კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია სერგეი მარკოვს „ნატოსადმი“ სიყვარული ქართველების უსაქმურობისადმი სიყვარულის მაჩვენებლად

 

სერგეი მარკოვი, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ის 2007-2011 წლებში რუსეთის „დუმის“ დეპუტატი გახლდათ. 2009-2012 წლებში კი რუსეთის საზიანოდ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კომისიის წევრი იყო. 2012 წლის თებერვალში ოფიციალურად დაინიშნა როგორც რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატ ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი.

მას მიეკუთვნება ორი მლიქვნელური გამონათქვამი რფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მისამართით: „ვლადიმირ პუტინის პიროვნება უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები“; „ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, რუსეთს აქვს უფლება, ჰკითხოს დასავლელ კოლეგებს: ნუთუ ახლაც ვერ ხვდებით, რომ პუტინი ყველაფერს სწორად აკეთებს?!“

თავის ხედვას რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ სწორედ სერგეი მარკოვი გაგვიზიარებს.

 

– ჩემი წარმოდგენით, დღეს რუსულ-ქართული ურთიერთობები თანდათანობითი გაუმჯობესების მდგომარეობაშია. პარადოქსი ის არის, რომ გაუმჯობესება საკმაოდ ნელა მიდის, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

– რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯებს, სანამ საქართველოში არ დასრულდება ორხელისუფლებიანობა. რით გრძნობთ ორხელისუფლებიანობას?

– სააკაშვილი ბლოკავს ურთიერთობის ნორმალიზებას, ამიტომ, ივანიშვილის ამოცანაა, ჯერ ერთი, სააკაშვილის ბლოკირება და, მეორე, პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის გაყვანა. ივანიშვილისთვის რთული იქნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იმის გამოც, რომ დასავლეთი ეჭვით უყურებს ამ გაუმჯობესებას.

– მაგრამ, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ჩაწერილია რეკომენდაცია, რომ საქართველომ რუსეთთან უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები. ამის მიუხედავადაც, მაინც ეჭვით უყურებს? 

– დასავლეთმა ხელი შეუწყო სააკაშვილის წასვლას ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. მართალია, დასავლეთს უნდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზდეს, მაგრამ, არ უნდა, რომ ეს ურთიერთობა იყოს კარგი. დასავლეთს არ უნდა, რომ საქართველოს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რადგან, არ უნდა რუსულ-ქართულ კონფლიქტში ჩარევა.

– „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნების“ პოლიტიკური კურსი, თუ მთლად პრორუსული არა, ლოიალურია რუსეთის მიმართ. გრძნობთ მოსკოვში კოალიციის ლოიალობას რუსეთისადმი?

– ჯერჯერობით – არა. საქმე ისაა, რომ არის რამდენიმე საკითხი: პირველი –  სააკაშვილი ჩვენთვის არის რუსეთის მტერი და, კარგია, რომ ის გზას სხვა მოთამაშეებს უთმობს; მეორე –  ახალმა ხელისუფლებამ დანიშნა თავისი სპეცწარმომადგენელი და აცხადებს, რომ უნდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, – ესეც კარგია; ამას გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები თავიანთ პოლიტიკოსებს სთხოვდნენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. აი, ეს ამომრჩევლები უბიძგებენ პოლიტიკოსებს, განაგრძონ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. 

– თუმცა, იგივე ამომრჩევლები მხარს უჭერენ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას.

– ჩვენი აზრით, ეს არის გონების დროებითი დაბინდვა.

– გონებადაბინდულობაა „ნატოს“ წევრობის სურვილი?

– ქართველი ამომრჩეველი ემოციურია და, როგორც წესი, გულით იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ ამას.

– იმას ამბობთ, რომ იმპულსურები ვართ?

– ძალიან იმპულსურები ხართ. ქართველი ამომრჩეველი გულით ირჩევს –  ჩვენ ეს ვიცით, გვესმის და გაგებით ვეკიდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნატოსადმი“ სიყვარული არის სიყვარული უსაქმურობისადმი, სიყვარული არმუშაობისადმი, რომ ვიღაც სხვა მოვა და გაგვიკეთებს ცივილიზებულ ქვეყანას. ჯერ ერთი, არავინ არ მიიღებს საქართველოს „ნატოში“ და ეს ვნებათაღელვა წავა. ჩვენ ვხედავთ, რომ შეუქცევადად მცირდება საქართველოში „ნატოს“ წევრობის მსურველთა რაოდენობა.

– რამე კვლევებს ეყრდნობა თქვენი ეს მოსაზრება?

– ჩვენ არ ჩაგვიტარებია კვლევები, მაგრამ, ვეყრდნობით ქართულ წყაროებს.

– მე ასეთი ქართული წყაროების შესახებ არაფერი მსმენია. კიდევ, გარდა ამომრჩევლისა, რა უბიძგებს „ოცნებას“ რუსეთისკენ?

– ეკონომიკა და, კიდევ ერთი დადებითი მომენტია ის, რომ რუსულ ტელეარხებს აჩვენებენ საქართველოში. ფაქტობრივად, რუსული ტელეარხების გაშვება ერთადერთი ნაბიჯია რუსეთისადმი გადადგმული. კიდევ, გამოვყოფდი რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის შეწყვეტას. იცით, რომ ტელეარხი „პიკი“ დახურულია. ამას გარდა, ქართულმა ხელისუფლებამ შეწყვიტა დიპლომატიური ომი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

– მაგრამ, „ქართული ოცნების“ წევრებს ისეთივე შენიშვნები ჰქონდათ ევროსაბჭოს რეზოლუციაში რუსეთის მიმართ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინიც მიიჩნევენ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა მოხდეს დეოკუპაცია. შესაძლოა, რიტორიკა შეიცვალა, მაგრამ, დავის არსი არ შეცვლილა.

– აბსოლუტურად სწორია და ეს ამუხრუჭებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, ისევე, როგორც ქართულ-აფხაზურსა და ქართულ-ოსურს. საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი მხოლოდ მაშინ ექნებათ, როდესაც გააცნობიერებენ, რომ აფხაზებისა და ოსების დამოუკიდებლობა არ არის რუსული სურვილი, ეს აფხაზებისა და ოსების სურვილია. სანამ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საზოგადოება აფხაზებსა და ოსებს თანაბარუფლებიან პარტნიორებად არ აღიქვამს, არაფერი გამოვა. მოლაპარაკებები უნდა აწარმოოთ არა რუსეთთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, ისინი კი, არ მიიჩნევენ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია.

– თქვენი ხედვით, ისინი დამოუკიდებლები არიან, ჩემი თვალსაზრისით –  ოკუპირებული.

– ეს თქვენი მოსაზრება იმას ჰგავს, რომ გეთქვათ, ზამთარში თბება, ზაფხულში კი ცივაო.

– არის ქვეყნები, სადაც ზამთარი ზაფხულივით თბილია.

– მაგრამ, ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე ზაფხული. ჩვენი თვალსაზრისით, ოკუპაცია მითია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოსთან არ გავმართავთ მოლაპარაკებებს აფხაზებისა და ოსების მომავალზე.

– თქვენ ამბობთ, რომ საქართველომ პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ის იყო პრობლემა, რომ ქართველები ვერ ახერხებდნენ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მათთან დალაპარაკებას.

– არასდროს შეგვიშლია ხელი პირდაპირი დიალოგისთვის. მათ, უბრალოდ, ეშინიათ თქვენი. თქვენ ხომ დღემდე ამტკიცებთ, რომ ის ტერიტორიები ოკუპირებულია?!

– მაინც ეშინიათ, იმის მიუხედავად, რომ იქ რუსული ბაზებია?

– მათ ეშინიათ თქვენთან მოლაპარაკების გამართვა –  ეს ხომ ცხადია.

– ანუ, რუსეთი არ შეუშლის ხელს ქართველების აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს?

– მთავარი ისაა, რომ ჩვენ არაფერს გადავწყვეტთ მათი ნების გარეშე, ეს უნდა გადაწყვიტონ თვითონ აფხაზებმა და ოსებმა.

– პუტინმა თქვა, რუსეთს არ შეუძლია, უკან წაიღოს თავისი აღიარება, საქართველოს კი არ შეუძლია, აღიაროს მათი დამოუკიდებლობაო. იქვე გაიხსენა „ტიფლისის გუბერნია“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფასი „ტიფლისის გუბერნიაა?“

– ეს არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს: მას ხელს უშლის გონორი, სნობიზმი, სხვა ხალხების, როგორც მეორეხარისხოვნების, აღქმა. გგონიათ, რომ რუსეთი ვაჭრობს მათი ბედით?! დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ, თუ საქართველო შევა რუსეთის შემადგენლობაში ან ერთიან ეკონომიკურ კავშირში რუსეთთან ერთად, ანუ, გახდება „ტიფლისის გუბერნია“, მაშინ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შეიყვანენ საქართველოს შემადგენლობაში. არავითარ შემთხვევაში! მაშინაც კი, თუ საქართველო გახდება რუსეთის ფედერაციის წევრი, მოსკოვი არასდროს აიძულებს აფხაზებსა და ოსებს, გახდნენ საქართველოს ნაწილი. მათ თავად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. რუსეთი, უბრალოდ, ხელს შეუწყობს ამ პროცესს. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ დიდხანს ცხოვრობდით ერთად, შემდეგ –  ცალ-ცალკე და, შეიძლება, ისევ ერთად იყოთ, მაგრამ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვახდენთ ზემოქმედებას აფხაზებსა და ოსებზე. აფხაზები და ოსები არ არიან პომიდვრები ან ბადრიჯნები, რომ ვივაჭროთ, როგორც ბაზარში. ისინი არიან ხალხები და მათი უფლებაა, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ჩვენ, ასევე, დავიცავთ საქართველოს, თუ ირანი ან თურქეთი გადაწყვეტს საქართველოს ოკუპაციას. დავეხმარებით ქართველ ხალხს, თუ მოინდომებენ.

– დიპლომატიურ ენაზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა მიანიშნა, ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელიაო? თქვენ როგორ გაიგეთ მისი ნათქვამი, მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო და სხვა არაფერი?

– რაღაც გამოსავალს, ალბათ, მოვძებნით; შეიძლება, 2050 წლისთვის გვქონდეს რაღაც გადაწყვეტილება. პუტინს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. დიახ, თქვენ ვერ აღიარებთ, ჩვენ უკან ვერ წავიღებთ ამ აღიარებას და ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. 

– და, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან?

– ჩემი აზრით, უნდა შევქმნათ ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც ჩართავდა საქართველოს, რუსეთს, აფხაზეთს, „იუჟნაია ოსეტიას“, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთსაც, თუ მოისურვებენ, ერთიან ეკონომიკურ სივრცეში. სადაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბიზნესებისა თუ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება; უნდა მოიხსნას საზღვრები, უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური  ინტეგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია, საინფორმაციო ინტეგრაცია. ამ ერთიან, საერთო ეკონომიკურ სივრცეში ყველანი ერთად ვიცხოვრებდით და, თუ საქართველო მოახერხებს და განავითარებს ურთიერთობებს აფხაზებსა და ოსებთან, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, შესაძლებელია, კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა: საქართველო, აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. შესაძლოა, შემდეგ  კონფედერაცია გადაიზარდოს ფედერაციაში. ადრე ვლაპარაკობდი აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ რეინტეგრაციის მოდელზე. დღეს ის მოდელი აღარ მუშაობს, მაგრამ, მაინც აგიწერთ აფხაზეთთან მიმართებაში: აფხაზეთი აღიარებს, რომ არის საქართველოს ნაწილი. ამასთან, აფხაზეთში იქნება სამმაგი მოქალაქეობა: აფხაზეთის, რომლის მიცემა შეუძლია მხოლოდ აფხაზეთის მთავრობას; მსურველებისთვის კი –  რუსული და ქართული მოქალაქეობა; ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მოქალაქეობა. შესაძლოა, მიმოქცევაში იყოს როგორც რუბლი, ისე ლარი. საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ რუსეთი არის აფხაზეთის ავტონომიის გარანტი. იმავდროულად, აფხაზეთის ავტონომიის გარანტი იქნება რუსული სამხედრო ბაზა. აფხაზეთის პარლამენტს ექნება ვეტოს უფლება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. აი, ასეთი მოდელია.

– ამ მოდელში გათვალისწინებულია ქართველი დევნილების დაბრუნება?

– თუ ამას მოინდომებს აფხაზეთის პარლამენტი.

– და, თქვენ ფიქრობთ, რომ ცივილიზებულია, აფხაზეთის პარლამენტი შეეწინააღმდეგოს  დევნილების დაბრუნებას?

– თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზები არიან არაცივილიზებული ველურები…

– არაცივილიზებულია აფხაზიც, ქართველიც, ფრანგიც და მარსელიც, ვინც ფიქრობს, რომ დევნილებს არ აქვთ უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

– წინასწარ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. თუ აფხაზეთის პარლამენტი გადაწყვეტს, დევნილები დაბრუნდებიან, თუ არ გადაწყვეტს –  არ დაბრუნდებიან. თუ ქართველები ოცნებობენ, რომ ოდესმე მათი დევნილები შეძლებენ უკან დაბრუნებას აფხაზებისა და ოსების ნების გარეშე, ეს ფანტასტიკის სფეროა.

– როგორც ჩანს, რუსეთი  ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო. კონკრეტულად, რას ელოდება?

– უპირველესად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. მადლიერი ვიქნებოდით, თუ რუსულ ენას უფრო დიდი სტატუსი ექნებოდა. ჩვენ რა გვინდა? უბრალოდ, ურთიერთობის აღდგენა.

– არის რაღაც პირობები, რომლებიც უნდა შეასრულოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთი წამოვიდეს თანამშრომლობაზე?

– თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა თქვან, რომ ოკუპირებულია აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. ეს არ შეუწყობს ხელს ურთიერთობის ნორმალიზაციას.

– ეს რომ თქვას კიდეც ხელისუფლებამ, დიდ აგრესიას გამოიწვევს მოსახლეობაში. ჩვენ, ყველანი, ვთანხმდებით, რომ ეს ოკუპაციაა.

– თუ იტყვიან, რომ ოკუპაციაა,  მაგრამ, მზად იქნებიან ურთიერთობის  ნორმალიზაციისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მოცემულობას. ისეთივე მდგომარეობად მივიღებთ, რაც გვაქვს იაპონიასთან: იაპონია ამბობს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ოთხი იაპონური კუნძული, მაგრამ, მერე რა?!

 

 

скачать dle 11.3