კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირს თუ არა ერგნეთის ბაზრობის გახსნის პოლიტიკური ფასი კრიმინოგენური ვითარების გაუარესებად, ქართველი მოსახლეობის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვად და საქართველოს სასაზღვრო უწყების გასაკორუმპირებლად

ჯერჯერობით კონკრეტული სქემა უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ერგნეთის ბაზრობის აღდგენა იგეგმება. მართალია, არა ძველ ადგილას, სადაც გაუქმებამდე არსებობდა, მაგრამ, რაც მთავარია, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ან, სულაც, ოკუპირებულ ახალგორში. რა პოლიტიკურ-ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია ოსურ-ქართულ ურთიერთობაში ვაჭრობის ელემენტის შეტანას – თემას სანდრო თვალჭრელიძესთან  ერთად განვიხილავთ.

– რა დადებით და უარყოფით შედეგს მოგვიტანს ერგნეთის ბაზრობის აღდგენა?

– როგორც ყველა საკითხს, ამასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარე არის ერთადერთი, რომ რაღაცნაირად მაინც დაიწყება ურთიერთობა დაკარგული ტერიტორიის მოსახლეობასთან. ეს არის ამ საკითხის ერთადერთი დადებითი მხარე, თან, სუფთა პოლიტიკური.

– საკმარისია მხოლოდ ერთი მხარის, ანუ ჩვენი სურვილი ამ პროექტის განსახორციელებლად? ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს დღემდე იჭერენ იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს „საზღვარი“?

– მე ერგნეთის ბაზრობის გახსნის პოლიტიკურ მხარეზე მოგახსენეთ, თორემ, თუკი ეს ბაზრობა გაიხსნება, უნდა არსებობდეს წინაპირობები. კერძოდ, თავისუფალი მიმოსვლა, რომ ადამიანები არ დაიჭირონ. პოლიტიკურად შესაძლებელია იმის მოგვარება, რომ მიმოსვლა არ შეფერხდეს. სხვა საკითხია, არის თუ არა ამისთვის ოსური მხარე მზად, თუმცა ამის გარეშე არანაირი ერგნეთის ბაზრობის გახსნა არ შეიძლება.

– სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ აქვს დადებითი მხარე ბაზრობის გახსნას?

– სანამ საკითხის ეკონომიკურ მხარეს განვიხილავთ, სხვა რამ უნდა გავიხსენოთ: ჯერ კიდევ თედეევებისა და სანაკოევების კლანიდან მოყოლებული, „სამხრეთ ოსეთი“ ჩართულია იარაღისა და ნარკოტიკების ტრაფიკში. ის არის ერთ-ერთი გადამზიდავი ბაზა. ეს გახლავთ ჩემი მონაცემები, ამის შესახებ არსებობს საერთაშორისო კვლევები, მათ შორის უსაფრთხოების კომისიის, „ნატოს“ და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული. ეს ტრაფიკი მიდის აღმოსავლეთიდან, ირანიდან, მთიანი ყარაბაღის გავლით, შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან გადადის აფხაზეთში და საბოლოო პუნქტია ისრაელი. 

– ცხინვალიდან აფხაზეთში რა ტერიტორიით ხვდება?

– რუსეთის გავლით, თუმცა რუსეთი ცდილობს, თვითონ არ ჩაერიოს ამ სქემაში. ასე რომ, ძალიან დიდი ხიფათი არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობაც ჩაერთვება ამ ტრაფიკში.

– დიდი შემოსავლის იმედით?

– დიახ, თან სხვა შემოსავალი ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“ არ არის. იმდენად ღარიბია ჩვენი დევნილი მოსახლეობა, რომ მათი კრიმინალიზაციის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. მეორე, ძალიან დიდი ხიფათია, ისევ არ გახშირდეს მანქანების მოპარვა, რომლებიც იქ გაიყიდება. ერთი სიტყვით, კრიმინოგენური ვითარება შეიძლება, მკვეთრად გაუარესდეს.

– ამის კონტროლი არ შეიძლება?

– ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და, ამდენად, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ დაიწყება სასაზღვრო ნაწილების კორუმპირება. რუსები კორუმპირებულები არიან, ოსებიც, ჩვენები არ არიან და ძალიან დიდი ხიფათია, რომ მათი კორუმპირებაც მოხდეს. ასე რომ, ერგნეთის ბაზრობის მოსპობამ ძალიან დიდი თავსატეხი მოგვიხსნა და ახლა ის შეიძლება, უკან დაგვიბრუნდეს.

– ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ერგნეთის ბაზრობა ისევ რომ ყოფილიყო, ანუ შევძლებდით თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილებას, მაგრამ ამ ბაზრობის პოლიტიკური ფასი ღირს ეკონომიკურ რისკებად?

– ამ ბაზრობის დახურვას ჰქონდა თავისი პოლიტიკური ფასი და სწორედ ამან გამოიწვია ვითარების დაძაბვა, რადგან ოსებს გადავუჭერით შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი. ამიტომ ეს ყველაფერი იუველირულად ასაწონ-გასაზომია. ჩემი აზრით, მომგებიანი არ არის არც ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან, ვფიქრობ, რომ ბაზრობის 90 პროცენტი მაინც ჩრდილოვანი იქნება. შეიძლება, ვაჭარბებ, მაგრამ არ ვიცი, ასეთი კორუმპირებულობით, სასაზღვრო ზოლის ჩვენი მოსახლეობის გახრწნით, კრიმინოგენური ვითარების გაზრდის ფასად მივიღებთ კი ჩვენ სამაგიეროდ დევნილების დაბრუნებას?! ჩემი აზრით, ვერ მივიღებთ, სანამ რუსეთი ძლიერია, ის ძალის პოზიციით ილაპარაკებს. ჩვენი ბერკეტი –  ერგნეთის ბაზრობის გახსნა არის ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი. სანამ არ მივიღებთ იმას, რაც გვინდა, ამაზე თანხმობა არ შეიძლება.

– რა შეიძლება, მივიღოთ, ანუ მოვითხოვოთ სანაცვლოდ?

–  ეს შეიძლება, იყოს მოსახლეობის დაბრუნება თავიანთ სახლებში, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქართული ბიზნესის შესვლა ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ მოლაპარაკებები ახლავე უნდა დაიწყოს, რადგან ჩვენ გვაქვს კოზირი და ეს არის სოჭის ოლიმპიადა.

– დრო ძალიან ბევრი არ რჩება, სოჭის ოლიმპიადა 2014-შია.

– პაატა ზაქარეიშვილს კარგად ვიცნობ, საკმაოდ გამჭრიახი ადამიანია და, ჩემი აზრით, კარგად ესმის, რაზეც ვილაპარაკეთ. ის, ალბათ, დაიწყებს ასეთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ვიმეორებ, არ ვიცი, აქვს თუ არა აწყობილი ეს სტრუქტურა. ჩემი აზრით, მან მოლაპარაკებებისას თავის შტატში საშა რუსეცკი უნდა აიყვანოს, რომელსაც ძალიან დიდი კონტაქტები აქვს ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“.

– თუ მოსალოდნელ საფრთხეებს გვერდით გადავდებთ, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ ბაზრობას?

– ზუსტად ისეთივე ეკონომიკური ეფექტი ექნება, რაც ლილოს ბაზრობას აქვს.

– ლილოს ბაზრობას რა ეფექტი აქვს?

– რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული. საქმე ის არის, რომ ბაზრობა არ არის არანაირი მრეწველობა, უბრალოდ საქონელს ერთ ადგილას ყიდულობ და მეორე ადგილას ყიდი. ამდენად, ეს რეალურ ეკონომიკურ სექტორზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. ამიტომ რეალური ეკონომიკური სექტორები უნდა შეიქმნას.  ერგნეთის ბაზრობაზე ლაპარაკით შეიძლება პოლიტიკური მიზნების მიღწევა და სამას ადამიანს მაინც დავასაქმებთ.

– შესაძლოა, ამას ჰქონდეს პოლიტიკური ფასი ჩვენთვის, მაგრამ მეორე, ანუ ოსური მხარისთვის რა შეიძლება, იყოს მომხიბვლელი ერგნეთის ბაზრობაში?

– მეორე მხარისთვის გაადვილდება ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართვა. ჩვენ ერგნეთის ბაზრობით კიდევ უფრო გავხრწნით სამხრეთოსურ მოსახლეობას. არადა, შეგვიძლია, მათ შევთავაზოთ რეალური ეკონომიკური სექტორის განვითარება. კერძოდ, ერთია ჯავის მინერალური წყლის აღორძინება და მეორე, კვაისის მაღაროს აღდგენა. ოღონდ კვაისის მაღაროში ტყვია-თუთიის ამოღება კი არ უნდა აღდგეს, არამედ იშვიათი ლითონების ამოღება დაიწყოს. იქ შესაძლებელია ძალიან თანამედროვე საწარმოს შექმნა. იქ საამისოდ ყველაფერია.

– რას გულისხმობთ ყველაფერში?

– არის ნედლეული იმისთვის, რომ ვაწარმოოთ ძალიან მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, კერძოდ, ინდიუმის არსენიდზე დაფუძნებული ჩიპები „ინტელისთვის“. კვაისაში ძალიან მაღალია ინდიუმის შემცველობა. არადა ჩვენ ამ ყველაფერს ვკარგავდით, რადგან კონცენტრატს ვადნობდით, რითაც იკარგებოდა ინდიუმი და თავის დროზე კვაისის მაღარო გეგმიურად წამგებიანი საწარმო იყო, რაც სრული პარადოქსია. შეგვიძლია, ის ძალიან მომგებიან საწარმოდ ვაქციოთ, თუკი საწარმოო ინვესტიციები შევა და ვაწარმოოთ არა ტყვია და თუთია. ტყვია და თუთია იქნება მომყოლი, რასაც, რა თქმა უნდა, გავყიდით, მაგრამ ძირითადი იქნება იშვიათი ელემენტების –  ინდიუმის, გალიუმის მოპოვება.

– დეფიციტია ინდიუმი და გალიუმი?

– უბრალოდ, ძალიან ძვირი ღირს. ჩვენ შეგვიძლია ან კრისტალები გავყიდოთ, ან, რადგან იქვე, რაჭაშია დარიშხანის საბადოები, ვაწარმოოთ გალიუმის არსენიდი. ეს არის უაღრესად ძვირად ღირებული, მაღალტექნოლოგიური ნედლეული. შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ: იქ მოვაწყოთ „ინტელის“ ლაბორატორია და ინტეგრალური სქემები ავაწყოთ. თუკი ეს არის ინდონეზიაში, ფილიპინებზე და მაიორები მუშაობენ, რატომ არ შეიძლება, ეს იყოს ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“, სადაც ბევრ ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება?! ინდონეზიასა და ფილიპინებზე ასეთ ქარხნებში წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი მუშაობს. პირადად მე, იაპონიაში მინახავს, როგორ მუშაობენ ასეთ ქარხნებში ჩრდილოკორეელი ლტოლვილები, რომლებმაც წერა და კითხვა არ იციან.

– ანუ ასეთი ტიპის საწარმო არ მოითხოვს ინტელექტუალურ ადამიანურ რესურსს?

– ყველაფერი კომპიუტერიზებულია:  სამი მაღალი კლასის ინჟინერია, რომლებიც მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებენ. თავდაპირველად რამდენიმე ათეული მილიონი დასჭირდება ამ საწარმოს ამოქმედებას და ამ თანხას ქართული ბიზნესიც გასწვდება. საერთოდ, მთელ მსოფლიოში გალიუმი წელიწადში 100 ტონაზე ნაკლები იყიდება, ანუ ეს იქნება პატარა საწარმო, მაგრამ გალიუმის მილიგრამები ათასობით დოლარი ღირს. ამ საწარმოს ყოველწლიურად, დაახლოებით, 150-200 მილიონი მოგება ექნება, რაც „სამხრეთ ოსეთისთვის“ უდიდესი თანხაა.

– დასაქმებაზე რა ზეგავლენას მოახდენს?

– იქ მცირერიცხოვანი მოსახლეობაა და თუ საწარმოში 1 000-1 500 კაცი დასაქმდება, ეს მათთვის შვება იქნება. იქ დიდი ოჯახებია და ასეთი საწარმოს შექმნა ნიშნავს უმუშევრობის 80 პროცენტით შემცირებას. თითქმის ყველა ოჯახის წევრი დასაქმდება.

– კვაისის მაღაროს ამუშავება უფრო რეალურია, ვიდრე ჯავის მინერალური წყლების, ალბათ, რადგან მინერალური წყლების ბაზარი მთელ მსოფლიოში უკვე გადანაწილებული და გაჯერებულია?

– ჯავის მინერალური წყლების ათვისებაც შეიძლება, იქ უნდა დაიდგას ქარხანა და შემდეგ უნდა ვუთხრათ რუსეთს: თუ თქვენ „სამხრეთ ოსეთს“ უწყობთ ხელს, არ გვინდა თქვენი ფული, თქვენი ინვესტიციები, უბრალოდ წაიღეთ და გაყიდეთ ჯავის წყალი. რთულ ვითარებაში ჩაცვივდებიან. არ ექნებათ შესაძლებლობა, არ შეიძინონ წყალი და მოუწევთ ციმბირში წაღება და მისი გაყიდვა. ამიტომ ეს ცალ კარში ფეხბურთის თამაშია. ეს პროექტი განწირულია მომგებიანობისა და რუსეთისთვის სირთულეების შექმნისთვის.

– გარდა ჯავის წყლებისა და კვაისის საბადოსი, არის იქ სხვა რამ ხელშესახები?

– ფაქტობრივად, სხვა არაფერი არ არის, გარდა ქვიშა-ხრეშისა. თუმცა ამის ათვისებაც შეიძლება: იქ ახლა მიდის მშენებლობები და რუსეთიდან შემოაქვთ ბლოკები, არადა, ადგილზე შეიძლება მათი აწყობა.

– ერგნეთის ბაზრობის მოწყობას რა თანხა დასჭირდება?

– ასეულობით ათასი ლარი ეყოფა.

– თუ არის ამ ტიპის ეკონომიკური პროექტების გამოცდილება?

– არსებობს, ოღონდ ძალიან მაღალ დონეზე. მაგალითად, ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიის რესპუბლიკას შორის არის შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ეს თვისებრივად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, მაგრამ ჩვენთანაც შეიძლება დაწყება. პირადად მე დავიწყებდი ამ პრობლემის კომპლექსურად გადაჭრას და ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტს შევთავაზებდი სამხრეთელ ოსებს, რაზეც ვისაუბრეთ.

– ძალიან მომხიბვლელია ჯავის მინერალური წყლებისა და კვაისის საბადოს ამუშავება, მაგრამ რა არგუმენტით შეუძლიათ, უარი გვითხრან ოსებმა ან რუსებმა, ან ორივემ ერთად? 

– ბევრი რამ შეიძლება, ითქვას, მაგრამ, როდესაც კარტი მაგიდაზე დაიდება, ვითარება შეიცვლება. ან, მოდი, ასეთი ვარიანტი განვიხილოთ: ჩვენ ხომ ვთქვით, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებები მეორე პლანზე და წინ წამოვწიოთ ეკონომიკური საკითხები. ამაზე რუსეთიც თანახმაა. როდესაც ოსებს ვთავაზობთ ეკონომიკურ პროგრამებს და ამ პროექტების დაფინანსებას, ეს ისევ ნიშნავს, რომ თამაში ერთ კარშია. თუ არ დასთანხმდება რუსეთი, ეს გვაძლევს ძალიან მაგარ ფიარ-შესაძლებლობებს, რომ ყველაფერი მოჩვენებითია და რუსეთს „სამხრეთ ოსეთში“ არანაირი ეკონომიკური აღორძინება არ სჭირდება. ჩაერთვებიან ამ პროექტში რუსეთი და ოსები? ეს ნიშნავს, რომ საქართველო თანდათანობით გაავრცელებს თავის ძალაუფლებას ამ ტერიტორიაზე. როდესაც ასობით მილიონ დოლარზე იქნება ლაპარაკი, ყველაფერზე დახუჭავენ თვალს ოსები. თუმცა ეს არ არის მარტივი. საჭიროა ძალიან კარგი პროექტის შემუშავება. მე შემიძლია, დავეხმარო მთავრობას ამ პროექტის შემუშავებაში და, რაც მთავარია, ამას სჭირდება პროფესიული და დახვეწილი საერთაშორისო ფიარი. მათ შორის, შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, მაგალითად, „ზი ეკონომისტში“ და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს, ყველაფერი, როგორც არის, ისევ გაიყინება. არ მგონია, რომ ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო ნაბიჯია ჩვენი მიზნების მისაღწევად. გაცილებით უფრო სარფიანია ღრმად შეჭრა „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკაში.

– თქვენ მიერ დასახელებული პროექტების განხორციელების გარეშე აქვს ეკონომიკური პერსპექტივა ცხინვალის რეგიონს?

– არანაირი. ცხინვალის რეგიონს საკმაოდ კარგად ვიცნობ, მწირი რეგიონია, ნაკლებ მიწიანი, სახნავ-სათესი ცოტაა. ზნაური უფრო საინტერესოა ამ თვალსაზრისით, მაგრამ თუკი ჩვენ არ ავამოქმედეთ კვაისის საბადო, რეგიონი განწირულია აბსოლუტური სიღატაკისთვის. 

скачать dle 11.3