რა საერთო ჰქონდა მონღოლეთის კომუნისტურ ლიდერს ჰორლოგიინ ჩოიბალსანს სტალინთან და რამდენი მილიონი ფალსიფიცირებული ზედმეტი ხმით გაიმარჯვა არჩევნებში ზიმბაბვეს დიქტატორმა რობერტ მუგაბემ
2013 წელს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ახალი პრეზიდენტი წელს უკვე აირჩიეს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხოლო შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას ინაუგურაცია გაიმართა და ის მეორე ვადით შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ.
* მსოფლიო პრეზიდენტების პირველად პროფესიებს შორის იურისტები და ეკონომისტები ჭარბობენ, თუმცა, არიან სხვა პროფესიების წარმომადგენლებიც: პროკურორები, მსახიობები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, ექიმები, მასწავლებლები, ბიზნესმენები, სამხედროები და პოლიციელები. შვეიცარიის კონფედერაციაში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას პროფესიით მეტყევე ასრულებდა.
* ამერიკის მეჩვიდმეტე პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი უღარიბესი ოჯახიდან იყო. მას სკოლაში არ უვლია, ხოლო წერა-კითხვა 17 წლის ასაკში შეისწავლა. იგი, ასევე, პირველი პრეზიდენტი იყო, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატი იმპიჩმენტის საქმის დაწყებას განიხილავდა. ჯონსონის პირველი პროფესია მკერავობა იყო და პრეზიდენტობის პერიოდში იგი თავად იკერავდა კოსტიუმებს. სწორედ ჯონსონის პრეზიდენტობის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის იმპერიისგან ალასკა შეიძინა.
* ოფიციალური ვერსიის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი ინსულტით გარდაიცვალა, რაც სამსახურებრივმა გადაღლამ გამოიწვია; თუმცა, ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტი ორალური სექსის დროს თავის საყვარელს – მარჯერიტ სტენელს ჩააკვდა ხელში. ამ ისტორიის შესახებ რამდენიმე კინოფილმია გადაღებული და სპექტაკლია დადგმული.
* ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მსოფლიო ისტორიაში უხუცეს პრეზიდენტად ითვლება – ინაუგურაციის დღეს იგი 70 წლის იყო; დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად კი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი – ლუი ბონაპარტი, იგივე ნაპოლეონ მესამე მიიჩნევა, რომელიც 40 წლის ასაკში შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
* აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებს შორის რამდენიმეს წინააღმდეგ უმძიმესი ბრალდებებით მიმდინარეობდა სასამართლო სხდომები. ზიმბაბვეს პირველ პრეზიდენტს, კანაანუ ბანანუს, სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სექსუალური ძალადობისა და მამათმავლობის გამო, ხოლო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ჯეიკობ ზუმას, იგივე ბრალდებები არ დაუმტკიცდა.
* ზიმბაბვეს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა – დიქტატორმა რობერტ მუგაბემ პირველი არჩევნების დროს ზიმბაბვეს პოტენციური ამომრჩევლების რაოდენობაზე სამი მილიონით მეტი ხმა მიიღო. მუგაბეს მომხრეებმა ფალსიფიცირებული ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთებში, ისე, რომ არ დაუთვლიათ მოსახლეობის საერთო რაოდენობა.
* ფრანკლინ რუზველტის მიერ არჩევნებში მეოთხე გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ამერიკის კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორება, რომლის თანახმად ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება; ასეთივე კანონია სერბეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ხოლო იტალიაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.
* უჩვეულო ფაქტი შეემთხვა ისლანდიის მეორე პრეზიდენტს – აუსგეირ აუსგეირსონს: მან პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი სრული ვადა იმსახურა, მათ შორის სამჯერ ავტომატურად აირჩა პრეზიდენტად, რადგან, არ ჰყავდა კონკურენტები არჩევნებზე.
* რამდენიმე არჩეულმა პრეზიდენტმა ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ წესიერად ვერ დატკბნენ თავიანთი პრეზიდენტობის პერიოდით: ბრაზილიელი ტანკრედუ ნევისი თავის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა, ხოლო ამერიკელი უილიამ ჰარისონი, ინაუგურაციის დღეს გაცივდა და ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე ფილტვების ანთებისგან გარდაიცვალა.
* ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტი დილმა რუსეფი ნამდვილი რევოლუციონერია: 1960-იან წლებში ის მიწისქვეშა შეიარაღებული ორგანიზაციის წევრი იყო, 1970-იან წლებში კი ამბოხების გამო ციხეში იჯდა და გადასახლებაში ცხოვრობდა.
* ყველაზე ბევრი ქალი პრეზიდენტი ლათინურ ამერიკასა და შვეიცარიაშია რეგისტრირებული. მათ შორის პირველი გახლდათ არგენტინის პრეზიდენტი იზაბელ მარტინეს დე პერონი. არგენტინასა და ბრაზილიაში პრეზიდენტებად ამჟამადაც ქალები მსახურობენ.
* სიმონ ბოლივარი, პრეზიდენტობის ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში, ერთბაშად სამი ქვეყნის პირველი პირი იყო: ბოლივიის, პერუსა და კოლუმბიის.
* მონღოლეთის კომუნისტური ისტორიის მთავარი გმირი ჰორლოგიინ ჩოიბალსანია, რომელიც ყველა ხერხით ცდილობდა სტალინის მიბაძვას. 1936 წელს მან რეპრესიები წამოიწყო, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩოიბალსანი 1952 წელს, სტალინის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა და მისი ნეშთი თავდაპირველად მავზოლეუმში დაასვენეს, ხოლო შემდგომ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისმა შემცვლელმა ჩოიბალსანის კულტის ნგრევა დაიწყო, ზუსტად იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირში სტალინის კულტის წინააღმდეგ.
* ფილიპინელები მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალურ ადამიანებად ითვლებიან. არაპუნქტუალურობასთან ბრძოლა 1998 წელს პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა დააპირა და პუნქტუალურობის ნაციონალური კვირეული დააწესა, რომლის საზეიმო გახსნაზეც თავად ერთი საათით დააგვიანა.
* თურქეთში მიღებულია კანონი, რომლის თანახმად, პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის კრიტიკა ან აუგად მოხსენიება ისჯება, ოფიციალურად თურქეთში აკრძალულია გვარის – ათათურქის ტარება.
* ერთხელ ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა აღებინა იაპონიის პრემიერ-მინისტრის ტანსაცმელზე. მას შემდგომ იაპონურ ენაში დამკვიდრდა ტერმინი „ბუშუშურუ,” რაც იმას ნიშნავს, რაც ბუშმა პრემიერ-მინისტრს გაუკეთა.
* ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც არჩევნებზე ერთმა კანდიდატმა ხმათა 100 პროცენტი მიიღო. ეს მოხდა 1789 წელს და პრეზიდენტად მაშინ ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს.
* ამერიკის 29-ე პრეზიდენტს, უორენ ჰარდინგს, ჰყავდა საყვარელი, სახელად ნან ბრიტონი, რომელთანაც თეთრი სახლის საპირფარეშოში სექსით იყო დაკავებული. დაცვას კი პრეზიდენტის მეუღლის დაშოშმინება მოუწია, როდესაც ის საპირფარეშოს კარის შემტვრევას ცდილობდა.
* ყველაზე დაბალი „აიქიუს” მქონე პრეზიდენტად ამერიკის შერთებული შტატების ისტორიაში ჯორჯ ბუში-უმცროსი სახელდება. მისი ინტელექტის დონე 91 ქულას შეადგენს, მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკურად, რიგითი ამერიკელის „აიქიუ” 100-ს აღემატება. ამასთან, ჯორჯ ბუშ-უმცროსი ერთადერთი ადამიანია პლანეტაზე, რომელმაც სეგვეიდან (ორთვლიანი ელექტრომობილი) ჩამოვარდნა მოახერხა.