თბილისი VS ქუთაისი
აქედან – იქ, იქიდან – აქ
ისე მოხდა, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ აქტუალური პრობლემაა, ლამის იმაზე აქტუალურიც კი, უნდა დავბრუნდეთ თუ არა დსთ-ში.
ცხადია, რომ არც თბილისელებისთვის და არც დანარჩენებისთვის იქ, ზემოდან, არაფერი უკითხავთ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ისე გადაიტანა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი თბილისიდან ქუთაისში. ჰოდა, რაკი არაფერი უკითხავთ (და მერე რა, რომ „დემოკრატია“ დემოსის, ანუ ხალხის მმართველობას ნიშნავს), დღიდან მერვე მოწვევის პარლამენტის შეყრისა, ახლა უკვე პარლამენტის იქიდან აქეთ გადმოტანაზეა საუბარი.
ბუნებრივია, აზრი ისევ ორადაა გაყოფილი: ინიციატივის ავტორები (უმცირესობა) დაჟინებით ითხოვს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, ოპონენტებს (უმრავლესობას) კი გული თბილისისკენ მოუწევთ. ბუნებრივია, პრეზიდენტი უმცირესობის მხარესაა. ჰოდა, რაკი არის, შანსი არც გასულ კვირას ქუთაისელ სტუდენტებთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე გაუშვია: კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქუთაისი საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია, ხოლო პარლამენტის თბილისში დაბრუნება საქართველოს დამიწებას ნიშნავს.
მართალია, ოპონენტებს აქვთ არგუმენტი იმის ასახსნელად, თუ რატომ შემოუწყრა პრეზიდენტი თბილისს, თუმცა, თუ პირველი პირის ლოგიკას მივყვებით (თბილისი თავკომბალაა, რაც რეგიონებს განვითარების საშუალებას არ აძლევსო), იქნებ, თბილისი, საერთოდაც, მტრულ ქალაქად გამოგვეცხადებინა?! თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ქალაქს არაბი ამირების 300-წლიანი ბატონობა მოუნელებია (მრავალგზის მიწასთან გასწორებასა და ფერფლისგან აღდგენაზე აღარაფერს ვიტყვი), ისიცაა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.