3D-ს მოლოდინში
ჩეთი – ლაპარაკის ნაცვლად
რაკი რიგით მეორეა, დანარჩენები კი კვლავაც სანგრებში არიან ჩამალული (უკეთესი დროის, ან, იქნებ უკეთესი პატრონ-პარტნიორის მოლოდინში), სავსებით ბუნებრივია, რომ აწ უკვე ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ ზომაზე მეტადაც კი აქტიურობს. მართალია, მთლად ნაცარქექიასავითაც ვერა (ქვიდან რომ წვენი გაადინოს), თუმცა, ცდას არ აკლებს.
ასე, მაგალითად, სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ „საქართველოს ისტორიაში პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე“. ეს ახალი ეტაპი კი, როგორც პარტიის გენმდივანმა მოგვახსენა, გულისხმობს კომუნიკაციის ისეთ თანამედროვე საშუალებას, როგორიც არის ინტერნეტი (შესაბამისად, კითხვას, რატომ იყო პოსტრევოლუციური ოპოზიციური პარტია გონებაჩლუნგი, ამ ახლებურ რეალობაში აქვს პასუხი: იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ინტერნეტი!).
სიტყვა, ცხადია, სიტყვად არ დარჩენილა (ვინაიდან, „ჩეთი – ლაპარაკის ნაცვლად“) და ამის დასტურად ბ-ნი მერაბიშვილისგანვე შევიტყვეთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ შექმნა ახალი ვებ-გვერდი, რომელიც არის „ყველაზე დინამიკური, როგორიც პოლიტიკურ ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია (მე, ჩემდა თავად, დავამატებ, რომ, მაგალითად, დავით აღმაშენებელს არათუ არ ჰქონია ვებ-გვერდი, ეჭვი მაქვს, ინტერნეტში მუშაობაც კი არ იცოდა. ხედავთ, სად გავარდა ტექნიკა?!)“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტის მაინცდამაინც მოჭარბებას არ ვუჩივით, ვინაიდან თანამედროვეობის ამ მიღწევით მთლად მთელი არაოკუპირებული საქართველოც არ არის დაფარული, რთული სათქმელია, რა როლს შეასრულებს ინტერნეტით მანიპულირება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, თუმცა, რაკი ყველას გვახსოვს, რომ პირველ ოქტომბრამდე მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრეზიდენტი 3D მთავრობას დაგვპირდა (მომყავს ციტატა მისი გამოსვლიდან: „დააჭერ ხელს და ეკრანზე გამოჩნდება 3D ადეიშვილი“), ვფიქრობ, „ნაცმოძრაობის“ ახალი ვებ-გვერდი ამ დანაპირების ასრულების საუკეთესო საშუალებაა: მართალია, მთლად მთავრობის წევრებით ვეღარ, მაგრამ, 3D „ნაციონალებით“ მსურველების დატკბობა ხომ მაინც შეუძლიათ?!