როგორ მიართვეს ხევსურეთში ჩასულ სტუდენტებს პენსიონერი ცოლ-ქმრის „გარშოკით“ ხინკალი
1978 წელია. ჩემს დას, ციცოს, ექსკურსიაზე მიჰყავს თავისი, სულ გოგოებისგან შემდგარი ქუთაისის სტენოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტები და მეც არ გამრია ამ „გაუგებრობაში“! წამოდი, ხევსურეთი ვნახოთ, შე ლოთო და გადარეულო (მაშინ ასეთი ვიყავი). ცოტა ხნით მაინც მოწყდები სმას და დროსტარებასო.
ნამდვილად დროული იყო. სანამ თეთრი „ბელაიე“ მომაკითხავდა – „გარიაჩკას“ რომ ეძახიან, განტვირთვა აუცილებელი იყო. მაგრამ ღმერთი ერთხელ რომ გაგიმეტებს და გაგწირავს, გამოსავალი სადღაა. ის ავტობუსი გატენილი იყო შემწვარი გოჭებით, ვარიებითა და ნუნუათი, რომლისგან, ჩემი მოკლე ჭკუით, თავის დაღწევას ვცდილობდი...
„მოკლას ხარი თივამ!“ – შევუძახე თავს და მოვილხინე!
პარტნიორად გიდი მყავს – დემური.
პირველ ღამეს ხომ კოკისპირული დავუშვით. მსმელ კაცს სულ არ აინტერესებს შატილში დალევს თუ თერჯოლაში.
მოკლედ, პირველი დღე ასე ავითვისეთ.
მეორე დღე „ნამცეცობას“ დაეთმო და კვლავ ჩავიძირე რძისფერ ბურუსში.
ექსკურსია სამდღიანი გახლდათ.
მესამე დღეა და უკან ვბრუნდებით.
სურსათ-სანოვაგე შემოგველია და ცოტა მოვიწყინეთ, მაგრამ „თუ ჯიბეში ფული ჭყავის,“ რა მოგაწყენს?
– ახლა კი ხინკალი, ხევსურული ხინკალი დავაგემოვნოთ, – შემოგვთავაზა დემურმა, ჩვენმა გიდმა.
ქუთაისელი „ჯამაათისთვის“ რა საკადრისი იყო სასადილოს ხინკალი. ყოველდღე კი არ მოვდივართ, კაცო, ხევსურეთში.
ვიღაც გამვლელმა დედაკაცმა მიგვასწავლა – ეი, იქ, იმ სახლში აკეთებენ ხინკალს, ისეთს, რო ხინკლის უნახავს გაგხდითო.
ჩვენი ავტობუსით იმ სახლს მივადექით.
– 200 ხინკალი! – გასცა ბრძანება ჩვენმა გიდმა, დემურმა.
ასეთ სიტუაციებს შეჩვეული ოჯახი დატრიალდა. დაინთო ცეცხლი, ავარდა კვამლი, რომელსაც სულ მალე დამათრობელი ხინკლის არომატიანი ოხშივარი შეუერთდა. სწორედ ამ არომატმა მიგვკრიბა გარეთ გამართულ ხის გრძელ მაგიდასთან.
ხინკლის პირველი პარტია მოვიდა. უჩვეულოდ გავმხიარულდით. რომ არა ერთი მოულოდნელობა, ყველაფერი რიგზე იყო.
ხინკალი... უზარმაზარი „გარშოკით“ მოგვიტანეს და გადმოასრიალეს თეფშებზე („გარშოკი“ – ღამის ჭურჭელია, კოხტა და აუცილებელი).
გაკვირვებულმა გადავხედე დანარჩენებს. აიმრიზნენ. სიტუაცია ჩემმა დამ განმუხტა.
– ეს უძველესი სოფელია... მერე რა... უბრალოდ, არ იცოდნენ, ალბათ, ამ ჭურჭლის მნიშვნელობა. წავიდნენ, იყიდეს... ცალი ხელით უფრო ადვილი მისატანია სუფრასთან... ჩვეულებრივი ჭურჭელია.
უხერხულობა არავის გვიგრძნია.
ხინკალი მართლაც დიდებული იყო და დიდებულადაც მოვილხინეთ. ცნობისმოყვარეობამ მაინც არ მომასვენა და ოჯახის პატარა წევრი ბიჭი, რომელიც შესანიშნავად „ოფიციანტობდა“ ჩემთან მოვიხმე.
– პატარა ბიჭი, შენ გეხუტუნე, ერთი მითხარი, ეს ჭურჭელი ხინკალს რომ მოარბენინებდი, სად იყიდეთ?
– არც სადა... გასუხ ზაფხულს რუსი, დნეპროპეტროვსკელი „დაჩნიკი“, პენსიონერი ცოლ-ქმარი ისვენებდა აქა და იმათ დარჩათ სიჩქარეში...
– აუუუ! – დაიძახა კუჭმა და...
ალბათ, გასაგებია.