როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბაიდარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაიდო.
ბაიდარი ისტორიული მხარეა ქვემო ქართლში, რომელიც მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გადაშლილ ველებს, დღევანდელი ბოლნისის რაიონის სოფელ არახლოს აღმოსავლეთით. ბაიდარი სოფელია მარნეულის რაიონში.
სავარაუდოდ, ბაიდარაშვილი სადაურობის აღმნიშვნელი გვარი უნდა იყოს, ისევე, როგორც დიღმელიშვილი, რაჭველიშვილი, თბილელი, მანგლელი და ასე შემდეგ.
„თონეთელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 1875 წელს დიდი ენაგეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ჩხიკვთაში მცხოვრებ ანდრია ბაიდარაშვილის ასულ მაგდალინაზე“.
სოფლის მორიგი აკლებისას, საგინაშვილები კახეთში გახიზნულან და იქ ჭავჭავაძეებთან დანათესავებულან. ამას ადასტურებს საფლავის ქვების წარწერები მაწევანსა და სამებაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკანვე, აღბულაღის რაიონში, დაბრუნებულ საგინაშვილებს კახეთიდან თან წამოუყვანიათ იქაური გლეხები, გვარად ბაიდარაშვილები.
გადმოცემით, ბაიდარაშვილები დაახლოებით ხუთი თაობის წინ გადმოსულან სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან. სოფელში ამჟამად ბაიდარაშვილთა ორი შტოა, კერძოდ: კორელაანი და ზანდარაანი. კორელაანთ თიკუნი მომდინარეობს ოთხი ძმისგან – სოლომონის, ივანეს, სანდროსა და გიგასგან. მათი მამა იყო ზაქრო ბაიდარაშვილი. ამ შტოს შთამომავლები საგინაშვილთა კარის მოსამსახურეები ყოფილან. ურთიერთსიახლოვე საგინაშვილ-ბაიდარაშვილებს ბოლო ხანებამდე შემორჩათ.
ზანდარაანთ ბაიდარაშვილები ჩხიკვთაში, ტბისსა და თბილისში ცხოვრობენ.
საქართველოში 225 ბაიდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 105, თეთრი წყაროში – 85, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
ებრალიძე
ისტორიული საბუთების მიხედვით, ადრე ებრალიძეები გლახაშვილები ყოფილან.
გვარი გლახაშვილი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გლახა.
საკუთარი სახელი გლახა (გლახო) მოიხსენიება თეიმურაზ მეორის განჩინების წიგნში, 1753 წელს.
გლახო ებრალიძე 1823 წელს, სოფელ ერტისის აღწერაში, გედევანიშვილების გლეხად მოიხსენიება.
საქართველოში 1 539 ებრალიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 474, თბილისში – 445, შუახევში – 143. არიან სხვაგანაც.
მურუსიძე
გვარის ფუძეა სიტყვა მურუსი. მუ იგივეა, რაც სვანური თავსართი მგ, რომელიც სადაურობის აღმნიშვნელია. სიტყვა „მურუსი“ ნიშნავს „რუსს“. მურუსიძე მნიშვნელობით იგივეა, რაც რუსიშვილი.
1941 წელს მურუსიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად.
საქართველოში 895 მურუსიძე ცხოვრობს. თბილისში – 233, ამბროლაურში – 197, ქუთაისში – 154. არიან სხვაგანაც.
მაცაბერიძე
გვარის ფუძეა რთულად შედგენილი საკუთარი სახელი მაცაბერი. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი მაცი. ამ სახელისგან ნაწარმოები გვარებია: მაციშვილი, მაცაკიძე, მაციაშვილი, მაცუკიშვილი.
„ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”
ჭონიხიტების საგვარეულოს წარმომადგენლებს ჰქონიათ დიდი მეჯინიბეთუხუცესის წოდება. ამავე თანამდებობის პირი ყოფილა იმავე დროს მაცეპას ოლქის ჯარის უფროსი.
1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.
საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით