მწიფეთა უმწიფრობა
შევა – არ შევა
გასულ კვირას ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს დსთ-ში შესვლა-არშესვლის საკითხმა, რომ, არათუ „ნაციონალი“ – „მეოცნებეს“, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ნაციონალურმა“ უმცირესობამ თვით კონსტიტუციაში მოითხოვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური არჩევნის დაფიქსირება. საბოლოოდ, გაირკვა, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების პროცესში დსთ-ში დაბრუნების საკითხი არც განხილულა.
ერთი სიტყვით, როგორც უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით ორივე პოლიტიკური ფლანგი შეთანხმდა, რომ კურსი დასავლეთისკენაა, თუმცა ამ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მე რომ მკითხოთ, სრულიად სხვაგვარ მიმართულებებზე მეტყველებს.
მოგეხსენებათ, აგერ უკვე ერთი კვირაა, რაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გაფიცვის რეჟიმში არიან. ხოლო, რაკი არიან, ბუნებრივია, მგზავრებს დისკომფორტი ექმნებოდათ. გული კი უფრო იმის გამოც უსკდებოდათ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვას ყვითელი ავტობუსებიც და მეტროპოლიტენიც აპირებენ.
ჩვენ არ შევჩერდებით მძღოლების გაფიცვის დეტალებზე (თუმცა, ის კი ფაქტია, რომ ამ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანაც და მგზავრობის ფასად 80 თეთრის დაწესებაც არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს), სამაგიეროდ, ერთ ფაქტს გავიხსენებთ: რამდენიმე წლის წინათ აშშ-ში ჰოლივუდის სერიალების სცენარისტები გაიფიცნენ იმ მიზეზით, რომ ჯეროვან ანაზღაურებას არ უხდიდნენ. გაფიცვის მასშტაბი მეტად მოკრძალებული იყო: რამდენიმე ტრანსპარანტიანი სცენარისტი ტროტუარზე, წრეზე დადიოდა. ბუნებრივია, მათ სოლიდარობა სხვა ჟანრის სცენარისტებმაც გამოუცხადეს, რამაც კინაღამ ჩაშალა თვით „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი (იმის გამო, რომ სცენარის დამწერი სცენარისტი ვერ მოიძებნა). საბოლოოდ, კონსენსუსი შედგა და, ბუნებრივია, შედეგი სოლიდარობამ გამოიღო.
თუ ამის ფონზე ჩვენს რეალობას გავიხსენებთ: აქეთ – უტრანსპორტობით უკიდურესად აღშფოთებულ მგზავრებს, იქით – „თბილისის მიკროავტობუსის“ მუქარას (თუ მძღოლები პროტესტს არ შეწყვეტენ, მათ ადგილას სხვა მძღოლებს ავიყვანთო და, ცხადია, არც გაუჭირდებოდათ უმუშევართა ქვეყანაში კადრების მოძებნა), იბადება კითხვა: დასავლური ორიენტაცია კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით დასტურდება თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის სიმწიფის ხარისხით?!