს დაემუქრა იარაღით და პოლიცია იძულებული იყო, მისი ბინიდან იარაღის კოლექცია ამოეღო. წლის ბოლოს რარმა განაცხადა, რომ მეუღლესთან გაშორება გადაწყვიტა, თუმცა, საზოგადოება დააიმედა, რომ ამჯერად ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის.
ჰანს-კრისტიან რაუზინგი
2012 წლის ივლისში კომპანია „ტეტრა პაკის” დამფუძნებლის მემკვიდრე, 49 ჰანს-კრისტიან რაუზინგი, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე დააკავა და ბინის ჩხრეკის დროს მისი გარდაცვლილი მეუღლის გვამი აღმოაჩინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რაუზინგის ცოლი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა და მილიარდიანი ქონების მემკვიდრემ გვამთან ერთად რამდენიმე კვირა გაატარა.
კრისტოფელ ვიზე
2012 წლის ივნისში სამხრეთაფრიკელი მილიარდერი კრისტოფელ ვიზე ინგლისიდან ლუქსემბურგში მიმავალი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს იმის გამო, რომ იგი რამდენიმე ჩემოდნის გადატანას ცდილობდა, სადაც ნაღდი ფულის სახით, მილიონობით დოლარი იყო. პოლიციამ არ დაუჯერა ვიზეს, რომ ეს ფული მას ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ჰქონდა შენახული სასტუმრო „რიტცის” შემნახველ საკანში და მხოლოდ ახლა გაახსენდა. მოგვიანებით ვიზეს ადვოკატი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მისი კლიენტისთვის უმნიშვნელო იყო, რადგან ვიზეს კვირაში ამაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა, არავინ დაიჯერა. ცნობილია, რომ ამჟამად კრისტოფელ ვიზეს ვალი სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოს წინაშე 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
დონალდ ტრამპი
საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა „იუთუბიზე” განათავსა ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდებდა ბარაკ ობამას დაბადების მოწმობისა და განათლების დამადასტურებელი საბუთების ჩვენებას, რის სანაცვლოდაც იგი მზად იყო 5 მილიონი დოლარი გადაერიცხა ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც ობამა მიუთითებდა. ტრამპის მიზანი იმის დადგენა იყო, ნამდვილად არის თუ არა ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ ექნებოდა პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება. პრესამ ტრამპის ქცევა ხუმრობად შეაფასა, საზოგადოებამ კი უბრალოდ, ყურადღების მიქცევად ჩათვალა ტრამპის ინიციატივა.
ჩარლზ და დევიდ კოხები
ქველმოქმედებით ცნობილ მილიარდერ ძმებს გასული წლის შემოდგომაზე სერიოზული ბრალდება წაუყენეს – კოხები მალულად აფინანსებენ რესპუბლიკელებს. ლიბერალურმა პოლიტიკურმა ჟურნალმა „ინ ზის თაიმსმა” გამოიძია, რომ კოხების კომპანიების თანამშრომლებს გადაეგზავნათ საიდუმლო წერილები, სადაც აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩარლზ და დევიდ კოხებმა ტყუილი უწოდეს.
ფრანსუა-ანრი პინო
ფრანგი ფეშენ-მაგნატი ფრანსუა-ანრი პინო სასამართლო გარჩევების ფიგურანტი გახდა. ხუთი წლის წინ მას რომანი ჰქონდა მოდელთან ლინდა ევანჯელისტასთან, რომლის შედეგად ქვეყანას მოევლინა ვაჟიშვილი. 2012 წელს ლინდამ განაცხადა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერს არც ერთი ევრო არ დაუხარჯავს შვილის შენახვაზე. პინოს თქმით, ლინდას მიზნად ჰქონდა მისგან დაფეხმძიმება და ჯერჯერობით საქმე კვლავ სასამართლოშია. ამასობაში, პინოს შვილი სელმა ჰაიეკთან მსგავს პრობლემებს არ შეხვედრია, რადგან, ჰოლივუდის ვარსკვლავი სელმა, პინოს ოფიციალური მეუღლეა.
დენ კეტი
რესტორნების ქსელ „ჩიკ-ფილის” მფლობელი, მილიარდერი დენ კეტი, ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. მილიარდერმა ღიად გაილაშქრა ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ, რის საპასუხოდაც გეი-წყვილებმა მის რესტორნებში აქციების მოწყობა დაიწყეს. კეტს მიაჩნია, რომ რელიგია მსგავს ქორწინებებს არასდროს არ აღიარებს და მოუწოდებს გეებსა და ლესბოსელებს, ბიბლიურ გზას დაადგნენ და მოინანიონ ცოდვები.
მანოი ბჰარგავა
ინდოელი მანოი ბჰარგავა ყოფილი ბერია, რომელმაც 1,5-მილიარდიანი ქონება ენერგეტიკული სასმლის – „5 აუარ ენერჯის” გაყიდვით იშოვა. 2012 წლის ნოემბერში ამერიკულმა ჯანდაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ შარშან 13 ადამიანი ამ ენერგეტიკული სასმლის მოხმარებისას გარდაიცვალა და დაიწყო მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბჰარგავა ყველა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, აცხადებს, რომ ენერგეტიკი უვნებელია და თავის მიმართვებს „იუთუბის” საშუალებით ავრცელებს.
სტივენ კოენი
2012 წლის დეკემბრის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის” მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ამერიკის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ მსხვილი საფონდო მაგნატი, ჰეჯ-ფონდების მფლობელი სტივენ კოენი ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ აფერებში იყო გარეული. გამოძიების ცნობით, კოენის კომპანია ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებდა და ხელოვნურად ახდენდა გავლენას საფონდო ბირჟაზე. გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს.
სილვიო ბერლუსკონი
იტალიის ექსპრემიერ-მინისტრსა და მილიარდერს, სილვიო ბერლუსკონის უმძიმესი ბრალდება წაუყენეს: სექსი არასრულწლოვანთან. გარდა ამისა, იტალიურმა სასამართლომ მას რამდენიმეწლიანი სასჯელი მიუსაჯა ფულის „გათეთრებისა“ და გადასახადების გადაუხდელობის მუხლით, თუმცა, გასაჩივრებისა და ამნისტიის შედეგად, სასჯელი პირობითად გადაკეთდა. 76 წლის პოლიტიკოსი კვლავ გეგმავს დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას; გარდა ამისა, ბერლუსკონიმ კვლავ შოკში ჩააგდო საზოგადოება – ყველას წარუდგინა თავისი ახალი მეუღლე, 26 წლის ფრანჩესკა.
ტომას და რეიმონდ კვოკები
2012 წლის მარტში ჰონკონგის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქრთამის აღება-მიცემის ფაქტზე დააკავა დეველოპერული კომპანია „სუნ ჰუნგ კაის” შეფები, მილიარდერი ძმები, რეიმონდ და ტომას კვოკები. 18,3-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ძმებს რამდენიმე მუხლით აქვთ წაყენებული ბრალი. სასამართლო ჯერ არ დასრულებულა და, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს გასტანს.